საქმე №ა-3218-შ-74-2020 28 იანვარი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი–ა (მ–ა) ქ.რ. კიზი
მოწინააღმდეგე მხარე – ი–ი რ.ფ. ოღლი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ასტარის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ასტარის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ.რ. კიზი ი–ას (მ–ა) სასარჩელო მოთხოვნა რ.ფ. ოღლი ი–ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეწყდა მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება და 2011 წლის 12 თებერვალს დაბადებული ს.რ. ოღლუ ი–უ დარჩა დედის მზრუნველობაში; მოპასუხე რ.ფ. ოღლი ი–ს დაეკისრა ალიმენტის სახით 110 (ას ათი) მანათის გადახდა ს.რ. ოღლუ ი–უს სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე.
ი–ა (მ–ა) ქ.რ. კიზიმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, რადგან მოპასუხე ი–ი რ.ფ. ოღლი რეგისტრირებულია და ცხოვრობს საქართველოში, მარნეულის რაიონის სოფელ .......
საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ი–ა (მ–ა) ქ.რ. კიზის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ასტარის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
შუამდგომლობის, მასზე თანდართული მასალებისა და საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინების ასლები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე ი–ი რ.ფ. ოღლის ორჯერ გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა გზავნილები ადრესატს ვერ ჩაბარდა. კორესპონდენციის ჩაბარება შეუძლებელი აღმოჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მეშვეობითაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ი–ა (მ–ა) ქ.რ. კიზის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ასტარის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს. ამ მიზნით საკასაციო სასამართლომ გამოიყენა საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობა, რათა მოპასუხისათვის ჩაებარებინა განსახილველი შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად, თუმცა უშედეგოდ.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ი–ა (მ–ა) ქ.რ. კიზის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ასტარის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. შუამდგომლობა, მასზე თანდართული მასალებისა და საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს რ.ფ. ოღლი ი–ს ორჯერ გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე, რაც ვერ ჩაბარდა [ფოსტიდან დაბრუნებული შეტყობინებიდან ირკვევა, რომ მითითებულ მისამართზე ადრესატი ვერ მოიძებნა, ვინაიდან ცხოვრობს ბაქოში]. რ.ფ. ოღლი ი–ის მოძიება და მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ასევე შეუძლებელი აღმოჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მეშვეობითაც, რადგან პოლიციის მიერ მისამართზე შემოწმების ოქმიდან ირკვევა, რომ მეზობლების განმარტებით, ადრესატი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ბაქოში და არ იციან როდის დაბრუნდება. შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა 2020 წლის 31 დეკემბრის მომართვაში დააზუსტა, რომ რ.ფ. ოღლი ი–ი აზერბაიჯანში წასულია 18.08.2019 წლიდან და იქ ცხოვრობს მუდმივად, ხოლო მისი ზუსტი მისამართი აზერბაიჯანში დადგენილი არ არის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი. რადგან განსახილველ შემთხვევაში, შეუძლებელი აღმოჩნდა რ.ფ. ოღლი ი–ის შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე მოძიება, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემული დროისათვის მითითებული მისამართი არასწორია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი–ა (მ–ა) ქ.რ. კიზის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ასტარის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 399-ე, 187-ე, 275-ე, 284-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი–ა (მ–ა) ქ.რ. კიზის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ასტარის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე