საქმე №ას-1011-2020
23 დეკემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „მ–ი ..“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,მ–ი ..-ის“ (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ პირგასამტეხლოს – .. 827,67 დაკისრების თაობაზე.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 22 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №..2 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხევის და ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიისაგან დაზიანებული ობიექტების, ხიდის და საყრდენი კედლების აღდგენის სამუშაოების შესრულებას. აღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების მე-5 ნაწილის თანახმად, მოპასუხეს უნდა დაესრულებია 2018 წლის .. მაისის ჩათვლით, თუმცა მან აღნიშნული პირობა დაარღვია. მოსარჩელის გაფრთხილების მიუხედავად, ვალდებულება სრულად არ შესრულდა, რის გამოც მოპასუხეს დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
მოპასუხეების პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ვალდებულების შესასრულებლად, პროექტის მიხედვით, საჭირო იყო ქვა, რაც მხარეთა შორის გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვაში ასახული არ ყოფილა. მოპასუხემ დაიწყო ღონისძიებების განხორცილება ქვის შესაძენად, მიმართა მუნიციპალიტეტს, რომელმაც, ქვის ღირებულების გათვალისწინებით, არ გაზარდა პროექტის ღირებულება. ამის შემდეგ, მათ მიმართეს გარემოს ეროვნულ სააგენტოს ქვის ამოსაღებად ნებართვის გაცემაზე, გააკეთეს განაცხადი წიაღის ეროვნულ სააგენტოში, თუმცა მოსარჩელე აღნიშნული საკითხის მოგვარებას არ დაელოდა და მოპასუხესთან ხელშეკრულება შეწყვიტა. მერიის დამოკიდებულება უსამართლოა, ვინაიდან ქვის ღირებულება ხარჯთაღრიხვით გათვალისწინებული არ ყოფილა, შესაბამისად, პროექტი მოპასუხის ბრალით არ ჩავარდნილა.
4. ამასთან, მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელე არასწორად ითხოვს ორგვარი პირგასამტეხლოს დაკისრებას, – ყოველდღიურად დარიცხულ პირგასამტეხლოსა და ერთიან ჯარიმას შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 30%-ს, რაც არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11 335,02 ლარის გადახდა, სარჩელს 10 492,65 ლარის მოთხოვნის თაობაზე კი ეთქვა უარი, რაც მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი იყო ხარვეზიანი, კერძოდ, სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი – ქვითარი დედნის სახით. გარდა ამისა, აპელანტს წარმოდგენილი არ ჰქონდა სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით.
8. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 3 ივნისის განჩინებით აპელანტს დაევალა, ხარვეზის შევსების მიზნით, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის – 408 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედანი, ასევე სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 372-ე მუხლის, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 74-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, საქმეზე წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 3 ივნისის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ გაეგზავნა აპელანტი შპს-ს წარმომადგენელს (დირექტორს) სააპელაციო საჩივარში მის მიერვე მითითებული მისამართზე და 2020 წლის 12 ივნისს, პირადად ჩაბარდა.
10. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ 2020 წლის 3 ივნისის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 13 ივნისიდან და ამოიწურა 2020 წლის 22 ივნისს, 24:00 საათზე. მიუხედავად ამისა, აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ასევე, არ აღუძრავს შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე.
11. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო, კერძოდ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი) და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია არ წარადგინა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საპროცესო წინაპირობა არ არსებობს.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
13. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მოპასუხე შპს-ს დირექტორს სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ პირდად არ ჩაბარებია. იმ მისამართზე, სადაც სააპელაციო პალატამ განჩინება გაგზავნა, მდებარეობს კომპანიის ყოფილი წარმომადგენლის – თ.ა–ის ოფისი და სხვა დაწესებულებები. ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო, ივნისში აღნიშნული ოფისები არ ფუნქციონირებდა. ფოსტის თანამშრომელმა გზავნილი ოფისში ისე დატოვა, რომ არავისთვის არ გადაუცია, პანდემიის გამო, კურიერები არ ახდენენ ადრესატის იდენტიფიცირებას, შესაბამისად, გზავნილის ჩამბარებლად მიეთითა მოპასუხე შპს-ს დირექტორის სახელი და გვარი.
სამოტივაციო ნაწილი:
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
16. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
17. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
18. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 3 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა, ხარვეზის შევსების მიზნით, აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის – 408 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედანი და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
19. სააპელაციო პალატამ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე.
20. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
21. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
22. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. ამასთან, თუ სასამართლო უწყებას ან გზავნილს გაუგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს სამუშაო ადგილის მიხედვით, გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც იგი მიიღო არა უშუალოდ ადრესატმა, არამედ შესაბამისი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა. ასეთი პირი ვალდებულია, თავისი ხელმოწერით დაადასტუროს სასამართლო გზავნილის ჩაბარება და გადასცეს იგი ადრესატს.
23. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ხელწერილით დასტურდება, რომ 2020 წლის 12 ივნისს სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა თ.ა–ს, ორგანიზაციის წარმომადგენელს.
24. კერძო საჩივარში მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ მითითებული პიროვნება შპს-ს წარმომადგენელი იყო, თუმცა მას არც არგუმენტის სახით მიუთითებია და არც სათანადო დოკუმენტის წარმოდგენის გზით არ დაუდასტურებია ის ფაქტი, რომ სასამართლო გზავნილი არაუფლებამოსილ პირს (რომელიც გზავნილის მიღების მომენტისათვის აღარ წარმოადგენდა მოპასუხის ინტერესებს) ჩაბარდა. ამ ფაქტის დადასტურება კი, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს ევალებოდა.
25. საკასაციო პალატის დასკვნით, სამართლებრივი თვალსაზრისით ორგანიზაციის წარმომადგენლისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება თავად მარწმუნებლისათვის მისი გადაცემის ტოლფასია და სრულად შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ხარვეზის შევსების ვადა 2020 წლის 12 ივნისის მომდევნო დღიდან – 13 ივნისიდან მართებულად აითვალა და მიიჩნია, რომ საპროცესო ვადა ამოიწურა 22 ივნისს.
26. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი წანამძღვრები.
28. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს „მ–ი ..-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის
23 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე