საქმე №ა-418-შ-8-2021
17 თებერვალი, 2021 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – დ.ფ-პ–ნი
განხილვის საგანი – ამერიკის შეერთებული შტატების ვირჯინიის შტატის ფერფაქსის ოლქის საოლქო სასამართლოს 2013 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ამერიკის შეერთებული შტატების ვირჯინიის შტატის ფერფაქსის ოლქის საოლქო სასამართლოს 2013 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა კ.ბ. პ–ნის მიერ დ.ფ–ის შვილად აყვანის ფაქტი; დ.ფ–ის სახელი და გვარი განისაზღვრა დ.ფ-პ–ნით.
დ.ფ-პ–ნის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული ბრძანებულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დ.ფ-პ–ნის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ვირჯინიის შტატის ფერფაქსის ოლქის საოლქო სასამართლოს 2013 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების (ბრძანებულების) შესწავლით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა კ.ბ. პ–ნის მიერ დ.ფ–ის შვილად აყვანის ფაქტი; დ.ფ–ის სახელი და გვარი განისაზღვრა დ.ფ-პ–ნით. საქმის მასალებით დასტურდება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტი.
შუამდგომლობას ერთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც შუამდგომლობის ავტორს დაევალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ცნობილი/აღიარებული სასამართლოს გადაწყვეტილების წარდგენა, საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ვირჯინიის შტატის ფერფაქსის ოლქის საოლქო სასამართლოს 2013 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დაადგინა:
1. დ.ფ-პ–ნის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების ვირჯინიის შტატის ფერფაქსის ოლქის საოლქო სასამართლოს 2013 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა კ.ბ. პ–ნის მიერ დ.ფ–ის შვილად აყვანის ფაქტი და დ.ფ–ის სახელი და გვარი განისაზღვრა დ.ფ-პ–ნ–ით.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე