საქმე №ას-7-2021 18 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ი–ი (განმცხადებელი)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ი–ის კანონიერი წარმომადგენელი – დ.ი–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულებისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქალაქო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ი–ის სარჩელი ბ.ი–ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულებისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, ასევე, მესაკუთრედ აღიარების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2007 წლის 25 ივლისის სამკვიდრო მოწმობა, აგრეთვე 2016 წლის 8 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულება 1/4 ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი და განმცხადებელი ცნობილ იქნა 1996 წლის 21 იანვარს გარდაცვლილი მამის – ბ.ი–ის დანაშთი ქონების 1/4 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო და საკასაციო სასამართლებოს გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის №ას-845-2019 განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება საკასაციო საჩივარზე შეწყდა.
განმცხადებლის მოთხოვნა და საფუძვლები:
4. 2020 წლის 31 აგვისტოს განმცხადებელმა მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, სააპელაციო პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
5. განმცხადებლის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 22 ივლისის №38-01202043121 ცნობით მას მიეწოდა ინფორმაცია, რომ გამგეობის წ-შ-ტ–ას საუბნო განყოფილების მიერ ბ.დ. ძე ი–ის ქონების ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დასადასტურებლად გამოიკითხა ადგილობრივი მოსახლეობა და გამოირკვა, რომ მეზობლები – ა.პ–ი, ლ.ს–ი და გ.ყ–ი ხელმოწერებით ადასტურებენ მ.ი–ის მიერ მამის – ბ.ი–ის დანაშთი ქონების 1996 წლიდან ფლობის ფაქტს. განმცხადებლის მითითებით, ხსენებული გარემოება რომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს ყოფილიყო ცნობილი, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი შედეგის დადგომას, მით უფრო, რომ აღმოჩენდა საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი, საიდანაც ასევე თვალნათლივ დგინდება, რომ სადავო სახლის მფლობელი მხოლოდ ბ.ი–ი იყო. აღნიშნული დოკუმენტი მისი დისშვილის მიერ იქნა მოძიებული და გაიგზავნა მასთან ა/წ 21 აგვისტოს.
6. ამდენად, განმცხადებელმა მიიჩნია, რომ ხსენებულ გარემოებებითა და მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება 1996 წლიდან მის მიერ სადავო ქონების ფლობის ფაქტი. მითითებული ფაქტები სააპელაციო სასამართლოს ერთობლიობაში რომ შეეფასებინა, განმცხადებლის სარჩელი უპირობოდ დაკმაყოფილდებოდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მ.ი–ის (შემდგომ – განმცხადებელი) განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 421-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის ანალიზიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ პროცესუალური საფუძვლით საქმის წარმოების განახლებისათვის აუცილებელია რამდენიმე წინაპირობის ერთდროულად არსებობა, კერძოდ: ახალი გარემოება (ახლად აღმოჩენილი გარემოება) და მტკიცებულება ობიექტურად უნდა არსებობდეს საქმის განხილვისას, თუმცა მის შესახებ ცნობილი არ უნდა იყოს მხარისა და სასამართლოსათვის; ამასთან, ეს გარემოება და მტკიცებულება წარდგენილი რომ ყოფილიყო საქმის განხილვის ეტაპზე, გამოვიდოდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლებას რამდენიმე წინაპირობა აქვს. პირველ რიგში, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნისას მხარემ უნდა წარმოადგინოს ისეთი გარემოება ან მტკიცებულება, რომელიც საქმის განხილვის პროცესში არ იყო წარმოდგენილი. ამ პირობასთან ერთობლიობაში კუმულატიურად უნდა არსებობდეს მეორე წინაპირობაც – მხარეს აღნიშნული გარემოების თუ მტკიცებულების თაობაზე ინფორმაცია არ უნდა გააჩნდეს საქმის მიმდინარეობისას და მისთვის აღნიშნულის თაობაზე ცნობილი უნდა გახდეს მხოლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ. მიუხედავად ამ ორი წინაპირობისა, სასამართლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე უარს ეტყვის მხარეს, თუკი აღნიშნული გარემოების/მტკიცებულების შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ მისი სასამართლოში თავის დროზე წარდგენა ვერ შეცვლიდა მიღებულ გადაწყვეტილებას, ამდენად, იგი არ წარმოადგენს ისეთი მნიშვნელობის მქონე გარემოებას, რომელიც გახდებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
10. სააპელაციო პალატის მითითებით, განმცხადებელი მოთხოვნას აფუძნებს, ერთი მხრივ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 22 ივლისის №38-01202043121 ცნობაზე, მეორე მხრივ კი, – საჯარო რეესტრის სააგენტოს ტექბიუროში დაცულ დოკუმენტზე.
11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, როგორც განცხადებაზე თანდართული ხსენებული მტკიცებულებებით დგინდება, მთაწმინდის რაიონის გამგეობაში სწორედ განმცხადებლის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის მიზნებიდან გამომდინარეც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის წ-შ-ტ–ას საუბნო განყოფილების მიერ გამოკითხულ იქნა ადგილობრივი მოსახლეობა ქონების ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დასადასტურებლად.
12. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა, რომ ხსენებული ცნობის შინაარისის გათვალისწინებით, ცნობაში ნახსენები პირების გამოკითხვა მოხდა განმცხადებლის მიერ შეტანილი №19/01201741514-38 განცხადების საფუძველზე, რაც მან განახორციელა საქმის სასამართლოში განხილვის დასრულების შემდგომ, თუმცა რა უშლიდა ხელს განმცხადებელს, აღნიშნული საქმის წარმოების ეტაპზე განეხორციელებინა, პალატისთვის უცნობია. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ აღნიშნული პირების გამოკითხვის შესახებ შუამდგომლობით განმცხადებელს არ მიუმართავს სასამართლოსათვის არც ერთ ეტაპზე, მეტიც, მან მოწმედ სასამართლოში სრულიად სხვა პირების დაკითხვა მოითხოვა. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, მითითებული მტკიცებულება ვერ იქნება მიჩნეული ახლად აღმოჩენილი გარემოებების დამადასტურებლად, ვინაიდან თავად ცნობაში დაკითხული პირების ჩვენება არის ახალი ფაქტობრივი გარემოება და არა ახლად აღმოჩენილი გარემოება, ამავდროულად, მხარემ ვერც ცნობის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი დაასახელა და დაასაბუთა.
13. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან წარმოდგენილი სახლის ტექნიკურ პასპორტი, სადაც მფლობელად არის მითითებული ბ.დ. ძე ი–ი, ადასტურებს ისეთ გარემოებას, რომლის საქმის განხილვის დროს გამოკვლევაც მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდებობა.
14. უპირველეს ყოვლისა, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დოკუმენტზე არ არის დართული მისამართი, რაც ქონების იდენტიფიცირების შესაძლებლობას შექმნიდა, მისი გაცემის თარიღად კი მითითებულია 1997 წლის 18 ოქტომბერს მაშინ, როდესაც დადგენილია, რომ ბ.ი–ი გარდაიცვალა 1996 წლის 21 იანვარს. ამავდროულად, ბუნდოვანია აპელანტის მტკიცება, რომ მან ხსენებული დოკუმენტი დის ოჯახში მოიძია, რამდენადაც დოკუმენტზე განთავსებულია საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შტამპი, რაც მოწმობს, რომ იგი დაცულია არქივში და გამოთხოვილი უნდა იყოს დუბლიკატის სახით. საგულისხმოა ისიც, რომ დოკუმენტზე არ არის დატანილი გამოთხოვისა და გაცემის თარიღი, არც გამცემი პირის ხელმოწერა ან სხვა რაიმე რეკვიზიტი და შესაბამისად, გაურკვეველია, რამ შეუშალა ხელი განმცხადებელს არქივში დაცული ტექნიკური პასპორტი საქმის წარმოების ეტაპზე წარედგინა სასამართლოსთვის, ან/და რა საპატიო მიზეზის არსებობის გამო, ვერ შეძლო წარდგენა.
15. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმის განხილვის დროსაც რომ ყოფილიყო წარმოდგენილი, სასამართლო იმავე გადაწყვეტილებას მიიღებდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რამდენადაც, სასამართლომ დაადგინა, რომ ბ.ი–ის სახელზე რიცხული ქონება ეკუთვნოდა კომლს, რომელიც 1993 წლიდან, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, აღარ წარმოადგენდა კომლის ქონებას და იყო საკოლმეურნეო კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში. ვინაიდან კომლს ამ დროისათვის ერიცხებოდა ორი წევრი, ბ.ი–ი და დ. ი–ი, ქონება გარდაიქმნა მათ თანასაკუთრებად, საიდანაც ბ.ი–ის წილს შეადგენდა ½ ნაწილი, რის გამოც, ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, მის წილზე მემკვიდრეობა გაიხსნა სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესების მიხედვით, ხოლო განმცხადებელი არ წარმოადგენდა კომლის წევრს.
16. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების საფუძველი არ არსებობს, რადგანაც 2020 წლის ივლისის მდგომარეობით გამოკითხული პირების ჩვენებები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში დაცული ტექნიკური პასპორტი არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილი გარემოებების მადასტურებელ დოკუმენტებს და არც ისეთ ფაქტებს ადასტურებს, რაც მათი საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე წარმოდგენისას გახდებოდა სასამართლოს მხრიდან სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
19. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ზერელედ და ტენდენციურად შეაფასა განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები.
20. მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მითითებას, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გამოიწვევდა სარჩელის დაკმაყოფილებას. ახლად აღმოჩენილი გარემოებებით უტყუარად დასტურდება, რომ დ. ი–ი აღნიშნულ პერიოდში არ ირიცხებოდა კომლის წევრად, არამედ 1989 წლის 13 სექტემბერს ამოეწერა კომლიდან და ჩაეწერა სხვა მისამართზე. ამასთან, საჯარო რეესტრის საარქივო ჩანაწერებით კომლის 1992-1996 წლის მონაცემები არ ფიქსირდება. ამდენად, დასტურდება საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა, კერძოდ, რომ განმცხადებელი, მამის გარდაცვალების დღიდან, 1996 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რომელიც საკუთრების უფლებით მხოლოდ მამამისს ეკუთვნოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის, პირველ რიგში, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.
23. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
24. სსსკ-ის 423-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმის სწორად გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი განმცხადებლისათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ასეთი გარემოება უნდა შეეხებოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე განხილულ მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობას და ზეგავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
26. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საკითხის გადასაწყვეტად კანონი არ მოითხოვს სასამართლოს მიერ კანონის გამოყენების სისწორის, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების, მტკიცებულებათა შეფასების სისწორის შემოწმებას. „სასამართლოს მთავარი ამოცანაა გამოარკვიოს, არსებობს თუ არა სახეზე ახლად აღმოჩენილი გარემოებები მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში და დაადგინოს, მოახდინეს თუ არა მათ გავლენა გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების სისწორეზე“. (იხ. დამატებით: შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბილისი, 2015 წელი, 732.).
27. მაშასადამე, ახლად აღმოჩენილი გარემოება არის იურიდიული ფაქტი, რომელიც რეალურად არსებობდა საქმის განხილვის მომენტში და რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს მოცემული საქმისათვის, ე.ი. იწვევს მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას.
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. სსსკ-ის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს, თავისი ბრალის გარეშე, არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ) მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. მაშასადამე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებში იგულისხმება მხარეთა სადავო ურთიერთობისათვის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტები; გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა ამ ფაქტების გაუთვალისწინებლად; თუ ეს ფაქტები ცნობილი იქნებოდა საქმის განმხილველი სასამართლოსათვის, მაშინ მათი გათვალისწინებით საქმეზე გამოტანილი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლში მოცემული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების ჩამონათვალი ამომწურავია და არ შეიძლება განივრცოს. იურიდიულ დოქტრინაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ „დაუშვებელია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს მიერ არასწორადაა გამოყენებული მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმები. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების გადასინჯვის მექანიზმი სრულიადაც არ არის მომარჯვებული ამ ამოცანათა შესრულებაზე, ამიტომ მისმა გამოყენებამ ამ მიზნებით შესაძლოა, სასამართლო წესით უფლების დაცვის გარანტიების განმტკიცება კი არ გამოიწვიოს, არამედ მათი დარღვევა. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული საფუძვლით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმა, არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში განმტკიცებულ ადამიანის უფლებათა სასამართლო წესით დაცვის გარანტიას“ (იხ. დამატებით: შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბ., 2015 წელი, 738).
31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადება ვერ მიიჩნევა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, რადგან კანონმდებელი ასეთად მიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებისა და მტკიცებულების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი ვითარების) და ისეთი მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და საშუალო წინდახედულობის ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა და ეს ფაქტი (ფაქტები) ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის გადაწყვეტილების გამოტანის დროს, მაშინ სასამართლო გამოიტანდა საპირისპირო გადაწყვეტილებას (მთლიანად ან ნაწილობრივ). კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება, როგორც საპროცესო მოქმედება, არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და, ამდენად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და ისიც კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.
32. მოცემულ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის სარჩელი ჩუქების ხელშეკრულებისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, ასევე, ქონების მესაკუთრედ აღიარების შესახებ. მხედველობაშია მისაღებია ის გარემოებაც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის №ას-845-2019 განჩინებით საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა სწორედ განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე.
33. განმცხადებელმა პრეტენზია წარადგინა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე და მიიჩნია, რომ არსებობდა ისეთი ახლად აღმოჩენილი გარემოებები, რომელთა საქმის განხილვისას სასამართლოსათვის წარდგენის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილება. ასეთად მხარემ მიიჩნია: 1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 22 ივლისის №38-01202043121 ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ გამგეობის წ-შ-ტ–ას საუბნო განყოფილების მიერ ბ.დ. ძე ი–ის ქონების ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დასადასტურებლად გამოიკითხა ადგილობრივი მოსახლეობა და გამოირკვა, რომ მეზობლები ხელმოწერებით ადასტურებენ განმცხადებლის მიერ მამის დანაშთი ქონების 1996 წლიდან ფლობის ფაქტს; 2. საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტით თვალნათლივ დგინდება, რომ სადავო სახლის მფლობელი მხოლოდ ბ.ი–ი იყო.
34. წარმოდგენილი განცხადების ფარგლებში მხარეს უნდა დაედასტურებინა, რომ მითითებული მტკიცებულებანი მან საქმის განხილვის პროცესში ვერ მოიპოვა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, რაც განმცხადებელმა ვერ დაამტკიცა.
35. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნულ ცნობაში მითითებული ადმონისტრაციული წარმოება დაიწყო სწორედ განმცხადებლის წერილობითი პრეტენზიის საფუძველზე, რომელიც ამ უკანასკნელმა წარადგინა სასამართლოში საქმის წარმოების დასრულების შემდეგ. განმცხადებელმა ვერ მიუთითა, რა საპატიო გარემოების გამო ვერ მიმართა მერიას საქმის წარმოების შესაბამის ეტაპზე და ვერ მოიპოვა ადგილობრივი მოსახლეობის ჩვენებები.
36. ასევე, დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების მითითება, რომ არ დგინდება, თუ რამ შეუშალა ხელი განმცხადებელს საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში დაცული ტექნიკური პასპორტი საქმის წარმოების ეტაპზე წარედგინა სასამართლოსთვის. სააპელაციო პალატამ მართებულად არ ჩათვალა სარწმუნოდ განმცხადებლის განმარტება, რომ აღნიშნული დოკუმენტი მისი დის ოჯახიდან იქნა მოძიებული, ვინაიდან დოკუმენტზე არ ფიქსირდება მისი მაიდენტიფიცირებელი მისამართი, თარიღად დასმულია 1997 წლის 18 ოქტომბერს მაშინ, როდესაც დადგენილია, რომ ბ.ი–ი გარდაიცვალა 1996 წლის 21 იანვარს. ამავდროულად, სადავო ტექნიკურ პასორტზე დასმულია საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შტამპი, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი არქივიდან გამოთხოვილ ასლს წარმოადგენს.
37. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მიზნით წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქმის სასამართლოში განხილვისას წარმოდგენის შემთხვევაში, მისთვის სასარგებლო შედეგით დავის დასრულებას გამოიწვევდა.
38. სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა მოცემულ საქმეზე დადგენილ გარემოებაზე, რომ 1993 წლამდე სადავო ქონება ერიცხებოდა კომლს, რომელშიც შედიოდნენ ბაგრატ და დ. ი–ები. კომლის გაუქმების შედეგად ქონება გადავიდა მითითებულ პირთა თანასაკუთრებაში, საიდანაც განმცხადებლის მამას ეკუთვნოდა ½ ნაწილი. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, მის წილზე მემკვიდრეობა გაიხსნა სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესების მიხედვით, ხოლო განმცხადებელი არ წარმოადგენდა კომლის წევრს.
39. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ი–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმიწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე