საქმე №ას-1252-2018 25 სექტემბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
კასატორები – დ.მ–ი, შ.მ–ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ მ.პ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)
წარმომადგენლები _ ფ.ჩ–ძე, ს.ჯ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა, ადმინისტრაციის წერილის ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. დ.მ–მა და შ.მ–მა (შემდგომში _ პირველი და მეორე მოსარჩელე, აპელანტები, კასატორები ან დასაქმებულები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, დამსაქმებელი ან უნივერსიტეტი) მიმართ და მოითხოვეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ე.ქ–ძის 2016 წლის 27 იანვრის წერილის ბათილად ცნობა, დამსაქმებლის 2014 წლის 14 აპრილის #329/02-03 ბრძანების მე-2 პუნქტში ცვლილების შეტანა და 2015 წლის 1 თებერვლიდან პირველი მოსარჩელის შრომის ანაზღაურების 600 ლარით, ხოლო, მეორე მოსარჩელის _ 700 ლარით განსაზღვრა, 2015 წლის 1 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხისათვის დასაქმებულების სასარგებლოდ ყოველთვიურად 400-400 ლარის გადახდა
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი უნივერსიტეტის 2006 წლის 1 დეკემბრის #01-02/636 ბრძანება, პირველი მოსარჩელე აღდგენილ იქნა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე, ხოლო, მეორე მოსარჩელე _ იმავე ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგის თანამდებობაზე მათთან გაფორმებული უვადო ხელშეკრულების პირობებით. დ.მ–ის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიურად 200 ლარით, ხოლო, შ.მ–ის _ 300 ლარით. 2015 წლის 7 აპრილს მოპასუხემ დაამტკიცა სამეცნიერო ინსტიტუტებისა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საშტატო განრიგი, რომლის თანახმად, ე.ა–ის ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ხელფასი განისაზღვრა 600 ლარით, ხოლო, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის _ 700 ლარით, რითაც მოსარჩელეები არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან არსებითად იმავე მდგომარეობაში მყოფ სხვა დასაქმებულებთან, ამასთანავე, არ არსებობს დიფერენცირებული მოპყრობის გამართლების გინივრული წინაპირობა, ამდენად, უნივერსიტეტის მხრიდან დასაქმებულების მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციას, რომლის აღმოფხვრისათვის მათი შრომის ანაზღაურება უნდა გაუთანაბრდეს უნივერსიტეტში დასაქმებულ ამავე მდგომარეობაში მყოფ სხვა მეცნიერ-თანამშრომლების ხელფასს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებლში აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მეცნიერ-თანამშრომელთათვის ხელფასების ზრდა განხორციელდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნივერსიტეტთან შემოერთებული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისათვის გამოყოფილი სახსრებიდან. ვინაიდან მოსარჩელეები არ არიან დასაქმებული უნივერსიტეტთან შემოერთებულ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში, არამედ მოღვაწეობენ უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში, მათზე არ გავრცელდა ხელფასების ზრდა. ვინაიდან სახელმწიფო დაწესებულებიდან არ ფინანსდება მოსარჩელეთა მიერ დაკავებული პოზიცია, სახეზე არ არის არსებითად თანასწორი მდგომარეობა, ამასთანავე, საგულისხმოა, რომ დიფერენცირებული მიდგომა დამსაქმებლის მიერ არ არის განხორციელებული.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქმის განხილვისას მხარეთა შორის მიღწეულ იქნა მორიგება, შესაბამისად, მათ წარმოადგინეს მორიგების აქტი და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მოისმინა მათი პოზიციები, თვლის, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო, მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მორიგების თაობაზე მხარეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის დასაბუთება:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მარტის განჩინებით, მოცემული საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიჩნეულ იქნა დასაშვებად. საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე პალატამ განკარგა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით განსაზღვრული ყველა შესაძლებლობა მხარეთა შორის მორიგების მიღწევისათვის. 2020 წლის 25 სექტემბერს დანიშნულ სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მორიგების აქტი, შემოწმდა მხარეთა უფლებამოსილება. საბოლოოდ, მხარეებმა იშუამდგომლეს მორიგების შემდგომი სახით დამტკიცების თაობაზე:
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროს მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე დ.მ–ის შრომის ანაზღაურება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან განისაზღვროს 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს;
2. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მთავარი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე შ.მ–ის შრომის ანაზღაურება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან განისაზღვროს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს;
3. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ს/კ #204864....) კასატორების მიერ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ დაეკისროს:
3.1. დ.მ–ის (პ/#.....) სასაგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები არა უმეტეს 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
3.2. შ.მ–ის (პ/#......) სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯები არა უმეტეს 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
(მორიგების აქტს თან ერთვის სახელმწიფო ბაჟისა და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები)
4. დ.მ–თან და შ.მ–თან არსებულ შრომით ხელშეკრულებაში შეტანილ იქნას ცვლილება, რომლის მიხედვითაც მორიგების აქტის გაფორმებიდან 5 წლის შემდეგ უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ჩამოაყალიბოს საკონკურსო პირობები და ჩაატაროს კონკურსი მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებზე. დ.მ–ი და შ.მ–ი უფლებამოსილი იქნებიან მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ კონკურსში და საკონკურსო პირობების დაცვით (კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში) კვლავ დაიკავონ იგივე თანამდებობები;
5. წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით კასატორები ადასტურებენ, რომ არ მიმართავენ ხელმეორედ სასამართლოს დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
6. წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია სამ ეგზემპლარად. თითო ეგზემპლარი გადაეცემათ მხარეებს, ხოლო ერთი ეგზემპლარი _ სასამართლოს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.
საკასაციო პალატამ შეამოწმა მორიგების აქტზე ხელმომწერ პირთა უფლებამოსილება და მიიჩნევს, რომ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, უნდა განემარტოთ მხარეებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
2. პროცესის ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეებმა დავის მორიგების გზით დასრულების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მომართეს, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სამართალწარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 83-ე, 49-ე (1), 257-ე, 272-ე (დ), 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს მორიგება დ.მ–ს, შ.მ–სა და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის შემდეგი პირობებით:
2.1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროს მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე დ.მ–ის შრომის ანაზღაურება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან განისაზღვროს 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს;
2.2. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მთავარი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე შ.მ–ის შრომის ანაზღაურება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან განისაზღვროს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს;
2.3. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ს/კ #204864..) კასატორების მიერ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ დაეკისროს:
2.3.1. დ.მ–ის (პ/#.......) სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები არა უმეტეს 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
2.3.2. შ.მ–ის (პ/#......) სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯები არა უმეტეს 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
(მორიგების აქტს თან ერთვის სახელმწიფო ბაჟისა და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები)
2.4. დ.მ–თან და შ.მ–თან არსებულ შრომით ხელშეკრულებაში შეტანილ იქნას ცვლილება, რომლის მიხედვითაც მორიგების აქტის გაფორმებიდან 5 წლის შემდეგ უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ჩამოაყალიბოს საკონკურსო პირობები და ჩაატაროს კონკურსი მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებზე. დ.მ–ი და შ.მ–ი უფლებამოსილი იქნებიან მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ კონკურსში და საკონკურსო პირობების დაცვით (კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში) კვლავ დაიკავონ იგივე თანამდებობები;
2.5. წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით კასატორები ადასტურებენ, რომ არ მიმართავენ ხელმეორედ სასამართლოს დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
2.6. წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია სამ ეგზემპლარად. თითო ეგზემპლარი გადაეცემათ მხარეებს, ხოლო ერთი ეგზემპლარი _ სასამართლოს.
3. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე დ.მ–ისა და შ.მ–ის სარჩელის გამო, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტის, ადმინისტრაციის წერილის ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე.
4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
6. დ.მ–სა (პ/#.....) და შ.მ–ს (პ/#0......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №2......, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი (24.07.2018წ. #1 საგადახდო დავალება, გადამხდელი _ შ.მ–ი).
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე