საქმე № ა-1493-შ-39-2020 21 ივლისი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – „S.L. L.’’
წარმომადგენელი - ნ.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ჭ.ჯ–ა“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება (ICC საქმეN 24116/MHM/HBH)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 20.01.2020წ. გადაწყვეტილებით (ICC საქმე N24116/MHM/HBH) შპს ,,ჭ.ჯ–ას“ (შემდეგში - „საარბიტრაჟო მოპასუხე,“ „მოწინააღმდეგე მხარე“) „S.L. L.’’-ის (შემდეგში - „საარბიტრაჟო მოსარჩელე,“ „შუამდგომლობის ავტორი“) სასარგებლოდ დაეკისრა 683 960 აშშ დოლარის გადახდა 5%-იანი საპროცენტო სარგებლის დამატებით, 2017 წლის 1 ნოემბრიდან გადახდის თარიღამდე დაანგარიშებით. ამავე გადაწყვეტილებით საარბიტრაჟო მოპასუხეს დაევალა საარბიტრაჟო მოსარჩელისთვის იურიდიული და სხვა სახის ხარჯების ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: 77 368.30 შვეიცარიული ფრანკი და 1 140.15 ბრიტანული ფუნტი, ასევე 25 000 აშშ დოლარის ანაზღაურება რომელიც მოსარჩელემ ICC ადმინისტრაციული ხარჯებისა და არბიტრის ჰონორარისთვის გადაიხადა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საარბიტრაჟო მოსარჩელემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.05.2020წ. განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ასევე, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სსსკ-ის 35620 მუხლის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოიტანება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
6. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.
7. საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 20.01.2020წ. გადაწყვეტილებით (ICC საქმე N 24116/MHM/HBH) საარბიტრაჟო მოპასუხეს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 683 960 აშშ დოლარის გადახდა 5%-იანი საპროცენტო სარგებლის დამატებით, 2017 წლის 1 ნოემბრიდან გადახდის თარიღამდე დაანგარიშებით. ამავე გადაწყვეტილებით საარბიტრაჟო მოპასუხეს დაევალა საარბიტრაჟო მოსარჩელისთვის იურიდიული და სხვა სახის ხარჯების ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: 77 368.30 შვეიცარიული ფრანკი და 1 140.15 ბრიტანული ფუნტი, ასევე 25 000 აშშ დოლარის ანაზღაურება რომელიც მოსარჩელემ ICC ადმინისტრაციული ხარჯებისა და არბიტრის ჰონორარისთვის გადაიხადა. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.
8. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებული ნიუ-იორკში, 1958 წლის 10 ივნისს (შემდეგში "ნიუ-იორკის კონვენცია"), გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, და არა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოითხოვება ასეთ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ისეთ დავათა გამო, რომელთა მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.
9. ნიუ-იორკის კონვენციის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობისა და საერთაშორისო დავების არბიტრაჟის გზით მოგვარების განვითარება. იგი მიზნად ისახავს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების და საარბიტრაჟო შეთანხმების აღსრულების გამარტივებას („კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭო“ (ICCA) სახელმძღვანელო 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის განმარტებაზე, 2013, გვ.19,20) .
10. ნიუ-იორკის კონვენციის მე-4 მუხლი ადგენს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შუამდგომლობის წარდგენის წესს:
კერძოდ, მხარემ, რომელიც ითხოვს ცნობასა და აღსრულებას, აღნიშნული მოთხოვნით მიმართვისას, უნდა წარადგინოს: (a) სათანადო წესით დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დედანი, ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი; (b) მეორე მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების (საარბიტრაჟო შეთანხმების) დედანი, ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი. წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს (ასევე იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.05.2020წ. განჩინება შუამდგომლობის განსახილველად მიღების შესახებ).
11. ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოჩამოთვლილ მუხლებში ჩამოყალიბებული პირობებით. იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებისთვისაც გამოიყენება ეს კონვენცია, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს არსებითად უფრო მძიმე პირობები ან უფრო მაღალი ბაჟი ან მოსაკრებლები იმასთან შედარებით, რომლებიც არსებობს შიდა გადაყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის.
12. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი და მხოლოდ მაშინ აღუდგება წინ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას, თუ არსებობს კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომლებიც სასამართლომ საკუთარი ინიციატივით (ex officio) უნდა წამოსწიოს. კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება უარის თქმა, თუ იმ ქვეყნის კომპეტენტური ხელისუფლება, სადაც მოითხოვება ცნობა და აღსრულება, ჩათვლის, რომ: a) ამ ქვეყნის კანონით, დავის ობიექტი არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო გარჩევის საგანი, ან b) ამ გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის საჯაროობის წესს.
13. ნიუ-იორკის კონვენციის დებულებებიდან, კერძოდ მისი მე-5 მუხლიდან, გამომდინარეობს არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები (დაწვრილებით იხ.: ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.74,75). აღნიშნული ნორმის თანახმად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხარეს შეიძლება უარი ეთქვას ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; ა.ბ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ცნობილ და აღსრულებულ იქნეს ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში მოქცეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას შეიცავს; ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონის მოთხოვნებს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა; ა.ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
14. სსსკ-ის 35621 მუხლის 21 ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე მხარის შუამდგომლობა ეგზავნება იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგადაც გამოტანილია აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. ამ უკანასკნელს შეუძლია შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში წარადგინოს არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადება.
15. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობის ასლი და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 20.05.2020წ., თუმცა მის მიერ დადგენილ ვადაში სასამართლოში განცხადება (შესაგებელი) წარმოდგენილი არ ყოფილა.
16. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის და საქმის მასალების მიხედვით მიიჩნევს, რომ არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების სამართლებრივი საფუძველი, რადგან საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დავა წარმოადგენდა საარბიტრაჟო განხილვის საგანს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება (ICC საქმე N24116/MHM/HBH) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ცნობილ უნდა იქნეს და უნდა მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
17. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 200 ლარის ოდენობით (50 ლარი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის განცხადებაზე, 150 ლარი ცნობა-აღსრულების შუამდგომლობაზე). რადგან წინამდებარე განჩინებით შუამდგომლობა კმაყოფილდება, სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს შუამდგომლობის ავტორის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, ნიუ-იორკის კონვენციის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით, სსსკ-ის 35613 მუხლით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. „S.L. L.’’-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება (ICC საქმე N 24116/MHM/HBH), რომლითაც შპს ,,ჭ.ჯ–ას“ „S.L. L.-ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 683 960 აშშ დოლარის გადახდა 5%-იანი საპროცენტო სარგებლის დამატებით, 2017 წლის 1 ნოემბრიდან გადახდის თარიღამდე დაანგარიშებით. შპს ,,ჭ.ჯ–ას“ დაევალა „S.L. L.“-სათვის იურიდიული და სხვა სახის ხარჯების ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: 77 368.30 შვეიცარიული ფრანკი და 1 140.15 ბრიტანული ფუნტი, ასევე 25 000 აშშ დოლარის ანაზღაურება რომელიც „S.L. L.’’-მა ICC ადმინისტრაციული ხარჯებისა და არბიტრის ჰონორარისთვის გადაიხადა.
3. შპს ,,ჭ.ჯ–ას“ „S.L. L.“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ზურაბ ძლიერიშვილი