Facebook Twitter

№ას-947-2019 24 დეკემბერი, 2020 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ე.ყ–ძე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – მ.ხ–ი, ი.ნ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 06 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ პირგასამტეხლოს შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2015 წლის 15 ივნისს ე.ყ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, მოვალე, კასატორი) და მ.ხ–მა (შემდეგში: მოპასუხე, კრედიტორი, მოწინააღმდეგე მხარე) დადეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (შემდეგში - სადავო ხელშეკრულება), რომლითაც მოვალეს გადაეცა სესხი - 25 000 ლარი და ამ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. სესხის ხელშეკრულება დაიდო 3 თვით, 2015 წლის 15 სექტემბრამდე, ძირითად თანხაზე ყოველთვიურად 3.37% სარგებლის დარიცხვით.

2. ზემოხსენებული ხელშეკრულებით განისაზღვრა 0.11%-ის ოდენობით პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე. ამავე ხელშეკრულების მე-16 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადის დადგომის და მოვალის მიერ მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილი იყო, მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.

3. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება დადგენილ ვადაში არ შეასრულა და მას მოპასუხის მიმართ დავალიანება აქვს.

4. 2018 წლის 2 მაისს ნოტარიუსმა სააღსრულებო ფურცელი გასცა, რომლითაც მოავალის დავალიანება 2018 წლის 3 მაისის მდგომარეობით შემდეგნაირად განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა - 25 000 ლარი; 3 თვის სარგებელი - 2 527.50 ლარი; პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანნხის 0.11% (27.50 ლარი), 2015 წლის 16 სექტემბრიდან აღსრულებამდე; სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი, 106 ლარი; აღსრულების ხარჯები.

5. მოვალემ სასამართლოში სარჩელი აღძრა კრედიტორის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემული 2018 წლის 3 მაისის სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს 0.01%-მდე შემცირება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ გაცემულ 2018 წლის 3 მაისის სააღსრულებო ფურცელში, კერძოდ, პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა 0.11%-დან 0.0366%-მდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; შესაბამისად, შემცირდა ხსენებული სააღსრულებო ფურცლით დარიცხული პირგასამტეხლო, 26 400 ლარი - 8 800 ლარამდე.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ, პირგასამტეხლოს 2 635 ლარით განსაზღვრა მოითხოვა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო მხარეს იმ დროიდან ეკისრება, როდესაც დარღვეული ვალდებულება უნდა შესრულებულიყო - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

8.2. სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა მართებულად შეამცირა 26 400 ლარიდან 8 800 ლარამდე. აპელანტი არ უთითებდა, თუ რატომ იყო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო არაგონივრული და რის საფუძველზე უნდა მომხდარიყო მისი შემცირება. ამდენად, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, ამ განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. საკასაციო საჩივარი შემდეგ საფუძვლებზეა დამყარებული:

9.1. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 418-ე და 420-ე მუხლები. აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში, კრედიტორი განზრახ აყოვნებდა თანხის დაბრუნების მოთხოვნას და სესხის დასაბრუნებლად სამართლებრივ საშუალებებს არ იყენებდა. მოპასუხემ, თავისი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე მიმართა ნოტარიუსს, სააღსრულებო ფურცლის ასაღებად. კრედიტორის მიერ მოთხოვნილმა პირგასამტეხლომ სესხის ძირითად თანხას გადააჭარბა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს სარჩელი უნდა დაეკმაყოფილებინა და პირგასამტეხლო 2 635 ლარამდე უნდა შეემცირებინა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

12.1. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

12.2. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

12.3. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ (მოვალემ) დათქმულ ვადაში (2015 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით) არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რის გამოც მას კრედიტორის მიმართ დავალიანება აქვს; კრედიტორმა მოსარჩელეს ვალდებულების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა მოსთხოვა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის (25 000 აშშ დოლარი) 0.11%-ის ოდენობით.

12.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მოთხოვნის - დარიცხული პირგასამტეხლოს შესაბამისი ოდენობით (შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის) დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 180-ე მუხლი). კასატორის იურიდიული ინტერესი ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს შემცირების გზით ცვლილების შეტანაა. ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე პროცესუალური თვალსაზრისით დაამტკიცებდა პირგასამტეხლოს ოდენობის არსებით შეუსაბამობას ვალდებულების დარღვევის ხარისხთან და ამით გამოწვეულ ზიანთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა.

12.5. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

12.6. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014).

12.7. კასატორის პრეტენზია, სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, უკავშირდება კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის დაგვიანებით წარდგენის ფაქტს, რასაც მოვალე არამართლზომიერად მიიჩნევს და ამ გზით სურს, კრედიტორის ქმედება უფლების ბოროტად გამოყენებად წარმოაჩინოს. კასატორის ამ მსჯელობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მისი დადგომისათვის სავალდებულოა ვლინდებოდეს კრედიტორის ისეთი ქმედება, რომელიც სხვა პირისათვის მხოლოდ ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად (სსკ-ის 115-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის დაგვიანებით აღება, თავისთავად, არ შეიძლება შეფასდეს უფლების ბოროტად გამოყენებად.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-764-732-2016, 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება; №ას-752-720-2016, 25.11.2016, 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება; 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება; 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 განჩინება, №ას-800-756-2015, 22 სექტემბერი, 2015 წელი).

14. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, შესაბამისად, კასატორს უნდა უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 217 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ყ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ე.ყ–ძეს (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 310 ლარის (საგადახდო დავალება 0, გადახდის თარიღი 01.07.2019) 70% – 217 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ე. გასიტაშვილი