Facebook Twitter

საქმე №ას-746-746-2018 28 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.კ–ძე, მ.ც–ძე, კ.კ–ი, ი..კ–ი, ლ.ქ–ე, ლ.ხ–ა, ს.შ–ი, თ.დ–ას უფლებამონაცვლე გ.დ–ა, ნ.გ–ძე, მ.შ-ნ–ა, ო.შ-ნ–ი, ლ.ე–ძე, გ.ლ–ძე, თ.ფ–ი, ე.კ–ი, ზ.მ–ი, თ.დ–ძე (მოსარჩელეები)

თავდაპირველი მოსარჩელეები – თ.მ–ა, ა.კ–ი, ს.გ–ი, ქ.კ–ძე, ე.შ–ი, ე.ვ–ი, მ.ზ–ი, ნ.ა–ი, ე.ჟ–ი, ც.თ–ი, კ.ფ–ი, თ.ქ–ძე, ლ. ს–ძე, თ.ს–ი, ი.ბ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - “მოპასუხე”) 13/08/2014წ, N01/68521 ცნობით, სამინისტროს ბალანსზე ირიცხება ყოფილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ არსებული სახელფასო კრედიტორული დავალინებები: მ. კ–ძე - 1956.84 ლარი, მ. ც–ძე - 3841.13 ლარი, კ. კ–ი - 2976.72 ლარი, ი. კ–ა - 3913.34 ლარი, ლ. ქ–ძე - 1613.40 ლარი, ლ. ხ–ა - 2253.27 ლარი, ს. შ–ი - 1743.84 ლარი, თ. დ–ა - 2758.83 ლარი, ლ. მ–ა - 136.31 ლარი, ნ. გ–ძე - 2029.14 ლარი, მ. შ-ნ–ა - 3403.98 ლარი, ო. შ-ნ–ი - 1353.98 ლარი, ლ. ე–ძე -2472.79 ლარი, გ. ლ–ძე -1233 ლარი, თ. ფ–ი -1474.84 ლარი, ე. კ–ი -1498.04 ლარი, ა. კ–ი -232.06 ლარი, ზ. მ–ი -1239.59 ლარი, ს. გ–ი -707.20 ლარი, ქ. კ–ძე -890.1 ლარი, ე. შ–ი -521.41 ლარი, ნ.ვ–ი -628 ლარი, მ. ზ–ი - 92.74 ლარი, ნ. ა–ი -383.56 ლარი, ე.ჟ–ი-102.03 ლარი, ც. თ–ი -948.59 ლარი, კ. ფ–ი -928.67 ლარი, თ. ქ–ძე - 86.80ლარი, ლ. ს–ძე -588.36 ლარი, თ. დ–ძე -1157.69 ლარი, თ.ს–ი -577.29 ლარი, ი. ბ–ძე -165.43 ლარი (შემდგომში - “მოსარჩელეები”).

2. სამინისტროს ბალანსზე სახელფასო კრედიტორული დავალიანებები ირიცხება დღემდე.

3. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხის მიმართ 1997-2003 წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, როდესაც მათი ნაწილი წარმოადგენდა შპს ,,ს.ს. და ი.ც–ის“, ხოლო ნაწილი - დ.კ.ე.ც–ის თანამშრომელს.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მ.კ–ძის, მ.ც–ძის, კ. კ–ის, ი..კ–ას, ლ.ქ–ის, ლ.ხ–ას, ს.შ–ის, თ.დ–ას, ნ.გ–ძის, მ. შნ–ას, ო.შ-ნ–ის, ლ.ე–ძის, გ. ლ–ძის, თ.ფ–ის, ე.კ–ის, ზ.მ–ისა და თ.დ–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განჩინებით თ.დ–ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გ.დ–ა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე.

10. სააპელაციო სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მ.კ–ძე, მ.ც–ძე, კ.კ–ი, ი..კ–ი, ლ.ქ–ე, ლ.ხ–ა, ს.შ–ი, ნ.გ–ძე, მ.შ - ნ–ა, ო.შ - ნ–ი, ლ.ე–ძე, გ. ლ–ძე, თ.ფ–ი, ე.კ–ი, ზ.მ–ი, თ.დ–ძე, თ.დ–ა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ შპს ,,ს.ს. და ი.ც–თან“/დ.კ.ე.ც–თან.

11. 01.10.2004წ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტსა და შპს ლ. ს–ძის სახ. დ.კ.ე.ც–ის სალიკვიდაციო კომისიას შორის გაფორმებული შეთანხმებით ცენტრის მოთხოვნები-ვალდებულებები, ჯამში 332 186.60 ლარის ოდენობით გადაეკისრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტს.

12. საქართველოს მთავრობის 01.03.2007წ. #110 განკარგულებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების ანაზღაურების ნაწილში განისაზღვრა საქართველოს შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

13. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 13/08/2014წ, #01/68521 წერილით აღიარა დოკუმენტში მითითებულ პირთა წინაშე არსებული სახელფასო დავალიანებები.

14. მოპასუხის შედავებაზე, რომ 13.08.2014წ. N01/68521 წერილში მოხსენიებული კ. კ–ნი და ი. კ–ვა არ არიან კ.კ–ი და ლ. კ–ვა, სასამართლომ მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე აღნიშნა, რომ სწორედ მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა, თუ კონკრეტულად რა საიდენტიფიკაციო მონაცემებზე დაყრდნობით გასცა მან სადავო ცნობა და თუ აღნიშნული პირები არ წარმოადგენენ წინამდებარე დავის მოსარჩელე მხარეებს, მიეთითებინა კონკრეტული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელთა წინაშეც სამინისტროს გააჩნია წერილში აღნიშნული სახელფასო დავალიანებები.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

15.1. სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა, რატომ არ უნდა გავრცელებულიყო სასარჩელო მოთხოვნაზე ხანდაზმულობის საერთო ვადა. მოპასუხის მიერ წერილში მითითებული დავალიანება წარმოშობილია 1997-2001 წლებში, როდესაც მოსარჩელეები მუშაობდნენ შპს დ.კ.ე.ც–ში“ და შპს „ს.ს. და ი.ც–ში“. შესაბამისად, მათ მოთხოვნებზე უნდა გავრცელდეს სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა;

15.2. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 341-ე მუხლი და მოპასუხის წერილი უსაფუძვლოდ მიიჩნია ვალის აღიარების ხელშეკრულებად, ვინაიდან იგი არის ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტი, სადაც მითითებულია თანხის ოდენობები. სხვა რაიმე დათქმას თანხის გადახდასთან დაკავშირებით აღნიშნული წერილი არ შეიცავს;

15.3. სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ 2014 წლის 13 აგვისტოს წერილში მოხსენიებული პირები კ. კ–ნი და ი. კ–ვა წარმოადგენენ მოსარჩელეებს, კერძოდ კ.კ–ს და ლ. კ–ას.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

23. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 341-ე მუხლი და მოპასუხის წერილი უსაფუძვლოდ მიიჩნია ვალის აღიარების ხელშეკრულებად.

24. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიას იმ დასაბუთებით, რომ სასამართლოს მხრიდან არც მატერიალური სამართლის და არც საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება (სსსკ-ის 393-ე მუხლი). პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება. საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამართალწარმოების ეს უზოგადესი და ამავდროულად ფუნდამენტური პრინციპი სხვადასხვა საპროცესო ნორმაში სხვადასხვა სახით ვლინდება და იგი უმთავრესად მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილებაზე აისახება.

25. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელეები შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოპასუხესთან, ხოლო ამ უკანასკნელს არ ჰქონდა ანაზღაურებული გარკვეული თვეების ხელფასი, შესაბამისად, თანხის დაკისრების მოთხოვნის თაობაზე სარჩელი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, გამართულია. სარჩელის შემაფერხებელ შედავებას წარმოადგენდა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად შეაფასეს სადავო დოკუმენტი ვალის არსებობის აღიარებად. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ამა თუ იმ დოკუმენტის იურიდიული კველიფიკაციისათვის გადამწყვეტია არა მხოლოდ საქმის მასალების ინდივიდუალური კვლევა, არამედ, მტკიცებულებათა ერთობლიობაში ყოველმხრივი შეფასება, რის შედეგადაც ყალიბდება სასამართლოს შინაგანი რწმენა.

26. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის 2014 წლის 13 აგვისტოს წერილში, რომელიც გაცემულია სსიპ ლ. ს–ძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების წარმომადგენლის - მ.ქ–ძის მოთხოვნის პასუხად, მითითებულია, რომ სამინისტროს ბალანსზე, ყოფილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ ირიცხება სახელფასო კრედიტორული დავალიანებები.

27. მოსარჩელე მხარეთა წარმომადგენელი 2014 წლის 15 ივლისის მიმართვით ითხოვდა, მოპასუხეს მიეწოდებინა ცნობა ყოფილი თანამშრომლების სახელფასო დავალიანების შესახებ, ასევე, მოპასუხეს აენაზღაურებინა სახელფასო დავალიანება. აღნიშნული განცხადების პასუხად ვალდებულმა პირმა გასცა დოკუმენტი, რომელიც ცალსახად მიუთითებდა, რომ მოსარჩელეების მიმართ არსებობს შესაბამისი ოდენობის დავალიანება.

28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომის უფლება საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული და გარანტირებული ადამიანის ძირითადი სოციალური უფლებაა.

29. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის საფუძველზე, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთრი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება და მიიღებენ შეს–მის ზომებს ამ უფლების დასაცავად. დამსაქმებლის კანონისმიერი ვალდებულებაა, რომ შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება. მოპასუხის ქმედება (სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს – სამართალურთიერთობის სტაბილურობის, კეთილსინდისიერების და კანონიერების პრინციპებს. გარდა ამისა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.

30. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-782-749-2016, 16 დეკემბერი, 2016წ).

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე