Facebook Twitter

¹ბს-887-850(კს-06) 22 ნოემბერი, 2006წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ კ. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 23 ივნისს კ. დ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით კ. დ-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

კ. დ-მა ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, 2006 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინებით კ. დ-ის სააპელაციო საჩივარი, ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარი სასამართლოში კანონით დადგენილი 14 დღის დარღვევით ჰქონდა წარდგენილი, რაც მის განუხილველად დატოვების საფუძველს იძლეოდა.

კ. დ-მა სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ მან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება 2006 წლის 18 აგვისტოს ჩაიბარა პირადად, სააპელაციო საჩივარი კი ფოსტაში იმავე წლის 29 აგვისტოს, ანუ კანონით განსაზღვრულ 14 დღის ვადაში წარადგინა, რაც მოწმობდა, რომ მას კერძო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია.

კერძო საჩივრის ავტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა და მისი არსებითად განხილვა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ კ. დ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინება კ. დ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ კ. დ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება პირადად ხელზე ჩაიბარა 2006 წლის 18 აგვისტოს (ს.ფ. 42). აღნიშნულს ადასტურებს შპს «საქართველოს ...ს» ფილიალ «ქუთაისის ...ის» 2006 წლის 21 აგვისტოს ¹253 წერილიც (ს.ფ. 51) აქვე დგინდება, რომ კ. დ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2006 წლის 4 სექტემბერს შევიდა, თუმცა აღნიშნული სააპელაციო საჩივარი ფოსტაში 2006 წლის 29 აგვისტოს იქნა წარდგენილი (ს.ფ. 53).

მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ამრიგად, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ. დ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება 2006 წლის 18 აგვისტოს ჩაიბარა, ხოლო სააპელაციო საჩივარი ფოსტაში იმავე წლის 29 აგვისტოს შეიტანა, აღნიშნული მოწმობს, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა არ დაურღვევია.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კ. დ-ის სააპელაციო საჩივარი ვადის გაშვების მოტივით არასწორად იქნა განუხილველად დატოვებული, რის გამოც წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. დ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.