Facebook Twitter

საქმე №ა-1133-შ-29-2020 22 თებერვალი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „უ.ი.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი.ს–ი“ (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის სამრეწველო-სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის #158/2018 გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „უ.ი–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, გამყიდველი ან შუამდგომლობის ავტორი) და შპს „ი.ს–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2017 წლის 7 სექტემბერს დაიდო №3-E/2017 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, გამყიდველს მყიდველისთვის უნდა გადაეცა ინდაურის ხორცი (პროდუქცია), იმ ასორტიმენტით, რაოდენობითა და ფასით, რაც მითითებული იყო სერთიფიკაციაში (ინვოისში), ხოლო მყიდველს უნდა გადაეხადა საფასური.

2. ხელშეკრულების საერთო თანხა განისაზღვრებოდა, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მიწოდებული საქონლის საერთო ღირებულებით, ინვოისებში და ხელშეკრულებაზე დამატებითი შეთანხმებით დადგენილი ფასების შესაბამისად, პროდუქციის, ყოველი ცალკეული პარტიისათვის, რაც შეადგენდა 1 000 000 აშშ დოლარს.

3. პროდუქციის ღირებულების გადახდა ხდებოდა შემდეგი სახით:

3.1. მყიდველს, აშშ დოლარში, გამყიდველის ანგარიშზე უნდა გადაერიცხა პროდუქციის საფასური, დათქმულ ნაწილებად, კვირაში ერთხელ, პროდუქციის მიღებიდან 7 დღის შემდეგ;

3.2. გადახდის თარიღად ჩაითვლებოდა ინვოისის თანხიდან 100% ფულადი სახსრების გადარიცხვის თარიღი;

3.3. მხარეთა შორის, 2017 წლის 26 სექტემბრის №1 დამატებითი შეთანხმების შესაბამისად, ინვოისის მიხედვით, მყიდველს, პროდუქციის მიღების შემდეგ, გამყიდველის ანგარიშზე ყოველ პარასკევს უნდა გადაერიცხა 7 000 აშშ დოლარი 7 (შვიდი) კვირის განმავლობაში, ინვოისის საბოლოო გადახდა უნდა მომხდარიყო მე-8 (მერვე) კვირაში;

4. გამყიდველი გარანტიას იძლეოდა, რომ პროდუქცია შეესაბამებოდა მწარმოებელი ქვეყნის სტანდარტებს, რაც დასტურდებოდა წარმოშობის სერტიფიკატით.

5. ხელშეკრულების თანახმად პროდუქციაზე საკუთრების უფლება და მისი შემთხვევით დაღუპვის რისკი მყიდველზე გადადიოდა, პროდუქციის მყიდველზე ან მინდობილი პირის განკარგულებაში გადაცემის მომენტიდან.

6. გამყიდველი მყიდველს აწვდიდა პროდუქციას, ინვოისში აღნიშნული FCA პირობებით - ჩერნოვეცი, ტერმინების განმარტების თაობაზე საერთაშორისო წესების „ინკოტერმს“ 2010 შესაბამისად.

7. გამყიდველმა, 2017 წლის 26 ოქტომბრის №001 ინვოისის თანახმად მყიდველს გაუგზავნა 65 389.87 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია.

8. მიღებული პროდუქციის სანაცვლოდ, მყიდველმა მოსარჩელეს 2017 წელს გადაურიცხა - 3 000 აშშ დოლარი, 2017 წლის 22 დეკემბერს - 2 000 აშშ დოლარი, ჯამში - 5 000 აშშ დოლარი.

9. მიუხედავად ანგარიშსწორების ვადების ამოწურვისა და მყიდველის საგარანტიო წერილისა, რომ 2018 წლის 15 აპრილამდე დაფარავდა დარჩენილ დავალიანებას - 60 389.87 აშშ დოლარს, მოპასუხეს დავალიანება არ გადაუხდია.

10. მხარეთა შორის გაფორმებული №2 შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით პროდუქციის საფასურის გადახდა განხორციელდებოდა მყიდველის მიერ თანხის გადარიცხვის გზით, მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ 2018 წლის 26 ივნისამდე, ხოლო №3 შეთანხმების საფუძველზე შეწყდა №1 და №2 დამატებითი შეთანხმებების მოქმედება.

11. უკრაინის სამრეწველო-სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის #158/2018 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება), სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება - 60 389.87 აშშ დოლარი, გაღებული ხარჯები და საარბიტრაჟო მოსაკრებელი 3 692.40 აშშ დოლარი, ჯამში 64 082.27 აშშ დოლარი.

12. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2020 წლის 9 მარტს შუამდგომლობით მომართა გამყიდველის წარმომადგენელმა მოითხოვა დასახელებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

13. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და არ აღსრულებულა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაშია მიღებული განსახილველად.

15. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებისა და შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა ორჯერ ფოსტის მეშვეობით, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული საუბნო სამსახურის მეშვეობით მოპასუხისათვის გზავნილის (განჩინების) ჩაბარების მიზნით.

16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის VII სამმართველოს უფროსის 2020 წლის 11 დეკემბრის მომართვისა და მასზე დართული მისამართზე გამოცხადების შესახებ ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ ადრესატისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა (ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ ადრესატი მისამართზე არც ცხოვრობს და არც მუშაობს).

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით, მყიდველს საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა გამყიდველის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის თაობაზე და განემარტა, რომ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში ჰქონდა აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეეძლო, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე („საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის /შემდეგში: სპეციალური კანონი/ 71.3-ე მუხლი).

18. აღნიშნული შეტყობინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებ გვერდზე 2021 წლის 28 იანვარს განთავსდა, მხარისათვის ჩაბარებულად კი მისი საჯაროდ გავრცელებიდან 7 დღის შემდეგ ითვლება. მყიდველს მის წინააღმდეგ წარმოდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსაზრება არ გამოუთქვამს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე დართული დოკუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

19. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ უკრაინის სამრეწველო-სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის #158/2018 გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება - 60 389.87 აშშ დოლარი, გაღებული ხარჯები და საარბიტრაჟო მოსაკრებელი 3 692.40 აშშ დოლარი, ჯამში 64 082.27 აშშ დოლარი.

20. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

21. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის მიზნებისათვის უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, აგრეთვე წარმოდგენილი მოთხოვნა და დადგენილი გარემოებები არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნიუ იორკის კონვენციას.

23. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა ცნობს უკრაინის სამრეწველო-სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის №158/2018 გადაწყვეტილებაა საქართველოს საქართველოს ტერიტორიაზე.

24. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, მოცემული თვალსაზრისით შუამდგომლობა ასევე აკმაყოფილებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

25. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან.

27. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული საბანკო გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს გადახდილი აქვს 200 ლარი (150+50; საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისთვისა და უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი), რის გამოც მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს აღნიშნული ბაჟის შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „უ.ი–ის“ შუამდგომლობა უკრაინის სამრეწველო-სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის #158/2018 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და აღსასრულებლად მიექცეს უკრაინის სამრეწველო-სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის #158/2018 გადაწყვეტილება, რომლითაც:

2.1. შპს „ი.ს–ს“ შპს „უ.ი–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის 60 389.87 აშშ დოლარის, გაღებული ხარჯებისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის 3 692.4 აშშ დოლარის, ჯამში - 64 082.27 აშშ დოლარის გადახდა;

3. შპს „ი.ს–ს“ შპს „უ.ი–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის გადახდა;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე