№ას-1455-2018 10 იანვარი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი (მოპასუხე) – შპს „ს.გ.ტ.კ–ა“
წარმომადგენელი - გ.ქ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „კ–ი-....“
წარმომადგენლები - ა.ი–ა, თ.ჭ–ძე (დირექტორი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. „ს.გ.ტ.კ–ასა“ (შემდეგში - შემკვეთი, ბენეფიციარი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან კომპანია) და შპს „კ–ი ....-ს“ (შემდეგში - მენარდე, პრინციპალი, მოსარჩელე, აპელანტი) შორის 2014 წლის 1 ივლისს დაიდო „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N189.06.14 ხელშეკრულება“ (შემდეგში - ხელშეკრულება), რომლის მიხედვით, მენარდე ვალდებული იყო, შემკვეთის დავალებითა და შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ქალაქ ტყიბულის სრული გაზიფიცირების მიზნით, გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები შეესრულებინა. სამუშაოთა დაწყების დროდ განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმების თარიღი. სამუშაოები 360 დღეში უნდა დასრულებულიყო. სამუშაოთა ღირებულება - 2 124 378.58 ლარით განისაზღვრა. მენარდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო უნდა შეესრულებინა მისთვის გადაცემული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, ხოლო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა შემკვეთისათვის.
2. ხელშეკრულების 8.3. პუნქტით, მიმწოდებლის მხრიდან შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვრა სამუშაოთა ჯამური ღირებულების 0.1%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ხელშეკრულების შესრულების გარანტია, რაც გულისხმობდა შესრულების უზრუნველყოფისათვის მიმწოდებლის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენას ხელშეკრულების ღირებულების 4%-ით; საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
4. ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება: 2014 წლის 4 სექტემბერს მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებას დაერთო ქალაქ ტყიბულის გაზიფიცირების სამუშაოების გეგმა-გრაფიკი და გახდა ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი; 2014 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმება №2-ის მიხედვით, გაზიფიცირების სამუშაოების გეგმა-გრაფიკი შეიცვალა კორექტირებული გეგმა-გრაფიკით, რაც გახდა ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი; 2015 წლის 17 აპრილის №3 შეთანხმებით ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში, კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 2 005 078,14 ლარით; 2015 წლის 29 მაისს ცვლილებები შევიდა ხელშეკრულებაში, კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება №4, რომლის მიხედვით, გაზიფიცირების სამუშაოების გეგმა-გრაფიკი კვლავ შეიცვალა კორექტირებული გეგმა-გრაფიკით; ამასთან, შეთანხმებით მხარეებმა შეცვალეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა, კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2015 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით განისაზღვრა; 2015 წლის 27 ივლისის ცვლილებებით (შეთანხმება №5), მხარეებმა კვლავ შეცვალეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა, კერძოდ, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 402 კალენდარულ დღეში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა - 2015 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, სამუშაოთა ჯამური ღირებულება კი, 2 012 186.44 ლარით; 2015 წლის 7 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმება №6-ის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2015 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით განისაზღვრა. ამავე შეთანხმებით მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, არაუგვიანეს 2015 წლის 15 სექტემბრისა, შემსყიდველისათვის წარედგინა არანაკლებ 119 000.00 ლარის შუალედური შესრულებული სამუშაოების აქტი.
5. 2015 წლის 25 სექტემბერს შემსყიდველი კომპანიის სატენდერო კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტისა და ხელშეკრულების 8.3. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვაზე 2015 წლის 7 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით.
6. 2015 წლის 13 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით, მენარდის მიერ 2015 წლის 25 სექტემბრის მონაცემებით, შესრულებული სამუშაოების ღირებულების ჯამმა შეადგინა - 1 714 891.36 ლარი; 2015 წლის 13 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოებიდან მენარდემ შეასრულა 90 555.23 ლარის ღირებულების სამუშაო, საიდანაც შემკვეთმა მენარდეს აუნაზღაურა 2019.00 ლარი, დარჩენილი თანხა კი, დაიტოვა პირგასამტეხლოს სახით. შემკვეთის მიერ მენარდისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო სულ - 98 000.00 ლარია.
7. სს „ს.კ.ჯ.ჰ–მა“ (შემდეგში - გარანტი) 2016 წელს სრულად აუნაზღაურა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა - 84 980.00 ლარი.
8. 2016 წლის 3 თებერვალს მენარდემ სარჩელი აღძრა შემკვეთის წინააღმდეგ შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 98 000.00 ლარისა და გარანტისათვის რეგრესის წესით გადახდილი 94 469.00 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, შესრულებულ სამუშაოთა საერთო ღირებულებიდან (1 714 891.36 ლარიდან) მოპასუხემ არ აუნაზღაურა 98 000.00 ლარი იმ საფუძვლით, რომ ეს თანხა ვალდებულების დარღვევისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოში გაუქვითა. მოსარჩელის მტკიცებით, მას ვალდებულება არ დაურღვევია, პირიქით, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულებულიყო სამშენებლო სამუშაოები. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის იმ თანხის დაკისრება, რაც მან გარანტს რეგრესის წესით გადაუხადა. მოსარჩელის განმარტებით, მან ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. ამის მიუხედავად, მოპასუხემ გარანტისაგან მაინც გამოითხოვა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა - 84 980.00 ლარი. ამ ქმედებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი, ვინაიდან იგი იძულებული გახდა გარანტისათვის გადაეხადა როგორც საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა, ისე საბანკო გარანტიის საზღაური - 9 489.00 ლარი, სულ 94 469.00 ლარი.
9. შემკვეთმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მათ არაერთხელ გამოიჩინეს გულისხმიერება მოსარჩელის მიმართ, კერძოდ, ქ.ტყიბულის გაზიფიცირების სამუშაოების სპეციფიკის, მძიმე კლიმატური პირობების, რთული რელიეფისა და პროექტში შეტანილი კორექტირებებით, რამდენჯერმე გაიზარდა სამუშაოთა შესრულების ვადა. მოსარჩელე სისტემატურად არღვევდა ვადას, რის გამოც მას პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა. საბანკო გარანტია იყო უპირობო და, რაკი მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ჯეროვნად ვერ შეასრულა, შემკვეთს წარმოეშვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გამოთხოვის უფლება.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს 98 000.00 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 316-ე, მე-400-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე და 879-ე მუხლები გამოიყენა.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 79 200 ლარის, 10 000 ლარისა და 80 298 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
12.1. სააპელაციო პალატის მითითებით, უდავო იყო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ვერ დასრულდა, კერძოდ, საერთო ღირებულებიდან - 2 012 186.44 ლარიდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას მენარდემ შეასრულა - 1 714 891.36 ლარის სამუშაო, ანუ შესასრულებელ სამუშაოთა 85 პროცენტი, შესაბამისად, შეუსრულებელი დარჩა - 297 295.00 ლარის სამუშაო. შემკვეთმა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის დროს შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებიდან - 90 555.23 ლარიდან მოსარჩელეს გადაუხადა მხოლოდ - 2019.00 ლარი, ხოლო - 88 536.23 ლარი გაქვითა პირგასამტეხლოს ანგარიშში. ამასთან, შემკვეთს წინა პერიოდში პირგასამტეხლოს ანგარიშში უკვე დაკავებული ჰქონდა 10 000 ლარი, რის გამოც შემკვეთის მიერ მენარდისათვის დაკისრებულმა პირგასამტეხლომ შეადგინა - 98 000.00 ლარი. პალატის მითითებით, უდავო იყო ისიც, რომ შემკვეთმა ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით, სრულად დაისაკუთრა მოსარჩელის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარდგენილი - 84 980.00 ლარი. ზემოხსენებული თანხის უკან დაბრუნებას მოსარჩელე ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ ვალდებულება მისი მიზეზით არ დარღვეულა, კერძოდ, სამუშაოები შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვერ სრულდებოდა თავად შემკვეთის ბრალით, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ შემკვეთის მიერ მიწოდებული შესასრულებელი სამუშაოების პროექტი იყო ხარვეზიანი, შემკვეთი კი ხარვეზს დროულად არ ასწორებდა.
12.2. სააპელაციო პალატამ საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის პოზიცია, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში სამუშაოების დაუსრულებლობა არ იყო გამოწვეული მხოლოდ მიმწოდებლის მიზეზით და იკვეთებოდა თანამონაწილეობა (შერეული ბრალი). სააპელაციო პალატამ მიუთითა ხელშეკრულების დანაწესზე, რომლის მიხედვითაც, შემკვეთს გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები უნდა შეესრულებინა შემსყიდველის მიერ მომზადებული და მისთვის გადაცემული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისად, თუ საპროექტო დოკუმენტაცია, მისი ხარვეზიანობის გამო, არ ქმნიდა სამუშაოების შეთანხმეული ვადაში შესრულების შესაძლებლობას, ვლინდებოდა სამუშაოთა შესრულების ვადის დარღვევაში შემსიყდველის თანამონაწილედ მიჩნევის საფუძველი. ამას ადასტურებდა საქმეში წარდგენილი შპს „ვ–ის“ დასკვნაც, რომლის მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაცია ადგილზე არსებული რეალური ვითარების შესაბამისი არ იყო და ხშირ შემთხვევაში, სამუშაოები ვერ სრულდებოდა საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით.
12.3. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზიანობას ის ფაქტიც ადასტურებდა, რომ პროექტში მიმწოდებლის მოთხოვნით რამდენჯერმე შევიდა ცვლილება, რაც თავისთავად აფერხებდა სამუშაოთა დათქმულ ვადაში დასრულებას. ამასთან, სრული კორექტირებული პროექტი შემკვეთს არ გადასცემია და არც საქმეში არ წარდგენილა. საყურადღებო იყო ისიც, რომ შემკვეთმა სამუშაო დაასრულა სწორედ კორექტირებული პროექტის შესაბამისად, იმ ცვლილების გათვალისწინებით, რასაც მენარდე უშედეგეოდ ითხოვდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. ამასთან, სახელშეკრულებო დათქმის შესაბამისად, მენარდე შემკვეთს დროულად ატყობინებდა პროექტის ხარვეზიანობის შესახებ და ითხოვდა საპროექტო მონაცემებში ცვლილებების შეტანას.
12.4. სააპელაციო პალატის მითითებით, შემკვეთმა სამუშაოთა მორიგი ეტაპის დასრულების ვადა დაუკავშირა მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის თარიღს - 12 აგვისტოს და არა ფორმა N2-ის წარდგენის თარიღს - 5 აგვისტოს, შესაბამისად, 7 აგვისტოდან 12 აგვისტომდე პერიოდი მიიჩნია სამუშაოთა დასრულების ვადის დარღვევად, რის გამოც შემკვეთს პირგასამტეხლო -10 000 ლარი დაარიცხა. პალატამ, საქმის მასალებისა და ანალიტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდემ შესასრულებელ სამუშაოთა მორიგი ეტაპი ფაქტობრივად შეთანხმებულ ვადაში - 2015 წლის 7 აგვისტომდე დაასრულა, რის შესახებაც ელექტრონული ფოსტით აცნობა შემკვეთს. მიღება-ჩააბრების აქტის დაგვიანებით შედგენა კი, ვერ შეცვლიდა რეალურ ვითარებას და ვერ შექმნიდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის განსჯით, 2015 წლის 7 აგვისტოდან 2015 წლის 12 აგვისტომდე (ხუთი დღე) დარიცხული პირგასამტეხლო - 10 000 ლარი მოსარჩელეს სრულად უნდა დაჰბრუნებოდა.
12.5. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, პირგასამტეხლო საერთო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%, ჯამურად - 88 000 ლარი (2015 წლის 12 აგვისტოდან 2015 წლის 25 სექტემბრამდე), შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული იყო, სცდებოდა პირგასამტეხლოს პრევენციულ ფუნქციას. იმის გათვალისწინებით, რომ აშკარა იყო ვალდებულების ნაწილობრივი დარღვევა/არაჯეროვანი შესრულება, ამასთან, ეს არ იყო გამოწვეული მხოლოდ მენარდის მიზეზით, პირგასამტეხლო დღეში 0.01%-ით - 8 800 ლარით უნდა განსაზღვრულიყო. შესაბამისად, ეს თანხა უნდა დარჩენოდა შემკვეთს პირგასამტეხლოს ანგარიშში ჩამოჭრილი 88 000 ლარიდან, ხოლო მენარდეს უნდა დაჰბრუნებოდა - 79 200 ლარი. ამდენად, პალატამ დაადგინა, რომ შემკვეთის მიერ დაკავებული პირგასამტეხლოდან - 98 000 ლარიდან, პირველ ეტაპზე დარიცხული პირგასამტეხლო - 10 000 ლარი სრულ დაბრუნებას, ხოლო მეორე ეტაპზე დარიცხული პირგასამტეხლო - 88 000 ლარი, 8 800 ლარამდე შემცირებას და - 79 200 ლარი დაბრუნებას ექვემდებარებოდა.
12.6. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს საბანკო გარანტია ჩამოერთმეოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. პალატის დასკვნით, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, მიმწოდებლის მიერ შესრულებული იყო ნაკისრ ვალდებულებათა 85%, საბანკო გარანტიის სრული ოდენობით გამოყენების წინაპირობაც არ არსებობდა. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაჰბრუნებოდა მოპასუხის მიერ დასაკუთრებული საბანკო გარანტიის თანხის - 84 980 ლარის და ამ გარანტიის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის - 9 489 ლარის, სულ - 94 469 ლარის 85% - 80 298 ლარი.
13. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად უარყოფა შემდეგი დასაბუთებით:
13.1. კასატორის მტკიცებით, ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე, მენარდეს წინასწარ, ადგილზე არ შეუსწავლია არსებული ვითარება. მიუხედავად პროექტის მაღალი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა, მოპასუხემ სამუშაო თავიდანვე უკიდურესად ნელა წარმართა. ამის გამო მოთხოვნილ იქნა სამუშაო ტემპის გაზრდა, ხოლო შემდგომ გეგმა-გრაფიკის წარდგენა. ამდენად, პირველი შეთანხმების გაფორმების საფუძველი სამშენებლო პროექტის კორექტირება არ ყოფილა. 2014 წლის ნოემბერში გაზიფიცირების სამუშაოების აუდიტის შედეგად აღმოჩნდა, რომ სამშენებლო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით არ მიმდინარეობდა. მოსარჩელის თხოვნის საფუძველზე, გეგმა-გრაფიკი შეიცვალა 2014 წლის 4 დეკემბერს გაფორმებული N2 შეთანხმებით. ამდენად არც ამ შეთანხმების გაფორმების საფუძველი არ ყოფილა სამშენებლო პროექტის კორექტირება.
13.2. კასატორის მითითებით, ქალაქ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ზოგიერთ ქუჩაზე ბეტონის გზები მოეწყო, შედეგად გაზიფიცირების სამუშაოების პროექტმაც განიცადა ცვლილება, სახელდობრ, ამ ქუჩებზე მიწისქვეშა გასზადენის მაგივრად, მიწისზედა გაზსადენის მოწყობა განისაზღვრა. ამასთან დაკავშირებით, დამატებითი სამუშაოები, კომპანიის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, შეასრულა სხვა კომპანიამ. შესაბამისად, შემცირდა მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოების მოცულობაც. შეთანხმება N3 სწორედ აღნიშნულის თაობაზე გაფორმდა. N4 შეთანხმებაც გაფორმდა არა პროექტის კორექტირების მიზნით, არამედ მენარდის მოთხოვნით, კლიმატური პირობების გათვალისწინებით. N5 შეთანხმებით სამშენებლო პროექტი დაკორექტირდა და სამუშაოთა შესრულების ვადა გაიზადა 12 დღით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ არაერთხელ გამოიჩინა გულისხმიერება მოსარჩელის მიმართ, ქალაქ ტყიბულის გაზიფიცირების სამუშაოების სპეციფიკის, მძიმე კლიმატური პირობების, რთული რელიეფისა და პროექტში შეტანილი კორექტირებებით, რამდენჯერმე გაიზარდა სამუშაოთა შესრულების ვადა, მოსარჩელის მიერ სისტემატურად ირღვეოდა ვადა, რამაც მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწვია.
13.3. კასატორის მითითებით, მხარეთა შორის #6 შეთანხმება გაფორმდა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების პირობით, როდესაც მოსარჩელემ უკვე გადააცილა სამუშაოების შესრულების ვადას და ერიცხებოდა პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული #6 შეთანხმებიდან, სამშენებლო პროექტში კორექტირება შევიდა N3 შეთანხმებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, რაც, ბუნებრივია, შეუძლებელია კომპანიას წინასწარ სცოდნოდა. ამდენად, ხელშეკრულება მისი მოქმედების ამოწურვის გამო შეწყდა. 2015 წლის 13 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ 2015 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, შესრულებული სამუშაოების ჯამმა შეადგინა - 1 714 891.36 ლარი (ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოების ჯამური ღირებულება - 2 012 186,44 ლარია). მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ნაწილობრივი შესრულებისა და შეთანხმებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. ამასთან, სამუშაოების წარმოების დროს აღმოჩენილ იქნა უამრავი დარღვევა და კომპანიას თავად მოუწია ხარვეზით შესრულებული გარკვეული სამუშაოების შესრულება.
13.4. კასატორის მიითებით, 2015 წლის 12 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტში ცალსახადაა მითითებული, რომ მოსარჩელეს შესრულებული ჰქონდა სამუშაოების ნაწილი, რაც პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველია. ამდენად, მიუხედავად იმისა, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდებოდა - 7 თუ 12 აგვისტოს, თუკი სამუშაოები სრულად არ იქნებოდა დასრულებული 2015 წლის 7 აგვისტოს, ნებისმიერ შემთხვევაში დაერიცხებოდა პირგასამტეხლო. მოსარჩელეს საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე პირგასამტეხლოს დაანგარიშების მეთოდი სადავოდ არ გაუხდია და არც მისი შემცირება არ უთხოვია.
13.5. შემკვეთმა ისარგებლა საბანკო განატიით მინიჭებული უფლებამოსილებით და გარანტისაგან შეთანხმებული თანხა მიიღო. კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია არ ითვალისწინებდა შემცირებას მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულების პროპორციულად.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და სადავო არ არის, რომ მენარდემ შეასრულა - 1 714 891.36 ლარის სამუშაო. შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებიდან შემკვეთმა მენარდეს არ გადაუხადა 98 000.00 ლარი. შესაბამისად, მენარდის პირველი მოთხოვნის - ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოების საზღაურის დარჩენილი ნაწილის გადახდის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლი.
17. ზემოხსენებული მოთხოვნის წინააღმდეგ შემკვეთმა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი წარადგინა, კერძოდ, შემკვეთი მენარდის მიერ სამუშაოთა 85%-ის შესრულებას არ ედავება, თუმცა განმარტავს, რომ, რაკი მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ვერ დაასრულა, მას, ხელშეკრულების შესაბამისად, დაერიცხა პირგასამტეხლო - ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.1 % (98 000.00 ლარი), რაც მენარდისათვის გადასახდელ საზღაურში უნდა გაიქვითოს. აქედან გამომდინარე, შემკვეთის მიერ წარმოდგენილი გაქვითვის შესაგებელი სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 442.1 (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) მუხლებს ეფუძნება.
18. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ვალდებულების დარღვევაში ორივე მხარის ბრალეულობა, ამასთან, დაუსაბუთებლად შეამცირა პირგასამტეხლო 0.01%-მდე.
19. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში სამუშაოების დაუსრულებლობა არ იყო გამოწვეული მხოლოდ მიმწოდებლის მიზეზით და იკვეთებოდა სსკ-ის 415-ე მუხლით გათვალისწინებული შერეული ბრალი. სწორია სააპელაციო პალატის მითითება ხელშეკრულების დანაწესზე, რომლის მიხედვითაც, შემკვეთს გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები უნდა შეესრულებინა შემსყიდველის მიერ მომზადებული და მისთვის გადაცემული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, რაკი შემკვეთმა ვერ უზრუნველყო მენარდისათვის უხარვეზო საპროექტო დოკუმენტაციის გადაცემა, რაც აფერხებდა სამუშაოების შეთანხმეულ ვადაში დასრულებას, ვლინდებოდა სამუშაოთა შესრულების ვადის დარღვევაში შემკვეთის ბრალეულობა (იხ. წინამდებარე განჩინების 12.2 და 12.3 პუნქტები).
20. შემკვეთის მიერ მენარდისათვის დარიცხულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით პალატა მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, პირგასამტეხლო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი თუ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან დაანგარიშდება. საკასაციო პალატის განმარტებით, პირგასამტეხლოს თაობაზე სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს გამოანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ასეთი წესით დაანგარიშებული პირგასამტეხლოს მოვალისათვის დაკისრება ვერ შეასრულებს თავის ნორმატიულ დანიშნულებას. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ გაზრდის პირგასამტეხლოს მოცულობას, მეორე მხრივ კი, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში დააკისრებს პასუხისმგებლობას (შდრ. სუსგ. №ას-931-896-2016, 31.01.2017 წ. Nას-581-2019, 31.07.2019წ).
21. გარდა ამისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (შდრ. სუსგ ას-144-140-2016, 19.04.2016 წ.).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ზიანის დადგომაში მოპასუხესაც მიუძღვის ბრალი, შესაბამისად, დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და შედეგების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გონივრული და სამართლიანი ოდენობა - 8 800 ლარია. ამდენად, ვადაგადაცილებისათვის მენარდის მიმართ წარდგენილი შემკვეთის პრეტენზია პირგასამტეხლოს - 8 800 ლარის შესახებ საფუძვლიანია, ამასთან, რაკი შემკვეთისა და მენარდის მოთხოვნების შესრულების ვადაც მოსულია, ისინი უნდა გაიქვითოს სსკ-ის 442.1 (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) და 444-ე (თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე) მუხლების საფუძველზე, ხოლო გაქვითის შემდეგ დარჩენილი თანხა - 79 200 ლარი მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს.
23. მოსარჩელის მეორე მოთხოვნა საბანკო გარანტიის (სსკ-ის 879-ე მუხლი - საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) ურთიერთობიდან გამომდინარეობს, კერძოდ, იგი მოითხოვს მოპასუხისათვის იმ თანხის დაკისრებას, რაც პრინციპალმა გარანტს რეგრესის წესით გადაუხადა. მოსარჩელის განმარტებით, მან ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. ამის მიუხედავად, ბენეფიციარმა გარანტისაგან მაინც გამოითხოვა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა - 84 980.00 ლარი. ბენეფიციარის მოქმედებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი, ვინაიდან იგი იძულებული გახდა გარანტისათვის გადაეხადა როგორც საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა, ისე ამ გარანტიის მომსახურებაზე გაწეული საზღაური - 9 489.00 ლარი, სულ 94 469.00 ლარი. ნარდობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად წარდგენილი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ბენეფიციარის მიერ პრინციპალისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 8.3 (სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი) და 115-ე (სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.მუხლებს ეფუძნება) მუხლების შესაბამისად უნდა შემოწმდეს.
24. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებია: ვალდებულების ბრალეული დარღვევა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების დარღვევასა და შედეგს შორის. დასახელებული შემადგენლობიდან რომელიმე ელემენტის არარსებობა გამორიცხავს იმ სამართლებრივი შედეგის დადგომას, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს (სუსგ №ას-1780-1758-2011, 22.01.2013წ.).
25. კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს (სუსგ Nას-549-521-2015, 18.11.2015წ.). საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ურთიერთობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბენეფიციარის მიერ სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად და გულისხმიერად განხორციელებას. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიისას ბენეფიციარის კეთილსინდისიერება ვლინდება გარანტისათვის წარდგენილი მოთხოვნის ფარგლების განსაზღვრისას, კერძოდ, ბენეფიციარის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედება შეიძლება გამოიხატოს საგარანტიო თანხის სრულად გადახდის მოთხოვნის წარდგენაში, როდესაც უზრუნველყოფილი ვალდებულება დიდწილად შესრულებულია. ამდენად, ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის ფარგლების კეთილსინდისიერად განსაზღვრა მეტად მნიშვნელოვანია (შდრ: საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკაში მკვეთრად გამოხატულია პოზიცია ბენეფიციარის მიერ კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულების შესახებ, განსაკუთრებით, უპირობო გარანტიების შემთხვევაში. არაკეთილსინდისიერი მოთხოვნა გარანტის მიერ ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამართლზომიერი მოთხოვნისაგან განსხვავებული, დამოუკიდებელი საფუძველია. - ლიპარტია, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნის მართვა და სამართლებრივი შედეგები, დისერტაცია, თბილისი, 2018, გვ. 185-187).
26. მოცემულ შემთხვევაში, წარდგენილი იყო რა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია, გარანტიის ფარგლებში ბენეფიციარს უნდა წარედგინა „ნაწილობრივი მოთხოვნა“, კერძოდ, ძირითადი ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის პროპორციულად. ბენეფიციარმა მოითხოვა საბანკო გარანტიის თანხა სრულად, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულების დიდი ნაწილი (85%) შესრულებული იყო. ეს კი ეწინააღმდეგება სსკ-ით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერების პრინციპს (შდრ. სუსგ. №ას-251-239-2017, 21.04.2017წ., სადაც უზენაესმა სასამართლომ, სსკ-ის მე-8 და 115-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მხოლოდ მოთხოვნის უფლების არსებობა იმგვარი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როგორც საბანკო გარანტიაა, არ აძლევს ბენეფიციარს უფლებას, უპირობოდ აინაზღაუროს თანხა, მას ეკისრება მეორე მხარის ქონებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების გამოჩენა).
27. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ ბენეფიციარმა ხელშეკრულებიდან გამომდინარე გარანტიის თანხის გამოთხოვის უფლებამოსილება არაკეთილსინდისიერად განახორციელა, რითაც მოსარჩელეს მიაყენა ზიანი -94 469 ლარის 85%-ის (80 298 ლარის) ოდენობით. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა 80 298 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.
28. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
29. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.გ.ტ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი