საქმე №ას-259-2021 19 მარტი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ.რ–ის წარმომადგენელ დ.მ–ძის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, საქმეზე – გ.რ–ის სარჩელის გამო, შპს „მ–სა“ და შპს „ფ–ის“ მიმართ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ (396-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, გ.რ–ის სარჩელი შპს „მ–სა“ და შპს „ფ–ის“ მიმართ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ.რ–მა.
აღნიშნული საკასაციო საჩივარი განსახილველად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საქმის მასალების გაცნობისას ირკვევა, რომ კასატორის წარმომადგენელმა დ.მ–ძემ (იხ.მინდობილობა ტ.3, ს.ფ. 68-70) 2021 წლის 9 მარტს, განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, განმარტა, რომ გ.რ–ის მიერ საჩივარი წარმოდგენილია ფორმალური სახით, უარი თქვა საკასაციო საჩივარზე და მოითხოვა მისი განუხილევლად დატოვება.
სასამართლო დამატებით დაუკავშირდა კასატორს - გ.რ–ს და განუმარტა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები. თავის მხრივ, მხარემ დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილია ამ შედეგების შესახებ, ეთანხმება წარმოდგენილ განცხადებას და უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ გ.რ–ის წარმომადენელ დ.მ–ძის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.
საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.რ–ის წარმომადენელ დ.მ–ძის განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება გ.რ–ის საკასაციო საჩივარზე შპს „მ–სა“ და შპს „ფ–ის“ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინებაზე.
3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე