საქმე №ას-1177-2020 22 იანვარი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს "ჯ.უ.ე.ფ–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ს–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისში, ......, ...... ქუჩის მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების სარდაფებში, 2015 წლის აპრილიდან, დაიწყო წყლის მასიური შედინება.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2015 წლის 20 აგვისტოს N1169 ბრძანების საფუძველზე, საბურთალოს რაიონში - ......, ...... ქ. N6-ში საცხოვრებელი სახლის კედლებზე წყლის მასების ჩამოდინების შედეგად საძირკვლის დაზიანებით გამოწვეული მძიმე ავარიული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო.
3. წყლის ნაკადის დინების შედეგად მატერიალურად დაზარალდა ...... ქუჩაზე მცხოვრები რამოდენიმე ოჯახი, მათ შორის ნ.ს–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) ოჯახი, რომელიც შედგებოდა 5 წევრისაგან (მოსარჩელის მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლის დედა).
4. უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ..... ...... ქ. N6 (ს.კ......) რეგისტრირებულ მესაკუთრეს, 2017 წლის 17 თებერვლამდე, წარმოადგენდა მოსარჩელის დედამთილი ზ.ქ–ი.
5. მოსარჩელე 17.02.17 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ.
6. მოსარჩელის დედამთილი 2018 წლის 1 ოქტომბერს გარდაიცვალა.
7. მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის სარდაფში წყლის შედინების მომენტიდან (2015 წლის აპრილიდან - ნოემბრამდე პერიოდში) მოყოლებული, ადგილობრივი ხელისუფლებისაგან თუ შპს „ჯ.უ.ე.ფ–ისგან“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, აპელანტი ან კასატორი) ყველა მოთხოვნისა თუ გზავნილის ადრესატს წარმოადგენდა სწორედ მოსარჩელე და არა მისი დედამთილი, რაც ცალსახად ადასტურებდა როგორც მოსარჩელის დედამთილის, ასევე თავად მოსარჩელის, როგორც უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელის, გამოკვეთილ ინტერესს ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე მოსარჩელის მიერ სასამართლო პროცესებზე არაერთხელ გაჟღერებული პოზიციის მართებულობას, რომ მოსარჩელესა და მის დედამთილს შორის სწორედ ცესიის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა, რომლის ძალითაც მოსარჩელემ ფაქტობრივად ჩაანაცვლა მოთხოვნის კრედიტორი მოპასუხის მიმართ ზიანის მოთხოვნის თაობაზე დაწყებულ პროცესებში.
8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის ინიციატივით ჩატარებული 22.12.15 წ. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ „ექსპერტებმა ადგილზე გაცნობილი სიტუაციიდან გამოარკვიეს: 2015 წლის აპრილის დასაწყისში, კომპანიის მიერ ცენტრალური მილსადენის გამოცვლის და ახალ მაგისტრალზე მრიცხველების სამონტაჟო სამუშაოების შემდგომ, ...... ქუჩა N6-ში და მის სიახლოვეს მდებარე რამდენიმე სახლში, გარკვეული მიმართულებით, დაიწყო სარდაფებისა და მიწისპირა სართულებში წყლის შემოდინება, რამაც გამოიწვია იატაკების ცალკეული უბნების ჩარეცხვა, მათში ღრმულების გაჩენა და სარდაფის კედლების დანესტიანება. ზოგიერთ ადგილებში კი კედლების ჯდენა. როგორც მოსახლეობამ განმარტა, მოხდა ახალი წყლის სისტემის ძველ წყლის სისტემასთან დაერთება დროებითი სარგებლობისთვის, რათა მოსახლეობას სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში არ შეწყვეტოდათ წყლის მიწოდება, რამაც გამოიწვია სისტემაში მაღალი წნევის გამო, ძველი სისტემის მილების დაზიანება და წყლის გაჟონვა სარდაფებში. ეს უარყო მოპასუხე კომპანიამ. გასასამართლებელ ფაქტორად მოჰყავს წყლის სინჯების ქიმიური ანალიზის შედეგები, რომელიც შეასრულა გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიამ, რის მიხედვითაც გამოკვლეულ წყალს არანაირი საერთო არ აქვს წყალსადენის წყალთან. ამის საპირისპირო არგუმენტაცია აქვთ საბურთალოს გამგეობის ინიციატივით მოწვეულ ჰიდროგეოლოგებს, რომელთა აზრით ....ის მდებარეობის მორფოლოგია (ორი მხრიდან ღრმა ხეობებით შემოსაზღვრული ბუნებრივად დრენირებული ზეგანი) გამორიცხავს ამ ტერიტორიაზე გრუნტის წყლების გამწე ჰორიზონტის არსებობას, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ თბილისის შემოგარენში ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გრუნტის წყლების დონის აწევა, თითქმის ორჯერ ჩამოუვარდება აორთქლების წლიურ ნორმას. გარდა ამისა ჰიდროგეოლოგების არგუმენტაციით, წყალსადენიდან გაჟონილი მტკნარი წყალი გრუნტში ფილტრაციის მოკლე მანძილზე და მცირე დროის განმავლობაშიც კი, ტიპიური გრუნტის წყლის შემადგენლობას იძენს, ეს ფაქტი, მათი განმარტებით, თბილისის ტერიტორიის ამგებ ქანებში თაბაშირის მაღალ შემცველობასთან არის დაკავშირებული და ექსპერიმენტალურად საბუთდება. ეს კი ანალიზის შედეგებით შეუძლებელს ხდის განისაზღვროს მიწისქვეშა ნაკადის წარმოშობის ზუსტი მიზეზი“.
9. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ადგილზე ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მოსარჩელის დედამთილის კუთვნილ სახლში 2015 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით სარდაფში წყლის შემოდინება შეჩერებული იყო, რასაც სახლის მეპატრონე უკავშირებს მათ დაჟინებულ მოთხოვნას კომპანიისადმი, რის შედეგადაც 2015 წლის 25 ნოემბერს წყალსადენის ძველ ქსელში წყალი გადაიკეტა. ამავე დასკვნის მიხედვით: „წყლის დინების კვალი შეიმჩნევა, რაც გამოიხატება კედლებისა და იატაკების ჯერ კიდევ შენარჩუნებული სისველით და წყლის ნაკადულის გამო იატაკებში გაჩენილი ღრმულებით და იატაკის ჯდენებით. წყლის დინება ამ პერიოდისთვის არ შეჩერებულა და კვლავ მიმდინარეობს, შედარებით ნაკლები ინტენსივობით, მის მეზობლად მცხოვრები ე.ზ–ის სარდაფში, რომლის ამოტუმბვაც მეპატრონეს ყოველდღიურად უწევს და რომლის იატაკის დონეც 1.0-1.5 მ.ით დაბლაა მოსარჩელის დედამთილის მიწისპირა სართულის იატაკის დონესთან შედარებით. წყლის გრუნტის გამორეცხვის გამო შენობის ცალკეული კედლები განიცდის ჯდენებს, რასაც ადასტურებს ცალკეულ ადგილებში აგურის წყობის რღვევა. აღნიშნულ სახლებთან სიახლოვეს, ..... მცხოვრები თ.ი–ძის სახლის ორ-დონიანი სარდაფის მეორე დონეზე, რომლის ძირის ნიშნულიც 1.0-2.0 მ.-ით მაღლაა მოსარჩელის დედამთილის სახლის მიწისპირა სართულის სახლის მიწისპირა სართულის იატაკის დონესთან შედარებით. როგორც მეპატრონის, ისე ასაკოვანი მეზობლების განმარტებით, წყალი მრავალი ათეული წელია მუდმივად დგას და ერთიდაიგივე დონეს ინარჩუნებს. მეპატრონის, თ.ი–ძის გადმოცემით წყლის დონემ ბოლო პერიოდში გარკვეულწილად მოიმატა“.
10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 19 ოქტომბრის N006010016 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ......, ...... ქუჩა N6-ში და მის მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეთა სახლების სარდაფებში წყლის მასების შემოდინების მიზეზების დადგენის მიზნით ჩატარებული საინჟინრო ჰიდროგეოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით შესაძლებელია მიჩნეულ იქნას, რომ მოსარჩელისა და ე.ზ–ის კუთვნილ სარდაფებში მოხდა წყალსადენის მაგისტრალური სისტემის გაუმართაობის შედეგად ნადენი წყლების შეღწევა. ამის თქმის საბაბს იძლევა ის ფაქტიც, რომ სისტემის საბოლოო მოწესრიგების შემდგომ სარდაფების დატბორვა და წყლების დინება შეწყდა.
11. გამოსაკვლევ საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული სამუშაოების აღწერილობა და ჰიდროგეოლოგიური კვლევის შედეგები მოცემულია დასკვნის კვლევით ნაწილში, რომელშიც ასევე ცალსახადაა მითითებული: „დაბალი მინერალიზაციის მქონე წყალმომარაგების სისტემის და წვიმის მტკნარი წყლების გრუნტში მოხვედრის შემდეგ, ნიადაგის გარკვეული ფენების გავლისას ისინი სწრაფად მდიდრდებიან ხსნადი მინერალებით და იძენენ ჰორიზონტისათვის დამახასიათებელ ქიმიზმს და მინერალიზაციას 1,1-:-1,5გ/ლ-ის ფარგლებში. ამის გათვალისწინებით შეიძლება დაშვებულ იქნას, რომ გრუნტის წყლის დონე აიწია წყალმომარაგების სისტემიდან დიდი რაოდენობით ნადენი წყლების მეშვეობით, რადგან მათი ნიადაგის გარკვეული ფენების გავლის შემდეგ მათ შეეძლოთ მიეღოთ იგივე შემადგენლობა და მინერალიზაცია, რაც დამახასიათებელია გრუნტის წყლებისათვის.“
12. ექსპერტმა გ.მ–ძემ სასამართლოს დაუდასტურა, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად მისულებს წყლის დენა შეწყვეტილი დახვდათ, თუმცა მოსარჩელის სახლში აღინიშნებოდა წყლის ისეთი ნადენი, რომელიც შესაძლებელია გაჩენილიყო მხოლოდ წყლის დიდი ნაკადის შემოდინებით, შენარჩუნებული იყო სინოტივე; წყლის დონე ასევე მომატებული იყო თ.ი–ძის სარდაფში, სადაც წლების განმავლობაში ერთ დონეზე იყო დაგროვებული წყალი. ექსპერტის განმარტებით, დაკვირვებისას და დათვალიერებისას არ აღმოჩნდა ისეთი გარე ფაქტორი, რასაც შესაძლოა გამოეწვია მსგავსი რაოდენობის წყლის დინება და ერთადერთი შესაძლებლობა იყო დაზიანებული წყლის მილებიდან წყლის დენა; ექსპერტმა ასევე კატეგორიულად უარყო, რომ ამ წყლის დინების მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო გრუნტის წყლის ადიდება. წყლების დონის აწევა განაპირობა გრუნტში არაბუნებრივი მასის ჩაღვრამ. საყურადღებოა, რომ როდესაც წყალი ჩაედინება გრუნტში და ხდება აღრევა, სითხე იძენს ერთნაირ ფიზიოლოგიურ შემადგენლობას. პირველი ექსპერტიზის ჩატარებისას წარმოიშვა საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყვეტილიყო სრულყოფილი დასკვნის მომზადებისთვის, ამისთვის შემოწმდა წყალუხვობის პერიოდში (მაისიდან ოქტომბრამდე) თუ როგორ შეიცვლებოდა წყლის დონე; დაკვირვებამ ცხადყო, რომ ბუნებრივი მოვლენების გამო მაქსიმალურად მომატებული გრუნტის წყალიც კი არ გამოიწვევდა ჟონვას. შესაბამისად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომლის გადასამოწმებლად „ექსპერტებს სურდათ ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი, დროებით აღედგინათ ძველი წყალგაყვანილობა და ძველ სისტემაში შეეშვათ წყალი, თუმცა ვინაიდან ვერ მოხდა შეთანხმება მოპასუხესთან, ექსპერიმენტი ვერ ჩატარდა“.
13. ექსპერტ - ე.მ–ის განმარტებით, გრუნტის წყლებით ღარიბია ის ადგილი, სადაც მდებარეობს მოსარჩელის ბინა, მაგრამ არის ადგილები, სადაც გროვდება გრუნტის წყლები დიდი ან მცირე ოდენობით, ან სეზონურად, თუმცა მაქსიმალური დონე რაც შეიძლება მოიმატოს, არის ნახევარი მეტრი. ექსპერტმა ცალსახად და კატეგორიულად დაადასტურა ის ფაქტი, რომ შეუძლებელია გრუნტის წყლების მომატებას გამოეწვია ის ზიანი, რაც სადავოდ არის გამხდარი.
14. მოწმე მ.ხ–ის განცხადებით: „სანამ გამოიცვლებოდა წყლის გაყვანილობა, პერიოდულად ქუჩაზე ამოდიოდა წყალი, იტბორებოდა ჩიხი და გადადიოდა ცენტრალურ ქუჩაზე, წყალი ჩადიოდა სარდაფებში, ამის გამოსასწორებლად მოსახლეობა წარმომადგენლებს გამოიძახებდა, რომლებიც აკეთებდნენ დაზიანებულ მონაკვეთს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ წყალი ამოდიოდა სხვა ადგილას, ასეთი მდგომარეობა გრძელდებოდა წყლის ახალი სისტემის გაკეთებამდე“.
15. მოწმედ დაკითხული მ.ქ–ის განმარტებით, 2015 წლის შემოდგომას (ოქტომბრის ბოლო-ნოემბრის დასაწყისი), მის სარდაფში გაჩნდა სინოტივე, შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ კედლიდან გადმოდიოდა წყალი, ანალოგიური მდგომარეობა იყო სხვა მეზობლებთანაც, გაუმართავი მილების გამო ხშირად იყო პრობლემა და იძახებდნენ მოპასუხის წარმომადგენლებს, ახალი სისტემის გაკეთების შემდეგ ეს პრობლემა მოიხსნა.
16. მოწმე თ.ზ–მა, ასევე, მიუთითა, რომ „2015 წლის აპრილიდან დაიწყო წყლის დინება, ივსებოდა სარდაფი და აზიანებდა საცხოვრებელი სახლის კედლებს. მოსარჩელის სახლიდან იწყებოდა ეს დინება და მთავრდებოდა მასთან, წყალი იყო იმდენი, რომ საჭირო გახდა წყლის საქაჩის გამოყენება, მას შემდეგ რაც მოპასუხე კომპანიამ შეცვალა მილები, წყლის დინება აღარ ყოფილა, საბოლოოდ წყალი დაშრა 2015 წლის ნოემბრიდან“.
17. მოწმე ნ.ზ–მა განმარტა, რომ წყლის დინება დაიწყო 2015 წლის აპრილის თვეში, რის გამოც დარეკეს მოპასუხე კომპანიაში, მათ განმარტეს, რომ ეს წყალი იყო გრუნტის წყალი, წყალი იყო იმდენი, რომ მის ამოსაღებად საჭირო იყო წყლის სატუმბი, ადგილზე მისული გეოლოგების განცხადებით, ყოველდღიურად ჩაედინებოდა 1.4 ტონა წყალი. წყლის დინება შეწყდა 2015 წლის ნოემბრის ბოლოდან.
18. მოწმე მ.ჟ–ის განმარტებით: ძველი, გაუქმებული მილებიდან მოდიოდა წყალი, მეზობლები იძახებდნენ მოპასუხის წარმომადგენლებს, ეს გრძელდებოდა თვეების განმავლობაში; გადმოცემით იცის, რომ მოსარჩელეს და სხვა მეზობლებს დაეტბორათ სახლები და სარდაფები.
19. ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართულ იქნა შპს “ა–ის“ მიერ 2017 წლის 20 ივნისს შესრულებული ხარჯთაღრიცხვა, ქ. თბილისში, ......, ...... N6-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის გამომწვევი მიზეზის დადგენისა და მისგან გამომდინარე აღდგენა-გაძლიერების შესასრულებელი სამუშაოების თაობაზე. ხარჯთაღრიცხვის თანმხლები განმარტებითი ბარათის თანახმად, დამკვეთის მიერ წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო მასალის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 19 ოქტომბრის დასკვნის, ჩატარებული კვლევისა და შესაბამისი ახსნა-განმარტებების საფუძველზე გამოვლინდა, რომ საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მილსადენების გაუმართაობის გამო, საიდანაც გამონადენი წყალი 2015 წლის აპრილიდან 2015 წლის 17 ნოემბრამდე ჩაედინებოდა სახლის საძირკველში, რამაც გამოიწვია ნაგებობის ავარიული დეფორმაციები, სახლის მზიდ კონსტრუქციებს მიღებული აქვთ მნიშვნელოვანი დეფორმაცია, რაც გამოიხატება კედლების ჯდენით, მათზე დახრილი და ვერტიკალური ბზარების წარმოქმნით, რომლის მიზეზიც არის ფუძე-გრუნტში დაზიანებული წყალსადენის მაგისტრალური მილიდან წყლის ნაკადის გამორეცხვითი მღვრევი ზემოქმედება. საცხოვრებელი სახლის მზიდი კონსტრუქციების დაზიანების მიზეზი არის 2015 წელს ექვსი თვის განმავლობაში, მილსადენის მაგისტრალური მილების გაუმართაობის შედეგად, მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა და გრუნტის მასივში წყლის ჩადინება. ხარჯთაღრიცხვის მომზადების დროისთვის სარდაფში აღარ შეინიშნება წყალი, კედლები და იატაკი გამომშრალია, მაგრამ წყლის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად მასშტაბურადაა დაზიანებული და დაშლილი, ბეტონის მასა გამოფიტულია, ხოლო ბათქაში მარტივი ზემოქმედებით იშლება. საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების პროექტი და ხარჯთაღრიცხვა შედგენილია იმ ზიანის გამოსასწორებლად, რომელიც ნაგებობამ მიიღო აღნიშნული ზემოქმედების შედეგად, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 31 249.46 ლარს.
20. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
20.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით მესაკუთრის სარჩელი კომპანიის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 31 249.46 ლარის გადახდა დაეკისრა.
20.2. საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო ამ განჩინების 1-19 პუნქტებში ასახულ გარემოებებსა და მტკიცებულებებს და იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 992-ე, მე-1000 მუხლებით.
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინება
21.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
21.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 390-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).
22. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
22.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
22.2. კასატორის განმარტებით მოსარჩელე არ არის მოთხოვნის უფლების მქონე პირი, იგი არასათანადო მოსარჩელეა და მისი სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ზიანის დადგომის დროს სახლის მესაკუთრე მოსარჩელის დედამთილი იყო, რომელმაც შემდეგ საკუთარ რძალს, მოსარჩელეს მიჰყიდა სახლი. ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ უძრავი ნივთი ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო იყო. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელეს დედამთილმა მოთხოვნის უფლება დაუთმო.
22.3. კასატორის განმარტებით საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხე კომპანიის მიერ მოსარჩელის სახლის დაზიანების ფაქტი. კასატორი აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ცალსახა არ არის და ექსპერტი ვარაუდობს, რომ სახლის დაზიანება შესაძლოა მოპასუხე კომპანიის კუთვნილი მილების დაზიანებას გამოეწვია.
23. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
23.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
25.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
27.საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოპასუხის ძირითადი პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რაც მოპასუხის ბრალეულობას ვერ ადასტურებდა. ამასთან, სარჩელი არასათანადო მოსარჩელის მიერაა წარდგენილი.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე გამომდინარეობს დელიქტური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი სპეციალური ნორმიდან, სსკ-ის მე-1000 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან „1. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. 2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი“ , 408.1-ე და 409-ე მუხლებიდან.
30. საკასაციო სასამართლომ ანალოგიურ საქმეზე განმარტა: “პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, მე-1000 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და განმარტა, რომ მოხმობილი ნორმა მიუთითებს მომეტებულ საფრთხეზე, რომელიც გამომდინარეობს ნაგებობიდან. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას იმის გამო, რომ შეუძლებელია მასზე ადამიანის მხრივ სრული კონტროლის განხორციელება. წყლის მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებით გამოწვეული ზიანისათვის პასუხიმგებლობის დაკისრებისათვის მნიშვნელობა არა აქვს ამ მოწყობილობების მფლობელის ბრალეულობას და კანონმდებელი დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელ პირად განიხილავს ამ მოწყობილობების მფლობელ პირს” (იხ. სუსგ # ას-1287-1208-2016, 26.02.2016წ.).
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოება, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ფართი და როგორ შეიცვალა ვითარება მოპასუხის კუთვნილი მილებიდან წყლის ჩადინების შედეგად, დადგენილი აქვს სასამართლოს, ხოლო სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის უმნიშვნელოა მოპასუხის ბრალეულობის (მათ შორის შერეული ბრალის) კვლევა და დადგენა, რადგან საკითხი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობას ეხება. შესაბამისად, გამოკვეთილია ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს. კასატორის საყურადღებოდ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი ნორმის მოძიება და მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-910-2018, 20.09.2018წ; Nას-737-689-2017, 11.04.2018წ.) და საკასაციო სამართალწარმოების საპროცესოსამართლებრივ თავისებურებათაა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზეც იმსჯელოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) სამართლებრივ მოტივაციაზე.
32. ამ კატეგორიის დავებზე სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობის (ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირი, ბრალი და მართლწინააღმდეგობა) არსებობა და მტკიცება არ არის საჭირო, რადგან მომეტებული საფრთხის წყაროს გამოყენების დროს, ბრალის გარეშეც, ასეთი საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობაა მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამ ვითარებაში, რადგან მოსარჩელის მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, მოთხოვნა წარმოშობილია, მოპასუხის სტადიის შემოწმების ეტაპზე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, არაკვალიფიციური შედავებისა და საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.
33. სააპელაციო სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების (დელიქტური სამართალდარღვევის) დამადასტურებელ მტკიცებულებებად მართებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები და მოწმეთა ჩვენებები, რომელთა საწინააღმდეგო და გამაბათილებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის. მოპასუხის ზეპირი ახსნა-განმარტება კი მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ვერ გადასწონის.
34. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითა და ამ ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინა სასამართლოში, რომლითაც მოპასუხის პასუხისმგებლობა, მისი ბრალეულობის მიუხედავად, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის დადგომაში დასტურდება.
35. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მესაკუთრის არასათანადო მოსარჩელედ მიჩნევის თაობაზე, მიუთითებს ამ განჩინების მე-7 პუნქტზე და დამატებით განმარტავს, რომ სარჩელის წარდგენის დროისათვის დაზიანებული სახლის მესაკუთრე მოსარჩელე იყო. სახლის დაზიანება, რომ მოპასუხის პასუხისმგებლობაა საქმის მასალებით დადასტურებულია და კასატორი მას ვერ აქარწყლებს. მოსარჩელის დედამთილი მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობდა დაზიანებულ სახლში და მის გარდაცვალებამდე იგი (სახლი) მოსარჩელეს მიჰყიდა. უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება, რომ სარჩელი წარუმატებელია, რადგან სახლის სარდაფი 2015 წელს დაიტბორა, მოსარჩელე კი 2017 წელს გახდა უძრავი ქონების მესაკუთრე. მოსარჩელე სახლის დაზიანების დღიდანვე წარმოადგენდა თავისი დედამთილის ინტერესებს მოპასუხე კომპანიის წინააღმდეგ, ასევე გაგრძელდა მისი გარდაცვალების შემდეგ, შესაბამისად, მოსარჩელე სარჩელის წარდგენაზე უფლებამოსილია და მისი მოთხოვნა ფაქტობრივ-სამართლებრივად გამართულია.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ჯ.უ.ე.ფ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ჯ.უ.ე.ფ–ს" (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1562,47 ლარის (საგადახდო დავალება N11, გადახდის თარიღი 2020 წლის 24 ნოემბერი), 70% – 1093,72 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე