Facebook Twitter

¹ბს-873-836(კს-06) 22 ნოემბერი, 2006წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ლ. შ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქუთაისის არქიტექტურის სამმართველო (ამჟამად, ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახური)

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 23 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. შ-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ჰ. ბ-ისა და ქუთაისის არქიტექტურის სამმართველოს მიმართ და ჰ. ბ-ის სახელზე გაცემული სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციის ბათილად ცნობა, შესაბამისად, მოპასუხის სავაჭრო ობიექტისა (17 კვ.მ) და ტროტუარის მისივე ხარჯებით რეკონსტრუქციამდელ მდგომარეობაში მოყვანა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. შ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშული გადაწყვეტილება ლ. შ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, 2004 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ლ. შ-ს სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში იმდენ ასლად არ იყო წარდგენილი, რამდენი მხარეც საქმეში მონაწილეობდა. მოცემული განჩინებით აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა 20 დეკემბრამდე მიეცა.

ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ლ. შ-ს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ ჰქონდა გამოსწორებული.

აღნიშნულ განჩინებაზე ლ. შ-მ სასამართლოში განცხადება შეიტანა და აღნიშნა, რომ მას ხარვეზის შესახებ განჩინება არ ჩაჰბარებია, რის გამოც, საქმეში მისი ხელმოწერის არსებობა შეუძლებელი იყო. განმცხადებელმა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 4 მარტის განჩინებით ლ. შ-ს ზემოხსენებული განცხადება სასამართლომ კერძო საჩივრად ჩათვალა და იგი, ამავე განჩინებით, 12-დღიანი ვადის გაშვების გამო, დაუშვებლად მიიჩნია. იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 თებერვლის განჩინებით ლ. შ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 4 მარტის განჩინება და საქმე კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის განჩინებით მოცეულ საქმეზე დაინიშნა გრაფიკული ექსპერტიზა, რომელსაც უნდა დაედგინა: სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2004 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაგზავნის შესახებ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 იანვრის გზავნილის მეორე მხარეს არსებული ხელმოწერა შესრულებლი იყო თუ არა ლ. შ-ს მიერ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საექსპერტო-კრმინალისტური მთავარი სამმართველოს 2006 წლის 4 აგვისტოს ¹786/გრ ექსპერტზის დასკვნით დადგენილ იქნა, რომ სასამართლოს 2005 წლის 14 იანვრის გზავნილის მეორე მხარეზე არსებული ხელმოწერა ლ. შ-ს გვარით ნამდვილად ლ. შ-ს მიერ იყო შესრულებული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2006 წლის 13 ივლისს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ამავე კოდექსის 417.1 მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად დასაშვებობის საკითხისEშესამოწმებლად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და თვლის, რომ ლ. შ-ს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 23 დეკემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. შ-ა საქმეს წარმომადგენლის მეშვეობით აწარმოებდა, რომელსაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება ჰქონდა მინიჭებული (ს.ფ. 50). ხარვეზის შესახებ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 7 დეკემბრის განჩინება მხოლოდ თავად აპელანტ ლ. შ-ს გაეგზავნა (ს.ფ. 102), ამავე სასამართლოს 2004 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, ლ. შ-ს სააპელაციო საჩივარი ისე დარჩა განუხილველად, რომ ხარვეზის შესახებ 2004 წლის 7 დეკემბრის განჩინება მას არ ჩაბარებია. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სასამართლოს 2004 წლის 23 დეკემბრის განჩინება მხოლოდ ლ. შ-ს გადაეცა (ს.ფ. 104). აღსანიშნავია, რომ აპელანტის წარმომადგენელს ზემოხსენებული ორი განჩინება სასამართლოს მიერ მოგვიანებით _ 2005 წლის 25 თებერვალს ჩაჰბარდა (ს.ფ. 107), მას შემდეგ, რაც თავად ლ. შ-ს უკვე ჰქონდა 2005 წლის 22 თებერვალს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადება, რომელიც სასამართლომ ვადის დარღვევით შეტანილ კერძო საჩივრად მიიჩნია (ს.ფ. 105).

მოცემული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი განსხვავებულად აწესრიგებს მხარისათვის გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების გადაცემას, ვიდრე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლი. სამოქალაქო საქმეთა განმხილველი სასამართლო ვალდებული არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მხარეებს გადასცეს, ამის ვალდებულება მხოლოდ მაშინ წარმოეშვება, თუ მხარე განცხადებით მოითხოვს გადაწყვეტილების ასლის გადაცემას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, მიუხედავად მხარის მოთხოვნისა, სასამართლო ვალდებულია, საკუთარი ინიციატივით გადასცეს მას სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი. ამასთან, გადაცემად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, ამ მისი მხარისათვის გადაგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, როცა მხარე ადმინისტრაციულ საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, ყველა დოკუმენტი უნდა გაეგზავნოს სწორედ წარმომადგენელს და არა მხარეს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც დოკუმენტი წარმომადგენელთან ერთად მხარესაც უნდა გაეგზავნოს. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს წარმომადგენლის ინსტიტუტს.

საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ლ. შ-ს წარმომადგენელს, რომელიც საქმეს მარწმუნებლის სახელით აწარმოებდა, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია არც სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესახებ და არც განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებები. სწორედ ამ მოტივით იყო განპირობებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ლ. შ-ს კერძო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა.

საკასაციო სასამართლო, ამასთან, ლ. შ-ს კერძო საჩივრის საფუძვლიანობის თაობაზე განმარტავს, რომ, ვინაიდან, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება ის ფაქტი, რომ ხარვეზის შესახებ 2004 წლის 7 დეკემბრის განჩინება არც აპელანტ ლ. შ-სა და არც მის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, არ ჩაჰბარებიათ (წარმომადგენელს არც კი გაჰგზავნია), ყოვლად უკანონო და დაუსაბუთებელია საოლქო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. შ-ს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 23 დეკემბრის განჩინება და მხარეს, კანონით დადგენილი წესითა და პირობებით, ხარვეზის შესახებ 2004 წლის 7 დეკემბრის განჩინების შინაარსის გათვალისწინებით, ხარვეზის შესავსებად ახალი ვადა უნდა მიეცეს, ვინადიან ხსენებული განჩინება ხარვეზის შესწორებას 2004 წლის 20 დეკემბრამდე ითვალისწნებდა, რომლის მოცემულ ეტაპზე შესრულება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლო კი, მხოლოდ ხარვეზის შესახებ განჩინებით მხარისათვის თავიდან დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგაა უფლებამოსილი, იმსჯელოს ლ. შ-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. შ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 23 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.