Facebook Twitter

საქმე №ას-1596-2019 18 თებერვალი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – შპს „ა–ა“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ი–თ“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოს წარმოებაშია შპს „ა–ასა“ და შპს „ს.ი–თის“ საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განჩინებაზე, სადაც დავის საგანს წარმოადგენს თანხის დაკისრება.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ა–ამ“ და განმარტა, რომ შპს „ს.ი–თის“ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის პირველი ივნისის განჩინებით ყადაღა დაადო განმცხადებლის სხვადასხვა მოძრავ ქონებას, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებას, ავტომანქანა „Ford Transit-ს“ (სახ. # U...., საიდენტიფიკაციო #W......). განმცხადებლის განმარტებით, ვინაიდან ის აპირებს ავტომობილის რეალიზაციას, მოითხოვა მისი ჩანაცვლება ავტომანქანა Ford Transit-ით (რომლის სარეგისტრაციო #B...., საიდენტიფიკაციო #W...., სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა #AM...., გაცემული 17.01.2020).

განცხადებას ერთვის შპს „ე.ჯ–ის“ დასკვნები, რომელთა თანახმადაც ჩასანაცვლებელი მოძრავი ნივთის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება ყადაღით დატვირთული სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებას. განცხადებას ასევე ერთვის სსიპ მომსახურების სააგენტოს ცნობა სატრანსპორტო საშუალებაზე სანივთო შეზღუდვის არარსებობის შესახებ და მ.ლ–ძის განცხადება, ავტომანქანა „Ford Transit-ის“ (სახ. # .... საიდენტიფიკაციო #W....) ყადაღისაგან გათავისუფლების შემთხვევაში, მისი შესყიდვის შესახებ.

საკასაციო პალატამ განცხადება თანდართული მასალებით გაუგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელმაც წერილობით დაადასტურა, რომ არ არის წინააღმდეგი, შეიცვალოს სარჩელის უზრუნველყოფის საგანი.

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „ა–ას“ განცხადება საფუძვლიანია შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულია საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი _ დისპოზიციურობა, რომლის საფუძველზეც მხარეები უფლებამოსილი არიან აღიარონ ან უარყონ მათ მიმართ წარდგენილი მოთხოვნები, შესაბამისად, სასამართლო, მხარეთა ნების უპირატესი გათვალისწინებით წყვეტს სადავო საკითხს. მოცემულ შემთხვევაში, შპს „ს.ი–თის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის წერილობითი განცხადებით ირკვევა, რომ ის ეთანხმება შპს „ა–ას“ მოთხოვნას სარჩელის უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლების თაობაზე, რაც სასამართლოს აძლევს განცხადების დაკმაყოფილების საშუალებას.

ასეც რომ არ იყოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961 მუხლი დასაშვებად მიიჩნევს უზრუნველყოფის საგნის შეცვლას და ნორმის სისტემური ანალიზი მოთხოვნის წინაპირობად ამ საგანთა უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან ტოლფასოვნებას განიხილავს. განმცხადებელი ნებაყოფლობით ითხოვს უფრო მაღალი ღირებულების ნივთით ყადაღადადებული ქონების ჩანაცვლებას, შესაბამისად, მოთხოვნა ამ მხრივაც წარმატებულია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ა–ას“ განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 1961, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა–ას“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.7. პუნქტით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის საგანი და ყადაღისაგან გათავისუფლდეს შპს „ა–ას“ (ს/კ #20....) საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება _ ავტომანქანა Ford Transit, სახ. # ....., საიდენტიფიკაციო #W.......

3. ყადაღა დადედოს შპს „ა–ას“ (ს/კ #2.....) საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას _ ავტომანქანა Ford Transit-ს სარეგისტრაციო #BU156BB, საიდენტიფიკაციო #WF....., სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა #AM5677715, გაცემული 17.01.2020.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი