Facebook Twitter

№ ას-312-2019 19 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – შპს „გ–ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ქ–ა (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა – განცხადების განუხილველად დატოვება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით ლ.ქ–ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ლ.ქ–ას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

2020 წლის 22 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „გ–ის“ წარმომადგენელმა გ.ფ–ამ და მოითხოვა საქმის განხილვისაგან მომხსენებელი მოსამართლის - პაატა ქათამაძის აცილება.

2021 წლის 25 იანვარს საქმე განსახილველად გადაეცა მოსამართლე ნინო ბაქაქურს.

2021 წლის 9 თებერვალს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „გ–ის“ წარმომადგენელმა გ.ფ–ამ და აღნიშნა, რომ მის მიერ 2020 წლის 22 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომლითაც ითხოვდა საქმეზე მომხსენებელი მოსამართლის - პაატა ქათამაძის აცილებას. განმცხადებელმა მიუთითა, რომ დღეისათვის არ არსებობს ზემოთაღნიშნული განცხადების განხილვის საჭიროება, ვინაიდან მოსამართლე პაატა ქათამაძეს უფლებამოსილების ვადის გასვლის საფუძვლით შეუწყდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე გ.ფ–ამ იშუამდგომლა მის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე მომხსენებელი მოსამართლის აცილების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ–ის“ წარმომადგენელის გ.ფ–ას განცხადება საქმეზე მომხსენებელი მოსამართლის - პაატა ქათამაძის აცილების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „გ–ის“ წარმომადგენელმა გ.ფ–ამ 2021 წლის 9 თებერვალს წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა მის მიერ საქმეზე მომხსენებელი მოსამართლის აცილების თაობაზე წარმოდგენილი განცხადების განუხილველად დატოვება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე სასამართლოში განცხადების შეტანა მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიღოს განცხადება წარმოებაში და განიხილოს იგი. ამდენად, შპს „გ–ის“ წარმომადგენლის გ.ფ–ას განცხადება საქმეზე მომხსენებელი მოსამართლის აცილების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, 284-ე-285-ე, 372-ე და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „გ–ის“ წარმომადგენლის გ.ფ–ას განცხადება საქმეზე მომხსენებელი მოსამართლის აცილების თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი