საქმე №ას-1006-2019 3 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა.ე.მ.ს–სი“
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ „ი. და შ.შ.მ.პ.ა–ია“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა(ა)იპ „ი. და შ.შ.მ.პ.ა–იამ“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა.ე.მ.ს–სის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
2. მოპასუხის საქართველოს ფილიალმა (შემდგომში - „კომპანიის ფილიალი“) სარჩელი ცნო ნაწილობრივ.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა კომპანიის ფილიალმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება 2019 წლის 2 მაისს მოითხოვა.
7. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი 2019 წლის 6 მაისს წარადგინა, ხოლო სააპელაციო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია 2019 წლის 25 აპრილი.
8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 360-ე, 372-ე, 374-ე, მე-60, 61-ე და 70-ე-78-ე მუხლებით.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შესახებ ინფორმირებული იყო მოპასუხის წარმომადგენელი. შესაბამისად, მხარე ვალდებული იყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადებულიყო რაიონულ სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი.
10. სააპელაციო პალატის მითითებით, არც მოპასუხესა და არც მის წარმომადგენელს სასამართლოსათვის არ მიუმართავთ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა 2019 წლის 12 აპრილს დაიწყო და 2019 წლის 25 აპრილს ამოიწურა. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა დასახელებული ვადის დარღვევით, რამდენადაც იგი როგორც სასამართლოში, ისე საფოსტო განყოფილებაში წარდგენილია 2019 წლის 6 მაისს.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის განხილვის დავალება.
12. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძველზე:
12.1. მხარეს კანონით დადგენილ ვადაში არ ჩაბარებია გადაწყვეტილება. იგი სისტემატურად ამოწმებდა სასამართლოს ოფიციალურ საქმისწარმოების ვებ-გვერდს (www.info.court.ge), სადაც გადაწყვეტილების არ ატვირთვა მიანიშნებდა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება არ იყო მიღებული. არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც სასამართლოს გადატვირთულობის გამო ვერ ხერხდება გადაწყვეტილების კანონით დადგენილ ვადაში მიღება. მხარემ არაერთხელ დარეკა სასამართლოში იმის გადასამოწმებლად იყო თუ არა გადაწყვეტილება მიღებული, რაზეც უარყოფით პასუხს იღებდა;
12.2. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილია შპს „ა.ე.მ.ს–სის“ მიმართ, ხოლო მის საიდენტიფიკაციო ნომრად მითითებულია შპს „ა.ე.მ.ს–სის“ საქართველოს ფილიალის საიდენტიფიკაციო ნომერი. წინამდებარე საქმეზე შესაგებელი სწორედ შპს „ა.ე.მ.ს–სის“ საქართველოს ფილიალმა წარადგინა და ეს უკანასკნელი იყო მოპასუხედ ჩართული. სააპელაციო საჩივარიც მოპასუხე კომპანიის ფილიალმა წარადგინა, შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე მხარეს შპს „ა.ე.მ.ს–სის“ საქართველოს ფილიალი წარმოადგენს. თუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მიღებულია სათაო ოფისის მიმართ, გაურკვეველია, როგორ მივიდა სასამართლო ამ გადაწყვეტილებამდე, რამდენადაც შესაგებელი კომპანიის ფილიალმა წარადგინა. გადაწყვეტილება უკანონოდ უნდა ჩაითვალოს, რადგან სასამართლომ საქმე ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად განიხილა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ პუნქტებისა.
16. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ იგი სასამართლოს გასაჩივრების ვადის დარღვევით წარედგინა.
17. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარჩელი აღძრულია უცხოური კომპანიის მიმართ, მისი ფილიალის საქმიანობიდან გამომდინარე, თუმცა სარჩელში მითითებულია უცხოური კომპანიის საქართველოს ფილიალის საიდენტიფიკაციო ნომერი.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, სარჩელი სწორად იქნა წარდგენილი საქართველოში.
19. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალი, რომელიც არ არის იურიდიული პირი.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფილიალისათვის დამოუკიდებელ სამართალსუბიექტობას კანონი არ ითვალისწინებს.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას სამართალურთიერთობის მხარეს და შესაბამისად პროცესის სუბიექტს წარმოადგენს ძირითადი საწარმო, ხოლო ფილიალი, საამისო უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოდიოდეს მხოლოდ ძირითადი საწარმოს წარმომადგენლად (იხ. სუსგ №ას-790-790-2018, 3 სექტემბერი 2018წ).
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, ყველა იმ საკითხზე, რომელზეც მხარე ედავება საწარმოს ფილიალს, პროცესში მოპასუხედ ჩაბმული უნდა იყოს ძირითადი საწარმო და არა მისი ფილიალი. ფილიალი არ წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს, იგი ძირითადი საწარმოს (იურიდიული პირის) წარმომადგენლობაა, მას არ გააჩნია განცალკევებული ქონება და კრედიტორთა წინაშეც იგი დამოუკიდებლად, საკუთარი ქონებით პასუხს არ აგებს. ამიტომ მიჩნეულია, რომ ძირითადმა საწარმომ თავის ფილიალზე უნდა გასცეს საპროცესო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თუკი ფილიალს მის წესდებაში (ან მისი შექმნის რაიმე სხვა სახის დოკუმენტში) აღნიშნული აქვს, რომ იგი არის ძირითადი საწარმოს წარმომადგენელი არა მხოლოდ მესამე პირებთან - კონტრაჰენტებთან გარიგებების დადებაში, არამედ ძირითადი საწარმოს საპროცესო წარმომადგენელიც არის - მაშინ დამატებით ფილიალზე ძირითადი საწარმოსაგან წარმომადგენლობის დამადასტურებელი უფლებამოსილების მიღება საჭირო აღარ არის (იხ. სამოქალაქო სამართლის საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, თბილისი, 2011, გვ. 15).
23. განსახილველ შემთხვევაში, დავა ეხება იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობას. სარჩელი აღძრულია შპს „ა.ე.მ.ს–სის“ მიმართ, შესაგებელი კი წარადგინა კომპანიის ფილიალმა, რომელსაც სასამართლოში არ წარუდგენია მტკიცებულება ფილიალის საპროცესო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობით განიხილა საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
25. მოცემულ შემთხვევაში, ვერ ჩაითვლება, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა უფლებამოსილი პირი, ან ცნობილი იყო ამ უკანასკნელისათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის შესახებ, რამდენადაც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის სხდომას, რომელზეც დადგინდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადება ესწრებოდა „ა.ე.მ.ს–სის“ საქართველოს ფილიალის წარმომადგენელი. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირს კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით, სასამართლოს მისთვის არც გადაწყვეტილების ასლი გაუგზავნია.
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარადგინა კომპანიის ფილიალმა, იმ პირმა, ვის მიმართაც არ იყო გადაწყვეტილება გამოტანილი (გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია შპს „ა.ე.მ.ს–სის“ მიმართ). სააპელაციო საჩივარს არ ერთვის საწარმოს სახელით გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არაუფლებამოსილი პირის მიერ არის წარდგენილი, რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში, კომპანიის ფილიალი არც მხარეს წარმოადგენდა და არც მესამე პირად იყო საქმეში ჩართული.
27. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი არა იმ საფუძვლით, რომ არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო შეტანილი, არამედ იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს გასაჩივრების ვადის დარღვევით წარედგინა.
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია არა უცხოური საწარმოს ფილიალის, არამედ თავად შპს „ა.ე.მ.ს–სის“ მიმართ.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. სააპელაციო საჩივარი წარდგენილია ფილიალის სახელით, ხოლო გადაწტვეტილება გამოტანილია საწარმოს მიმართ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს არსებობს თუ არა სათანადო წესით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვალდებულება, სადაც აპელანტის გრაფაში მითითებული იქნება საწარმო.
30. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარდგენასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს, რამდენად შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე, 364-ე, 369-ე, 373-ე, 374-ე, მე-60 და 61-ე მუხლების გამოყენება, იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებიდან და საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სარჩელი აღძრულია და გადაწყვეტილება გამოტანილია საწარმოს მიმართ, ხოლო საწარმოს ნაცვლად საქმის განხილვაში მონაწილეობდა მისი ფილიალი, რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ა.ე.მ.ს–სის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე