11 თებერვალი, 2021 წელი,
საქმე №ას-61-61-2018 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.ხ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისში, ....... მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით #...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება), 2016 წლის 27 ივლისიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე, სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებაა (საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
2. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ სადავო უძრავ ქონებას ს.ხ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი ან კასატორი) ფლობს, ამის გამო მოსარჩელე ვერ სარგებლობს თავისი ქონებით.
3. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით 2017 წლის 16 მარტს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული უძრავი ქონების გამოთავისუფლებისა და მისთვის გადაცემის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილი). ის ამტკიცებდა, რომ 2016 წლის 27 ივლისიდან სადავო ქონების მესაკუთრეა, თუმცა მოპასუხე მაინც განაგრძობს მისი ნივთის უკანონოდ ფლობას და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებს. მოპასუხე თავს იმით იცავდა, რომ სადავო ქონება აუქციონზე უკანონოდ გასხვისდა და, აქედან გამომდინარე, ნივთის ფლობის უფლება აქვს.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 27 აპრილს, 13:30 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რის გამოც მოსარჩელემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 230.1 მუხლი).
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.
5.1. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ-ის, 70-ე-78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, სასამართლო უწყება 2017 წლის 21 აპრილს ჩაჰბარდა მოსარჩელის მამას საქმეში მითითებულ მისამართზე, სხდომის თაობაზე მოპასუხე დამატებით პირადად იქნა ინფორმირებული 2017 წლის 25 აპრილსაც (იხ. ხელწერილი და აქტი, სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები, ს.ფ. 51;56)
5.2. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 230.1 მუხლზე და აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოპასუხე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, არსებობდა მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა, ამასთან, ისეთი ობიექტური გარემოება, რიმელიც საქმის განხილვის გადადების საფუძველი იქნებოდა, არ არსებობდა.
6. მოპასუხემ საჩივარი (იხ. ს.ფ. 79-80) წარადგინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მისი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით. საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო, ვინაიდან სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, 2017 წლის 27 აპრილს, 14:00 საათზე, უნდა გამოცხადებულიყო იმავე სასამართლოში ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე დანიშნულ სხდომაზე. აღნიშნულის შესახებ მან სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილს აცნობა და 2017 წლის 27 აპრილს, 13:30 საათზე დანიშნული სხდომის გადადების თაობაზე იშუამდგომლა. საქალაქო სასამართლომ კი, მაინც მიიჩნია, რომ მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა არ ყოფილა განპირობებული საპატიო მიზეზით;
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე მოპასუხის საჩივარი უარყოფილ იქნა. შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
8. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
9.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა არასაპატიო იყო.
10. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა 2017 წლის 27 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ 2017 წლის 20 ივნისის განჩინება, მათი გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, სახელდობრ:
10.1. კასატორის მტკიცებით, სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო საპატიო მიზეზით, რის თაობაზეც წინასწარ აცნობა სასამართლოს.
10.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ისე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომ არ დაადგინა სადავო ქონებაში მცხოვრები პირთა ოდენობა.
10.3. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით, სასამართლომ უგულებელყო მხარეთა შორის დავის მორიგებით შესაძლო დასრულების ფაქტი.
10.4. სადავო ბინა მისი ერთადერთი საცხოვრისია და სხვა თავშესაფარი არ გააჩნია.
10.5. გარდა ამისა, კასატორის მტკიცებით, არ მიეცა დაცვის მატერიალურსამართლებრივი შესაძლებლობა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რის გამოც სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.
14. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
15. კასატორის პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, ვინაიდან, სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
16. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ამ მსჯელობას შემდეგ გარემოებათა გამო:
16.1.სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
16.2. სსსკ-ის 241-ე მუხლი (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის) განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
16.3. სსსკ-ის 233.1 მუხლში (მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენები, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები) მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ნორმაში აღწერილ შემთხვევათაგან ერთ-ერთის არსებობისას, სასამართლო არაა უფლებამოსილი, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო, თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, იგი უნდა გაუქმდეს.
16.4. სსსკ-ის 215.3 მუხლი კი, ადგენს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
16.5. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვა 14:00 საათზე (იხ. ცნობა, ს.ფ. 69), ხოლო მოცემულ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა 13:30 საათზე იყო დანიშნული, ამდენად, თუ მოპასუხე სასამართლოში 13:30 საათზე გამოცხადდებოდა, იგი ორივე სხდომაზე შეძლებდა დასწრებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ იკვეთებოდა ისეთი გარემოების არსებობა, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროული გამოცხადებისათვის და ამ მიზეზით კასატორის/მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა ვერ მიიჩნევა საპატიოდ. ამდენად, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის 233-ე და 241-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას და არც მისი გაუქმების წინაპირობები იკვეთება.
17. საკასაციო სასამართლოს განსჯით, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, მოსარჩელის უფლება ნივთზე, დადასტურებულია საჯარო რეესტრის ამონაწერით. ამ განჩინების აღწერილობითი ნაწილის 1.1-1.2 პუნქტში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი ფაქტები იურიდიულად ამართლებს ვინდიკაციურ სარჩელს 172-ე მუხლის საფუძველზე, კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სსკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები), მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ამ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს და, შესაბამისად, ისინი დამტკიცებულად მიიჩნევა.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე გავლენას ვერ მოახდენს კასატორის მითითება, რომ სასამართლომ არ დაადგინა სადავო ქონებაში მცხოვრებ პირთა ვინაობა და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი დისპოზიციურობაა, რაც გულისხმობს ყოველი პირის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს, ვის მიმართ წარადგინოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის პრეტენზიის ადრესატი მხოლოდ ერთი ფიზიკური პირი – მოპასუხეა. ამ პირის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნები კი, სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია და დააკმაყოფილა ( შდრ. სუსგ 29.11.2017წ. საქმე №ას-1338-1258-2017).
19. კასატორის პრეტენზია ისიცაა, რომ სასამართლომ არ მისცა საშუალება, მხარეები დავის ფარგლებში მორიგებულიყვნენ. საკასაციო სასამართლო არც ამ პრეტენზიას არ იზიარებს და განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იხილავს მესაკუთრის ვინდიკაციურ სარჩელს, რომლის საკუთრებად რიცხულ უძრავ ქონებას, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფაქტობრივად ფლობს კასატორი, ხოლო მხარეთა მორიგების საკითხი, თავად მხარეთა თავისუფალი ნებიდან გამომდინარე დავის გადაწყვეტის შესაძლო გზაა, რის თაობაზეც სასამართლო ვერ იმსჯელებს, შესაბამისად, კასატორის ეს პრეტენზიაც უსაფუძვლოა. ამასთან, კასატორის მსჯელობაც, რომ სხვა საცხოვრისი არ გააჩნია, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევა (შდრ. სუსგ 21.12.2020წ. საქმე №ას-747 -2020).
20. რაც შეეხება კასატორის მითითებას დავის მატერიალურსამართლებრივ საფუძვლებზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმისადმი დაინტერესება, უპირველესად, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებით გამოიხატება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. სასამართლო საქმეს საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით იხილავს, რომელთა მოქმედება ვრცელდება, როგორც სასამართლოზე, ისე - მხარეებზე. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. განსახილველ შემთხვევაში, მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ მოპასუხემ თავად არ ისარგებლა სასამართლო განხილვის უფლებით, საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ მისი ეს უფლება არ შეზღუდულა.
21. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
22. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ხ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე