საქმე № ას-135-2021 8 აპრილი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;
კასატორი - მ.გ–ი (მოსარჩელე);
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე–ი“ (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე);
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინება;
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
დავის საგანი - იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა;
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით, მ.გ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ.გ–სა და შპს „ე–ს“ შორის 2016 წლის 06 დეკემბერს დადებული იჯარის ხელშეკრულება შეწყდა და შპს „ე–ს“ მ.გ–ის სასარგებლოდ 1500 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. დანარჩენ ნაწილში ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელიც, მ.გ–ს შპს „ე–ის“ სასარგებლოდ 35 167.84 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა, შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა დარჩენილ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ასევე, შპს „ე–ს“ მ.გ–ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის 221.4 ლარის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის გაწეული ხარჯის 327.17 ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 155 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. ამავე გადაწყვეტილებით, მ.გ–ს შპს „ე–ის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის 1055.3 ლარის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის გაწეული ხარჯის 773.69 ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 1400 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ე–მა“ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
1. შპს „ე–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების 1.2 და 2.2 პუნქტები და სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
1. მ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. შეწყდა მ.გ–სა და შპს „ე–ს“ შორის 2016 წლის 06 დეკემბერს დადებული იჯარის ხელშეკრულება რეესტრის ნომერი N161414500. დარჩენილ ნაწილში მ.გ–ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;
3. შპს „ე–ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
4. მ.გ–ს შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 35 167.84 ლარის გადახდა;
5. მ.გ–ს შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1500 აშშ დოლარის გადახდა;
6. მ.გ–ს შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ელექტროენერგიის დაერთების ღირებულების - 1 226 ლარისა და გაზიფიცირების გადასახადის - 738.68 ლარის გადახდა;
7. შპს „ე–ს“ უარი ეთქვა პირგასამტეხლოს, მომსახურე პერსონალისათვის გადასახდელი თანხისა და კაფე - ბარის ინვენტარის საფასურის ანაზღაურებაზე.
8. შპს „ე–ს“ მ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯი, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 100 ლარის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის გაწეული ხარჯის 327.17 ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 155 ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩენილ ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად ჩაითვალოს;
9. მ.გ–ს შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯი, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 2530 ლარის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის გაწეული ხარჯის 773.69 ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 1400 ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩენილ ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად ჩაითვალოს;
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მ.გ–მა და შპს „ე–ის“ წარმომადგენელმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის განჩინებით, შპს "ე–ის" წარმომადგენლის გ.ი–ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა. შეწყდა წარმოება შპს "ე–ის" საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე მ.გ–ის (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) სარჩელის გამო, შპს "ე–ის" (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) მიმართ, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანხის დაკისრების (თავდაპირველ სარჩელში), თანხის დაკისრების (შეგებებულ სარჩელში) თაობაზე;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებით, მ.გ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მ.გ–ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: ა) დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, კასაციის საფუძვლების მითითებით და ბ) 150 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 98.23 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“);
6. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა პირადად 2021 წლის 17 მარტს (ტ. 4, ს. ფ. 112).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა პირადად 2021 წლის 17 მარტს (ტ. 4, ს. ფ. 112).
8.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 18 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 22 მარტს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2021 წლის 32 მარტის ჩათვლით შეევსო.
9. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
10. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
11. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.გ–ი საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე