Facebook Twitter

¹ბს-884-847(კს-06) 14 ნოემბერი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 204-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

რ. ბ-მა 12.01.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდის მუშაობის სტაჟში ჩათვლა მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1977 წლის 10 ოქტომბრიდან 2005 წლის 13 დეკემბრამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე. საქართველოს შინაგან სამინისტროს 28.02.2000წ. ¹104 პ/შ ბრძანებით როგორც შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომელი, გადაყვანილ იქნა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში. მიუხედავად მისი მცდელობისა, სხვა სამუშაოზე დასაქმებული აღარ იქნა. ამ პერიოში თავს თვლიდა მოქმედ პოლიციელად, ვინაიდან შინაგან საქმეთა ორგანოებიდან განთავისუფლების გარეშე სხვა ორგანოში მუშაობის უფლება არ გააჩნდა. 01.11.02წ. აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით მივლინებული იქნა ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში სამსახურის შემდგომ გასავლელად და 8 ნოემბრიდან დაინიშნა სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოში ინსპექტორად, ადრე დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით. მოსარჩელის განცხადებით, 2002 წლის ნოემბრის თვიდან თანამდებობრივ სარგოს ხელფასთან ერთად ეძლეოდა დანამატი 40%-ის ოდენობით იმის გამო რომ შინაგან საქმეთა ორგანოებში მას გააჩნდა 25 წელზე მეტი სტაჟი და ამ სტაჟში ჩათვლილი იყო მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდი. მოსარჩელის განმარტებით, 13.12.05წ. პირადი განცხადების საფუძველზე გავიდა პენსიაზე, თუმცა პენსიის მისაღებად სტაჟის გაანგარიშებისას მოპასუხემ კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდიდან მხოლოდ 4 თვე ჩაუთვალა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კადრების განკაგულებაში ყოფნის პერიოდიც უნდა ჩაეთვალოს შრომის სტაჟში, ვინაიდან კადრების განკარგულებაში მისი ყოფნის დროს არ გაცემულა ბრძანება სამსახურიდან მისი განთავისუფლების შესახებ და მისთვის არც სამსახური შეუთავაზებიათ.

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ «პოლიციის შესახებ" კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პოლიციელი კადრების განკარგულებაში შეიძლება აყვანილ იქნეს არაუმეტეს 4 თვისა.

ბათუმის სქალაქო სასამართლოს 17.02.06წ. გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს დაევალა რ. ბ-ისათვის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდის (2000 წლის 28 თებერლიდან 2002 წლის 8 ნოემბრადე) შინაგან ორგანოებში მუშაობის სტაჟში ჩათვალა, სამმართველოს დაეკისრა მოსარჩელისათვის პენსიაზე გასვლის პერიოდიდან ნაკლული პენსიის თანხის ანაზღაურება, ყოველთვიურად 24 ლარის ანგარიშით სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.06წ. განჩინებით აპელანტს მიეცა 14 დღიანი ვადა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის, 30 ლარს, ჩასარიცხად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.09.06წ. განჩინებით აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტს ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ჩაბარდა 07.07.06წ. და მის მიერ გაშვებული იქნა ხარვეზის გამოსწორებისათვის სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების კანონიერების და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. «სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე" საქართველოს 25.07.06წ. კანონით საერთო სასამართლოში განსახილველ ყველა საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდნენ დაწესებულებები (ორგანიზაციოები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აღნიშნული კანონი ძალაში 2006 წლის 15 აგვისტოდან შევიდა. საქმის მასალებით დასტუდება, რომ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მიერ 08.09.06წ. განუხილველად იქნა დატოვებული, «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქრთველოს პრეზიდენტის 17.12.04წ. ¹614 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების" მე-4 პუნქტის თანახმად, სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, ამავე დებულების მე-18 პუნქტის თანახმად, აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს. ამდენად, გასაჩივრებული განჩინების გამოტანის დროს მოქმედი «სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის «უ" ქვეპუნქტით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ ეკისრებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 08.09.06წ. განჩინების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო ხარვეზზე 29.06.06წ. განჩინებით იქნა დატოვებული და აპელანტს განესაზღვრა 14 დღიანი ვადა განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს ხარვეზის შესახებ სასამართლოს განჩინება 07.07.06წ. ჩაჰბარდა (ს.ფ. 41,44). აპელანტის მიერ აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებულ იქნა 14.07.06წ. (ს.ფ. 50), 29.06.06წ. განჩინებით დადგენილ საპროცესო ვადაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფულდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.09.06წ. განჩინება და განახლდეს საქმისწარმოება აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 08.09.06წ. განჩინება;

2. განახლდეს საქმისწაროება აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარზე. საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.