№ ას-1458-2018 14 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ნ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2016 წლის 21 სექტემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდგომში - „მოსაჩელე“, „შემსყიდველი“ „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და შპს „ს.ნ–ს“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან "მიმწოდებელი“) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N178 ხელშეკრულება. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის სისტემის მოწყობა ხელშეკრულების დანართი N1-ის, დანართი N2-ისა და თანმდევი ნახაზების მიხედვით. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 71 670,84 ლარით, დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ჩათვლით, განისაზღვრა 60 კალენდარული დღით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2016 წლის 30 დეკემბრამდე.
2. ხელშეკრულებით დადგინდა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი, რომლის თანახმად, ობიექტის მიღება უნდა მომხდარიყო მიღება-ჩაბარების აქტით, რომელთან ერთად შემსყიდველს წარედგინებოდა დასრულებული სამუშაოს აქტი (ფორმა N2), დადასტურებული შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ. ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის (საბოლოო) გაფორმებამდე მიმწოდებელს ევალებოდა საკუთარი ხარჯებით წარედგინა შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის შესაბამისობაზე ექსპერტიზის დასკვნა.
3. მოპასუხემ 2016 წლის 18 ნოემბერს N782/01-8 წერილით მიმართა მოსარჩელეს და აცნობა, რომ სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პერიოდში დაასრულა სამუშაოების წარმოება და სთხოვა საკითხის შესასწავლად შესაბამისი კომისიის შექმნა.
4. 2016 წლის 7 დეკემბრის N07/9170 წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ გამგებლის 2016 წლის 21 ოქტომბრის N2741 ბრძანებით შექმნილმა ინსპექტირების ჯგუფმა 6 დეკემბერს დაათვალიერა სამშენებლო ობიექტი და აღმოჩნდა, რომ ობიექტზე სამუშაოები არ იყო დასრულებული.
5. 2018 წლის 16 იანვარს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 21 სექტემბრის N178 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მისთვის 7754,78 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება.
6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მან კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულა სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 7 სოფელში, ხოლო მე-8 სოფელში (სოფელი წ–ი) ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვეული იყო მოსარჩელის არაკეთილსინდისიერი ქმედებით, კერძოდ, ტექნიკური დავალება არ შეიცავდა ამომწურავ ინფორმაციას სამშენებლო პოლიგონის თაობაზე და აღმოჩნდა, რომ სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რის შესახებაც არ არსებობდა შეთანხმება მესაკუთრესა და შემსყიდველს შორის. აღნიშნულის თაობაზე არც სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ტექნიკური დავალება შეიცავდა ინფორმაციას. მოპასუხისთვის ხელშეკრულების შესრულების ადგილის უფლებრივი ნაკლის შესახებ ცნობილი გახდა გარიგების გაფორმებისა და სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ. მიმწოდებელი სიტყვიერ მოლაპარაკებას აწარმოებდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამუშაოების წარმართვაზე. 2016 წლის 15 ოქტომბრის N770/02-8 წერილით მოსარჩელეს ეცნობა სამშენებლო პოლიგონის უფლებრივ ნაკლთან დაკავშირებით. შემსყიდველს დანარჩენ 7 სოფელში წარმოებული სამუშაოების დასრულების შესახებ ეცნობა 2016 წლის 18 ნოემბრის N782/01-8 წერილით, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში. მართალია, მოსარჩელემ 2016 წლის 7 დეკემბრის N07/9170 წერილით აცნობა მოპასუხეს, რომ ინსპექტირების ჯგუფმა შეამოწმა სამუშაოები და ისინი დაუსრულებელი იყო, თუმცა აღნიშნულ წერილში არ იყო მითითებული რა მოცულობისა და რა სამუშაოების დაუსრულებლობაზე იყო საუბარი.
7. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
11. სააპელაციო პალატის მითითებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად და ჯეროვნად არ შეუსრულებია, ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელსაც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია. სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტი იმის შესახებ, რომ მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე მიუთითა სამუშაოების ზამთარში წარმოების თაობაზე, სააპელაციო პალატის შეფასებით არ ადასტურებს არასრულყოფილ და არაჯეროვან შესრულებას, ვინაიდან, მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოება მოითხოვს წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
12. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის მიერ 2017 წლის 2 აგვისტოს წარდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული N178 ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით სამშენებლო სამუშაოების სრულყოფილად წარმოება შეუძლებელია. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ნახაზებს არ ახლავს არავითარი განმარტებითი ბარათი და გაანგარიშება; არ არის დახაზული საერთო სიტუაციური გეგმა; ორთოფოტოდან შეუძლებელია რაიმე სასარგებლო ინფორმაციის მიღება; არ არის გრძივი პროფილები, ფოტოგრაფიული გეგმები, სპეციფიკაციები და ა.შ.
13. სააპელაციო პალატის მითითებით, შპს „ს–ის“ 2017 წლის 3 ივლისის დასკვნის მიხედვით, ხაშურის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში ვიზუალური დათვალიერებით შესრულებული, ხილული სამუშაოები შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილ ნახაზებს, სამუშაოები შესრულებულია დამაკმაყოფილებლად და სოფლებს მიეწოდება წყალი. მოპასუხის მიერ წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 5 1007,82 ლარს დარიცხვის ჩათვლით, რაც 4 169,69 ლარით ნაკლებია ფორმა N2-ში მითითებულ 55 177,78 ლარზე. მათ შორის 10 170,34 ლარის ღირებულებაზე დარიცხვების ჩათვლით არ წარდგენილა ფარული სამუშაოების აქტები, თუმცა მათი შესრულება დადასტურებულია ხარჯთაღრიცხვით და ფორმა N2-ით, ხოლო რიგი სამუშაოების შესრულების გარეშე შემდგომი სამუშაოები ვერ განხორციელდებოდა, რაც ასევე გამოიხატება შემდგომ შესრულებული ხილული სამუშაოებით და/ან წარმოდგენილი ფოტო მასალით.
14. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ შეასრულა წყლის სისტემის მოწყობითი სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 7 სოფელში; ხოლო სოფ. წ–ში ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობა ინფორმაციის არქონამ, კერძოდ, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ტექნიკური დავალება არ შეიცავდა ამომწურავ ინფორმაციას სამშენებლო პოლიგონის თაობაზე, იმის შესახებ რომ სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე; ასეთი სამუშაოების ჩატარებაზე კი არ არსებობდა შესაბამისი შეთანხმება მესაკუთრესთან.
15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ 2016 წლის 21 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N178 ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. შესაბამისად, არ არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
17. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
17.1. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა გასაჩივრებული ურთიერთობის სამართლებრივ შინაარსზე, კერძოდ, ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია ნარდობის ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი არსებითი პირობა იყო სამუშაოს დროული და ხარისხიანი შესრულება. მოსარჩელე სწორედ არაჯეროვანი შესრულებისთვის ედავება მოპასუხეს, რაც უგულვებელყო სააპელაციო სასამართლომ;
17.2. სააპელაციო სასამართლო აპელირებს მხოლოდ შესრულებული სამუშაოს უხარისხობაზე და არაფერს ამბობს მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევაზე. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის 2016 წლის 7 დეკემბრის წერილზე, რომლითაც მოპასუხეს განემარტა, რომ მერიაში უნდა წარედგინა შესრულებული სამუშაოების ამსახველი, შესაბამისი აქტები, რაც გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის ხელშეკრულების დადებისას. შესაბამისად, აღნიშნული წერილი სასამართლომ არ უნდა გამოიყენოს შემსყიდველის წინააღმდეგ მტკიცებულებად, რადგან საქმეს თან ერთვის არაერთი გამაფრთხილებელი წერილი იმის შესახებ, რომ თუ არ დაიწყებოდა სამუშაოები, რომელსაც ითვალისწინებდა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება, გატარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. აღნიშნული წერილები წარმოადგენს სწორედ იმის მტკიცებულებას, რომ ობიექტზე სამუშაოები არ იყო დასრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში;
17.3. სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო სასამართლოში პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან და მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რომლებიც თან ერთვის საქმეს და ამტკიცებს, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას;
17.4. სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს მოპასუხის პრეტენზია, რომ ერთ სოფელში სასმელი წყლის მოწყობის სამუშაოების დაუსრულებლობით საფრთხე შეექმნა ხელშეკრულების შესრულებას მთლიანად. მოპასუხეს შეეძლო დაესრულებინა სხვა ობიექტზე სამუშაოები, მოეწესრიგებინა დოკუმენტაცია და წარედგინა შემსყიდველ ორგანიზაციაში იმ დაუსრულებელი ობიექტის გარეშე, რომელსაც მხარე სადავოდ ხდიდა;
17.5. სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად არ შეისწავლა, კერძოდ, საქმეზე თანდართული მასალებითა და მტკიცებულებებით ნათელია, რომ 2016 წლის 21 სექტემბერს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დადებული N178 ხელშეკრულების პირობა დაირღვა, მიმწოდებელმა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შემსყიდველ ორგანიზაციაში არ წარადგინა ამავე ხელშეკრულების მე-6 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ მან დაასრულა ან ეტაპობრივად დაასრულა სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისიწნებულ ვადებში. სხვა მტკიცებულებებთან ერთად, აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს მიმწოდებლის მიერ ვადების დარღვევით შედგენილი „ს–ა“-ს საექსპერტო დასკვნა, რომელსაც მოპასუხე მხარემ მიმართა 2017 წლის 09 ივნისს და რომელიც მოპასუხემ ჩაიბარა 2017 წლის 03 ივლისს მაშინ, როდესაც მას აღნიშნულის წარდგენა ევალებოდა ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში, ანუ 2016 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტობრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
23. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
25. აღნიშნული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, რასაც კანონმდებელი უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ ბედს.
26. ამასთან, მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეს, რომელმაც სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი [სსსკ მე-4 მუხლი] (იხ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 2013 წლის 11 ნოემბერი).
27. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ, აღძრან თუ არა დავა სასამართლოში, როგორ წარმართონ ან როგორ დაასრულონ იგი. მათ ასევე შეუძლიათ, თავად გადაწყვიტონ საქმის რომელი ფაქტობრივი გარემოებები მოახსენონ და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს. მხარეთა მიერ წარდგენილი მოთხოვნებისა და მოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება კი მხოლოდ მოსამართლის პრეროგატივაა (იხ. სუსგ №ა941-979-2011, 1 ნოემბერი, 2011 წელი; სუსგ №ა877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი).
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ დავაში იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა - შესყიდვის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრება - მას უნდა ემტკიცებინა ყველა იმ გარემოების (დარღვევის) არსებობა, რომელმაც მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა განაპირობა. მოსარჩელეს შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით უნდა განესაზღვრა კონკრეტული დარღვევის შინაარსი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოსარჩელის მხოლოდ მითითება მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევაზე არ იძლევა პირგასამტეხლოს მხარისათვის დაკისრების საფუძველს.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
30. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა სრულად შეესაბამება წინამდებარე განჩინებაში მოყვანილ განმარტებებს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
32. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე