Facebook Twitter

საქმე №ას-594-594-2018 10 მარტი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - ა.ო–ი

მოწინააღმდეგე მხარე - კ.ჯ–ძე

განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება

დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ა.ო–ის განცხადება დაკმაყოფილდა. ა.ო–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 2019 წლის 26 თებერვალს N0 საგადახდო დავალებით ჩარიცხული 19 902.00 ევრო.

2021 წლის 10 თებერვალს ა.ო–ის წარმომადგენელმა გ.ძ–ამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ზემოთაღნიშნულ განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება.

2021 წლის 10 თებერვალს განცხადება განსახილველად გადაეცა მოსამართლე ნინო ბაქაქურს, ხოლო საქმე მატერიალურად სამოქალაქო საქმეთა პალატის კანცელარიიდან მოსამართლეს გადაეცა 2021 წლის 24 თებერვალს. საქმის მასალების გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ საქმეში არ არსებობს ა.ო–ის ინტერესების დამცველის გ.ძ–ას საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა, რაც გამორიცხავდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საქმეზე მისი წარმომადგენლად დაშვების შესაძლებლობას. ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე. შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა გ.ძ–ას მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე უსწორობის გასწორების შესახებ. ამასთან, 2021 წლის 9 მარტს თავად ა.ო–მა მომართა საკასაციო სასამართლოს განცხადებით უსწორობის გასწორების შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებულია მექანიკური შეცდომა. კერძოდ, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ თანხის ჩარიცხვის თარიღად ნაცვლად 2019 წლის 26 თებერვლისა მითითებული უნდა იყოს - 2018 წლის 26 თებერვალი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ა.ო–მა მოითხოვა უსწორობის გასწორება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ უსწორობის გასწორების საკითხის სასამართლო სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში შეცდომით იქნა მითითებული ა.ო–ის მიერ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის თარიღი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა და მასში სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის თარიღად ნაცვლად სიტყვებისა - „2019 წლის 26 თებერვალს“, მითითებულ იქნას - „2018 წლის 26 თებერვალს“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა;

2. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის თარიღად ნაცვლად სიტყვებისა - „2019 წლის 26 თებერვალს“, მითითებულ იქნას - „2018 წლის 26 თებერვალს“;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი