Facebook Twitter

№ას-618-618-2018 16 ნოემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/ მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სს „ს.კ.ა–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი.ი–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ს.კ.ა–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადაზღვევო კომპანია, მზღვეველი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) და ი.ი–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დამზღვევი, მოსარჩელე) 2016 წლის 29 თებერვალს დადეს ავტოსატრანსპორტო საშუალების (Ducati Panigale S 1199, სარეგისტრაციო ნომრით ...) დაზღვევის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დაზღვევის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება), რომლის მოქმედების ვადა 04.03.2016 წლიდან 04.10.2016 წლამდე განისაზღვრა.

2. 2016 წლის 3 აგვისტოს დადგა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევა - ქურდობა, კერძოდ, დამზღვევის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლენ.

3. 2016 წლის 22 აგვისტოს დამზღვევმა მიმართა სადაზღვევო კომპანიას და მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაზეც მას 2016 წლის 02 სექტემბრის წერილით განემარტა, რომ კომპანია უარს აცხადებდა ზიანის ანაზღაურებაზე. ხელშეკრულების თანახმად, დაზღვევა არ მოქმედებდა და ზარალი არ ანაზღაურდება, თუ გამოვლინდებოდა ქმედება, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მზღვეველს ანიჭებდა უფლებამოსილებას, უარი ეთქვა სადაზღვევო ანაზღაურებაზე. კომპანიის განმარტებით, სადაზღვევო შემთხვევისას მოტოციკლი დატოვებული იყო სადარბაზოში, ხოლო მოსარჩელე იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რაც მიჩნეულ უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 829-ე მუხლით გათვალისწინებულ უხეშ გაუფრთხილებლობად.

4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:

- მოპასუხისათვის 18 700 აშშ დოლარის დაკისრება;

- მიუღებელი შემოსავლის - 18 700 აშშ დოლარის 0,027%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარჩელის წარდგენიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4.1. მოსარჩელის მტკიცებით, სადაზღვევო შემთხვევის დროს იგი მართლაც არ იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა ავტოსატრანსპორტო საშუალება დატოვებული იყო სადარბაზოში, რომელიც კერძო საკუთრებაა. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩაკეტილი ჰქონდა საჭე და გააქტიურებული იყო ქარხნული სიგნალიზაცია. დაზღვევის ხელშეკრულებით რაიმე განსაკუთრებული პირობა მოტოციკლის პარკირებასთან დაკავშირებით არ განსაზღვრულა. ამასთან, მოპასუხეს არც დამატებითი დამცავი საშუალებების დამონტაჟება არ მოუთხოვია. მოტოციკლს ჰქონდა მექანიკური ჩამკეტი და აქვს დღესაც.

5. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ მოტოციკლი დატოვა სადარბაზოში, რომელსაც არ ჰქონდა დამცავი საშუალებები და არ იყო იზოლირებული, კერძოდ, არ იყო დამონტაჟებული სადარბაზოს ჩამკეტი კარი, არ მიმდინარეობდა ვიდეო კონტროლი და სხვა. შესაბამისად, ნებისმიერ პირს შეეძლო სადარბაზოში ყოველგვარი შეზღუდვისა და კონტროლის გარეშე გადაადგილება. ამასთან, მოტოციკლი დატოვებულ იქნა საბურავის ჩამკეტის გარეშე, არ იყო მიბმული შესაბამისი ჩამკეტით მყარ საგანზე, რაც მოსარჩელის გაუფრთხილებლობასა და წინდაუხედაობაზე მიუთითებს. ეს კი გამორიცხავს მზღვეველის ანაზღაურების ვალდებულებას.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 18 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

- ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

8.1. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოსარჩელემ სადაზღვევო შემთხვევისას უხეში გაუფრთხილებლობა გამოიჩინა. უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, როდესაც პირი არ იჩენს აუცილებელ ყურადღებას უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. სწორედ ამ დონის დაუდევრობა უნდა დაამტკიცოს სადაზღვევო კომპანიამ, რომ აიცილოს დამზღვევისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. განსახილველ დავაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოტოციკლს დამცავი მოწყობილობები ქარხნულად ჰქონდა დამონტაჟებული. გარდა ამისა, მოსარჩელეს მოტოციკლზე დამატებით გამოყენებული ჰქონდა სპეციალური ჩამკეტი მოწყობილობა. ამასთან, მოტოციკლის განთავსება სადარბაზოში არ იყო თავისი არსით საფრთხის შემცველი, მით უფრო, რომ ქურდობისგან დაცვას ვერც მისი ავტოსადგომზე განთავსება უზრუნველჰყოფდა. ამდენად, მოსარჩელეს უხეში გაუფრთხილებლობა არ გამოუჩენია.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

9.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელის ქმედება არ იყო უხეში გაუფრთხილებლობა. დამზღვევმა მოტოციკლი დატოვა სადარბაზოში, რომელიც არ იყო იზოლირებული, არ იყო დამონტაჟებული სადარბაზოს ჩამკეტი კარი, არ მიმდინარეობდა ვიდეო კონტროლი, ტერიტორიას არ იცავდა დაცვის სამსახური. შესაბამისად, ნებისმიერ პირს შეეძლო სადარბაზოში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გადაადგილება. ამასთან, მოსარჩელეს დატოვებული ჰქონდა საქართველოს ტერიტორია და დიდი ხნის განმავლობაში უმეთვალყურეოდ იყო მოტოციკლი გაჩერებული. შესაბამისად, მან შექმნა სადაზღვევო შემთხვევის წინაპირობა. მოტოციკლის დატოვება დაუცველ სადარბაზოში და საზღვარგარეთ წასვლა, განსაკუთრებით ისეთ ვითარებაში, როდესაც მოტოციკლზე მინიმუმ საბურავის ჩამკეტი არ იქნა გამოყენებული, ანდა არ იყო მიბმული შესაბამისი ჩამკეტით მყარ საგანზე, ვერ მიიჩნევა ყოველდღიურ, ჩვეულებრივ მოვლენად. შესაბამისად, დამზღვევს მეტი წინდახედულება და სიფრთხილე უნდა გამოეჩინა. მან დაარღვია აუცილებელი ყურადღებიანობისა და კეთილსინდისიერების მოვალეობა.

9.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით დამზღვევს დაზღვეული ავტოტრანსპორტის რაიმე სპეციფიკური ფორმით შენახვა არ ევალებოდა. მზღვეველი ყველა პირობას ხელშეკრულებით ვერ გაითვალისწინებდა. დამზღვევს კანონმდებლობით ევალება, გაუფრთხილდეს დაზღვეულ ქონებას. შესაბამისად, თუ იგი დაზღვეულ მოტოციკლს დაცულ ავტოსადგომზე გააჩერებდა, საგრძნობლად შეამცირებდა მისი გაუჩინარების რისკს, ვინაიდან, ქურდობის შემთხვევაში, ყველაფერი ვიდეოჩანაწერით დაფიქსირდებოდა, რაც ხელს შეუწყობდა გამოძიებას და სადაზღვევო კომპანიას არ წაართმევდა სუბროგაციის უფლებას.

9.3. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა, რომ დაზღვევის მომენტში ავტოსატრანსპორტო საშუალებას არ ჰქონდა სატელიტური სამძებრო სისტემა, იმობილაიზერი, მექანიკური ჩამკეტი და სიგნალიზაცია. ამაზე თავად დამზღვევმა მიუთითა. სადაზღვევო პოლისის დაზღვევის განაცხადის მიხედვით, კითხვაზე - ავტოტრანსპორტს აქვს თუ არა შემდეგი დამცავი საშუალებები? (სადაც პროგრამა სთავაზობს პასუხის 6 შესაძლებლობას: სატელიტური სამძებრო სამუშაოები, იმობილაიზერი, მექანიკური ჩამკეტი, სიგნალიზაცია, არა, სხვა) მოსარჩელემ მონიშნა - „სხვა“. ამასთან, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მას სხვა დამცავი საშუალება ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული ჰქონდა, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელეს ქურდობისაგან დასაცავად შეძენილი ჰქონდა სპეციალური ჩამკეტი საშუალებები.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით - საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

12. სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლები.

13. კასატორი აპელირებს როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული, დამზღვევისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოების არსებობაზე, ისე - კანონით გათვალისწინებულ ანაზღაურების ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველზე.

14. კასატორის მტკიცებით, დამზღვევმა დაარღვია ხელშეკრულების პირველი ნაწილის 3.2. მუხლით (არ ანაზღაურდება ზარალი, რომელიც გამოწვეულია ავტოტრანსპორტის დაკარგვით - ქურდობის, ძარცვის ან ყაჩაღობის შედეგად, თუ პოლისში მითითებული გატაცების საწინააღმდეგო სისტემა არ იყო დაყენებული ან იმყოფებოდა გამოუსადეგარ მდგომარეობაში) გათვალისწინებული გატაცების საწინააღმდეგო სისტემის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟების ვალდებულება. პალატა ამ პრეტენზიას არ იზიარებს, რამდენადაც ხელშეკრულების მითითებული პუნქტის თანახმად, ქურდობის შედეგად მზღვეველის პასუხისმგებლობა გამოირიცხებოდა იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევი პოლისში მითითებულ გატაცების საწინააღმდეგო სისტემას არ დააყენებდა. საქმეში წარმოდგენილი „ავტოტრანსპორტისა და მის მართვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის პოლისი (MO/R-..)“ გატაცების საწინააღმდეგო სისტემაზე მითითებას არ შეიცავს. შესაბამისად, მითითებული საგამონაკლისო წესი, რომელიც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავდა, არ ამოქმედებულა. როგორც საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ რა ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს (იხ. სუსგ №ას-1147-1067-2017, 29.12.2017).

15. კასატორი მიუთითებს, რომ დამზღვევმა შეავსო რისკების დაზღვევის განაცხადი, სადაც ავტოტრანსპორტის შესახებ ინფორმაციის ველში არსებულ კითხვაზე, - „გააჩნია თუ არა ავტოტრანსპორტს შემდეგი დამცავი საშუალებები“, - ჩამოთვლილი პასუხებიდან: სატელიტური სამძებრო სამუშაოები, იმობილაიზერი, მექანიკური ჩამკეტი, სიგნალიზაცია, არა, სხვა - აირჩია „სხვა“. მოსარჩელემ კი, ვერ დაამტკიცა, რომ მას სხვა დამცავი საშუალება ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული ჰქონდა.

16. მითითებული პრეტენზიით კასატორი ფაქტობრივად ხელშეკრულების დადების ეტაპზე დამზღვევის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე (სსკ-ის 809-ე მუხლი) აპელირებს, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს. კასატორი არ დავობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოტოციკლს ქარხნულად ჰქონდა დამონტაჟებული საჭის ჩამკეტი. ამასთან, კასატორს არ წარმოუდგენია პრეტენზია, თუ რატომ არ მოიაზრება ზემოხსენებული საჭის ჩამკეტი ავტოტრანსპორტის დამცავ სხვა საშუალებად. ასეც რომ არ იყოს, დამზღვევის მიერ კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით შევსებულ კითხვარში - „სხვა დამცავი საშუალების“ მონიშვნა მზღვეველისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებად ვერ მიიჩნევა, რადგან იმისათვის, რომ მზღვეველს სსკ-ის 809.1 მუხლით (მზღვეველს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მაშინაც, თუ არსებითი გარემოებების შესახებ შეტყობინება არასწორ მონაცემებს შეიცავს) გათვალისწინებული უფლებამოსილება წარმოეშვას, არასწორი ინფორმაცია არსებით გარემოებას უნდა შეეხებოდეს. სსკ-ის 808.2 მუხლი (არსებითად ჩაითვლება ასევე გარემოება, რომლის შესახებაც მზღვეველი წერილობით შეეკითხება დამზღვევს გარკვევით და არაორაზროვნად) მზღვეველს ავალდებულებს, გარკვევით ჩამოაყალიბოს არსებითი გარემოებების შესახებ კითხვები (მათ შორის, ასარჩევი სავარაუდო პასუხებიც). ბუნდოვნად ჩამოყალიბებული კითხვა თუ ასარჩევი სავარაუდო პასუხი მზღვეველისვე საწინააღმდეგოდ განიმარტება. შესაბამისად, თუ მზღვეველისათვის არსებით გარემოებას წარმოადგენდა, რომელი დამცავი საშუალება ჰქონდა დამზღვევს დამონტაჟებული, ამ უკანასკნელის მიერ „სხვა“ პასუხის არჩევისას, რომელიც არ იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას დამცავი საშუალების თაობაზე, ინფორმაციას დააზუსტებდა. თუ მზღვეველი ვერ გამოითხოვს დამზღვევისაგან საჭირო ინფორმაციას, ეს მისი მხრიდან ინფორმაციის მოთხოვნის უფლებაზე უარს ნიშნავს. შესაბამისად, ასეთი შემთხვევა დამზღვევის მხრიდან ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევად ვერ განიხილება (ქ.ირემაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ. 808, ველი 11, ელ.მისამართი - gccc.ge).

17. კასატორი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გამოსარიცხად მოსარჩელის უხეშ გაუფრთხილებლობაზეც მიუთითებს. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას გაუფრთხილებლობის ხარისხის განსაზღვრის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სადაზღვეეო შემთხვევა დამზღვევის უხეშ გაუფრთხილებლობას არ გამოუწვევია.

18. სსკ-ის 829-ე მუხლიდან (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) გამომდინარე, დამზღვევის მიერ განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით სადაზღვევო შემთხვევის გამოწვევა მზღვეველის ვალდებულებისაგან გათავისუფლების კანონიერი საფუძველია. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მზღვეველი არ თავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისაგან, თუ დამზღვევმა შემთხვევა გამოიწვია მარტივი გაუფრთხილებლობით. გაუფრთხილებლობა უხეშია თუ მარტივი, დგინდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. უხეში გაუფრთხილებლობა ვლინდება, როდესაც განსაკუთრებით მძიმეა აუცილებელი წინდახედულებისა და გულისხმიერების ნორმის დარღვევა. წინდახედულება განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამრღვევი არ ითვალისწინებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში ყველასთვის ცხადი უნდა იყოს.

19. კასატორის მტკიცებით, დამზღვევმა, მოტოციკლის დაუცველ სადარბაზოში დატოვებითა და საზღვარგარეთ წასვლით, შექმნა სადაზღვევო შემთხვევის წინაპირობა, რადგან მას შეეძლო მოტოციკლის დაცულ ავტოსადგომზე გაჩერება, რაც საგრძნობლად შეამცირებდა სადაზღვევო შემთხვევის რისკს.

20. პალატა მიიჩნევს, რომ დამზღვევს არ დაურღვევია სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი ყურადღებიანობის მოთხოვნები. მოტოციკლის სახლის სადარბაზოში დატოვებისას, დაზღვევის ობიექტისადმი ზრუნვის მოვალეობიდან გამომდინარე, დამზღვევი მოქმედებდა იმ მიზნით, რომ, საზღვარგარეთ ყოფნისას, ავტოსატრანსპორტო საშუალება დაცულ ტერიტორიაზე დაეტოვებინა. ქვეყნიდან გასვლისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ქუჩაში დატოვება შესაძლოა, შეფასებულიყო მაღალი ხარისხის უყურადღებობად, დაუდევრობად და, შესაბამისად, უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილ ქმედებად, რომელმაც სადაზღვევო შემთხვევის რისკი მნიშვნელოვნად გაზარდა. საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოტოციკლის განთავსება კი, რომელსაც ქარხნულად ჰქონდა საჭის ჩამკეტი მექანიზმი, წინდახედულობის ნორმის იგნორირებად და უხეშ დარღვევად ვერ შეფასდება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უკეთეს დაცვის საშუალებებზე (მათ შორის დაცულ ავტოსადგომზე მოტოციკლის განთავსებაზე) მხარეები არ შეთანხმებულან, შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია დაცულ ავტოსადგომზე მოტოციკლის განუთავსებლობასთან დაკავშირებით.

21. ამდენად, პალატის შეფასებით, დამზღვევის მიერ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ჩაკეტილი მოტოციკლის დატოვება (იმის გათვალისწინებითაც, რომ დამზღვევის ოჯახის წევრები შინ იმყოფებოდნენ) აკმაყოფილებს მოსალოდნელი ზიანის წინასწარ განჭვრეტისა და მისი თავიდან აცილებისათვის განხორცილებული ქმედებების აუცილებელ სტანდარტს, შესაბამისად, დამზღვევის ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად ვერ შეფასდება. საწინააღმდეგოს დაშვება და დამზღვევის პასუხისმგებლობის ფარგლების ზედმეტად გაფართოება შეეწინააღმდეგებოდა დაზღვევის სამართლებრივ არსს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა, სადაზღვევო შემთხვევისას დამზღვევის ნებისმიერი მოქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასებულიყო და მზღვეველის მიერ ზიანის ანაზღაურება გამორიცხულიყო.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი