საქმე №ას-1275-2020 3 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს–ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ლ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ს–ას“ სარჩელი სს „თ.ლ–ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 59-ე, 63-ე, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 374-ე მუხლის მუხლებით.
4. საქმის მასალების მიხედვით, სააპელაციო პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებად საჩივრის ავტორს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა.
5. 2020 წლის 27 ივლისს მოსარჩელის წარმომადგენელმა დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად საპროცესო ვადის გაგრძელება მოითხოვა.
6. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 ივლისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და აპელანტს განისაზღვრა დამატებით 10 დღე ხარვეზის შესავსებად.
7. მოსარჩელის წარმომადგენელს განჩინება ჩაბარდა 2020 წლის 5 აგვისტოს სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით (სატელეფონო შეტყობინების აქტი). შესაბამისად, განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან, 2020 წლის 6 აგვისტოდან და დასრულდა 17 აგვისტოს.
8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მხარეს განემარტა ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის შედეგები, დროის ამ მონაკვეთში მოსარჩელეს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით არ მიუმართავს. დაზუსტებული საჩივარი წარდგენილი იქნა მხოლოდ 2020 წლის 18 აგვისტოს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
10. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, განჩინება ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე ჩაბარდა 2020 წლის 5 აგვისტოს და 10 დღიანი ვადა ამოიწურა 17 აგვისტოს 24 საათზე (15-16 აგვისტოს იყო შაბათ-კვირა). დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი 2020 წლის 17 აგვისტოს 18:50:34 საათზე წარდგენილი იქნა ელექტრონული პროგრამის ecourt.ge-ს საშუალებით (განცხადების რეგისტრაციის ნომერი 700118784).აღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება ითვლება ვადაში გაგზავნილად და არ არსებობს საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
14. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს განჩინება ჩაბარდა 2020 წლის 5 აგვისტოს სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით (სატელეფონო შეტყობინების აქტი). განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან, 2020 წლის 6 აგვისტოდან და დასრულდა 17 აგვისტოს (15-16 აგვისტო იყო შაბათ-კვირა).
15. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი საპროცესო ნორმების სრული დაცვით წარადგინა. ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა ამონაწერი ელექტრონული პროგრამიდან ecourt.ge (სასამართლო საქმის რეგისტრაციის სერვისი), საიდანაც ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება გაგზავნილია 2020 წლის 17 აგვისტოს 18:50:34 საათზე.
16. სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება“.
17. საერთო სასამართლოებში ელექტრონული საქმისწარმოების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების პირველი მუხლის თანახმად, წინამდებარე წესი განსაზღვრავს საერთო სასამართლოებში ელექტრონული საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის წესსა და პირობებს, მე-3 მუხლით რეგულირებულია ელექტრონული სისტემით საქმისწარმოების დაწყება სასამართლოში, ხოლო მე-4 მუხლი განსაზღვრავს დოკუმენტის ფორმალური მხარის შემოწმების წესებსა და ვადებს.
18. გადაწყვეტილების მე-4 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, არასამუშაო დღეებში ან/და არასამუშაო საათებში შემოტანილი განცხადების/სარჩელის ფორმალური მხარის შემოწმება ხდება პირველივე სამუშაო დღე; მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადებაზე/სარჩელზე საპროცესო ვადები მხარეებს დაცულად ეთვლებათ ხარვეზის არსებობის შემთხვევაშიც.
19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული პუნქტების თანახმად, 2020 წლის 17 აგვისტოს გაგზავნილმა დაზუსტებულმა სააპელაციო საჩივრმა ფორმალური შემოწმება გაიარა პირველივე სამუშაო დღეს და მასზე არ დადგენილა ხარვეზი. შესაბამისად, იგი გაგზავნილად ითვლება 17 აგვისტოს.
20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ პროცედურული წესის, განსაკუთრებით კი გასაჩივრების უფლების გამოყენების ვადების განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა ხელყოს სასამართლოსადმი წვდომის უფლება.
21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მართალია „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდონ მოსარჩელის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ მან გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე. შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუ აქვს დასახული ლეგიტიმური მიზანი და თუ არის დაცული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის. (Liakopoulou v. Greece, 20627/04, §17, 2006, ECHR).
22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძოს საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ადასტურებს დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის ვადაში (2020 წლის 17 აგვისტოს, 18:50:34 საათზე) გაგზავნის ფაქტს, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ს–ას“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინება და საქმე, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე