Facebook Twitter

საქმე №ას-7-2019 6 სექტემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ნ.ტ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ტ–ძე (მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა _ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხისათვის უძრავი ქონების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა

დავის საგანი – საკომლო ჩანაწერში ცვლილების შეტანა, უძრავი ქონების მიკუთვნება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოს წარმოებაშია ნ.ტ–ძის საკასაციო საჩივარი გ.ტ–ძის მიმართ საკომლო ჩანაწერში ცვლილების შეტანისა და უძრავი ქონების მიკუთვნების თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ნ.ტ–ძემ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფა, კერძოდ, გ.ტ–ძისათვის ხარაგაულის სოფელ ........ მდებარე უძრავი ქონების (ს/კ #.......) გასვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა.

განმცხადებლის განმარტებით, მიუხედავად უფლების დამდგენი დოკუმენტების მისი მხრიდან შედავებისა, მოპასუხემ შეძლო მასზე საკუთრების რეგისტრაცია. არსებობს რისკი, რომ მოპასუხე ამ ქონებას გაასხვისებს ან უფლებრივად დატვირთავს. ვინაიდან საკასაციო სასამართლო იხილავს ამ ქონების თაობაზე მოსარჩელის უფლების მოპოვების საკითხს, მოპასუხის ქმედებით შესაძლებელია ქონება განიკარგოს და შემდგომში მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩეს.

საკასაციო პალატა გაეცნო შუამდგომლობას და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

განსახილველი ნორმა შეიცავს იმ ელემენტებს, რომელთა არსებობა განაპირობებს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობას.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ხარაგაულის რაიონის სოფელ ........ მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრების უფლება, ამასთანავე, საკასაციო სასამართლო სწორედ ამ მიწაზე მხარეთა საკუთრების უფლების წინაპირობებს ამოწმებს. ამ ვითარებაში პალატას გამართლებულად მიაჩნია მოსარჩელის პოზიცია, რომ არსებობს დავის საგნის დაცვის აუცილებლობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია სარჩელის უზრუნველყოფის სახეები. ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის ქონების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხსენებული ღონისძიება განსახილველ შემთხვევაში ადეკვატური და მოპასუხის უფლებების ნაკლებად მზღუდავი საშუალებაა და აკმაყოფილებს განცხადებას, აქვე განუმარტავს მოსარჩელეს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 193-ე, 194-ე, 198-ე, 199-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ტ–ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. გ.ტ–ძეს (პ/#.....) აეკრძალოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე უძრავი ქონების (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1500 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1 (ნარგავი); ს/კ #36.17.33.333) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

3. განემარტოს განმცხადებელს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი აღმოჩნდება, მას შეიძლება მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი