საქმე №ა-3699-შ-86-2020 9 მარტი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – სახელმწიფო საწარმო „კ.ა. ქ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ.ჯ–ა“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის №924/376/19 გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის №924/376/19 გადაწყვეტილებით შპს „ქ.ჯ–ას“ სახელმწიფო საწარმო „კ.ა. ქ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 71 064,92 ევროსა და სასამართლო ხარჯების 32 203 გრივნისა და 82 კაპიკის გადახდა.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2020 წლის 1 ოქტომბრის №13197 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა სახელმწიფო საწარმო „კ.ა. ქ–ის“ შუამდგომლობა უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის №924/376/19 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, რომლითაც შპს „ქ.ჯ–ას“ დაეკისრა თანხის გადახდა.
3. შუამდგომლობაზე თანდართული უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს მოსამართლის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2020 წლის 7 აგვისტოს და ექვემდებარება აღსრულებას.
4. უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს მოსამართლის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ამავე სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
5. უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოპასუხე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, თუმცა არ გამოუთქვამს სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის სურვილი.
6. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შპს „ქ.ჯ–ა“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტირებულ იურიდიულ პირს (ს/ნ ....; სარეგისტრაციო მისამართი - საქართველო, ქ. თბილისი, ისნის რაიონი, ..... №7/5)(აღნიშნული ასევე დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით (https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMDRL3SCmlg[rFgTOZgfK[fZidbYj1jcqJVThVDAd3x7 )).
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით სახელმწიფო საწარმო „კ.ა. ქ–ის“ შუამდგომლობა უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის №924/376/19 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინების ასლი და სახელმწიფო საწარმო „კ.ა. ქ–ის“ შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს შპს „ქ.ჯ–ას“ გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ..... მიუხედავად ამისა, ადრესატისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. სასამართლოში დაბრუნებულ აქტებზე ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია, რომ შპს „ქ.ჯ–ა“ აღნიშნულ მისამართზე არ მდებარეობს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებით შპს „ქ.ჯ–ას“ ამავე პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების – საჯაროდ გამოქვეყნების მეშვეობით. მასვე განემარტა უფლება, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში წარმოედგინა წერილობითი პასუხი.
10. საქმის მასალებში მოთავსებული აქტიდან ირკვევა, რომ საჯარო შეტყობინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსდა 2021 წლის 10 თებერვალს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო შეტყობინების გავრცელებიდან მე-7 დღეს სასამართლოს განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება.
11. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო საწარმო „კ.ა. ქ–ის“ შუამდგომლობა უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის №924/376/19 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტი თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებულია ხელშეკრულება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ (ძალაშია 1996 წლის 06 დეკემბრიდან), ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას საკასაციო პალატა დაეყრდნობა როგორც აღნიშნულ ხელშეკრულებას, აგრეთვე „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომში - „მინსკის კონვენცია“) მოწესრიგებას.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების მეორე განყოფილება, მე-40-45-ე მუხლები აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეთა შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების საკითხს. აღნიშნული ხელშეკრულების 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილებათა აღსრულების ნებართვაზე შუამდგომლობათა განხილვა შედის ხელშეკრულების მონაწილე მხარის სასამართლოთა კომპეტენციაში, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება, ხოლო 42-ე მუხლის თანახმად კი, აღსრულების წესი რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს აღსრულება.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს მინსკის კონვენციის მე-3 თავზე, რომელიც აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
18. მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების თაობაზე.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის №924/376/19 გადაწყვეტილებით შპს „ქ.ჯ–ას“ სახელმწიფო საწარმო „კ.ა. ქ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 71 064,92 ევროსა და სასამართლო ხარჯების 32 203 გრივნისა და 82 კაპიკის გადახდა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2020 წლის 7 აგვისტოს და იგი უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. მოპასუხე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, თუმცა არ გამოუთქვამს სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის სურვილი. შპს „ქ.ჯ–ა“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტირებულ იურიდიულ პირს (ს/ნ....; https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMDRL3SCmlg[rFgTOZgfK[fZidbYj1jcqJVThVDAd3x7) და მისი სარეგისტრაციო მისამართია - ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, .....
21. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს შეუძლიათ განიხილონ საქმეები სხვა შემთხვევებშიც, თუ არსებობს მხარეთა წერილობითი შეთანხმება სასამართლოებისთვის დავის გადაცემის შესახებ. ამასთან, განსაკუთრებული კომპეტენცია, რომელიც გამომდინარეობს მე-20 მუხლის მე-3 პუნქტიდან და მეორე კარის II-V ნაწილებით დადგენილი ნორმებიდან, აგრეთვე შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის შიდა კანონმდებლობიდან, არ შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით. იგივეს ითვალისწინებს საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ, 2016 წლის 5 აპრილის ხელშეკრულებაზე, რომლის 10.1 და 10.2 პუნქტებიდან ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ დავის წარმოშობის შემთხვევაში უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს განსჯადობაზე, ასევე უკრაინის კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მოსაზრება აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულებითა და მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია, როგორც ხელშეკრულებით, ისე კონვენციით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ. შესაბამისად, უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის №924/376/19 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ქ.ჯ–ას“ სახელმწიფო საწარმო „კ.ა. ქ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 71 064,92 ევროსა და სასამართლო ხარჯების 32 203 გრივნისა და 82 კაპიკის გადახდა, საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 21-ე, 53-ე-55-ე მუხლებით, საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების 21-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სახელმწიფო საწარმო „კ.ა. ქ–ის“ შუამდგომლობა უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის №924/376/19 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის №924/376/19 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ქ.ჯ–ას“ სახელმწიფო საწარმო „კ.ა. ქ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 71 064,92 ევროსა და სასამართლო ხარჯების 32 203 გრივნისა და 82 კაპიკის გადახდა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი