Facebook Twitter

საქმე №ას-1136-2020 5 მარტი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – თ.შ–ძე, მ., ვ. და მ. რ–ები

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ქ–ი, გ.ა–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების მიკუთვნება (თავდაპირველ სარჩელში), უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. თამარ რ–მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ქ–ისა და გ.ა–ის მიმართ მოპასუხეთა შორის 2019 წლის 9 იანვარს #..... უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით;

1.2. მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს თავდაპირველი მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან #...... უძრავი ქონების გამოთხოვა.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მიუთითეს, რომ ხელშეკრულება დადებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები;

2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელი, მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რაც საკუთრების შეგებებულ მოსარჩელეზე გადასვლას და ნივთის ვინდიცირებას გამორიცხავს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი უარყოფილ იქნა, შეგებებული სარჩელი კი, დაკმაყოფილდა, მოპასუხის (შეგებებულ სარჩელზე) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცათ შეგებებულ მოსარჩელეებს.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ.შ–ძემ, მ., ვ., მ. და თამარ რ–ებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის სრულად უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით თ.შ–ძის, მ., ვ. და მ. რ–ების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს თ.შ–ძემ, მ., ვ. და მ. რ–ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მ. რ–, როგორც თ.რ–ძის წარმომადგენელი, ესწრებოდა სასამართლო სხდომებს, სააპელაციო საჩივარს ასევე ერთვის მისი წარმომადგელობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ დაუშვებლობის მოტივით განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი, თითქოს მ. რ– არ იყო მხარე, რაც არასწორია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.შ–ძის, მ., ვ. და მ. რ–ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის მართლზომიერება. ამ თვალსაზრისით საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა დავა, სადაც მოსარჩელეს, ასევე, შეგებებულ სარჩელზე მოპასუხეს წარმოადგენდა თ. რ., ხოლო მოპასუხეები/შეგებებული სარჩელის ავტორები იყვნენ ი.ქ–ი და გ.ა–ი. თავდაპირველი დავის საგანს ქონების განკარგვის შესახებ გარიგების ბათილად ცნობა, ხოლო შეგებებული სარჩელის საგანს _ უძრავი ქონების ვინდიცირება წარმოადგენდა;

1.2.2. საკასაციო სასამართლომ დააკმაყოფილა რა შეგებებული სარჩელი, ამავე გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ვინდიკაციის საგანზე დადებული გარიგება, რომლის ბათილად ცნობასაც თავდაპირველი მოსარჩელე მოითხოვდა იყო ნამდვილი. გარდა ამისა, ხაზგასასმელია, რომ გადაწყვეტილებით დადგინდა მხოლოდ თ.რ–ძის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. სარეზოლუციო ნაწილს სხვა სუბიექტი არ ჰყავს და არც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილშია განვითარებული მსჯელობა კერძო საჩივრის ავტორების უფლებრივ მდგომარეობაზე;

1.2.3. უდავოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თავდაპირველ მოსარჩელესთან ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კერძო საჩივრის ავტორებმაც, რომელთა პრეტენზიის ნაწილში სააპელაციო საჩივარი სასამართლომ იმ დასაბუთებით დატოვა განუხილველად, რომ მათ არ გააჩნდათ უფლება, გაესაჩივრებინათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

1.3. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლების მქონე პირთა წრეს, ესენი არიან: ა) დავის მხარეები და ბ) დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირები. დასახელებული ნორმა არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მათ შორის მხარეს უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება. კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ იმ მხარის უფლების დაცვა, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ კერძო საჩივრის ავტორები არც დავის მხარეებს და არც მესამე პირებს არ წარმოადგენენ, ამასთანავე, გადაწყვეტილებით მათ მიმართ რაიმე უფლება ან მოვალეობა არ დადგენილა, რაც გამორიცხავს მათი მხრიდან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას.

1.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა პოზიციას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივარზე დართული, თ.რ–ძის მიერ მ. რ–ძის სახელზე გაცემული მინდობილობა, ან საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მ. რ–ძის დასწრება კერძო საჩივრის ავტორების მოცემული დავის სუბიექტებად მიჩნევას განაპირობებს. პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მინდობილობა, ასევე, სასამართლო სხდომაზე დასწრება, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი (სკ-ის 709-ე და შემდგომი ნორმები), ისე _ პროცესუალური (სსსკ-ის 93-94-ე მუხლები) თვალსაზრისით მიუთითებს მხარეთა დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის ფაქტზე, რა დროსაც რწმუნებული მოქმედებს მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, ხსენებული კი, გამორიცხავს რწმუნებულის სამართლებრივი თუ საპროცესო ურთიერთობის სუბიექტუნარიანობას, რამდენადაც მისი ქმედებები განიხილება არა როგორც სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტის, არამედ იმ პირის ქმედებებად, რომლის ინტერესების დაცვაც მას დავალების ხელშეკრულების საფუძველზე აქვს ნაკისრი. ამდენად, ხსენებული არგუმენტი კერძო საჩივრის ვერცერთ ავტორს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტად ვერ აქცევს.

1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადასტურდა, რომ კერძო საჩივრის ავტორებს არ გააჩნიათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის სწორი განმარტების შედეგად უთხრა მათ უარი სააპელაციო საჩივრის მიღებაზე, ამ განჩინების წინააღმდეგ კი, კერძო საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული შედავება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.შ–ძის, მ., ვ. და მ. რ–ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი