Facebook Twitter

საქმე №ას-14-2021 16 მარტი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ნ.ქ–ი, თ.თ–ი, ჯ.ფ– და ი.ფ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ბ–სი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, ნ.ბ–სის (შემდეგში -მოსარჩელე, მესაკუთრე) სარჩელი ნ.ქ–ის, თ.თ–ის, ჯ.ფ–სა და ი.ფ–ის (შემდეგში - მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს დაევალათ სადავო ქონების - ქ. თბილისში, ..... მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ......) მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

4. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. კერძო საჩივარს საკუთარი და სხვა მოსარჩელეთა სახელით ხელს აწერს ერთ-ერთი მოპასუხე - ნ.ქ–ი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით, კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის წარმომდგენს დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნისა და უფლებამოსილი პირის (ყველა კერძო საჩივრის ავტორის ან სამოქალაქო დავებზე სპეციალიზირებული, საადვოკატო საქმიანობის უფლების მქონე რწმუნებულის) მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.

7. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

8. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

9. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის ხარვეზის განჩინება, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნისა და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა, სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, 2021 წლის 2 მარტს ჩაჰბარდა თ.თ–ის, ჯ.ფ–სა და ი.ფ–ის ოჯახის წევრს (სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.) და ერთ-ერთ კერძო საჩივრის ავტორს ნ.გ–ს.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 2 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 5 მარტს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ქ–ის, თ.თ–ის, ჯ.ფ–სა და ი.ფ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: გიორგი მიქაუტაძე