საქმე №ას-1368-2020 3 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მირანდა ერემაძე(თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ჟ.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ბ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ ცნობებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ჟ.მ–ის სარჩელი ი.ბ–ის მიმართ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ ცნობებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება და სამოქალაქო საქმეზე №2/21413–17 შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არ არსებობის გამო (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტი).
4. 2020 წლის 18 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა ა.ა–მა, რომელმაც მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება იმაზე მითითებით, რომ 2020 წლის 23 ივნისის განჩინებით სააპელაციო პალატას არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დარჩა განუხილველად განცხადების წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის გამო.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 261-ე მუხლზე და განმარტა, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება გამოცხადდა 2020 წლის 23 ივნისს. შესაბამისად, აპელანტი უფლებამოსილი იყო დამატებითი გადაწყვეტილების საკითხი დაესვა მომდევნო 7 დღის განმავლობაში - 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით. მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადება წარადგინა 7 დღიანი ვადის დარღვევით, 2020 წლის 18 სექტემბერს, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
7. თბილსის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
8. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ განჩინების გამოცხადებისას არ იმსჯელა სასამართლო ხარჯების გადაწყვეტის საკითხზე და განმარტა, რომ მასზე იმსჯელებდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. განჩინების ჩაბარების დროს გამოირკვა, რომ განჩინებაში არ იყო ნამსჯელი აღნიშნულ საკითხზე, რის გამოც მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა განცხადება საპროცესო ვადის გაშვების გამო.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ფარგლებში შეფასების საგანია დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერება.
12. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება და სამოქალაქო საქმეზე №2/21413–17 შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არ არსებობის გამო. უდავოა, რომ აღნიშნული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას სასამართლო ხარჯის განაწილების თაობაზე.
13. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინება გაეგზავნა მოსარჩელის წარმომადგენელს და პირადად ჩაბარდა 2020 წლის 21 აგვისტოს. სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით მოსარჩელის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბერს მიმართა.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
15. ზემოხსენებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, სასამართლოს მიერ ხარვეზით გამოტანილი გადაწყვეტილების გამოსწორების საშუალებაა, კერძოდ, თუ სასამართლომ ძირითადი გადაწყვეტილებით არ გადაწყვიტა სასამართლო ხარჯების საკითხი, მას შეუძლია ეს ხარვეზი გამოასწოროს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანით. ამავე დროს, სასამართლო არაა უფლებამოსილი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის გასვლის შემდეგ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 261-ე მუხლით დადგენილ პროცედურებზე (დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა) და განმარტავს, რომ მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა. გასათვალისწინებელია, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმა ვადითაა შეზღუდული, კერძოდ, 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ზემოთ მოყვანილ ნორმათა ანალიზი, იძლევა ცალსახა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იმის თაობაზე, რომ მხარე საპროცესო კანონმდებლობით საკმარისად არის დაცული, რათა მან პროცესის მოგების შემთხვევაში დაიბრუნოს მის მიერ გაწეული ხარჯები და აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში (იხ. სუსგ №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წელი).
17. საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის ავტორის (მოსარჩელის) წარმომადგენელი (იხ. სააპელაციო სასამართლოს 23.06.2020წ. სხდომის ოქმი - ტ.1, ს.ფ. 279-280). მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს, განჩინების გამოცხადებიდან - 2020 წლის 23 ივნისიდან 7 დღის ვადაში შეეძლო დაესვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მიმართა 2020 წლის 18 სექტემბერს, 7 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი ამკვიდრებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი მხარე მოვალეა, სათანადო მტკიცებულებით გაამყაროს ის ფაქტი, რომელზეც საკუთარ პრეტენზიას აფუძნებს.
19. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სასამართლომ განჩინების გამოცხადებისას არ იმსჯელა ხარჯების გადაწყვეტის საკითხზე და განმარტა, რომ მასზე იმსჯელებდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სასამართლომ ხარჯების საკითხის გადაწყვეტა გადადო დასაბუთებული განჩინების მომზადების დროისათვის და საჩივრის ავტორისთვის ცნობილი არ იყო, რომ სასამართლოს გამორჩა ეს საკითხი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება არ ათავისუფლებს საჩივრის ავტორს პასუხისმგებლობისგან, განჩინების გამოცხადების შემდგომ კანონით დადგენილ ვადაში მიემართა სასამართლოსთვის სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების მოთხოვნით და ხარვეზის შემთხვევაში დაესვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საკითხი 7 დღიან ვადაში.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმები იმპერატიული ხასიათისაა. სამოქალაქო სამართალწარმოება ეფუძნება შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპებს (სსსკ-ის 3-5 მუხლები), თუმცა, აღნიშნული იმასაც ავალდებულებს მხარეებს, რომ საპროცესო კანონმდებლობის შესატყვისად მოხდეს მხარეთა მიერ მოთხოვნებისა და უფლებების გაცხადება თუ დაზუსტება. სსსკ-ის 261.2 მუხლით დადგენილი 7 დღიანი ვადით კანონმდებელმა შემოსაზღვრა როგორც მხარეთა, ისე სასამართლოს შესაძლებლობა, ამავე ნორმით დადგენილი წინაპირობების შემთხვევაში, სასამართლომ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, რადგან დაადგინა, რომ ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
21. საკასაციო სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ „ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7 დღიანი ვადის დენის დაწყებას კი კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას (იხ.სუსგ Nას-225-217-2012, 25.06.2012წ.), რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის (სასამართლოსათვის) ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი. შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი“ (იხ. სუსგ-ები Nას-795-754-2013, 29.11. 2013 წ; Nას- 920-870-2015, 09.06.2016წ.
22. „საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული“ (იხ. სუსგები N ას-520-479-2016, 05.09.2016წ; N ას-558-533-2016, 15.07.2016წ; Nას-562-537-2016, 15.07.2016წ; Nას-299-284-2016, 22.04.206წ; Nას-234-223-206, 22.04.2016წ).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა უსაფუძლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჟ.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე