საქმე №ას-495-495-2018 10 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი – ლ.ლ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
II კასატორი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ლ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, დისციპლინური ღონისძიების სახით დაკავებული თანხის დაკისრება, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის, კომპენსაციისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ.ლ–ი (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „პირველი კასატორი“) 2007 წლიდან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან „მეორე კასატორი“).
2. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე მოსარჩელე დასაქმებული იყო სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
3. მხარეებს შორის 2008 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე შრომით საქმიანობას ახორციელებდა ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის თანამდებობაზე, თავდაპირველად განსაზღვრული ვადებით, ხოლო 2012 წლის 19 ოქტომბრიდან მოპასუხის მიერ გამოცემული №04-962/კ ბრძანებით - უვადოდ.
4. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება გათავისუფლების მომენტში შეადგენდა ყოველთვიურ ხელფასს 1400 ლარს, ამასთან, შინაგანაწესით განისაზღვრებოდა ხელფასზე დანამატის, პრემიების ან სხვა სახის ფულადი ანაზღაურების პირობები.
5. ზოგიერთ თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური სასჯელის გამოყენების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 26 მარტის №04-8/დ ბრძანების მე-3 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ძველი თბილისის მომსახურების ცენტრის უფროსს, მოსარჩელეს გამოეცხადა შენიშვნა და ერთი თვის შრომის ანაზღაურებიდან დაუკავდა 10%.
6. სადავო ბრძანებას საფუძვლად დაედო შემდეგი ფაქტები:
6.1. 2014 წლის 10 ივლისს სსიპ მომსახურების სააგენტოს სოციალური აგენტის მიერ განხორციელდა მოქალაქე კ. თ–ძის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, რის შედეგადაც, სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 59 150-ით, რაც არ ითვალისწინებდა ფულადი საარსებო შემწეობის მიღებას;
6.2. 2014 წლის 18 სექტემბერს, სააგენტოს წარედგინა კ. თ–ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც დიაგნოზის შესაბამის გრაფაში დაფიქსირდა დაავადება - პარანოიდული შიზოფრენია; შესაბამისად, შევსებული იქნა განცხადება მონაცემთა კორექტირების შესახებ, რის საფუძველზეც, სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის, მოსარჩელის 19.09.2014წ. №87/ო ბრძანებით განხორციელდა ოჯახის დეკლარაციის B3 ბლოკის მე-7 პუნქტის კორექტირება - „სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ ამბულატორიულ მკურნალობას". კორექტირების შედეგად, გადათვლილმა ოჯახის სარეიტინგო ქულამ შეადგინა 25 550. საკითხის შესწავლის შემდგომ, დადგინდა, რომ დაფიქსირებული დიაგნოზის მიხედვით მონაცემების კორექტირება ნაცვლად B3 ბლოკის მე-7 პუნქტისა, უნდა განხორციელებულიყო B3 ბლოკის მე-3 პუნქტში - ფსიქიკურად დაავადებული;
6.3. ძველი თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი სპეციალისტისა და სოციალური აგენტის ახსნა-განმარტებების თანახმად, დგინდება, რომ ოჯახის დეკლარაციის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა;
6.4. 2014 წლის 23 ოქტომბერს, სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის, მოსარჩელის №101/ო ბრძანებით, შესწორება შევიდა ამავე ცენტრის №87/ო ბრძანებაში;
6.5. მოსარჩელემ როგორც ცენტრის უფროსმა, 2014 წლის 28 ოქტომბერს N04-02/5121 წერილით აცნობა სააგენტოს დირექტორს, რათა ტექნიკურად შესაძლებელი გამხდარიყო შესწორების შეტანა ოჯახის მონაცემებში;
6.6. მოსარჩელემ, სააგენტოს ხელმძღვანელობის 2014 წლის 31 ოქტომბრის #04/88423 წერილით მიიღო თანხმობა აღნიშნული შესწორების შეტანის შესახებ და გამოცემული 23.10.2014წ. N101/ო ბრძანების შესაბამისად შეიტანა შესწორება;
6.7. ცენტრის 2014 წლის 23 ოქტომბერის N101/ო ბრძანებით, 2014 წლის 19 სექტემბრის N87/ო ბრძანებაში შეტანილი შესწორების შემდგომ ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 59 150;
6.8. სააგენტოს 2014 წლის 1 დეკემბერს N04/96141 წერილით მოსარჩელეს დაევალა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება. 2014 წლის 12 დეკემბერს განმეორებითი შეფასების შედეგად ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვარა 62 000;
6.9. „სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 11.05.2012წ. №04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ 2015 წლის 27 იანვრის სხდომაზე განხილული იქნა მოქალაქე კ. თ–ძის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების შესწავლის შედეგების შესახებ სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, რომლის მიხედვით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ფორმირების წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის იმ მონაცემების კორექტირება, რომელთა შეცვლაც იწვევს სარეიტინგო ქულის ცვლილებას, შესაძლებელია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებიდან მომდევნო სამი თვის განმავლობაში. 2014 წლის 19 სექტემბერს მოქალაქე კ. თ–ძის ოჯახის მონაცემებში განხორციელებული კორექტირების სამართლებრივი შედეგები ამოქმედდა 2014 წლის 3 ოქტომბრიდან (სარეიტინგო ქულამ შეადგინა 25 550) და ძალაში შევიდა ამ აქტის მიღების დღის მე-15 კალენდარულ დღეს. შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება თუ შესწორება იმ აქტში, რომელიც გავლენას იქონიებდა ზემოაღნიშნულ სამართლებრივ შედეგებზე, უნდა გაფორმებულიყო როგორც ახალი გადაწყვეტილება, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 სექტემბრის №04-289/ო ბრძანებით დაიწყო ორგანიზაციული ცვლილებების პროცესი დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების პირობით, სააგენტოს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში (ორგანოებში): ისანი-სამგორის, გლდანი- ნაძალადევის, ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრებში.
8. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 04 დეკემბრის №04- 443/ო ბრძანებით, განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები, რომლის საფუძველზეც გაუქმდა სააგენტოს სოციალური მომსახურების ხუთივე ტერიტორიული ერთეული და შეიქმნა სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი წარმოადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გაუქმებული ტერიტორიული ერთეულების სამართალმემკვიდრეს.
9. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 4 დეკემბრის №04-880/კ ბრძანებით 2015 წლის 7 დეკემბრიდან შეწყდა შრომის ხელშეკრულებები სააგენტოს სოციალური მომსახურების ცენტრების უფროსებთან და მათ მოადგილეებთან, მათ შორის მოსარჩელესთან.
10. ბრძანების საფუძველზე, გათავისუფლებულ თანამშრომელთა მიმართ გაიცა კომპენსაცია ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
11.
12. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრების საშტატო ნუსხის თანახმად, 2015 წლის 1 ნოემბრიდან ხუთივე ტერიტორიულ ცენტრში გათვალისწინებულია 284 საშტატო ერთეული, მათ შორის, საშტატო ნუსხა ითვალისწინებს ტერიტორიული ცენტრის უფროსის 5 შტატს (ისანი-სამგორის, გლდანი- ნაძალადევის, ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის უფროსის თანამდებობა), რომელთა შრომის ანაზღაურება განსაზღვრულია 1400 ლარით.
13. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის საშტატო ნუსხით, რაც დამტკიცდა 04.12.2015წ. №04-442/ო ბრძანებით, 2015 წლის 7 დეკემბრიდან გათვალისწინებულია იმავე რაოდენობის - 284 საშტატო ერთეული, მათ შორის, ცენტრის უფროსის 1, ხოლო ცენტრის უფროსის მოადგილის 5 საშტატო ერთეული, უფროსის მოადგილის შტატის რაოდენობა უტოლდება რეორგანიზაციამდე არსებული ტერიტორული ცენტრების უფროსის შტატების რაოდენობას. ცენტრის უფროსის თანამდებობრივ სარგოდ 1600 ლარი, ხოლო მოადგილეთა შრომის ანაზღაურებად 1200 ლარი განისაზღვრა.
14. რეორგანიზაციამდე არსებული ტერიტორიული ცენტრების უფროსების ფუნქციები გადანაწილდა ერთიანი საქალაქო ცენტრის უფროსსა და მის მოადგილეებზე, კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 04.12.2015წ. ბრძანებით დამტკიცებული ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დებულების მე-6 მუხლის თანახმად, ცენტრის ხელმძღვანელობა შედგება ცენტრის უფროსისა და მისი მოადგილეებისაგან, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.
15. 2015 წლის 6 მაისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა: დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა; დისციპლინური ღონისძიების სახით დაკავებული თანხის დაკისრება; თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა; სამსახურში აღდგენა; იძულებითი განაცდურის, კომპენსაციისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება.
16. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 04.12.2015წ. #04-880/კ ბრძანების I პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება ხელფასის 1400 (დარიცხული) ლარის გათვალისწინებით, 10 თვის განმავლობაში მისაღები ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება 1400 (დარიცხული) ლარის ოდენობით; სარჩელი დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარების ხარჯის ანაზღაურება 616 ლარის ოდენობით, ასევე, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაფორმებისათვის გაწეული ხარჯის 13,8 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
18. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 ქვეპუნქტი; მე-2 და მე-4 პუნქტები), ასევე მოპასუხისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი) და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მოსარჩელე აღდგენილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 7 იანვრიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე თვეში 1 200 ლარის (დაუბეგრავი) ოდენობით; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 26 მარტის #04-8/დ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დისციპლინური ღონისძიების სახით დაკავებული თანხის - ერთი თვის შრომის ანაზღაურების 10%-ის - 140.00 ლარის (დაუბეგრავი) ანაზღაურება; გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა იძულებით განაცდურის სამი თვის ხელფასის 3 600 ლარის (დაუბეგრავი) ანაზღაურების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
20. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსის თანამდებობა არ წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის - ტერიტორიული ცენტრის უფროსის ტოლფას თანამდებობას. დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შედეგად თბილისში გაუქმდა ცალ-ცალკე არსებული მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები - 5 დამოუკიდებელი ცენტრი (ერთეული) და შეიქმნა სააგენტოს ერთიანი ტერიტორული ორგანო თბილისის მომსახურების საქალაქო ცენტრის სახით, შეიქმნა ცენტრის უფროსის თანამდებობა, რომლის ფუნქციად, ცენტრში შემავალი ხუთივე ტერიტორიული სერვის-ცენტრის, მათ შორის, მის დაქვემდებარებაში შექმნილი 5 მოადგილის ხელმძღვანელობა განისაზღვრა, განსხვავებით ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობისაგან, რომელიც დებულების 6.5 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ადმინისტრირებას დაქვემდებარებულ ცალკეული სერვისების განხორციელებას ან/და ფუნქციების შესრულებას, ასევე, ცენტრის თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინირება/ზედამხედველობასა და სხვა მოვალეობების შესრულებას ახორციელებს ქ.თბილისის კონკრეტული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრის ფარგლებში.
21. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული გარემოების, ასევე სოციალური მომსახურების ცენტრისა და რაიონული (საქალაქო) განყოფილების ტიპიური დებულების ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დებულებასთან შედარების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი საქალაქო ერთიანი ცენტრის უფროსის მოადგილეების თანამდებობა ფუნქციურად მსგავსია რეორგანიზაციამდე არსებული ტერიტორიული ცენტრების უფროსების სამსახურებრივი მოვალეობებისა.
22. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მოპასუხის 2015 წლის 30 სექტემბრის №04-289/ო ბრძანებით განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად არ შემცირებულა საშტატო ერთეულები.
23. სააპელაციო პალატის შეფასებით, სრულიად დასაბუთებულია სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი საქალაქო ერთიანი ცენტრის უფროსის მოადგილეების თანამდებობა ფუნქციურად მსგავსია რეორგანიზაციამდე არსებული ტერიტორიული ცენტრების უფროსების სამსახურებრივი მოვალეობებისა. შესაბამისად, რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობა ტოლფასია იმ თანამდებობის, რომელსაც მოსარჩელე იკავებდა გათავისუფლებამდე.
24. სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში შეესაბამება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენასი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუსგ №ას-194-185-2016, 29 ივლისი, 2016წ).
25. სააპელაციო პალატის განმარტებით, შრომით დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურების გათვალისწინებით მოპასუხეს (დამსაქმებელს) უნდა დაედასტურებინა მოსარჩელის (დასაქმებულის) სამსახურიდან გათავისუფლების ის საფუძველი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, კერძოდ ის, რომ სააგენტოში განხორციელებულმა ორგანიზაციულმა ცვლილებებმა გამოიწვია სამუშაო ძალის შემცირება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს ამ ნაწილში არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება.
26. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები, მისი შინაარსისა და შედეგის გათვალისწინებით, არ ადასტურებდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის აუცილებლობას და თუნდაც, უფრო დაბალი ანაზღაურებით, ახლად შექმნილ ცენტრის უფროსის მოადგილის პოზიციაზე მოსარჩელის დასაქმების შეუძლებლობას. საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რაც აღნიშნულ თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების ცვლილებასა და დაწესებულ მოთხოვნებთან მოსარჩელის კვალიფიკაციის არასაკმარისობას დაადასტურებდა.
27. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქმეში არსებობდა ყველა ფაქტობრივი წინაპირობა სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისთვის. მოსარჩელემ კუთვნილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში არა მხოლოდ მიუთითა, არამედ წარადგინა კიდეც მტკიცებულებები ტოლფასი ფუნქციური დატვირთვის თანამდებობის არსებობის შესახებ, რის შედეგადაც გამოიკვეთა ტოლფას თანამდებობაზე (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობა) მოსარჩელის აღდგენაზე მსჯელობის წინაპირობა.
28. სააპელაციო პალატის შეფასებით დასკვნა იმის შესახებ, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსის მოადგილის ხუთივე საშტატო ერთეულზე დანიშნული არიან სხვა პირები, არ გამომდინარეობს საქმეში მოპასუხის (დამსაქმებლის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა ინფორმაცია ცენტრის უფროსის მოადგილის ორ საშტატო ერთეულზე. ასეთ ვითარებაში მოსარჩელის სასარგებლოდ დაშვებულ იქნა პრეზუმფცია, რომ ცენტრის უფროსის მოადგილის დარჩენილი 3 საშტატო ერთეული ვაკანტურია.
29. სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა არაკანონიერად, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თავდაპირველი თანამდებობის ტოლფას თანამდებობას წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობა, რომლის 3 საშტატო ერთეული ვაკანტურია, მოსარჩელის მოთხოვნა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე კანონიერია.
30. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისთვის განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებისას საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაზე (იხ. სუსგ №ას-951-901-2015, 29 იანვარი, 2016წ) მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელეს დამსაქმებლისგან კომპენსაციის სახით მიღებული აქვს ერთი თვის შრომის ანაზღაურება, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 04.12.2015წ. ბრძანების ბათილად ცნობისა და ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის კვალობაზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 07 იანვრიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე თვეში 1 200.00 ლარის (დაუბეგრავი) ოდენობით.
31. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ დასტურდება მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულებით და/ან შინაგანაწესით განსაზღვრული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. შესაბამისად, სადავო ბრძანებაში მითითებული საფუძვლით მოსარჩელისთვის დისციპლინური სახდელის დადება ეწინააღმდეგება კანონს, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 26 მარტის #04-8/დ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობის საფუძველია, თანმდევი შედეგით (ერთი თვის ხელფასის 10%-ის ანაზღაურება).
32. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების, სამსახურის სპეციფიკურობისა და მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის გათვალისწინებით სსსკ-ის 268-ე პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე საფუძველზე დასაბუთებულად მიიჩნია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა სამი თვის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში.
33. სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია მოპასუხის სააპელაციო პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც სარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 462 ლარის გადახდა. პალატის მოსაზრებით, ამ ნაწილში გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით საქალაქო სასამართლოს არ გააჩნდა კანონისმიერი წინაპირობა მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის დასაკისრებლად.
34. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომელიც შეეხება 2005-2014 წლებში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას. სასამართლოს შეფასებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად იქნა გამოყენებული და განმარტებული, როგორც საერთაშორისო, ისე, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა ყოველწლიურ ანაზღაურებად შევებულებებთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც მოთხოვნა დაკმაყოფილდა მხოლოდ 2015 წლის გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურების ნაწილში.
35. რაც შეეხება მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ, სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და 53-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობის ამ ნორმებით განსაზღვრული შედეგის დადგომისთვის აუცილებელია შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა. სასამართლოს განმარტებით მოსარჩელეს არ წარუდგენია საპროცესო ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა არარსებობის პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, მართებულია (იხ. სუსგ №-ას 358-343-2016, 3 ივნისი, 2016 წელი).
36. 2017 წლის 26 სექტემბრის წინმსწრებ საოქმო განჩინებასთან მიმართებით, რომლითაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2017 წლის 24 ოქტომბერს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განჩინება გამოტანილ იქნა სსსკ-ის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და იგი არსებითად სწორია.
37. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემაც, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
38. პირველმა კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
39.1. საკასაციო პრეტენზია შეეხება სააპელაციო პალატის 2018 წლის 14 თებერვლის შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე ორივე ინსტანციაში სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილს. გადაწყვეტილებაში არ არის ნამსჯელი მოსარჩელის წარმომადგენლობის გამო ადვოკატის დახმარებისთვის მოთხოვნილი ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე;
39.2. სააპელაციო პალატამ საერთოდ არ იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადვოკატის დახმარებისთვის განკუთვნილი ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის დარჩენილ ნაწილზე; კერძოდ, რატომ მიიჩნია საკმარის ოდენობად მოპასუხისთვის მხოლოდ 616 ლარის დაკისრება;
39.3. გარდა ადვოკატის ხარჯისა, ორივე ინსტანციაში მოთხოვნილი იყო სასამართლოსგარეშე სხვა ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრება (ტრანსპორტი, ასლები, მტკიცებულებათა მოძიებისთვის, საფოსტო და სხვა ხარჯები) რაც დაუსაბუთებლად უარყო პირველმა ინსტანციამ, ხოლო სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ განიხილა აღნიშნული პრეტენზია;
39.4. კასატორი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს 2005-2014 წლების ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვეუბულების ნატურით ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილშიც; მისი მითითებით სასამართლოს არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები თუ რატომ გაიზიარა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ამ ნაწილში;
39.5. კასატორი მოითხოვს გაუქმდეს სააპელაციო პალატის 2018 წლის 31 იანვრის საოქმო განჩინება, რომლითაც საქმეზე მოსმენის დასრულების შემდგომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლო სხდომა გადაიდო სხვა დროისთვის; კასატორის მითითებით ასეთ შემთხვევაში სასამართლო სარწმუნოდ უნდა ასაბუთებდეს, რატომ იყო იმავე სასამართლო სხდომაზე ან იმავე დღეს სათათბირო ოთახში გასვლით შეუძლებელი საქმეზე გადაწყვეტილების მიღება.
39. მეორე კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
40.1. უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელე იყო სააგენტოს ძველი-თბილისის ცენტრის უფროსი. რეორგნიზაციის შემდგომ აღნიშნული თანამდებობა გაუქმდა, ამასთანავე არ განსაზღვრულა იდენტური საშტატო ერთეული, შესაბამისად, მხარესთან ხელშეკრულების შეწყვეტა იყო ობიექტურად გამართლებული;
40.2. როდესაც სასამართლო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფარგლებში აღადგენს გათავისუფლებულ თანამშრომელს, უნდა დაინტერესდეს რამდენად შესაძლებელია და სურს თუ არა დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობის აღდგენა, რაც მისი უშუალო დისკრეცია და უფლებამოსილებაა;
40.3. შრომითი ხელშეკრულება შეწყდა მართლზომიერად, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, სშკ-ის 37-ე მუხლის „ა“ და „ო“ ქვეპუნქტების საფუძველზე;
40.4. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობა ტოლფასია იმ თანამდებობის, რომელსაც მოსარჩელე იკავებდა გათავისუფლებამდე. სამართლებრივი ნონსენსია ვიწრო სპეციალიზაციის თანამშრომელი გაუთანაბრო ტერიტორიული ხელმძღვანელის პოზიციას და ჩათვალო ტოლფას თანამდებობად, რადგან უკიდურესად განსხვავებულია მათი სამსახურებრივი დატვირთვა;
40.5. ვინაიდან მოსარჩელის აღდგენა სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე არ წარმოადგენს ტოლფას სამუშაოზე აღდგენას, დაუსაბუთებელია განაცდურის და სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილება; ასევე არსებული კანონმდებლობის ფარგლებში კანონსაწინააღმდეგოდ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, თუნდაც სააგენტოს ადმინისტრაციის თანხმობით ცვლილების შეტანა არ ნიშნავს უკანონო აქტის გამოცემის გამო პასუხისმგებლობის მოხსნას.
40. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
41. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, მოსარჩელე აღდგენილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
42. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ისინი დაუშვებელია.
43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
44. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
45. განსახილველ შემთხვევაში პირველი კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საადვოკატო და სასამართლოსგარეშე სხვა ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და მის გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ზემოაღნიშნული ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ აპელანტის მოთხოვნაზე სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა თავის გადაწყვეტილებაში.
46. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას ზემოაღნიშნული მოტივით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
47. საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება (ან მხარეთა შორის განაწილება) სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამრიგად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ინიციატივა შეიძლება მომდინარეობდეს როგორც სასამართლოს, ასევე მხარისაგან. ამასთან, კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
48. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7 - დღიანი ვადის დენის დაწყებას კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას (იხ. სუსგ №ას-225-217-2012, 25 ივნისი, 2012 წელი), რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის (სასამართლოსათვის) ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
49. კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი (იხ. სუსგ №ას-795-754-2013, 29 ნოემბერი, 2013 წელი).
50. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ საადვოკატო მომსახურების ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრება მოითხოვა სარჩელით საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას. აღნიშნული მოთხოვნა მან ასევე დააყენა სააპელაციო საჩივარშიც, თუმცა სააპელაციო სასამართლოს თავის საბოლოო გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია.
51. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას), თუ მოსარჩელეს (აპელანტს) მიაჩნდა, რომ მის რომელიმე მოთხოვნაზე სასამართლომ არ იმსჯელა, მას შეეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, მოეთხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორს ამ უფლებით არ უსარგებლია. შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მისი პრეტენზია საადვოკატო და სასამართლოსგარეშე სხვა ხარჯების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ (იხ. სუსგ №920-870-2015, 9 ივნისი, 2016 წელი).
52. საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე, 24 სამუშაო დღით. ამავე კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს.
53. საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“–„თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.
54. „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით (საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 22 თებერვლის დადგენილებით) პირი, რომელიც გათავისუფლებულია მეწარმის მიზეზით, მაგრამ ვიდრე იგი გამოიყენებდა კუთვნილ შვებულებას, შვებულების ყოველი დღისათვის ამ კონვენციის შესაბამისად იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ჯილდოს. მე-3 მუხლის თანახმად კი, ყოველი პირი, რომელიც შვებულებაში გადის ამ კონვენციის მე–2 მუხლის შესაბამისად, შვებულების მთელი პერიოდისათვის იღებს: ა) ან ეროვნული კანონებითა და წესებით განსაზღვრული ხერხით გამოთვლილ თავის ჩვეულებრივ ჯილდოს, ნატურის სახით, ჯილდოს შესაბამისი ფულადი ექვივალენტის დამატებით, თუკი ასეთი არის; ბ) ან ჯილდოს, რომელიც განსაზღვრულია კოლექტიური შეთანხმებით. მე-5 მუხლის თანახმად, ეროვნული კანონები ან წესები შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ პირს, რომელიც დასაქმებული იქნება ანაზღაურებად სამუშაოზე ამ კონვენციის თანახმად მისი კუთვნილი ერთწლიანი შვებულების განმავლობაში, შეიძლება არ მიეცეს ანაზღაურება შვეულების პერიოდის განმავლობაში.
55. საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე და 22-ე მუხლებით დადგენილია არამარტო შვებულების ხანგრძლივობის ფარგლები, არამედ დასაქმებულს ენიჭება უფლება ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით. აღნიშნული უფლების რეალიზებისათვის აუცილებელია დასაქმებულის ნების მიღებასავალდებულო გამოხატვა.
56. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის დასვენების დროს ანუ, იმ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს ფულადი კომპენსაციით. დანაწესის მიზანია დასაქმებულის დასვენების უფლების დაცვა იმგვარად, რომ ფულადი კომპენსაციით ჩანაცვლებით არ მოხდეს საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნის უგულებელყოფა.
57. „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად გადამწყვეტია, რომ პირი იყოს გათავისუფლებული მეწარმის მიერ, არ ჰქონდეს გამოყენებული კუთვნილი შვებულება და ეროვნული კანონები ითვალისწინებდეს შესაბამისი ანაზღაურების გამოყენების საშუალებას. ამდენად, თუ არსებობს ზემოაღნიშნული სამი გარემოება, რომელსაც ადგენს კონვენციის მე-6, მე-3 და მე-5 მუხლები, დასაქმებულს წარმოეშობა უფლება, მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება.
58. საქართველოს შრომის კოდექსის 25-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.
59. ზემოაღნიშნული კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილი „ანიჭებს დასაქმებულს უფლებას, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით. აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია დასაქმებულის ნება, რომელიც უნდა მიუვიდეს დამსაქმებელს“ (იხ. სუსგ №ას-557-532-2016, 30 იანვარი, 2017წ).
60. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ წინა წლების (2005-2014 წლები) შვებულების უფლება, რომელიც არ იქნა რეალიზებული მომდევნო ორი წლის განმავლობაში, გაქარწყლდა და შესაბამისად, მისი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება საფუძველს მოკლებული იყო.
61. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით-სამართლებრივ დავასთან დაკავშირებულ არა ერთ საქმეში განმარტა, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს (იხ. სუსგ №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-122-114-2015, 23 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი).
62. განსახილველ შემთხვევაში დავის საგნისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარე წარმოადგენს სააგენტოს, რომელსაც გააჩნია დოკუმენტაცია, დამსაქმებელს ეკისრება მის ორგანიზაციაში დასაქმებული პირის გათავისუფლების საფუძვლის მართლზომიერების მტკიცების და, შესაბამისად, ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულების წარდგენის ტვირთი.
63. მოპასუხეს სასამართლოსათვის არ შემოუთავაზებია კონკრეტული დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, სააგენტოში დაწყებული რეორგანიზაცია თავისი შინაარსის გათვალისწინებით, რატომ აძლევდა დამსაქმებელს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის მოშლის უფლებამოსილებას.
64. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეორგანიზაცია იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ რეორგანიზაცია თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულის სამსახურიდან გაშვების ერთ-ერთ კანონისმიერ საფუძვლად რეორგანიზაციამდე დასაქმებული კადრის არასაკმარისი კვალიფიკაცია შეიძლება იქნეს მიჩნეული. კერძოდ ის, რომ განახლებული ფუნქციების შედეგად იგი ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს და დაკავებული თანამდებობისთვის შეუფერებელია. დამსაქმებლის მტკიცების ტვირთს განეკუთვნებოდა, შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედი მტკიცების სპეციალური წესის გათვალისწინებით დასაქმებულის გათავისუფლების მართლზომიერების დადასტურება, რაც სარწმუნოდ და დამაჯერებლად ვერ დასძლია მეორე კასატორმა. წარმოდგენილი მასალებით არც ის გარემოება დასტურდება, რომ სააგენტოში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა შტატები (იხ. სუსგ Nას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).
65. საკასაციო სასამართლო, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად მიჩნევის ნაწილში იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და დაუსაბუთებლად მიიჩნევს მეორე კასატორის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს.
66. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
67. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ Nას-115-111-2016, 8 აპრილი, 2016 წელი; სუსგ Nას-1025-979-2013, 28 მაისი, 2014 წელი; სუსგ Nას-883-845-2014, 30 იანვარი, 2015 წელი) სადაც განმარტებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სამსახურიდან მუშაკის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები.
68. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს პირველი კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომ არსებობს საქმის მოსმენის სხვა დროისათვის გადადების შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი კასატორი ვერ ადასტურებს განჩინების მიღებისას სააპელაციო პალატის მიერ ისეთი საპროცესო ნორმების დარღვევას, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. იმ გარემოებაზე მითითება, რომ სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რატომ იყო შეუძლებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება პროცესის სხვა დროისათვის გადადების გარეშე (იმავე დღეს), არ შეიძლება მიჩნეულ იქნას იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს (იხ. სუსგ №ას-464-432-2017, 21 თებერვალი, 2018 წელი).
69. საკასაციო საჩივრით პირველი კასატორი მოითხოვს საკასაციო ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების დაკისრებას, მათ შორის, ადვოკატის დახმარებისთვის 10000 ლარის ანაზღაურებას, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯების ანაზღაურებას: საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საკასაციო საჩივრის, საკასაციო შესაგებლის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის - 50 ლარის, საკასაციო საჩივრის და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის - 10 ლარის, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯებისათვის - 7 ლარის, საქმის მიმდინარეობისას სხვა დოკუმენტების სასამართლოში საფოსტო კავშირით გადაგზავნით გამოწვეული გაღებული ხარჯის - 70 ლარის, საფოსტო კავშირისას გადასაგზავნი მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის - 15 ლარის, სარჩელის სასამართლოში ჩასაბარებლად აპელანტის და მისი წარმომადგენლის სხდომებზე გამოცხადების და სხდომის ოქმების, სასამართლოს გადაწყვეტილებების ჩაბარებისთვის სასამართლოში გამოცხადების უზრუნველსაყოფად გადაადგილებაზე ტრანსპორტირებისათვის გაწეული დანახარჯის - 120 ლარის, აუცილებელი კვების - 130 ლარისა და სასამართლოში მოცდენილი დროისათვის 80 ლარის ოდენობით.
70. ამასთან, პირველი კასატორი მოწინააღმდეგე მხარის საკასაციო საჩივარზე წარდგენილ საკასაციო შესაგებელში შუამდგომლობს: ა) სააგენტოს (კასატორს) მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დაეკისროს პროცესის ხარჯის - სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის თითოეული მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ 2400 ლარის ანაზღაურება საკასაციო ეტაპისათვის; ბ) კასატორს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საკასაციო შესაგებლის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის - 70 ლარის, საკასაციო საჩივრის, საკასაციო შესაგებლის და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის - 70 ლარის, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯებისათვის - 7 ლარის, საქმის საკასაციო სასამართლოში მიმდინარეობისას სხვა დოკუმენტების სასამართლოში საფოსტო კავშირით გადაგზავნით გამოწვეული გაღებული ხარჯის - 70 ლარის, საფოსტო კავშირისას გადასაგზავნი მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის - 7 ლარის, სარჩელის ჩასაბარებლად კასატორის და მისი წარმომადგენლის სხდომებზე გამოცხადების და სხდომის ოქმების, სასამართლოს გადაწყვეტილებების ჩაბარებისთვის საკასაციო სასამართლოში გამოცხადების უზრუნველსაყოფად გადაადგილებაზე ტრანსპორტირებისათვის გაწეული დანახარჯის - 70 ლარის, აუცილებელი კვების - 70 ლარისა და სასამართლოში მოცდენილი დროისათვის 7000 ლარის და სასამართლო აქტების იძულებითი აღსრულებისათვის კანონით დადგენილი საფასური - 300-300 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
71. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს შუამდგომლობას და მიიჩნევს, რომ მოთხოვნა იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დანარჩენი ხარჯების ნაწილში უნდა ეთქვას უარი.
72. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე (სსსკ 47-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვნ ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს. კანონდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი კანონმდებელი მიიჩნევს ქონებრივ დავებში დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს, ხოლო არაქონებრივ დავებში არაუმეტეს 2000 ლარს, რაც წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ.
73. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ხარჯების რეალურად გაწევის თაობაზე. საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს. მან უნდა წარადგინოს მისი მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები. თუმცა, ადვოკატის მითითებებთან დაკავშირებით პალატა მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილ, სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ ი.პ–ს მიანიჭა მისი ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება (იხ. ტ.1. ს.ფ. 101-102), ასევე საპროცესო მოქმედებებში წარმომადგენლის მონაწილეობას, რომელიც საქმის მასალებით დგინდება, ეს გარემოებები თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე, რომელიც შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება.
74. შუამდგომლობის ავტორი საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე წარმოადგენს კასატორის და იმავდროულად მეორე კასატორს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამართალწარმოების კონკრეტულ ეტაპზე, რომელიც საკასაციო განაცხადის დასაშვებობის შემოწმებას ეხება, რა დროსაც, სასამართლო ვალდებულია, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის წინაპირობების მიხედვით, შეამოწმოს და დაადგინოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები და საქმის არსებითი განხილვა არ ხდება. აღნიშნული საკითხის ხაზგასმა მნიშვნელოვანია, რადგან საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %, რაც შეეხება კასატორისა და მოწინააღმდეგე მხარის საადვოკატო ხარჯებს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, რადგან საკასაციო საჩივრების დასაშვებობის ეტაპზე, არც სასამართლოსა და არც მხარეთა მიერ არ ხდება ადამიანური და დროითი რესურსების იმგვარი გამოყენება, როგორც ამას საჭიროებს საქმის არსებითი განხილვა, კანონმდებლის ნება სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილში შეესატყვისება იმ გონივრულ დანაწესს, რომ მხარეს, მისთვის კონსტიტუციით გარანტირებული გასაჩივრების უფლების ხელშეწყობისათვის შეექმნას ყველა წინაპირობა, მათ შორის, საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით და ფინანსური დანახარჯების ნაწილშიც (იხ. სუსგ №ას-936-886-2015, 15 ივლისი, 2016წ).
75. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად და იმ პირობებში, როდესაც სახეზეა არაქონებრივი დავიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა, სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო სამართალწარმოების მოცემული ეტაპის - დასაშვებობის პროცესუალური საფუძვლით შემოწმებისას, ადვოკატის მომსახურების ხარჯი უნდა ანაზღაურდეს 50 ლარის ოდენობით (შდრ.იხ. სუსგ №ას-923-889-2016, 3 თებერვალი, 2017 წელი); ხოლო დანარჩენი ხარჯების ანაზღაურებაზე პირველ კასატორს, მეორე კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს უნდა ეთქვას უარი შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო.
76. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ.ლ–ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. I კასატორს ლ.ლ–ს (პ/ნ: ....) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 27 აპრილს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. II კასატორს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ: .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 30 აპრილს №12988 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1697 (ერთი ათას ექვსას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის 70% – 1187 (ერთი ათას ას ოთხმოცდაშვიდი) ლარი და 90 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. II კასატორის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოწინააღმდეგე მხარის ლ.ლ–ის შუამდგომლობა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლოსგარეშე ხარჯების II კასატორისათვის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლ.ლ–ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით 50 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე