Facebook Twitter

11 თებერვალი, 2021 წელი,

#ას-485-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი/მ ზ.ს–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან მერია) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების 1-ლი, მე-3 და მე-6 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შესრულებული სამუშაოს ღირებულების, პირგასამტეხლოს დაკისრებისა და, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობის გამო, დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმების თაობაზე ი/მ ზ.ს–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, მიმწოდებელი ან მენარდე) მოთხოვნა უარყოფილ იქნა. შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, კერძოდ, მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს - 958.73 ლარის შემსყიდველისათვის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, სახელდობრ:

2. კასატორის მტკიცებით, მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი არაჯეროვნად, ხოლო ნაწილი საერთოდ არ შეასრულა და არც ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ განსაზღვრული ვადის მიხედვით, არ აღმოფხვრა ხარვეზი, რის გამოც 2015 წლის 29 დეკემბრიდან ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება და მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა.

2.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, რომელიც თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე განისაზღვრა და არ არსებობდა მისი შემცირების სამართლებრივი საფუძვლები.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. მხარეებს შორის 2015 წლის 13 ნოემბერს დაიდო #3.1/30/790 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება), რომლის საგანს თბილისის დენდროლოგიურ პარკში არსებული 248 ძირი ხმელი და ზეხმელი ხეების მოჭრა, ფესვების ამოძირკვა და ადგილზე დასაწყობებით მომსახურების შესყიდვა წარმოადგენდა. ხელშეკრულების ღირებულება - 7923,60 ლარით, მოქმედების ვადა 2016 წლის 13 იანვრის ჩათვლით, ხოლო მომსახურების გაწევის ვადა - 2015 წლის 23 დეკემბრით განისაზღვრა.

5.4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში გათვალისწინებული იყო ჯარიმა, ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,5 %. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კი, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ღირებულების 5%. (იხ. ხელშეკრულების 8.2 - 8.4 პუნქტი).

5.5. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მწვანე ნარგავების მოვლის განყოფილების უფლებამოსილი პირის 2015 წლის 24 დეკემბერის „საველე აქტის თანახმად“, დადგინდა, რომ მოჭრილია - 154, ხოლო მოსაჭრელია - 94 ძირი ხე, ამასთან, ამოძირკვულია - 137, ხოლო 111 ამოუძირკველი კუნძია.

5.6. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მწვანე ნარგავების მოვლისა და გარემოს დაცვითი ღონისძიების განყოფილების ჯგუფის მიერ 2015 წლის 29 დეკემბერს დენდროლოგიური პარკის ტერიტორია შემოწმდა. დათვალიერებისას დადგინდა, რომ დარჩენილია 94 მოუჭრელი ზეხმელი ხე, ხოლო 17 ცალი მოჭრილი კუნძები ამოუძირკველია.

5.7. სახელმწიფო შესყიდველის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, შესრულდა - 3546.45 ლარის ღირებულების სამუშაო (იხ. 2015 წლის 29 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი).

5.8. მომსახურების ნაწილის არაჯეროვნად შესრულების, ხოლო ნაწილის შეუსრულებლობის გამო, შემკვეთმა 2015 წლის 29 დეკემბრიდან ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და მოპასუხეს დააკისრა ჯარიმა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%, კერძოდ, 3724,01 ლარი, ხოლო არაჯეროვნად (17 ამოუძირკველი კუნძი) შესრულების გამო - 673.51 ლარი. ამასთან, ხელშეკრულების შეყვეტის გამო, მიმწოდებელს დაეკისრა ჯარიმის ხელშეკრულების ღირებულების 5% -ის - 396.18 ლარის, სულ საჯარიმო თანხის - 4 793.7 ლარის გადახდა.

5.9. შემკვეთმა 2016 წლის 5 იანვრის წერილით მენარდეს აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტისა და ჯარიმის - 4793.52 ლარის დაკისრების თაობაზე.

6. განსახილველ შემთხვევაში, ნარდობის ურთიერთობიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის, ასევე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლები.

მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წანამძღვრების მხოლოდ ნაწილის არსებობა და აქედან გამომდინარე სამართლებრივად სწორად შეაფასა შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ წარმატებულობაც.

7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტობრივ საფუძველს, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურსა და მენარდეს შორის 2015 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს, რომლის მიხედვით, თბილისის დენდროლოგიურ პარკში არსებული ხმელი და ზეხმელი ხეების მოჭრის, ფესვების ამოძირკვისა და ადგილზე დასაწყობების სამუშაოების საერთო ღირებულება - 3 546,45 ლარია. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან (4 377.15 ლარი) გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრული და სამართლიანია.

7.1. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლო ოდენობა, რომელიც თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე განისაზღვრა და არ არსებობდა მისი შემცირების სამართლებრივი საფუძვლები.

8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მიმწოდებლის მხრიდან არსებული დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, დაკისრებული ჯარიმა ადეკვატურად მიაჩნია. პალატის განმარტებით, პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.

სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (შდრ. სუსგ #ას-144-140-2016, 19.04.016 წ)“.

ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ, დარღვევის მოცულობის გათვალისწინებით, დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრულია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი.

9. კასატორი სადავოდ ხდის მისთვის ადვოკატის ხარჯის დაკისრების ნაწილშიც სასამართლო გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ, ვინაიდან ძირითადი სარჩელი უარყოფილ იქნა, გაუგებარია, რის საფუძველზე დააკისრა სასამართლომ ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება.

9.1. კასატორის ამ მსჯელობას საკასაციო პალატა უარყოფს და განმარტავს, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია სსსკ-ის, 53.1 მუხლში (იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე). ნორმა არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ზუსტ ოდენობას, არამედ მისი განსაზღვრა სასამართლომ უნდა მოახდინოს გონივრულ ფარგლებში, რა დროსაც მხედველობაში მიიღება საქმის სირთულე, კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა შესრულებული ადვოკატის მიერ, რა სახის რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა. ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას მხარე სამართლიანად უნდა დააკმაყოფილოს. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამასთან, უადავოა შეგებებული მოპასუხის წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, შესაბამისად, ადვოკატის ხარჯის, 200 ლარის, ანაზღაურების დაკისრებაც მართებულია.

9.2. საკასაციო სასამართლო აქვე მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს, რომელმაც არა ერთ საქმეზე აღნიშნა შემდეგი: „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმდენით, რამდენითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ გაიღეს სამოქალაქო უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

12. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე