Facebook Twitter

საქმე №ა-65-შ-1-2021 17 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „რ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ. .“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის №59-9/2019 გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის №59-9/2019 გადაწყვეტილებით შპს „პ..“-ს (საქართველო, 0100, ქ. თბილისი, ხუდადოვის ქ. 3/3, იურიდიული მისამართი: თბილისი, ....., ს/ნ: ....) (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“) შპს „რ–ის“ (ბელარუსის რესპუბლიკა, 210002, ქ. ვიტებსკი, .... №62ბ; სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 1994 წლის 9 თებერვალი, ს/ნ: ..., გადამხდელის სააღრიცხვო ნომერი: 300228365) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის - 5 536, 80 აშშ დოლარის, საჯარიმო სანქციების - 1 106, 91 აშშ დოლარის, სულ - 6 643, 71 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 676, 06 ბელარუსული რუბლის ანაზღაურება (რაც არის 280, 26 აშშ დოლარის ეკვივალენტი), სულ - 6 923, 97 აშშ დოლარი.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს „რ–ის“ წარმომადგენელმა დ.მ–მა (შემდგომში - „წარმომადგენელი“), მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის №59-9/2019 გადაწყვეტილების ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.

3. შუამდგომლობაზე თანდართული ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს ბრძანებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2020 წლის 24 ივლისს.

4. ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის აღმასკომის იუსტიციის მთავარი სამმართველოს იძულებითი აღსრულების დეპარტამენტის უფროსის ა.ი. ძე კ–ის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის №59-9/2019 გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო წარმოება არ დაწყებულა.

5. ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის №59-9/2019 გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომის დროის შესახებ სათანადო წესით იყო ინფორმირებული. მოწინააღმდეგე მხარეს არ წარუდგენია პასუხი სასარჩელო განცხადებაზე.

6. შუამდგომლობაზე თანდართული 2017 წლის 19 დეკემბრის №02/17/G ხელშეკრულების 8.1. და 8.2. პუნქტებიდან ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ დავის წარმოშობის შემთხვევაში ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს ან თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადობაზე და ასევე ბელარუსის რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.

7. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პ..“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (ს/კ: ....) (აღნიშნული ასევე დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით (https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMqJn9uuFTCVD]blfSrExbIPvXPCaE372XfYWg3JLiI7 ).

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით შპს „რ–ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის №59-9/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

9. 2021 წლის 16 მარტს შპს „რ–ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით შპს „პ. .“-ის საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება 6 643, 71 აშშ დოლარის ფარგლებში.

10. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის დასასაბუთებლად შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მოკლებულია როგორც მატერიალურ, ისე პროცესუალურ უზრუნველყოფას და არსებობს საფრთხე, რომ გადაწყვეტილება დარჩეს აღუსრულებელი. მოპასუხე კომპანიას საბანკო ანგარიშების გარდა არ გააჩნია მოძრავი და უძრავი ქონება ან სხვა რეგისტრირებადი აქტივი, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა აღსრულების მიქცევა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის №59-9/2019 გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

12. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ნორმებით.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი წესებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ ნორმებს.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ ნორმით დადგენილი წესი გამოყენებულ უნდა იქნას ასევე უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი პროცესუალური შედეგის საქართველოს სახელმწიფოს მიერ მარტოოდენ ცნობამ, შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში აზრი დაკარგოს, თუკი მხარე, რომლის სასარგებლოდაც ეს გადაწყვეტილება გამოვიდა, საპროცესო უზრუნველყოფის ბერკეტის გარეშე აღმოჩნდება. შედეგად, ასეთი მხარის კანონიერი უფლებები და ინტერესები მნიშვნელოვნად დაზიანდება, რაც კანონმდებლის ინტერესს ეწინააღმდეგება.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო წარმოება საქართველოს ტერიტორიაზე იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებას ცნობს და აღსასრულებლად მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამისათვის კი კანონით დადგენილი პროცედურების დაცვაა საჭირო, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის წარმოებაში მიღებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე შესაძლებელია საჭირო გახდეს მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, რაც სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლისა და ამავე კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად უნდა შესრულდეს.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

19. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-939-2019, 15 ივლისი, 2019 წელი).

20. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული იმ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6 643, 71 აშშ დოლარის გადახდა.

21. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხაზე ყადაღის დადება გამოწვეულია გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საშიშროებით, კერძოდ, მოპასუხის საკუთრების უფლებით არ რეგისტრირდება რაიმე უძრავი, მოძრავი ქონება ან სხვა რეგისტრირებადი აქტივი, რომელზედაც შესაძლებელი იქნებოდა აღსრულების მიქცევა.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა იმ კონკრეტული გარემოებების არსებობის თაობაზე, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოში აღსრულებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ამართლებს ასევე მოსარჩელის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. გარდა ამისა, უზრუნვეყოფა მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხაზე ყადაღის დადების თაობაზე მოთხოვნილია სწორედ 6 643, 71 აშშ დოლარის ფარგლებში (აღნიშნული თანხის გადახდა შპს „პ. .“-ს შპს „რ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის №59-9/2019 გადაწყვეტილებით). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება სასამართლო პროცესის განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „ი–ა“ და მ–ძე საქართველოს წინააღმდეგ). ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც (იხ. სუსგ საქმე №ა-3283-შ-79-2020, 18 სექტემბერი, 2020 წელი; საქმე №ა-1133-შ-29-2020, 6 ივლისი, 2020 წელი; საქმე №ა-704-შ-24-2019, 14 თებერვალი, 2019 წელი).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის №59-9/2019 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და ყადაღა დაედოს საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში მოპასუხის შპს „პ. .“-ის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს 6 643, 71 აშშ დოლარის ფარგლებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 271-ე, 191-ე, 193-ე, 198-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „რ–ის“ წარმომადგენლის განცხადება ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის №59-9/2019 გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. ყადაღა დაედოს შპს „პ. .“-ის (ს/ნ ….) საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში 6 643, 71 აშშ დოლარის ფარგლებში.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი