Facebook Twitter

საქმე №ას-1453-2020 18 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ტ.დ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ნ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრელებიდან გასვლა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ა.ნ–ამ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ტ.დ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 2016 წლის 8 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებიდან გასვლისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 41547 ლარის დაკისრების შესახებ.

2. საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ თ.ი–ი (შემდგომ – მესამე პირი) და ა.ჰ–ა (შემდგომ – მოსარჩელის წარმომადგენელი).

სარჩელის საფუძვლები:

3. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 8 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინა. ქონების ღირებულება შეადგენდა 1 კვ.მ-ზე 408 აშშ დოლარს, სულ – 28885 აშშ დოლარს.

4. მოსარჩელე თანხას იხდიდა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, მაგრამ შემდგომ, ეკონომიური მდგომარეობის გაუარესების გამო, იძულებული გახდა, შეეწყვიტა ხელშეკრულება.

5. 2017 წლის 5 ივნისის შეთანხმებით მოპასუხესა და მოსარჩელის წარმომადგენელს შორის, რომლისთვისაც აღნიშნული უფლებამოსილება მოსარჩელეს არ მიუცია, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდა. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უნდა დაბრუნებოდათ ნატურით. ამ შემთხვევაში შეთანხმების დადების დღესვე უძრავ ქონებაზე ვალდებულება შეწყდა, იგი დაუბრუნდა მოპასუხეს და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ბინა საჯარო რეესტრში აღირიცხა მესამე პირის სახელზე. ნასყიდობის საგნის ღირებულებად დაფიქსირდა მოსარჩელისაგან დარჩენილი გადასახდელი თანხა – 25000 ლარი, ანუ 10420 აშშ დოლარი. ხელშეკრულებიდან გასვლის თანმდევი შედეგი მხოლოდ ცალმხრივად დადგა. უძრავი ქონება დაუბრუნდა მოპასუხეს, ხოლო გადახდილი 18465 აშშ დოლარი მოსარჩელეს არ დაბრუნებია. არ განხორციელდა მხარეთა ორმხრივი რესტიტუცია.

6. მოსარჩელის განმარტებით, მან თანხა გადაიხადა სამ ეტაპად: 10000 აშშ დოლარი, 5000 აშშ დოლარი და 3000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების დადების დროს ნასყიდობის საგნის ფასი იყო 28885 აშშ დოლარი. აქედან მოსარჩელემ გადაიხადა ძირითად თანხას მინუს 25000 ლარი. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის, საქსტატის ცნობის თანახმად, 25000 ლარი იყო 10420 აშშ დოლარი, ანუ მოსარჩელის გადახდილი თანხა შეადგენდა 28885 აშშ დოლარს გამოკლებული 10420 აშშ დოლარი, სულ 18465 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების მოშლის დროს თანხის დაბრუნებისას გადახდილ თანხას უნდა გამოკლებოდა 10% ანუ 1847 აშშ დოლარი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაებრუნება 16618 აშშ დოლარი. ვინაიდან საქსტატის ცნობით 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის აგვისტომდე დოლარის ღირებულება ლართან მიმართებით ცვალებადი იყო, ამიტომ ამ პერიოდისათვის საშუალოდ ერთი აშშ დოლარი 2,5 ლარს უდრიდა. აქედან გამომდინარე, 16618 აშშ დოლარი შეადგენდა 41547 ლარს.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება გააჩნდა არა მას, არამედ მესამე პირს, რომელიც იყო მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მოყვანილი კლიენტი. ვინაიდან მესამე პირს მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ჰქონდა ვალდებულება, ამიტომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში განხორციელდა 25000 ლარის დაფიქსირება. როდესაც გაირკვა, რომ მესამე პირს მოსარჩელისათვის თანხა გადახდილი არ ჰქონდა, მან სასწრაფო წესით გადააფორმა ბინა სხვის სახელზე, რათა უძრავი ქონება არ დაყადაღებულიყო. აღნიშნულის მიუხედავად, მესამე პირს უკვე მიმართული ჰქონდა ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილებისათვის მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ ქონების დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით და საჩივრის ავტორი იყო მესამე პირის წარმომადგენელი და ამავდროულად იმ პირის მეუღლე, რომლის სახელზეც ქონება გადაფორმდა. შესაბამისად, ახალ მესაკუთრეს კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსი ვერ ექნებოდა, რადგან ის ინფორმირებული იყო უძრავი ქონების ირგვლივ არსებული გარემოებების შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 41547 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო პალატისათვის წარედგინა: ა) დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი; ბ) დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი).

11. აღნიშნული განჩინება 2020 წლის 24 ივლისს ჩაბარდა მოპასუხე საზოგადოების დირექტორს (ს.ფ. 317).

12. 2020 წლის 3 აგვისტოს, ფოსტის მეშვეობით, ხარვეზის შევსებისათვის დანიშნულ ვადაში მხარემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება (ს.ფ. 318-319).

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხარვეზის შესავსებად ვადა გაგრძელდა 10 დღით (ს.ფ. 320-322).

14. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 2020 წლის 24 სექტემბერს ჩაბარდა (ს.ფ. 324).

15. 2020 წლის 3 სექტემბერს, ფოსტის მეშვეობით, ხარვეზის შევსებისათვის დანიშნულ ვადაში, სააპელაციო სასამართლოს მხარემ მიმართა განცხადებით და კვლავ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა, ვინაიდან კომპანიას სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა (ს.ფ. 325-326).

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-60 მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის, 59-ე, 63-ე, 64-ე და 65-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ, მართალია, 2020 წლის 3 სექტემბერს, ხარვეზის შევსებისათვის დანიშნულ ვადაში აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა, მაგრამ მის მიერ წარმოდგენილი განცხადება ფაქტობრივად არის 2020 წლის 3 აგვისტოს განცხადების იდენტური, კერძოდ, აპელანტის წარმომადგენელი კვლავ მიუთითებს, რომ, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კომპანიას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია. ამასთან, არც აღნიშნულ განცხადებას ერთვის რაიმე სახის მტკიცებულება კომპანიის გადახდისუუნარობის დასადასტურებლად. გარდა ამისა, ხარვეზი არ არის გამოსწორებული არც დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე არ უშუამდგომლია.

17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით, 48-ე მუხლით და მიიჩნია, რომ აპელანტს, ამავე კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლოსათვის არ წარუდგენია ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შეეფასებინა მტკიცებულებები და ემსჯელა მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და მის თანმდევ შედეგებზე სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებასთან მიმართებით.

18. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ უტყუარი მტკიცებულებებით ქონებრივი მდგომარეობის დადასტურება კანონისმიერი პირობაა და სასამართლო არ არის უფლებამოსილი მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, დააკმაყოფილოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შუამდგომლობა.

19. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

21. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობა, რაც გამწვეულია მსოფლიოში არსებული გლობალური პანდემიით, მისგან გამომდინარე შეზღუდვებითა და საფრთხით. მხარემ მიუთითა სახელშეკრულებო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედ ფორსმაჟორულ პირობებზე და მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებანი წარმოადგენდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტის გათავისუფლების საკმარის საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

22. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

23. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

24. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

25. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

26. განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაავალა, ამ განჩინებით ჩაბარებიდან 10 დღეში წარედგინა: 1. კანონით დადგენილი წესით შედგენილი სააპელაციო საჩივარი; ბ) დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი).

27. აღნიშნული განჩინება 2020 წლის 24 ივლისს ჩაბარდა მოპასუხე საზოგადოების დირექტორს.

28. 2020 წლის 3 აგვისტოს, აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

29. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხარვეზის შესავსებად ვადა კი გაგრძელდა 10 დღით.

30. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა 2020 წლის 24 სექტემბერს (ს.ფ. 324).

31. 2020 წლის 3 სექტემბერს, ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში აპელანტმა კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს იმავე საფუძვლით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შუამდგომლობით.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო პალატამ აპელანტს დაუდგინა ხარვეზი ორი მიმართულებით. ერთი მხრივ, მხარეს დაევალა კანონით დადგენილი წესით შედგენილი სააპელაციო საჩივრის, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ამსახველი ქვითრის დედნის წარდგენა.

33. მხოლოდ მითითებული პირობების კუმულატიურად შესრულება ჩაითვლებოდა აპელანტის მიერ ხარვეზის გამოსწორებად. მხარემ კი ორჯერ წარადგინა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით, ხოლო კანონით დადგენილი წესით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის ნაწილში ხარვეზი არ გამოუსწორებია, აღნიშნულის საპატიო მიზეზზე არ მიუთითებია და არც ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია.

34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.

35. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს.

36. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

37. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

38. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან (საქმე №ას-1220-2018, 9 ოქტომბერი, 2018 წელი).

39. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ წინამდებარე სააპელაციო საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა, ვინაიდან აპელანტმა ხარვეზი სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ არცერთ ნაწილში არ გამოასწორა და არც ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის დამატებით გაგრძელება არ მოითხოვა.

40. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ იურიდიული პირის სახელმწიფო ბაჟის სრული ოდენობით გადახდისაგან გათავისუფელების შესაძლებლობას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

41. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა.

42. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

43. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.

44. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტით ვერ დაარწმუნა სასამართლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლების არსებობაში. შესაბამისად, მის მოთხოვნას მართებულად ეთქვა უარი.

45. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

46. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ტ.დ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე