№ას-1708-2019 24 დეკემბერი, 2020 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სს „ს.რ–ა“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – რ.შ–ძის უფლებამონაცვლეები ნ.შ–ძე, რ.შ–ძე, ე.შ–ძე, გ.შ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის გადაანგარიშება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რ.შ–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, დაზარალებული) მუშაობდა სს „ს.რ–აში“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო, კასატორი), მატარებლის შემადგენლის პოზიციაზე.
2. 1998 წლის 13 მარტს მოსარჩელემ მიიღო ტრავმა, შრომითი მოვალეობის შესრულებისას. აღნიშნული ტრავმის შედეგად დაზარალებულმა პროფესიული შრომისუნარიანობა 80%-ით დაკარგა.
3. მოსარჩელე მოპასუხისგან წლების განმავლობაში იღებდა ყოველთვიურად დანიშნულ სარჩოს, 198.43 ლარს.
4. მოსარჩელე 1959 წლის 26 დეკემბერს დაიბადა და 2018 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა. მისი უფლებამონაცვლეები არიან: ნ.შ–ძე, რ.შ–ძე და გ.შ–ძე (შემდეგში - უფლებამონაცვლეები).
5. 2013 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 12 თებერვლამდე საწარმოში მოსარჩელის პოზიციაზე მომუშავე მუშაკის ხელფასი 750 ლარამდე გაიზარდა. დროის ამ მონაკვეთში მოსარჩელე სარჩოს სახით კვლავ 198.43 ლარს იღებდა.
6. დაზარალებულმა სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის გადაანგარიშება, კერძოდ, მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 22 322.06 ლარის დაკისრება მოითხოვა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, უფლებამონაცვლეების სასარგებლოდ, 22 322.06 ლარის გადახდა დაეკისრა.
7.1. სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ დაზარალებულს 2013 წლის 1 ივლისიდან (საწარმოში ხელფასის გაზრდიდან) 2018 წლის 12 თებერვლამდე (გარდაცვალებამდე) სარჩოს სახით უნდა მიეღო 750 ლარის (გაზრდილი ხელფასის) 80% - 600 ლარი. ვინაიდან დაზარალებული დროის ამ მონაკვეთში სარჩოს სახით 600
ლარის ნაცვლად 198.43 ლარს იღებდა, სასამართლომ მას აუნაზღაურა აღნიშნული დროის სარჩოს სხვაობა - 22 086.35 ლარი (ყოველთვიურად, 401.57 ლარი). დავის მოსაწესრიგებლად სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 992-ე, 408-ე და 411-ე მუხლები.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:
10.1. დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების წესს განსაზღვრავდა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის №48-ე ბრძანებულებით დამტკიცებული წესი. ამავე წესის მე-11 პუნქტის თანახმად, დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდებოდა იმავე ან იმავე თანრიგის სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რა ოდენობითაც დაკარგული ჰქონდა შრომის უნარის ხარისხი. დასახელებული წესის მე-12 პუნქტის მიხედვით, ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილების შესაბამისად ხდება სასამართლოს ან დამსაქმებლის მიერ ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშება, მიუხედავად იმისა, როდის მიიღო მან ეს დასახიჩრება. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 სექტემბრის №443 ბრძანებულებით დამტკიცებული ზიანის ანაზღაურების წესის მე-12 პუნქტში ცვლილება შევიდა და იგი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების მინიმალური ხელფასის ცვლილების შესაბამისად ხდება სასამართლოს ან დამსაქმებლის მიერ დადგენილი ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშება, მიუხედავად იმისა, როდის მიიღო დაზარალებულმა ტრავმა. აღნიშნული პუნქტიდან გამომდინარე, 2003 წლის 11 სექტემბრიდან სარჩო შრომის ანაზღაურების ცვლილების შესაბამისად, გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ნოემბრის №923 ბრძანებულებით მე-12 პუნქტი წესიდან საერთოდ ამოღებულ იქნა.
10.2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილი შეეხება არა უკვე დანიშნული სარჩოს ანაზღაურებას, არამედ აღნიშნული ნორმა აწესრიგებს 2007 წლის 24 მარტიდან ორგანიზაციაში დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით გაუქმდა 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება, რომლის მე-5 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის თანახმად, ყოველთვიური სარჩო გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება.
10.3. სსკ-ის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილი პირდაპირ ადგენს, ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში, თუ რა მეთოდით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. ამ მუხლის პირველი ნაწილი ზოგადად მიუთითებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებაზე, ხოლო, მისი მე-2 ნაწილი გამომდინარეობს პირველი ნაწილისგან და აზუსტებს მას, ანუ ადგენს სხეულის დაზიანების შემთხვევაში მდგომარეობის აღდგენის მეთოდს. მუშაკის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა სარჩოს გადაანგარიშების გზით, პრობლემის არაეფექტური და არაზუსტი გადაწყვეტაა. აღნიშნული საკითხის სირთულიდან არსებობს გამოსავალი, რაც კანონმდებელმაც გაითვალისწინა. უფრო მეტიც, კანონმდებელმა საერთოდ გააუქმა სარჩოს უპირობოდ გადაანგარიშების წესი, ვინაიდან, მიუღებელი შემოსავლის მთელი ცხოვრების მანძილზე წინასწარ ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. კანონმა ლოგიკურად გაიზიარა საკითხის მოწესრიგების ისეთ ფორმა, როგორიცაა სარჩოს გამოანგარიშება და დანიშვნა იმ ოდენობიდან, რა ოდენობითაც დაზარალებული იღებდა ხელფასს ზიანის მიყენების დროს და მას ეს სარჩო ერიცხება ცხოვრების ბოლომდე. როგორც ჩანს, აღნიშნული მოწესრიგების ,,ხარვეზიანობის" სავარაუდოობისა და საეჭვოობის „საკომპენსაციოდ“ კანონი ითვალისწინებს სარჩოს გადახდას სტაბილურად ფიქსირებული ოდენობით მთელი ცხოვრების მანძილზე. კანონმდებელმა ამ გზით მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის ფონზე მათი უფლებებისა და ინტერესების შეჯერების საფუძველზე მოაწესრიგა აღნიშნული საკითხი, რაც სავსებით ლოგიკურია. აღნიშნულ შემთხვევაში, როგორც ერთი, ისე მეორე მხარის უფლებების მოსალოდნელი შეზღუდვა მინიმალურ დონეზეა დაყვანილი.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
15. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
16. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სსკ-ის 992-ე, 408-ე და 411-ე მუხლების საფუძველზე, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის გაზრდილი (გადაანგარიშებული) სარჩოს დაკისრების მართლზომიერება.
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ დელიქტი განხორციელებულია და ვალდებულება მოპასუხეს აღიარებული აქვს, რაც გამოიხატება განვლილ პერიოდზე სარჩოს გადახდით. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ვალდებულების მოცულობაზე - მოპასუხისათვის გაზრდილი (გადაანგარიშებული) სარჩოს დაკისრების მართლზომიერებაზე.
18. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) კანონმდებელი განცდილი ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობს ვალდებულ პირს. ამ ნორმის მიზანი დაზარალებულის მდგომარეობის იმგვარად აღდგენაა, რომ შედეგად ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა მივიღოთ, ე.ი. დაზარალებული ისეთ პირობებში ჩადგეს, რომელიც ზიანის მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში იარსებებდა. დასახელებული ნორმა მოთხოვნის სხვა დამფუძნებელ ნორმებთან ერთად გამოიყენება, როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო სამართალში. რაც შეეხება 408-ე მუხლის მე-2 ნაწილს (თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით), იგი სპეციალურად ადგენს სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესს.
19. პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა სარჩოს გადაანგარიშება გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, რამდენადაც დიდი ალბათობით პირი იმუშავებდა თავისი პროფესიით და მიიღებდა იმ შეღავათებს და უპირატესობას, რასაც ანალოგიურ, თანაბარ პირობებში მყოფი მუშაკი. ამდენად, ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების, პროფესიული დაავადების არ არსებობისა და შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, მოსარჩელე მიიღებდა გაზრდილ ხელფასს, ე.ი. სახეზე იყო ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით (სსკ-ის 411-ე მუხლი) (იხ. სუსგ №ას-1220-1145-2015, 3.06.2016წ.).
20. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ როდემდე იყო ვალდებული მოპასუხე მოსარჩელისათვის ზიანის კომპენსაცია მიეცა, აქ ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელე 2018 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა, რა დროსაც იგი 59 წლის იყო. პრეზუმირებულია, რომ დაზარალებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. შესაბამისად, სადავო პერიოდში მოსარჩელე საწარმოში შრომით მოვალეობას შეასრულებდა და მასზე დასახელებულ პერიოდში განხორციელებული ცვლილებები გავრცელდებოდა.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: Nას-424-397-2017, 29.09.2017წ; Nას-657-623-2015, 21.07.2015წ; Nას-1180-1141-2016, 31.03.2017წ; Nას-637-608-2016, 23.09.2016წ.; Nას-1220-1145-2015, 03.06.2016წ.; Nას-1216-1141-2015 03.06.2016წ.; Nას- 742-710-2016, 25.11.2016წ.).
22. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 781.27 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.რ–ას“ (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1116.10 ლარის (საგადახდო დავალება 11986, გადახდის თარიღი 19.11.2019) 70% – 781.27 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ე. გასიტაშვილი