საქმე №ას-210-2021 9 მარტი, 2021წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს ,,ბ.ქ–უ“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,მ–სი“, სს ,,ს.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის განჩინება
მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებების ძალაში დატოვება
დავის საგანი - გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში კრედიტორული მოთხოვნის აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინებით აღიარებულ იქნა სს „ბ.ქ–უ“-ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კერძო საჩივრის ავტორი) კრედიტორული მოთხოვნა შპს „მ–სის“ (შემდეგში ტესტში მოხსენიებული, როგორც მოვალე) მიმართ (,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე და მე-40 მუხლები), რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოვალემ და სს ,,ს.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ერთ-ერთი კრედიტორი).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით მოვალის და კრედიტორის კერძო საჩივრები დაკმაყოფილდა; სს „ს.ბ–ისა“ და შპს „მ–სის“ კერძო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 დეკემბრის განჩინება და შპს „მ–სის“ გადახდისუუნარობის პროცესში სს „ბ.ქ–უს“ კრედიტორად აღიარების შესახებ 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინება გაუქმდა; სს „ბ.ქ–უს“ მოთხოვნა მოვალე შპს „მ–სის“ მიმართ უარყოფილ იქნა. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ განჩინება არ საჩივრდებოდა.
4. ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით სს „ბ.ქ–უმ“ კერძო საჩივარი წარადგინა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი კერძო საჩივარი და მიიჩნევს რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
6.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავა ეხება რა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების კანონიერებას, იგი უნდა მოწესრიგდეს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე (შემდგომ - სპეციალური კანონი), რომლის მე-5 მუხლით განსაზღვრულია გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოსაყენებელი საპროცესო ნორმები და დადგენილია, რომ ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო ნორმები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
7. სპეციალური კანონის მე-7 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.
8. ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების გამოტანიდან 5 დღის ვადაში.
9.სპეციალური ნორმით განმტკიცებულია, რომ კერძო საჩივარს განიხილავს განჩინების მიმღები სასამართლო და ის ზემდგომი სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლება მხოლოდ მას შემდეგს გახდეს, თუ განჩინების მიმღები სასამართლო მას დაუშვებლად ან დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
10. ხსენებული კანონის მე-10 მუხლის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლო კერძო საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას გამოიტანს 14 დღის ვადაში. ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
11. ამდენად, კანონი ითვალისწინებს, ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება), მიუხედავად სამართლებრივი შედეგისა საბოლოოა და აღარ საჩივრდება.
12. განსახილველ შემთხვევაში, სს ,,ბ.ქ–უ“ ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 იანვრის განჩინებას, რომლითაც მოვალისა და ერთ-ერთი კრედიტორის კერძო საჩივრები დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული განჩინებები გაუქმდა და სს „ბ.ქ–უს“ მოთხოვნა მოვალის მიმართ უარყოფილ იქნა.
13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინების კანონიერებაზე სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ და მიიღო განჩინება, რომლითაც სს „ს.ბ–ისა“ და შპს „მ–სის“ კერძო საჩივრები დაკმაყოფილდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი). გამომდინარე აქედან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2021 წლის 18 იანვარს მიღებული განჩინება წარმოადგენს სპეციალური კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის განჩინებაც არ საჩივრდება და რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო.
14. სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას, ასევე, საქმის მოსმენის როგორც ზეპირ (მხარეთა მონაწილეობით), ისე - ზეპირი მოსმენის გარეშე ფორმებს.
15. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.).
16. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასებასა და კანონის არასწორად განმარტებას უკავშირდება, საკასაციო სასამართლო მხარეს მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ფარგლებში მოწმდება მხოლოდ პროცესუალური საკითხი - მართებულია თუ არა სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. შესაბამისად, მითითებულ პრეტენზიებს საკასაციო პალატა არსებითად ვერ განიხილავს, რადგან საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს განჩინებათა დასაბუთებულობასა და კანონიერებას ამოწმებს.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კერძო საჩივრის განხილვისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების საფუძველი, შესაბამისად, კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ბ.ქ–უს“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე