საქმე №ა-1063-შ-21-2021 15 მარტი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ.გ–ას შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი კ.ლ–ის მიმართ, გერმანიის, ტემპელჰოფ-კროიცბერგის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
გერმანიის ტემპელჰოფ-კროიცბერგის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით თ.გ–ასა და კ.ლ–ს შორის 2007 წლის 5 ოქტომბერს დანიაში, ტონდერის სამოქალაქო რეესტრში გაფორმებული ქორწინება შეწყდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ.გ–ას წარმომადგენელმა გ.გ–ძემ (მინდობილობა ერთვის საქმეს) და მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შუამდგომლობას უნდა დაერთოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებებს.
საქმეში წარმოდგენილია უცხო ქვეყნის, კერძოდ გერმანიის, ტემპელჰოფ-კროიცბერგის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანით.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ სადავო მტკიცებულება წარმოადგენს უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, მისი/დამოწმების ნამდვილობის საკითხს შეაფასებს კონვენციის ფარგლებში, რომელიც აუქმებს უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნას. ხსენებული კონვენციის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ოფიციალურ დოკუმენტად მიიჩნევა მათ შორის სასამართლო აქტები, რომლებზეც ხელმოწერის ნამდვილობა, ამავე კონვენციის მე-2-მე-4 მუხლების შესაბამისად, შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულება - სასამართლო გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს კონვენციის მოთხოვნებს, კერძოდ, იგი არ არის დამოწმებული სათანადო წესით - აპოსტილით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე შუამდგომლობის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, მის ავტორს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე მოთხოვნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.გ–ას უარი ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დედანი დოკუმენტები.
3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლ.მიქაბერიძე