Facebook Twitter

საქმე №ას-594-2020 13 ნოემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.თ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ლ–ძე, მ.ა–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით მ.ლ–ძისა და მ.ა–ძის (შემდეგში: მოსარჩელეები) სარჩელი მ.თ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცათ მოსარჩელეებს.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მისი გაუქმება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, დაუშვებლობის გამო.

4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 369-ე, 60.2-ე, 61.3-ე, 2591-ე მუხლებით და დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ აპელანტი და მისი წარმომადგენელი. მათ სასამართლო სხდომაზე ეცნობათ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და განემარტათ გადაწყვეტილების ჩაბარებისა და გასაჩივრების წესი.

5. სასამართლომ დაადგინა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება აპელანტს არ ჩაუბარებია. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან აპელანტისთვის გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო და იგი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა, მას ევალებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი (სსსკ-ის 259 1-ე მუხლი).

6. განსახილველ შემთხვევაში აპელანტი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის ვადაში არ გამოცხადებულა სასამართლოში.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან, 15 თებერვლიდან დაიწყო და 2020 წლის 28 თებერვალს (პარასკევი) ამოიწურა. აპელანტმა კი სააპელაციო საჩივარი 2020 წლის 2 მარტს (ორშაბათი) წარადგინა, შესაბამისად, მას გასაჩივრების ვადა გაშვებული ჰქონდა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა მოითხოვა.

9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება კანონის დაცვით გაასაჩივრა, რადგან, მიუხედავად მისი არაერთგზისი თხოვნისა, მას დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაჰბარდა. მაგრამ, აპელანტმა მაინც ვადაში წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რადგან სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის ათვლა 2020 წლის 16 თებერვალს დაიწყო და 2020 წლის 2 მარტს (სამუშაო დღე) დასრულდა, სააპელაციო საჩივარი 2020 წლის 2 მარტსაა წარდგენილი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

12. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

13. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე პირადად და მისი წარმომადგენელი (იხ. სხდომის ოქმი და მინდობილობა, ს/ფ 45-50).

14. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, ასახულს ამ განჩინების 4-7 ქვეპუნქტებში.

15. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანამხად მოპასუხისათვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის შემდეგ, 2020 წლის 15 თებერვალს დაიწყო და 14 დღეში, 2020 წლის 28 თებერვალს ამოიწურა.

16. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხისათვის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა 2020 წლის 28 თებერვალს (პარასკევი) ამოიწურა (სსსკ-ის 61-ე მუხლი), ხოლო სააპელაციო საჩივარი 2020 წლის 2 მარტს იქნა წარდგენილი, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად მისი განუხილველად დატოვება განაპირობა.

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მას გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია, ამასთან, არ ჩაჰბარებია დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მან მიმართა საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში და სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი არ ჩააბარა. მოპასუხის მიერ საქალაქო სასამართლოსადმი მიმართვის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. გასაჩივრების ვადის გამოთვლის წესს საპროცესო კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს და განსახილველ შემთხვევაში იგი კანონის დაცვით გამოთვალა სააპელაციო სასამართლომ.

18.ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.თ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 მარტის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 მარტის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე