საქმე №ას-931-2020 22 იანვარი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ს.დ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ფ.ყ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე), ს.დ–ი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შეგებებული სარჩელით მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა (თავდაპირველ სარჩელში), ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.დ–ის სახელით ვ.ა–მა, 2014 წლის 5 თებერვალს, საკუთარ თავთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ს.დ–მა გაყიდა, ხოლო ვ.ა–მა იყიდა უძრავი ქონება მდებარე: მარნეულის რაიონი, სოფელი ....., ს/კ ...... ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 25 000 ლარი (ტ. 1. ს.ფ. 89-90).
2. ვ.ა–სა და ფ.ყ–ს (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე ან მესაკუთრე) შორის, 2014 წლის 7 მარტს, სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ ვ.ა–ს ასესხა 24 000 აშშ დოლარი, ერთი წლის ვადით. სესხის გადახდა უზრუნველყოფილი იქნა ვ.ა–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით მდებარე: მარნეულის რაიონი, სოფელი ......., ს/კ ...... ვ.ა–სა და მოსარჩელეს შორის 2015 წლის 14 აპრილს გაფორმებული შეთანხმებით ცვლილება შევიდა 2014 წლის 7 მარტის სესხისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულებაში და სესხის დაბრუნების ვადად 2016 წლის 14 აპრილი განისაზღვრა (ტ.1, ს.ფ. 95-99).
3. მოსარჩელესა და ვ.ა–ს შორის, 2015 წლის 19 აგვისტოს, გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ვ.ა–მა გაყიდა, ხოლო მოსარჩელემ იყიდა უძრავი ქონება მდებარე: მარნეულის რაიონი, სოფელი ......., ს/კ ..... ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 35 000 აშშ დოლარით. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, მარნეულის რაიონი, სოფელი ...... მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: #...... აღირიცხა მოსარჩელის სახელზე (ტ.1, ს.ფ. 82, 86, 88).
4. ა.დ–მა მის საკუთრებაში არსებული ქონება, 1997 წლის 17 ოქტომბერს, სრულად უანდერძა ს.დ–ს (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი). ა.დ–ი გარდაიცვალა 1999 წლის 27 სექტემბერს, ხოლო მისი მეუღლე ვ.დ–ი - 1993 წლის 20 ნოემბერს.
5. სადავო უძრავ ქონებას მოპასუხე ფლობს.
6. ვ.ა–ი 2017 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა.
7. ს.დ–ი ვ.ა–ის უფლებამონაცვლეა.
8. სასარჩელო და შეგებებული სასარჩელო მოთხოვნები, შესაგებლები
8.1. მესაკუთრემ, 2016 წლის 3 ოქტომბერს, სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ და სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა მოითხოვა.
8.2. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ სცნო.
8.3. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მესაკუთრის წინააღმდეგ და 2015 წლის 19 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვა მოითხოვა.
8.4. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ (მესაკუთრემ) შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა არ სცნო.
9. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
9.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით მესაკუთრის ვინდიკაციული სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და მოსარჩელეს გადაეცა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 56-ე, 185-ე, 477-ე, 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 180-ე მუხლით და აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრე ვ.ა–ი იყო. იმ მომენტისათვის, უძრავ ქონებაზე რაიმე შეზღუდვა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა. შეგებებული სარჩელის ავტორის ახსნა-განმარტებით ასევე დადგენილია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე დავა ამ უძრავი ქონების საკუთრებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობდა (იხ. 14.03.2019წ. სხდომის ოქმი 11:57:51-11:58:12). შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა შეგებებული სარჩელის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე მოსარჩელემ იცოდა, რომ ვ.ა–ი არ იყო ამ ქონების მესაკუთრე. სასამართლო სხდომაზე თავად შეგებებული სარჩელის ავტორმა განმარტა, რომ 2015 წლის ივლისის ან აგვისტოს თვეში, ზუსტად არ ახსოვს, მასთან მისული იყო მოსარჩელე და უთხრა, რომ ქონების მესაკუთრე იყო და მისცა სამი დღის ვადა სახლის დასაცლელად. ამის შემდეგ მან ინფორმაცია გადაამოწმა საჯარო რეესტრში და აღმოჩნდა, რომ ქონება ირიცხებოდა მოსარჩელის სახელზე.
9.3. შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებდა, რომ მან, 2015 წლის 29 ივლისს მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა. დადგენილია, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე მარნეულის რაიონი, სოფელი ......., ს/კ ...... საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებითა და საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე გადამოწმებით დგინდება, რომ მოპასუხის მიერ, 2015 წლის 29 ივლისს წარდგენილი განცხადება შეეხებოდა მარნეულის რაიონი, სოფელი ....... მდებარე უძრავ ქონებას, რომლის საკადასტრო კოდია: ....... შესაბამისად, ვერც აღნიშნული განცხადებით გახდებოდა მოსარჩელისათვის ცნობილი მოპასუხის პრეტენზიის შესახებ, რადგან საკადასტრო კოდზე: ...... შესრულებული ტრანზაქციების გადამოწმებით შეგებებული სარჩელით მოსარჩელის განცხადება არ ფიქსირდებოდა.
9.4. რაიონულმა სასამართლომ განმარტა: ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ნასყიდობის საგანი გასხვისებული იქნა 35 000 აშშ დოლარად. საქმეში წარმოდგენილია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, საიდანაც დგინდება, რომ მოსარჩელემ ვ.ა–ს ასესხა 24 000 აშშ დოლარი, შესაბამისად, მას ჰქონდა მოთხოვნის უფლება ვ.ა–ის მიმართ. რაც შეეხება ნასყიდობის ფასს, როგორც მოსარჩელემ განმარტა, მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ, რომ ვ.ა–ს, პროცენტის სახით, ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 500 აშშ დოლარი, შესაბამისად, 11000 აშშ დოლარი წარმოადგენდა სწორედ სარგებლის თანხას. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს (მყიდველს) ვ.ა–ის მიმართ ჰქონდა მოთხოვნის უფლება, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს მას თანხა გამყიდველისათვის არ გადაუხდია და ნასყიდობის ფასში ვ.ა–ის დავალიანება გაიქვითა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასებები, ასევე, დადასტურებულად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ არ იცოდა და ობიექტურად არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ უძრავი ქონება მდებარე: მარნეულის რაიონი, სოფელი ......., საკადასტრო კოდით: # ......, რომელიც მან ვ.ა–ისგან შეიძინა, სადავო იყო.
10.3. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 131-ე, 132-ე მუხლებზე მითითებით არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ მოსარჩელე მასთან გარიგების გაფორმებამდე მივიდა და, რაც მთავარია, მან მოსარჩელეს გარიგების გაფორმებამდე უამბო იმ გარემოებათა შესახებ, რის გამოც მიიჩნევდა, რომ ვ.ა–ის სახელზე არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომელიც სადავო უძრავ ნივთზე მის საკუთრების უფლებას ადასტურებდა უსწორო იყო. სასამართლომ განმარტა, ფაქტი, რომ მოსარჩელე სადავო საცხოვრებელ სახლში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მივიდა, რა დროსაც მან აპელანტს სამი დღის ვადაში ბინის დატოვება მოსთხოვა, სადავო გარიგების ბათილად გამოცხადების საფუძვლად ასევე ვერ გამოდგება, რადგან საქმეში წარმოდგენილი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი, 2014 წლის 7 მარტს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის (გამსესხებლის) სოლიდური მოთხოვნის - 24 000 აშშ დოლარის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენდა, რაც იძლევა დასაბუთებული ვარაუდის დაშვების საფუძველს, რომ უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, აღნიშნული ნივთი მოსარჩელეს (მყიდველს) უკვე ნანახი ჰქონდა.
10.4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 185-ე მუხლის თანახმად შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. შემძენის ინტერესების დამცავი ზემოხსენებული სანივთო დანაწესი ნაკარნახევია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით, რასაც ხელს უწყობს კანონითვე დაშვებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია (სსკ-ის 312-ე მუხლი). რაც შეეხება საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის ცოდნას, უფლების შემძენს ტვირთად აწევს არა ყოველგვარი უზუსტო მონაცემის ცოდნა, არამედ მხოლოდ ისეთის, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს უფლების შეძენის ნამდვილობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩანაწერის უზუსტობის ცოდნა ნიშნავს იმ გარემოებათა ცოდნას, რის გამოც ჩანაწერი უზუსტოა.
11. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
11.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც უკანონო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. კასატორის განმარტებით, მოსარჩელისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე ცნობილი იყო, რომ უძრავ ქონებაზე მოპასუხეს ჰქონდა პრეტენზია, რადგან მოპასუხეს საჯარო რეესტრში განცხადება ჰქონდა წარდგენილი.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპიროებების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
16. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო უძრავ ქონებაზე მოპასუხის შესაძლო უფლების შესახებ, რის გამოც ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია, უძრავი ქონება მას ეკუთვნის და შესაბამისად, უსაფუძვლოა ვინდიკაციური სარჩელიც.
18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებასა და დასკვნას, რასაც მოპასუხის საკასაციო საჩივარი ვერ აქარწყლებს (იხ. წინამდებარე განჩინების 1-8, 9.2-9.4, 10.2-10.4 ქვეპუნქტები).
19. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება).
20. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. მოთხოვნის უფლების მფლობელია ნივთის მესაკუთრე, რომელსაც ეკისრება საკუთრების უფლების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოთხოვნის უფლების მოვალეა ნივთის მფლობელი, რომელსაც, თავის მხრივ, მართლზომიერი მფლობელობის მტკიცების ტვირთი ეკისრება.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება რეალურად მას ეკუთვნის და შეგებებული სარჩელით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (სსსკ-ის 180-ე მუხლი) მოითხოვა. ამდენად, არსებითია შეფასდეს წარმატებულია თუ არა მოპასუხის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა, რამაც შესაძლოა ძირითადი სარჩელის უარყოფა განაპირობოს.
22. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების შეფასებებს და დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის დროს შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მესაკუთრის არაკეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს ამ მიმართულებით ემსჯელა. .
23. საკასაციო სასამართლო ერთგვაროვან პრაქკიკას მოიხმობს და განმარტავს, რომ უპირველესად უნდა შემოწმდეს ბოლო მესაკუთრის უფლების ნამდვილობა და სწორედ ამ საკითხის დადებითად გადაჭრის შემდგომაა იურიდიულად ღირებული სხვა წინაპირობათა საფუძვლიანობის შემოწმება. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ლ. ა-ა გარიგების დადების დროს ეყრდნობოდა რა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ გამყიდველის უფლებას, მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა უფლების ხარვეზის საკითხი, ამასთანავე, ქონება მყიდველს გადაეცა პირდაპირ მფლობელობაში და ის, როგორც მესაკუთრე ახორციელებდა ნივთზე სრულ ბატონობას. ამ შემთხვევაში, ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის ნამდვილობა სწორედ სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლების ფარგლებში შეფასებას ექვემდებარება, რა დროსაც მოქმედებს შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია. ამ კანონისმიერი ვარაუდის გაქარწყლება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მოსარჩელეს (იხ. სუსგ #ას-837-2019, 14.09.20 წ.).
24.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, იქედან გამომდინარე, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ ვერ სძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა, რომ მესაკუთრე არაკეთილსინდისიერი შემძენია, რის გამოც მოპასუხის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელობის მოტივით უარყოფილია, ხოლო მესაკუთრის ვინდიკაციური მოთხოვნა ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია და მართებულად არის დაკმაყოფილებული.
25. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ს.დ–ს (პ/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ხ.მ–ის (პ/ნ .....) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 560 ლარის (საგადახდო დავალება N24352581, გადახდის თარიღი 2020 წლის 21 ოქტომბერი), 70% – 392 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე