საქმე №ას-485-2020
30 სექტემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - შპს „გ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ–ი “ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მაისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
აღწერილობითი ნაწილი:
1. 2018 წლის 4 ივლისს შპს „მ–ი ..“-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ–ის“ (შემდგომში „მოპასუხე“ ან „განმცხადებელი“) მიმართ ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით. ამასთან, მოსარჩელემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და მოითხოვა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ..... მდებარე ორ უძრავ ქონებაზე (606.32 კვ.მ (ს/კ:......) და 232.55 კვ.მ (ს/კ:.....)) ყადაღის დადება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ორ უძრავ ქონებას (მდებარე, ქ. ბათუმი, .....; 606.32 კვ.მ (ს/კ: .....) და 232.55 კვ.მ (ს/კ:.....)).
3. აღნიშნული განჩინება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და შესულია კანონიერ ძალაში.
4. 2018 წლის 21 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხემ და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზურნველყოფის ღონისძიების იმგვარად შეცვლა, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გავრცელებულიყო მხოლოდ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში, ..... პირველ სართულზე მდებარე 606.32 კვ.მ ქონებაზე (ს/კ:.....), ხოლო დანარჩენი ქონება გათავისუფლებულიყო ყადაღისაგან.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით.
6. 2019 წლის 16 იანვარს მოპასუხემ კვლავ იმავე შინაარსის განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზურნველყოფის ღონისძიების იმგვარად შეცვლა, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გავრცელებულიყო მხოლოდ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში, ..... პირველ სართულზე მდებარე 606.32 კვ.მ ქონებაზე (ს/კ:.....), ხოლო დანარჩენი ქონება გათავისუფლებულიყო ყადაღისაგან.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისის განჩინებით.
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 171 500 აშშ დოლარის ანაზღაურება.
9. მოპასუხემ გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
10. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, 2020 წლის 1 მაისს მოპასუხემ 2018 წლის 21 სექტემბრისა და 2019 წლის 16 იანვრის განცხადებების მსგავსი შინაარსის განცხადება წარადგინა სასამართლოში და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზუნველყოფის ღონისძიების იმგვარად შეცვლა, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გავრცელებულიყო მხოლოდ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში, .......ქ. #5-ში პირველ სართულზე მდებარე 606.32 კვ.მ ქონებაზე (ს/კ:.....), ხოლო დანარჩენი ქონება გათავისუფლებულიყო ყადაღისაგან.
11. განმცხადებლის აზრით, 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მეტისმეტად მკაცრია და ზიანს აყენებს კომპანიას, ვინაიდან დაყადაღებული ქონება არის მშენებარე და ყადაღის არსებობის გამო ვერ ხერხდება გასხვისებული ბინების შემძენ პირებზე გადაფორმება, რის გამოც კომპანია კარგავს ბინის მყიდველებს.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მაისის განჩინებით მოპასუხის განცხადება დარჩა განუხილველად.
13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194.5 მუხლით (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც საჩივრდება საჩივრით) და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოცემულ დავაზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, ასევე, განჩინება ამავე შინაარსის განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, იმავე შინაარსისა და ანალოგიური მოთხოვნებით წარდგენილი განცხადება (თუნდაც იგი პირველად წარდგენილიყო სააპელაციო სასამართლოში) ზემოთ მითითებული ნორმის შესაბამისად, ექვემდებარება განუხილველად დატოვებას.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო არასწორად აპელირებს მის მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოში არაერთგზის მიმართვის შესახებ მაშინ, როდესაც მხარეს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აქვს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამდენად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლით და დაეკმაყოფილებინა განცხადება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ყადაღა ადევს მთლიანად მშენებარე ბინას, განცხადებით კი მოთხოვნილია უზრუნველყოფის ღონისძიების იმგვარად შეცვლა, რომ ყადაღა გავრცელდეს მხოლოდ შენობის პირველ სართულზე მდებარე კომერციულ ფართზე, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას შეასრულოს თავისი ვალდებულებები ბინების შემძენების მიმართ და არც მოსარჩელე დარჩება აღსრულების უზრუნველყოფის გარეშე.
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ივნისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
16. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარდგენილი საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, 410-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
18. მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია ეხება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ მის მიერ წარდგენილი განცხადება არასწორად არ მიიჩნია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლად და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლი.
19. საჩივრის ავტორის პრეტენზიის განხილვის მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, განმარტავს სსსკ 196-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსს. აღნიშნული ნორმის თანახმად, მხარეთა თხოვნით, დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე.
20. მითითებული ნორმა ადგენს საპროცესო სუბიექტთა უფლებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიმართონ სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვონ უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების შეცვლა სხვა ღონისძიებით. ასეთი ცვლილების სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო პროცესის სუბიექტთა ინტერესების სრულყოფილად დაცვასა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებაში მდგომარეობს. უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზეა დასაშვები, რადგან სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებიდან გამომდინარე, კანონმდებელი გონივრულად ვარაუდობს, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო უარყოფითი შედეგები დასაშვებია გამოვლინდეს საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის მსგავსად, მხარე თავად წყვეტს, თუ როდის მოითხოვოს აღნიშნული ცვლილების განხორციელება სასამართლოს მიერ და, მიუხედავად იმისა, ადგება თუ არა მას ზიანი უზრუნველყოფის თავდაპირველი ღონისძიების დაწესების ეტაპზევე, მას ამ ღონისძიების შეცვლის მოთხოვნის უფლება ენიჭება საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის (იხ. სუსგ საქმე №ას-5-5-2015, 10 თებერვალი, 2015 წელი).
21. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით მის მიმართ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების (მოპასუხის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ..... მდებარე ორ უძრავ ქონებაზე (606.32 კვ.მ (ს/კ:......) და 232.55 კვ.მ (ს/კ:.....) დადებული ყადაღის) შეცვლა (იმგვარად, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გავრცელებულიყო მხოლოდ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში, .......ქ. #5-ში პირველ სართულზე მდებარე 606.32 კვ.მ ქონებაზე (ს/კ:.....), ხოლო დანარჩენი ქონება გათავისუფლებულიყო ყადაღისაგან) მოითხოვა ჯერ კიდევ ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას - 2018 წლის 21 სექტემბრის განცხადებით (იხ. ტ. 1. ს.ფ 196-198), თუმცა საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინებით აღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით.
22. საქმის მასალებით დადგენილია ასევე, რომ ზუსტად ანალოგიური შინაარსის მეორე განცხადება მოპასუხემ წარადგინა საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 16 იანვარს (იხ. ტ. 2. ს.ფ 91-93), რომლის დაკმაყოფილებაზე კვლავ უარი ეთქვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით, რაც უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 24 ივლისის განჩინებით.
23. საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას, 2020 წლის 1 მაისს, მოპასუხემ მესამედ წარადგინა 2018 წლის 21 სექტემბრისა და 2019 წლის 16 იანვრის განცხადებების მსგავსი განცხადება და კვლავ მოითხოვა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელება მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში, ....... პირველ სართულზე მდებარე 606.32 კვ.მ ქონებაზე (ს/კ:......), ხოლო დანარჩენი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება (იხ. ტ. 3. ს.ფ 76-79).
24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ზემოთ მითითებული განცხადება, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია მის მიერ წარდგენილი სხვა განცხადებების იდენტურ განცხადებად და არასწორად დატოვა იგი განუხილველად სსსკ 194.5 მუხლის შესაბამისად.
25. როგორც უკვე აღინიშნა, საპროცესო კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განიხილოს უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების შეცვლის საფუძვლიანობა, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდესის 194.5 მუხლი სპეციალურად ადგენს, რომ იმავე საგანსა და იმავე საფუძვლით სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში განცხადება უნდა დაჩეს განუხილველი (სსსკ 194-ე მუხლის მე-5 ნაწილი: სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით).
26. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში, სადაც სადავო იყო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები, განმარტა შემდეგი: იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს ნორმის გამოყენების განმაპირობებელი გარემოებები, მიზანშეწონილია განიმარტოს, თუ რას წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების „საგანი“ და „საფუძველი“: ა) განცხადების საგანი არის განმცხადებლის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისადმი, რომელიც უნდა განიხილოს სასამართლომ და რომლის მიმართაც უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განჩინება), უფრო კონკრეტულად, განცხადების საგანი არის მოთხოვნის შინაარსი და არა მისი მატერიალური ობიექტი; ბ) რაც შეეხება განცხადების საფუძველს, ეს არის გარემოებები, რომელზეც მხარე ამყარებს საკუთარ მოთხოვნებს და რომელთა დადასტურებაც სწორედ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ემსახურება მიზნად. ამასთან, არც ერთი საპროცესო ნორმა არ უკრძალავს მოპასუხეს სასამართლოსათვის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით განმეორებით მიმართვას, თუკი იგი მიუთითებს/დაამტკიცებს განსხვავებული საფუძვლის არსებობას. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, მიიღოს და განიხილოს განცხადება (იხ. სუსგ საქმე №ას-430-402-2017,19 მაისი, 2017 წელი).
27. ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ განიხილოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ან/და გამოყენებული უზურნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის მოთხოვნით ხელახლა წარდგენილი განცხადება, განმცხადებელმა უნდა მიუთითოს მის მიერ ადრე წარდგენილი განცხადებისაგან განსხვავებულ საფუძველზე (გარემოებებზე, რომელზეც იგი ამყარებს საკუთარ მოთხოვნას) და საგანზე (მოთხოვნის შინაარსზე).
28. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ როგორც სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 1 მაისს, ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 21 სექტემბერსა და 2019 წლის 16 იანვარს წარდგენილ განცხადებებში, 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლას განმცხადებელი ითხოვს ერთსა და იმავე საგანზე ერთი და იმავე საფუძვლით. კერძოდ, განმცხადებელი მიუთითებს, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - ორ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება - მეტისმეტად მკაცრია და ზიანს აყენებს მოპასუხე კომპანიას (ვინაიდან, დაყადაღებულია მის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა და ქონებაზე ყადაღის არსებობის გამო ვერ ხერხდება გასხვისებული ბინების შემძენ პირებზე გადაფორმება, რის გამოც კომპანია კარგავს ბინის მყიდველებს), მხოლოდ შენობის პირველ სართულზე მდებარე კომერციულ ფართზე ყადაღის გავრცელება კი საკმარისი იქნებოდა სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად და მოპასუხეც შეძლებდა ბინების შემძენების მიმართ საკუთარი ვალდებულებების შესრულებას. აღსანიშნავია, ასევე, რომ განმცხადებელი მის მიერ წარდგენილი სამივე განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს 2018 წლის 17 სექტემბრის #02/1-85 აუდიტორულ დასკვნაზე (რომლითაც დაანგარიშებულია უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სასამართლოსთვის შეთავაზებული კომერციული ფართის საბაზრო ღირებულება), რომელიც მტკიცებულების სახით ერთვის ყველა განცხადებას (იხ. ტ.1. ს.ფ 196-212; ტ. 2. ს.ფ 91-100; ტ.3. ს.ფ 76-85).
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული მსჯელობისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ერთსა და იმავე საგანსა და ერთი და იმავე საფუძვლით სასამართლოსთვის განმეორებით მიმართვის შემთხვევა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194.5 მუხლის შესაბამისად, წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობებს ქმნიდა. ამრიგად, მოპასუხის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „გ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მაისის და 12 ივნისის განჩინებები დარჩეს უცვლელად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე