Facebook Twitter

საქმე №ას-127-2021 12 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „თ.ზ.ჰ–ი“

მოწინააღმდეგე მხარეები – ა.ჯ–ძე, მ.ფ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების, კომპენსაციისა და დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა.ჯ–ძემ და მ.ფ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „თ.ზ.ჰ–ის“ მიმართ სახელფასო დავალიანების, კომპენსაციისა და დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 თებევლის გადაწყვეტილებით ა.ჯ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „თ.ზ.ჰ–ს“ მოსარჩელე ა.ჯ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 604.50 ლარის, 2016 წლის სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 646.50 ლარის, 2016 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 732 ლარის, 2016 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 738 ლარის გადახდა; ასევე მოპასუხე შპს „თ.ზ.ჰ–ს“ მოსარჩელე ა.ჯ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 12.09.2016 წლიდან 604.50 ლარზე, 10.10.2016 წლიდან 646.50 ლარზე, 10.11.2016 წლიდან 732 ლარზე, 12.12.2016 წლიდან 738 ლარზე, 03.01.2017 წლიდან 1411 ლარზე ყოველდღიური 0.07% დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულებამდე; ამასთან, კომპენსაციის სახით დაეკისრა დასაბეგრი 1411 ლარის გადახდა; რაც შეეხება მეორე მოსარჩელეს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელე მ.ფ–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „თ.ზ.ჰ–ს,“ მოსარჩელე მ.ფ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 652.50 ლარის, 2016 წლის სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 573 ლარის, 2016 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 703.50 ლარის, 2016 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 922.50 ლარის გადახდა; მოპასუხეს ასევე დაეკისრა 12.09.2016 წლიდან 652.50 ლარზე, 10.10.2016 წლიდან 573 ლარზე, 10.11.2016 წლიდან 703 ლარზე, 12.12.2016 წლიდან 922.50 ლარზე, 1455 ლარზე 03.01.2017 წლიდან ყოველდღიური 0.07% დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულებამდე; მოპასუხე შპს თ.ზ.ჰ–ს" მოსარჩელე მ.ფ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა დასაბეგრი 1466 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „თ.ზ.ჰ–მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განჩინებით შპს „თ.ზ.ჰ–ის“ სააპელაციო საჩივარი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „თ.ზ.ჰ–მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 814 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კასატორის წარმომადგენელ თ.მ–ას ჩაბარდა 2021 წლის 23 თებერვალს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „თ.ზ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელ თ.მ–ას ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვალს განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2021 წლის 23 თებერვალს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.5, ს.ფ.90). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 24 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 1 მარტს, ვინაიდან 28 ტებერვალი იყო დასვენების დღე – კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „თ.ზ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი