საქმე №ა-127-შ-3-2021
5 მარტი, 2021 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.კ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – რ.კ–ი
განხილვის საგანი – ბელარუსიის რესპუბლიკის ბობრუისკის რაიონის და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
აღწერილობითი ნაწილი:
ბელარუსიის რესპუბლიკის ბობრუისკის რაიონის და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ.კ–ს (დაბადებული 1995 წლის 25 თებერვალს, მცხოვრები თუქმენეთში) დაეკისრა ი.კ–ის სასარგებლოდ, მისი არასრულწლოვანი შვილის მ.კ–ის (დაბადებული 2019 წლის 6 ნოემბერს) რჩენის მიზნით ალიმენტის გადახდა: ყველა სახის ყოველთვიური შემოსავლის 25%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შრომისუნარიანი მშობლის 50% საარსებო მინიმუმის ბიუჯეტისა. 2020 წლის 23 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე.
ზემოხსენებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 26 ნოემბერს.
შუამდგომლობის ავტორმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსიის რესპუბლიკის ბობრუისკის რაიონის და ბობრუისკის მხარეში ქალაქ ბობრუისკის 2020 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ბელარუსიის რესპუბლიკის ბობრუისკის რაიონის და ქალაქ ბობრუისკის 2020 წლის 10 ნოემბრის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე ი.კ–ას შუამდგომლობა საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით რ.კ–ს (დაბადებული 1995 წლის 25 თებერვალს, მცხოვრები თუქმენეთში) დაეკისრა ი.კ–ის სასარგებლოდ, მისი არასრულწლოვანი შვილის მ.კ–ის (დაბადებული 2019 წლის 6 ნოემბერს) რჩენის მიზნით ალიმენტის გადახდა: ყველა სახის ყოველთვიური შემოსავლის 25%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შრომისუნარიანი მშობლის 50% საარსებო მინიმუმის ბიუჯეტისა. 2020 წლის 23 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე.
საქმის მასალებით დარტურდება, რომ გადაწყვეტილება 2020 წლის 26 ნოემბერს შევიდა კანონიერ ძალაში და იგი არ აღსრულებულა. მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო ბელარუსიის რესპუბლიკაში საქმის განხილვის შესახებ.
ი.კ–მა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის მასალებთან ერთად ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც რაიმე განცხადებით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (შემდგომში _ მინსკის კონვენცია) 51-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე იუსტიციის დაწესებულებების მიერ სამოქალაქო საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებებს, ამავე კონვენციის 53-ე მუხლის თანახმად კი, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე შუამდგომლობა წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. შუამდგომლობას თან ერთვის: а) გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, ასევე, ოფიციალური დოკუმენტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და დაქვემდებარების აღსრულებას ან იმის შესახებ, რომ კანონიერ ძალაში შესვლამდე ექვემდებარება აღსრულებას, თუ ეს არ გამომდინარეობს თავად გადაწყვეტილებიდან; б) დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად იქნა გამოძახებული სასამართლოში, ხოლო მისი პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში სათანადოდ იქნა წარმოდგენილი; в) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადაწყვეტილების ნაწილობრივ აღსრულებას მისი გადაგზავნის მომენტისთვის; г) დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის საქმეებზე. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე შუამდგომლობა და მისი თანდართული დოკუმენტები აღიჭურვება დამოწმებული თარგმანით თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ენაზე ანდა რუსულ ენაზე.
რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების წესს, მას ადგენს კონვენციის 54-ე მუხლი, რომლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საკითხის განმხილველი სასამართლო ადგენს, შეესაბამება თუ არა შუამდგომლობა ამ კონვენციის 53-ე მუხლის მოთხოვნებს.
მინსკის კონვენციით დადგენილია, ასევე, იმ მხარის თავდაცვის საშუალებები, რომლის წინააღმდეგაცაა გამოტანილი აღსასრულებლად მისაქცევი გადაწყვეტილება, კერძოდ, 55-ე მუხლის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება, უარი ეთქვას, თუკი: а) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; б) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; в) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა, თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; г) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნეს, საკითხი ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; д) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ მხარეთა შეთანხმებას; е) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს. ანალოგიურ დათქმებს ითვალისწინებს „საერთაშირისო კერძო სამართლის შეახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე და 71-ე მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი.კ–ას შუამდგომლობა და თანდართული მასალები სრულად შეესაბამება კონვენციისა და კანონის მოთხოვნებს, რის გამოც ბელარუსიის რესპუბლიკის ბობრუისკის რაიონის და ქალაქ ბობრუისკის 2020 წლის 10 ნოემბრის სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და აღუსრულებელ ნაწილში მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5, 70.3 მუხლებით და
დაადგინა:
1. ი.კ–ას შუამდგომლობა ბელარუსიის რესპუბლიკის ბობრუისკის რაიონის და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსიის რესპუბლიკის ბობრუისკის რაიონის და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც რ.კ–ს (დაბადებული 1995 წლის 25 თებერვალს, მცხოვრები თუქმენეთში) დაეკისრა ი.კ–ის სასარგებლოდ, მისი არასრულწლოვანი შვილის მ.კ–ის (დაბადებული 2019 წლის 6 ნოემბერს) რჩენის მიზნით ალიმენტის გადახდა: ყველა სახის ყოველთვიური შემოსავლის 25%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შრომისუნარიანი მშობლის 50% საარსებო მინიმუმის ბიუჯეტისა. 2020 წლის 23 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე