Facebook Twitter

საქმე №ას-301-2020

4 მარტი, 2021 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ.ც–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,მ.პ.დ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი:

შპს ,,მ.პ.დ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ც–ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,მ.პ.დ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.ც–ამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით თ.ც–ას სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით თ.ც–ას გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თ.ც–სა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე თ.ც–ამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 1 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში მოეძიებინა თ.ც–ა (მისამარზე: თბილისი, ....., მე-4 სართული, ბინა N32, ტ- 577 ....) და უზრუნველეყო მასზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივნისის განჩინების ჩაბარება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 21 დეკემბერს თ.ც–ამ წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით თ.ც–ას მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; თ.ც–ას გაუგრძელდა კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ც–ას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო/კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო/კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით თ.ც–ას მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; მას გაუგრძელდა კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად თ.ც–ას 2021 წლის 21 იანვარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო მის მიერ სასამართლო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან. კერძოდ, 2021 წლის 22 იანვრიდან და ამოიწურა 2021 წლის 31 იანვარს, მაგრამ ვინაიდან 31 იანვარი იყო კვირა არასამუშაო დღე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ათ დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება, მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, 2021 წლის 1 თებერვალს (ორშაბათს).

თ.ც–ა ვალდებული იყო კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსო 2021 წლის 1 თებერვლის ჩათვლით.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, ამიტომ თ.ც–ას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. თ.ც–ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე