საქმე №ას-923-2020 11 მარტი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.მ–ა (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ჯ.ჭ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ქალაქ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის უფლებამონაცვლე სსიპ ქალაქ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის სალიკვიდაციო კომისია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.07.2020წ. განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.11.2019წ. გადაწყვეტილების იმდაგვარად განმარტება, რომ მოპასუხეს კომპენსაციის სახით 3000 ლარი დაეკისრა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადის გარეშე
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.10.2018წ. გადაწყვეტილებით: 1. მ.მ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი დაკმაყოფილდა; 2. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის (უფლებამონაცვლე სსიპ ქალაქ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის სალიკვიდაციო კომისია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“)), 28.02.2017წ. ბრძანება N27-დ მოსარჩელის ნახევარ სამუშაო განაკვეთზე გადაყვანის შესახებ; 3. მოსარჩელე აღდგენილ იქნა საბიბლიოთეკო მომსახურებისა და რესურსების სამსახურის დაკომპლექტების განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარის თანამდებობის სრულ სამუშაო განაკვეთზე; 4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 01.03.2017წ.-დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სრულ სამუშაო განაკვეთზე მისაღებ და ნახევარ განაკვეთზე მიღებულ ხელფასებს შორის სხვაობის სახით თვეში 160 ლარი.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.11.2019წ. გადაწყვეტილებით: 1. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.10.2018წ. გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტები და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 3000 ლარის გადახდა; 3. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით და დაადგინა, რომ არსებული რეალობის პირობებში, სალიკვიდაციო პროცედურების განხორციელების ეტაპზე შეუძლებელი იყო მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა გონივრული და სამართლიანი ოდენობით კომპენსაცია, რათა ამ მხრივ შეძლებისდაგვარად აღდგენილიყო მოსარჩელის დარღვეული უფლება.
4. მოსარჩელემ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სასამართლოს განემარტა 01.11.2019წ. გადაწყვეტილებით დაკისრებული კომპენსაცია წარმოადგენდა დასაბეგრ, თუ დაბეგრილ თანხას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.07.2020წ. განჩინებით განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა და განიმარტა, რომ 01.11.2019წ. გადაწყვეტილებით მოპასუხეს კომპენსაციის სახით დაეკისრა 3000 ლარის გადახდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადის დაქვითვით, რადგან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ იყო მითითება „დაუბეგრავ“ ოდენობაზე.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ შემდეგი საფუძვლებით:
6.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ კომპენსაციის დაკისრება მოხდა არა ხელზე ასაღები, არამედ დარიცხული ოდენობით. გათვალისწინებით იმისა, რომ მოსარჩელის სამსახურში აღდგენა ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხდებოდა, მოსარჩელემ სასამართლოს მიანდო კომპენსაციის განსაზღვრა. მან მიკუთვნებული კომპენსაცია მხოლოდ იმიტომ ჩათვალა გონივრულად, სამართლიანად და არ გაასაჩივრა, რომ მიიჩნია ხელზე ასაღებ თანხად.
6.2. იმ შემთხვევაში, თუ კომპენსაცია უნდა დაბეგრილიყო, სასამართლოს უნდა მიეთითებინა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. კომპენსაცია არ წარმოადგენს ხელფასს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და დაკმაყოფილდეს განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
9. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
10. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს გადაწყვეტილების განმარტების საკითხზე მიღებული განჩინების მართლზომიერებაზე.
11. სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
12. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარს. გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება ექმნება (სუსგ №ას-267-255-2017, 31.03.2017). გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან (სუსგ №ას-1762-2018, 27.02.2019).
13. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ, ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა ( სუსგ. Nა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.; სუსგ №ას-684-638-2017, 07.07.2017წ.).
14. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ფარგლებში უნდა განიმარტოს: საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე (01.11.2019წ. გადაწყვეტილების მიღების მომენტში მოქმედი რედაქცია) სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული კომპენსაცია გულისხმობს დაბეგრილ თუ დაუბეგრავ თანხას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არსებობს გადაწყვეტილების განმარტების სავალდებულო წინაპირობა, განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა (შდრ. ას-1454-1374-2017, 15.02.2018წ.).
15. საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ უშუალოდ ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა (Nა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.; Nა-2020-გან-4-2015, 17.06.2015წ.).
16. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 01.11.2019წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენისათვის სამართლიან ზომად კომპენსაციის მინიჭება მიიჩნია, განმარტა, რომ იმ მატერიალური დანაკარგის გათვალისწინებით, რაც დასაქმებულმა ნახევარ განაკვეთზე გადაყვანითა და სახელფასო ანაზღაურების შემცირებით განიცადა, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელე არის საპენსიო ასაკის და სამომავლოდ ვეღარ შეძლებს დასაქმებას, კომპენსაციის ოდენობად უნდა განსაზღვრულიყო 3000 ლარი, რაც შეადგენდა გონივრულ კომპენსაციას (ტ.2, ს.ფ.85).
17. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არ ადგენს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უფლების დარღვევით განიცადა, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც უკანონო ქმედებით მიადგა.
18. კომპენსაცია, როგორც დარღვეული უფლების აღდგენის საშუალება, წარმოადგენს არა ხელფასს, იძულებით განაცდურს ან სხვა რაიმე გასაცემელს, არამედ, ის თანხაა, რომელიც შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის გამო დასაქმებულის ინტერესების დაცვის საკანონმდებლო საშუალებაა და თავის თავში მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა გასაცემელს (სუსგ. Nა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.). კომპენსაციის სახით დაკისრებული ფიქსირებული თანხა არ წარმოადგენს სახელფასო დავალიანებას და ამდენად, საგადასახადო დაბეგვრის ინტერსებისათვის მასში მითითებული თანხის აღუსრულებლობა უმართებულოა (სუსგ. Nა-2020-გან-4-2015, 17.06.2015წ.). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 01.11.2019წ. გადაწყვეტილების არც სამოტივაციო და არც სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას თანხების დაქვითვაზე/დაბეგვრაზე, რის გამოც გამართლებულია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი კომპენსაციის სახით დაკისრებული თანხის სრულად ანაზღაურების თაობაზე.
19. გადაწყვეტილების განმარტების საკითხზე მიღებულ განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია თავად განმარტოს გადაწყვეტილების ბუნდოვანი დებულება (სუსგ Nას-160-154-2011, 23.03.2011წ.). ამდენად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.07.2020წ. განჩინება და ამავე სასამართლოს 01.11.2019წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი განიმარტოს იმგვარად, რომ მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაცია - 3 000 ლარი წარმოადგენს არა დარიცხულ, არამედ - ხელზე ასაღებ თანხას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.მ–ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.07.2020წ. განჩინება და ამავე სასამართლოს 01.11.2019წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი განიმარტოს იმგვარად, რომ მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაცია - 3 000 ლარი წარმოადგენს არა დარიცხულ, არამედ - ხელზე ასაღებ თანხას.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე