Facebook Twitter

საქმე №ა-886-შ-20-2020 29 იანვარი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ხ.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ა–ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ესპანეთის, ქ. ბარსელონას ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის №66/2019 გადაწყვეტილება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღების შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ესპანეთის, ქ. ბარსელონას ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის №66/2019 გადაწყვეტილებით ხ.მ–ის სარჩელი, თ.ა–ას წინააღმდეგ, განქორწინებისა და პირადი და ქონებრივი ხასიათის ზომების გათვალისწინებით, მათ შორის, მშობლის უფლებამოსილების, მეურვეობისა და მზრუნველობის, მცირეწლოვანი ბავშვების მამასთან ვიზიტებისა და კომუნიკაციის რეჟიმის, საცხოვრებელი ადგილისა და ნივთების გამოყენების, აგრეთვე სარჩოსა და მცირეწლოვანი შვილების რიგგარეშე ხარჯების განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2020 წლის 24 თებერვალს შუამდგომლობით მომართა ხ.მ–ის წარმომადგენელმა, მოითხოვა ესპანეთის, ქ. ბარსელონას ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის №66/2019 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში წარმოედგინა ესპანეთის, ქ. ბარსელონას ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის №66/2019 გადაწყვეტილების დედანი, ან ამავე სასამართლოს მიერ სათანადოდ დამოწმებული ასლი და ცნობა, რომ დასახელებული გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

4. დასახელებული განჩინება, შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს, პირადად ჩაჰბარდა 2020 წლის 19 მაისს.

5. იმავე წლის 18 ივნისს (კონვერტი ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილია 17 ივნისს), საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა, საყოველთაოდ ცნობილი გარემოების (ახალი კორონავირუსი COVID-19) გათვალისწინებით, მოითხოვა ხარვეზის აღმოფხვრისთვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს 30 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში წარმოედგინა ესპანეთის, ქ. ბარსელონას ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის №66/2019 გადაწყვეტილების დედანი, ან ამავე სასამართლოს მიერ გაცემული სათანადოდ დამოწმებული ასლი და ცნობა, რომ დასახელებული გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

7. შუამდგომლობის ავტორმა, კვლავ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა შუამდგომლობის გადაწყვეტილების მიმღებ ქვეყანაში მყოფი ადვოკატის მიმართვა სასამართლო ბრძანების აღსრულების შესახებ გაცემის თაობაზე და ამავე ადვოკატისა და მხარის მიმოწერა, რომ გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, თუმცა ხარვეზის დადგენის თაობაზე არსებული განჩინებით დავალებული დოკუმენტები, შუამდგომლობის ავტორს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, შუამდგომლობის ავტორს, კვლავ გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად და დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განჩინების ჩაბარებიდან 60 დღის ვადაში წარმოედგინა ესპანეთის, ქ. ბარსელონას ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის №66/2019 გადაწყვეტილების დედანი, ან ამავე სასამართლოს მიერ გაცემული სათანადოდ დამოწმებული ასლი და ცნობა, რომ დასახელებული გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

9. დასახელებული განჩინების ასლი გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს ქ.ზ–ს და ჩაბარდა 2020 წლის 6 ნოემბერს.

10. შუამდგომლობის ავტორს ან მის წარმომადგენელს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

12. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა და მოითხოვა ესპანეთის, ქ. ბარსელონას ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის №66/2019 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, შუამდგომლობის ავტორს, კვლავ გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად და დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განჩინების ჩაბარებიდან 60 დღის ვადაში წარმოედგინა ესპანეთის, ქ. ბარსელონას ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის №66/2019 გადაწყვეტილების დედანი, ან ამავე სასამართლოს მიერ გაცემული სათანადოდ დამოწმებული ასლი და ცნობა, რომ დასახელებული გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლის მიერ მითითებულ მისამართზე ჩაბარდა ოფის მენეჯერს - ა.ჩ–ას.

15. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 60-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 7 ნოემბერს და ამოიწურა 2021 წლის 5 იანვარს (აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები იყო).

16. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.

17. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

18. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 278-ე მუხლის თანახმად შუამდგომლობის განუხილველად დატოვება მხარეს არ ართმევს უფლებას, რომ ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხ.მ–ის შუამდგომლობა ესპანეთის, ქ. ბარსელონას ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის №66/2019 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე მ. ერემაძე