Facebook Twitter

¹ ბს-873-459(კ-05) 15 სექტემბერი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ჯ. გახოკიძე

ზეპირი განხილვის გარეშე ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინპექციის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 აპრილის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გამოარკვია:

დ. დ-ემ სარჩელით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქობულეთის რ-ნის ზონალური საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის 2004 წლის 4 ივნისის ბრძანების გაუქმების დავალება და იძულებითი განაცდურის სახით 179 ლარის ანაზღაურება, შემდეგი საფუძვლით:

1997 წლიდან მოსარჩელე მუშაობდა ქობულეთის რ-ნის ზონალური საგადასახადო ინსპექციაში .... განყოფილების ინსპექტორად, ხოლო 1999 წლიდან ამავე განყოფილების მთავარ ინსპექტორად და მისი საშუალო ხელფასი შეადგენდა 179 ლარს სამსახურებრივ სარგოსთან ერთად.

2004 წლის 4 ივნისს ქობულეთის რ-ნის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ე. გ-ემ თათბირზე გამოაცხადა, რომ აჭარის ა/რ დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენლების საფუძველზე, ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის ლიკვიდაციის გამო, სხვა თანამშრომლებთან ერთად განთავისუფლდა მოსარჩელე დ. დ-ე 2004 წლის 30 ივნისიდან. მოსარჩელის განმარტებით, მისი განთავისუფლების მოტივს წარმოადგენდა აჭარის ა/რ საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ჯ. გ-ის 2004 წლის 31 მაისის ¹320 მიმართვა.

მოსარჩელის აზრით ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის ლიკვიდაცია არ განხორციელდა, რამდენადაც მან შეიცვალა დაქვემდებარება და აჭარის ა/რ შემოსავლების სამინისტროს შემადგენლობიდან გადავიდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე თვლის, რომ მისი სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანება კანონსაწინააღმდეგოა, მით უფრო, რომ სადავო ბრძანება მას არ ჩაბარებია დადგენილი წესის შესაბამისად.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 ივლისის განჩინებით მოცემული საქმე ქვემდებარეობით გადაეგზავნა აჭარის უმაღლეს სასამართლოს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 10 აგვისტოს განჩინებით დ. დ-ის სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა განსჯადობით შესაბამისად ქობულეთის რაიონულ სასამართლოს იმ მოტივით, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირთან საჯარო შრომით სამართლებრივ ურთიერთობას-ადმინისტრაციულ გარიგებას.

ქობულეთის რაიონულ სასამართლოში 2004 წლის 9 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა აჭარის საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2004 წლის 31 მაისის ¹320 მიმართვის (რომლის საფუძველზე და აჭარის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის დადგენილების შესაბამისად გამოიცა ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2004 წლის 4 ივნისის ბრძანება, ბათილად ცნობა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა აჭარის ა/რ 2004 წლის 18 მაისის ორგანულ კანონზე ,,აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს შესახებ" აგრეთვე, მოსარჩელემ მოითხოვა ქობულეთის ზონალური საგადასახადო ინსპექციაში კონტროლის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენა და ხუთი თვის სარგოს სახით 895 ლარის ანაზღაურება.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილოებით დიმიტრი დოლიძის სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, ქობულეთის საგადასახადო ინსპექციას, აჭარის საგადასახადო დეპარტამენტს და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს დაევალა აჭარის ა/რ დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენილების საფუძველზე მიღებული აჭარის საგადასახადო მინისტრის 2004 წლის 31 მაისის ¹320 მიმართვის და ამ მიმართვის საფუძველზე ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2004 წლის 4 ივნისის განკარგულების ბათილად ცნობა და მოსარჩელე დ. დ-ის ქობულეთის საგადასაადო ინსპექციის კონტროლის განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგშენა, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 5 თვის ხელფასის ოდენობით აგრეთვე, ადვოკატის მომსახურების ხარჯები 50 ლარის ოდენობით, მომავალი სააღსრულებო ხარჯები, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის, როგორც საჯარო სამსახურის მოხელის, სამსახურიდან განთავისუფლება განხორციელდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" მე-10 თავის მოთხოვნათა იგნორირებით, კერძოდ, მოპასუხე ორგაენიზაციის მიერ დარღვეულ იქნა მითითებული კანონის 108.1 მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქობულეთის საგადასახადო ინსპექციაში განხორციელებული რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია, რის გამოც კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 96.2 მუხლის თანახმად, არ არსებობდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. დასახელებული კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის სახით 5 თვის ხელფასის ანაზღაურების შესახებ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს ზემოთმითითებული გადაწყვეტილება 2004 წლის 12 ნოემბრის განჩინებით მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის დ. დ-ის მოთხოვნა და გადაწყვეტილებაში სიტყვები: ,,ქობულეთის საგადასახადო ინსპექცია", ხოლო სიტყვები ,,აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტი" შეიცვალა სიტყვებით ,,ბათუმის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია".

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, შემდეგი მოტივით:

აპელანტი არ დაეთანხმა სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ქობულეთის საგადასახადო ინსპექციაში განხორციელდა რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია, რამდენადაც ა/რ საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის დადგენილებით ლიკვიდირებული იქნა აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტი და მის სისტემაში შემავალი ქ. ბათუმისა და რ-ნის საგადასახადო სახელმწიფო ინსპექციები, ხოლო აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2004 წლის 20 მაისის ¹42 დადგენილებით შეიქმნა აჭარის ა/რ სამინისტროებისა და დეპარტამენტის სარეორგანიზაციო-სალიკვიდაციო კომისია, რომელსაც დაევალა კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება. ამასთან, მოსარჩელის განთავისუფლება განხორციელდა მითითებული სარეორგანიზაციო-სალიკვიდაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 96-ე და 908-ე მუხლების შესაბამისად, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2004 წლის 9 აგვისტოს ¹93 ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონოა.

აპელანტმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, ბათუმის საგადასახადო ინსპექცია არ წარმოადგენდა მოცემულ სარჩელზე სათანადო მოპასუხეს, რამდენადაც აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მოქმედმა საგადასახადო ორგანოებმა ფუნქციობა შეწყვიტეს 2004 წლის 1 ივნისიდან, ხოლო ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 19 მაისის ¹336 ბრძანებთ საგადასახადო დეპარტამენტის გამგებლობაში შეიქმნა ექვსი ტერიტორიული ორგანო, მათ შორის, ქობულეთის ზონალური საგადასახადო ინსპექცია, რომლის უფროსსა და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა ფინანსთა მინისტრი, ხოლო სხვა საჯარო მოსამსახურეებს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს ¹550 ბრძანებით 2004 წლის 1 ოქტომბრიდან ფუნქციონირება შეწყვიტა ბათუმის საოლქო, ქობულეთის ზონალურმა და რაიონების ინსპექციებმა და მათ ნაცვლად შეიქმნა ბათუმის საგადასახადო ინს პექცია, რომლის სამოქმედო ტერიტორიას შეადგენს ქ. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედისა და ხულოს რაიონები.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ასევე, ფინანსთა სამინისტროს საგდაასახადო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი მოტივით:

აპელანტმა ჩათვალა, რომ სასამართლოს მოსარჩელის განცხადება სამუშაოზე აღდგენის შესახებ უნდა განეხილა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და არა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ასევე აპელანტმა მიიჩნია, რომ რაიონულ სასამრათლოს საქმის განხილვის საფუძველი არ ჰქონდა, რამდენადაც დავის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფოლების შესახებ ბრძანება, რომელიც საქმეში წარმოდგენილი არ იყო.

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილება დ. დოლიძის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სრულიად დაუსაბუთებელია, რამდენადაც ,, მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 19 მაისის ¹336 ბრძანებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გამგებლობაში შეიქმნა აჭარის ა/რ ტერიტორიული საგადასახადო ინსპექციები, მათ შორის ქობულეთის ზონალური საგადასახადო ინსპექცია, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრა ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 მაისის ¹299 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით. აღნიშნული დებულების მიხედვით, ზონალური საგადასახადო ინსპექციის უფლებამოსილება, საშტატო ნუსხა და ფუნქციები მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ფუნქციებისა და საშტატო ნუსხისაგან, რომლთაც მოქმედებდა ქობულეთის საგადასახადო ინსპექცია. გარდა აღნიშნულისა, 2004 წლის 9 ნოემბერს საგადასახადო სისტემაში ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს ¹550 ბრძანებით განხორციელდა რეორგანიზაცია და შეიქმნა სრულიად ახალი ტეროიტორიული საგადასახადო ინსპექციები, მათ შორის, ბათუმის საგადასახადო ინსპექცია, სადაც განყოფილების სახით მოქმედებს ქობულეთის რ-ნის გადასახადების ადმინისტრირება და მომსახურების განყოფილება და მასში კონტროლის განყოფილება საერთოდ არ არის გათვალისწინებული, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია და აღნიშნული ფაქტისთვის სამართლებრივი შეფასება არ მიუცია.

ასევე, აპელანტმა მიიჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საგადასახადო დეპარტამენტს დაევალა აჭარის დროებით საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენილების საფუძველზე მიღებული აჭარის საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2004 წლის 31 მაისის ¹320 ბრძანების ბათილად ცნობა, სრულიად უსაფუძვლდო და კანონსაწინააღმდეგოა, რადგან ადმინიტსრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, აჭარის ა/რ უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ადმინიტსრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას იხილავს აჭარის უმაღლესი სასამართლო პირველი ინსტანციით და არა სხვა რომელიმე ადმინიტსრაციული ორგანო.

აპელანტის მოსაზრებით ასევე, უსაფუძვლოა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით 895 ლარის ანაზღაურების შესახებ, რამდენადაც, განყოფილების ინსპექტორის საშტატო განრიგის შესაბამისად ხელფასს წარომოადგენდა 37 ლარი და არა 179 ლარი, როგორც ეს გადაწყვეტილებაშია მითითებული.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 25 იანვრის განჩინებით ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შეჩერებული იქნა ქობულეთის რაიონული სასამართლოს განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 21 თებერვლის განჩინებით ბათუმის საგადასახადო ინსპექციის და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 28 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა ბათუმის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

მოწინააღმდეგე მხარემ დ. დ-ემ არ სცნო სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 27 აპრილის განჩინებით ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყფოილდა და უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ ქობულეთის რ-ნის ზონალური საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 23 ივლისის წერილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქობულეთის საგადასახადო ინსპექციაში ფაქტიურად განხორციელდა რეორგანიზაცია, რამდენადაც შეიქმნა ზონალური საგადასახადო ინსპექცია, ,,ანუ ყოფილო ორგანიზაციას ნაწილობრივ შეეცუვალა სახელი, საქმიანობა კი იგივე დარჩა" აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მუშაკთა განთავისუფლება უნდა მომხდარიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 97-ე და 108-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დ. დოლიძის სამსახურიდან განთავისუფლება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, კერძოდ ზეპირი განცხადების საფუძველზე და არა დადგენილი წესის შესაბამისად სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანებით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 27 აპრილის განჩინება ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება სააპელაციო საჩივარში მითითებული მოტივებით და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩიურებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 27 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სასამართლოს მიერ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე “ე” მუხლები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებანი და არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით სრულიად დაუსაბუთებელია, რის გამოც შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინება გამოტანილი იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებების საფუძვლიანი შესწავლის გარეშე, რამდენადაც საქმის ფურცელ 2-ზე არსებული აჭარის ა/რ საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2004 წლის 31 მაისის წერილიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე დ. დ-ე აჭარის ა/რ დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენილების საფუძველზე, გაფრთხილებული იქნა საგადასახადო სახელმწიფო ინსპექციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მოსალოდნ. განთავისუფლების შესახებ, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია და აღნიშნული ფაქტისთვის სამართლებრივი შეფასება არ მიუცია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმის ფურცელ 14-ზე წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 19 მაისის ¹336 ბრძანებას, რომელშიც ცალსახად არის მითითებული, რომ ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოები, მათ შორის, ქობულეთის ზონალური საგადასახადო ინსპექცია და განისაზღვრა ინსპექციის შესაბამისი სამოქმედო ტერიტორიები და უფლებამოსილებანი.

ამასთან საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი ა/რ საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენილება, რომლითაც რეალურად განხორციელდა ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის ლიკვიდაცია და რომლის საფუძველზეც გამოიცა სადავო ადმინისტრაციული აქტი, ასევე, არ არის წარმოდგენილი დავის საგანი ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის მ/შ-ის განკარგულება, რომლითაც 2004 წლის 6 იანვრიდან მოსარჩელე არ იქნა დაშვებული სამსახურში და სადავო 2004 წლის 4 ივნისის ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე მიეცა საქმის გარემოებებს შეფასება, ასევე დაუსაბუთებელია და არამართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა იმის შესახებ რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საგადასახადო ინსპექციის ლიკვიდაციას ადგილი არ ჰქონია, მით უფრო მაშინ, როდესაც აჭარის ა/რ სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 23 ივნისის ¹149 წერილში ცალსახად არის მითითებული, რომ 2004 წლის 29 მაისის აჭარის ა/რ დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს ¹22 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა ქობულეთის რ-ნის საგადასახადო სახელმწიფო ინსპექციის ლიკვიდაცია, აღნიშნულ მტკიცებულებას სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით რეალურად შექმნილი იყო თუ არა სარეორგანიზაციო-სალიკვიდაციო კომისია და გაფორმებული იყო თუ არა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 110-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას მოსარჩელეს უნდა დააზუსტებინოს სასარჩელო მოთხოვნა, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში, დ. დ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის სადავო ადმინისტრაციული აქტის გაუქმების დავალება, მაშინ, როდესაც ამგვარი მოთხოვნით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას არ ცნობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, შესაბამისად სასამართლომ უნდა გაარკვიოს, სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით განსაზღვრული ადმინიტსრაციულ-სამათლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დარღვეულ იქნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებების წარსადგენად და საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებანი და მტკიცებულებები, რაც კონკრეტულ შეთხვევაში არსებობს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. ამიტომ სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე, 408.3 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.