საქმე №ას-740-2019 24 ივლისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს.კ.ა–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. გ.მ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან დამზღვევი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ.ა–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, კომპანია ან მზღვეველი) მიმართ, მოპასუხისათვის 50 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიაში დააზღვია ლაგოდეხის რაიონის სოფელ ..... მდებარე 5 ჰა საზამთროს ბაღი. სადაზღვევო რისკი განსაზღვრულია სეტყვით, ქარიშხლითა და წყალდიდობით. სადაზღვევო პერიოდი იწყებოდა 2017 წლის 22 ივნისს და მთავრდებოდა 2017 წლის 15 სექტემბერს. ლიმიტი შეადგენდა 50 000 ლარს. 2017 წლის 9 ივლისს დადგა სადაზღვევო შემთხვევა, რის შედეგადაც საზამთროს ბაღი სრულად განადგურდა. სადაზღვვეო კომპანიამ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს არ მიუმართავს შემთხვევიდან 24 საათის განმავლობაში. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სეტყვის მექანიკური ზემოქმედების შედეგად საზამთროს მოსავალი განადგურებულია სრულად და ბაღში არსებულ მოსავალს არავითარი საბაზრო ღირებულება არ გააჩნია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. შესაგებლის თანახმად, დაზღვევის პოლისი, დაზღვევის განაცხადი და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის #648 განკარგულებით დამტკიცებული აგროდაზღვევის პროგრამა ერთიანად წარმოადგენდა დაზღვევის ხელშეკრულებას. მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებითა და #648 განკარგულებით განსაზღვრული ვადა და სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე განაცხადა 10 დღის დაგვიანებით. დაზღვევის ხელშეკრულება ითვალისწინებდა 10%-იან ფრანშიზას - არაანაზღაურებად მინიმუმს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება ზიანის ოდენობა, კითხვა დასმულია, თუ რას შეადგენს სავარაუდოდ მისაღები მოსავალი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მზღვეველს დამზღვევის სასარგებლოდ დაეკისრა 45 000 ლარის გადახდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:
საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო რისკის დადგომისას დამზღვევის ქმედების შესაბამისობა სახელშეკრულებო/საკანონმდებლო მოთხოვნებთან და არსებობს თუ არა სადაზღვევო თანხის ანაზღაურების წინაპირობები. სააპელაციო პალატის დასკვნით, მართალია, დასტურდება დამზღვევის მხრიდან სახელშეკრულებო მოთხოვნათა დარღვევა, თუმცა, იგი მოთხოვნას განუხორციელებადს ვერ გახდის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), პალატა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას კასატორის შემდეგი პრეტენზიების ფარგლებში შეამოწმებს:
- სასამართლომ არასწორად მიიჩნია დაზღვევის ხელშეკრულება სტანდარტულ ხელშეკრულებად, ამ მხრივ შეფასება არ მიეცა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის #648 განკარგულების პირობებსა და საქმეში წარმოდგენილ შეთანხმებას, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე გაეცნო ხელშეკრულების #7 დანართს. ინფორმაციის არასათანადოდ მიწოდება მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავო არ გაუხდია, ხოლო, სააპელაციო განხილვის ეტაპზე ამ საკითხის შეფასებამ მოპასუხეს სამართლიანი დაცვის შესაძლებლობა წაართვა;
- სააპელაციო პალატამ არასწორად გაანაწილა ზიანის გამოვლენის მტკიცების ტვირთი, მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ განკარგულების მე-9 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს ზიანის გამოთვლის პრინციპს. გარდა ამისა, ზეპირი განმარტებისას ექსპერტმა დაადასტურა, რომ ამ პრინციპით მას დასკვნის მომზადებისას არ უხელმძღვანელია. ექსპერტი განმარტავს, რომ მას მიწის ნაკვეთის ე.წ ჯიპიეს კოორდინატები არ გადაუმოწმებია, ფართი არ აუზომავს, დაეყრდნო მხოლოდ განმცხადებლის მოსაზრებებს. დაზღვევის განაცხადში დამზღვევი მიუთითებს მხოლოდ ერთი ჯიშის კულტურის _ ატამანის დაზღვევაზე, ხოლო, საექსპერტო კვლევა შეეხება სამი ჯიშის კულტურის კვლევას. ნიშანდობლივია, რომ 2017 წლის 7 სექტემბრის სატელეფონო შეტყობინებისას დამზღვევმა მიუთითა სადაზღვევო რისკზე _ ქარიშხალზე, ასევე იმაზე, რომ დაზიანებული იყო 5 ჰა ნაკვეთზე არსებული ნარგავი, ხოლო ოპერატორის შეკითხვაზე რა ოდენობით იყო დაზიანებული მოსავალი, მოსარჩელემ მიუთითა 50%-ზე.
1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ:
საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. სააპელაციო პალატის დასკვნით:
1.2.1. 2016 წლის 22 ივნისს მოსარჩელემ მზღვეველს მიმართა მოსავლის დაზღვევის განაცხადით, რომლითაც მოითხოვა კახეთში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ............ მდებარე 5 ჰა. მიწის ნაკვეთზე საზამთროს მოსავლის დაზღვევა. განაცხადის საფუძველზე, მოპასუხემ გასცა #1046717 სადაზღვევო პოლისი. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 22 ივნისიდან 2017 წლის 15 სექტემბრამდე, სადაზღვევო ლიმიტი - 50 000 ლარით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა 10% ფრანშიზას. სადაზღვევო რისკი მოიცავდა სეტყვას, ქარიშხალს, წყალდიდობასა და საშემოდგომო ყინვას. დაზღვევის ხელშეკრულებას წარმოადგენდა დაზღვევის პოლისი, დაზღვევის განაცხადი და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის #648 განკარგულებით დამტკიცებული აგროდაზღვევის პროგრამა. მოსარჩელემ გადაიხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო პრემია;
1.2.2. დაზღვევის პირობების 3.1.1 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, დამზღვევი ან მოსარგებლე ვალდებული იყო, აღნიშნულის თაობაზე სატელეფონო ზარით ეცნობებინა მზღვეველისათვის 24 საათის განმავლობაში, ამავდროულად, 5 სამუშაო დღეში ტელეფონით ან ელექტრონულად მზღვეველთან დაეზუსტებინა შემდეგი ინფორმაცია:
- დამზღვევის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი;
- სადაზღვევო პოლისის ნომერი;
- დამზღვევის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
- დაზღვეული დაზიანებული ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ფართობი და განხორციელებული რისკი.
დამზღვევის/მოსარგებლის იდენტიფიცირებიდან 30 კალენდარულ დღეში დამზღვევი წერილობითი განცხადებით მიმართავდა მზღვეველს. მზღვეველი დამზღვევის/მოსარგებლის იდენტიფიცირებიდან 30 კალენდარულ დღეში შეადგენდა დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტს;
1.2.3. 2017 წლის 9 ივლისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაფიქსირდა საშიში მეტეოროლოგიური მოვლენა - ძლიერი სეტყვა და ძლიერი ქარი;
1.2.4. 2017 წლის 19 ივლისს მოსარჩელემ სატელეფონო შეტყობინებით აცნობა მოპასუხეს, რომ 2017 წლის 9 ივლისს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად, დაზღვეული საზამთროს მოსავალი დაზიანდა. მოსარჩელეს ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია 5 დღის ვადაში წერილობით მოპასუხისათვის არ მიუწოდებია;
1.2.5. 2017 წლის 17 აგვისტოს წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურებაზე უარი იმ საფუძვლით უთხრა, რომ მას სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 24 საათში არ მიუმართავს და 5 სამუშაო დღის ვადაში ხელშეკრულებით განსაზღვრული ინფორმაცია არ მიუწოდებია, რაც მოპასუხეს ნაკვეთის ინსპექტირებისა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულებიდან ათავისუფლებდა;
1.2.6. მოპასუხის 2017 წლის 3 ნოემბრის წერილით მოსარჩელეს კვლავ უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე, ამასთან ეცნობა, რომ მან სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან მოპასუხეს 10 კალენდარული დღის დაგვიანებით მიმართა, გარდა ამისა, მზღვეველი ვერ გაითვალისწინებდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, ვინაიდან დასკვნაში ექსპერტი მიუთითებდა, რომ სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად მიყენებული ზიანის დადგენისათვის პირველადი საველე შეფასება შემთხვევიდან 8-10 დღის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო, შესაბამისად, ხანდაზმულობის გამო, მათ მიერ რეალობის ობიექტურად ასახვა ვერ მოხდა;
1.2.7. 2017 წლის 9 ივლისის სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად დამზღვევის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გაშენებული საზამთრო სრულად განადგურდა;
1.2.8. როგორც პირველი ინსტანციის, ისე _ სააპელაციო სასამართლოში კომპანია მიუთითებდა დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინებისა და ხუთ დღეში საიდენტიფიკაციო მონაცემების მიწოდების ვალდებულების დარღვევაზე, რაც მოპასუხეს ანაზღაურების ვალდებულებისგან ათავისუფლებდა. მოსარჩელე არ ხდის სადავოდ, რომ 24 საათში სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების ვალდებულება მას არ შეუსრულებია, მან კომპანიაში დაახლოებით 2017 წლის 19 ივლისს დარეკა, რა დროსაც განუცხადეს, რომ დარღვეული ჰქონდა შეტყობინების ვადა, რაც სადაზღვევო კომპანიას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან ათავისუფლებდა;
1.2.9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ინსპექტირების დროს საზამთროს ბაღში არსებული ნაყოფების სეტყვისგან მექანიკური დაზიანების გამო, ბაღს საბაზრო ღირებულება არ აქვს და არსებული მოსავალი განადგურებულია. ადგილზე დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა სავეგეტაციო ნაწილების ფოთლების, ნაყოფების მექანიკური დაზიანება სეტყვისგან, ამავე დროს რადიაციული დამწვრობა მაღალი ტემპერატურის გამო. ასევე აღნიშნულია, რომ ბაღჩეული კულტურისათვის სეტყვისა და ქარიშხლის მიერ მიყენებული ზიანის დადგენისათვის პირველადი საველე შეფასება უნდა ჩატარდეს შემთხვევიდან 8-10 დღის განმავლობაში, შესაბამისად, ხანდაზმულობის გამო ვერ მოხდა რეალობის ობიექტურად ასახვა და შეფასება. ინსპექტირების დროს ბაღში არსებულ ნაყოფებს არ აქვს საბაზრო ღირებულება და მოსავალი განადგურებულია. ექსპერტიზის დასკვნაში მოყვანილი დასკვნების დასაზუსტებლად, თბილისის საქალაქო სასამართლოში ზეპირ სხდომაზე გამოიკითხა ექსპერტი, რომელმაც განმარტა, რომ ადგილზე დახვდათ ზრდა-განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ნაყოფები. ეტყობოდა მექანიკური დაზიანების კვალი, იმდენად იყო დაზიანებული, რომ აღდგენა შეუძლებელი იყო... 8-10 დღე არის მეთოდოლოგიის ნაწილი, ესაა პერიოდი, როცა შეიძლება დადგენა, შესაძლებელია თუ არა მოსავლის ნაწილის გადარჩენა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. ამ ვადის გასვლის შემდგომ იკარგება კვალი, რა პროცენტია დაზიანებული. თუ დაზიანდა 60%-ზე მეტად, მოსავლის გადარჩენის ალბათობა მცირეა (20.04.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 14:27:23), ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენლის კითხვაზე, ექსპერტმა უპასუხა, რომ სადავო მოსავლის შემთხვევაში, არსებული ნიშნებით, პირველ საათშიც რომ ენახა ვინმეს, მოსავალს ვერ გადაარჩენდა, ერთადერთი გამოსავალი იყო, აღებულიყო არსებული ნათესები და ახალი ბარდის დათესვა განხორციელებულიყო. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ზიანის მოცულობის დაანგარიშებას საქართველოს მთავრობის #648 განკარგულების შესაბამისად არ ახდენს. დასკვნაში მითითებულია, რომ ინსპექტირების დროს საზამთროს ბაღში არსებული ნაყოფების სეტყვისგან მექანიკური დაზიანების გამო, ბაღს საბაზრო ღირებულება არ აქვს და არსებული მოსავალი განადგურებული იყო. ექსპერტმა სიტყვიერად განმარტა, რომ „სადავო მოსავლის შემთხვევაში, არსებული ნიშნებით, პირველ საათშიც რომ ენახა ვინმეს, მოსავალს ვერ გადაარჩენდა, ერთადერთი გამოსავალი იყო, აღებულიყო არსებული ნათესები და ახალი ბარდის დათესვა, რომ ყოფილიყო შესაბამისი პერიოდი, ივნისის პირველი დეკადა“. სააპელაციო სასამართლოში ზეპირი სხდომის მიმდინარეობისას კომპანიის წარმომადგენელი დაეთანხმა მოსაზრებას მასზედ, რომ დაზღვევის ხელშეკრულებაში სადაზღვევო ლიმიტი 50 000 ლარის ოდენობით იმის გათვალისწინებით განისაზღვრა, თუ საშუალოდ რა ოდენობის მოსავალი შეიძლებოდა მოსულიყო 5 ჰა. მიწის ნაკვეთზე;
1.2.10. მოსარჩელეს კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მიზნებისთვის საჭირო მოქმედებების შესრულებისა და რელევანტური დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ სათანადო ინფორმაცია არ მიწოდებია.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით პალატა ყურადღებას უპირველესად მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმების საკითხსა და მათ წინაპირობებზე გაამახვილებს, რამდენადაც სარჩელის წარმატება ყოველთვის დამფუძნებელ ნორმებზეა დამოკიდებული, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და შეიცავენ აბსტრაქტულ მითითებას იმ იურიდიულ ფაქტებზე, რომელთა დამტკიცებაც განხორციელებადს ხდის მოთხოვნას. საკასაციო პალატის დასკვნით, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნას სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, შესაბამისად, მოთხოვნის საფუძვლიანობა სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში უნდა შემოწმდეს. განსხილველი ნორმის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. ამდენად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი ფორმალურ-პროცესუალურად დასაბუთებულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს:
- დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობაზე;
- ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო რისკის დადგომაზე;
- ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობაზე.
რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, იმის მიხედვით, ზემოხსენებულთაგან რომელ წინაპირობებს გახდის მზღვეველი სადავოდ, განისაზღვრება მტკიცების საგანი და მათი მტკიცება ნაწილდება მხარეთა შორის.
1.3.2. პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი ფორმალურად დასაბუთებულია, რაც შეეხება მზღვეველის შესაგებელს, იგი არსებითი ხასიათისაა და ძირითადად ემყარება დამზღვევის მხრიდან ხელშეკრულების პირობათა დარღვევას, რამაც შეუძლებელი გახადა ზიანის ოდენობის განსაზღვრა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მტკიცების საგანი სწორედ ზემოხსენებული ფაქტებისაგან შედგება, ამასთანავე, როგორც მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალუ-სამართლებრივი ნორმის, ისე _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, სადავო გარემოებების დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება.
1.3.3. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შორის დაზღვევის ხელშეკრულება დაიდო სტანდარტული პირობებით, მოსარჩელეს სათანადოდ არ განემარტა დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება, რის გამოც, ამ ნაწილში ხელშეკრულება წარმოადგენდა ბათილს. ხსენებულ განმარტებას არ ეთანხმება კასატორი და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის არგუმენტს, თუმცა, მიიჩნევს, რომ ამ დარღვევას შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა არ მოჰყოლია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სტანდარტული პირობით დადებული ხელშეკრულების ცნებას სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს და ასეთად მიიჩნევა წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ დეტალურად არის განსაზღვრული, მაშინ ეს არ მიიჩნევა ხელშეკრულებათა სტანდარტულ პირობად. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეებმა ორმხრივი წერილობითი ხელშეკრულებით შეათანხმეს დაზღვევის პირობები, რომელიც სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ ზოგად ნორმებთან ერთად, შეესაბამება კანონქვემდებარე აქტით დადგენილ სპეციალურ მოთხოვნებს, ამასთანავე, მზღვეველი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად სთავაზობს ხელშეკრულების არსებით პირობებს, მიიჩნევა ძლიერ მხარედ, თუმცა, ორმხრივი შეთანხმებისას კანონთან თანხვედრაში მყოფი დებულებების მქონე ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სტანდარტული პირობებით დადებულ გარიგებად. პრაქტიკაში დამკვიდრებული ქცევიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულების იურიდიული ნამდვილობა უნდა შეფასდეს არა სტანდარტული პირობების მარეგულირებელი ნორმების, არამედ _ სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილის კონტექსტში, რომლის თანახმადაც, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
1.3.4. საქმის მასალების მიხედვით, სადაზღვევო რისკი დადგა და ამ დროისათვის ხელშეკრულება ძალაში იყო, ამასთანავე, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით შეთანხმებული მზღვეველის ინფორმირების ვადა, რაც გახდა კიდევაც სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო პალატა დაზღვევის პირობებისა და საქართველოს თავრობის 2017 წლის 31 მარტის #648 განკარგულების შინაარისის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მართალია, მზღვეველისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ ინფორმაციის შეთანხმებულ ვადაში მიწოდება მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, თუმცა, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა. იმ ვითარებაში, როდესაც, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე უარი, ისე _ მოპასუხის ძირითადი შესაგებელი სწორედ შეტყობინების ვადის დარღვევას უკავშირდება დამზღვევის მხრიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მას ეკისრება ამტკიცოს ამ დარღვევის ნეგატიური შედეგები (მზღვეველის ინტერესების არსებითი დარღვევა) და საკუთარი პასუხისმგებლობის გამომრიცხავი ფაქტები. ამ მხრივ დასაბუთებული შედავება კასატორს არ წარმოუდგენია.
1.3.5. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესი და მას არასწორად დააკისრა ზიანის ოდენობის მტკიცება. საკასაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული საკითხი გარკვეულწილად უკავშირდება კიდეც ზემოთ განხილულს (სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.3.1.) და სავალდებულოა პასუხისმგებლობის ოდენობის განსაზღვრისათვის დადგინდეს ზიანის მოცულობა. უდავოა, რომ მოსარჩელემ წარადგინა ექსპერტის დასკვნა, რომელიც ღირებულებითი ძალის მატარებელია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, კრიტიკულ შეფასებას ექვემდებარება. ამ მხრივ მართალია, ზიანის გამოანგარიშების მეთოდი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის #648 დადგენილების მოთხოვნებს და ექსპერტმაც დაადატურა, რომ ადგილზე დათვალიერებისას მან იხელმძღვანელა დამზღვევის მითითებებით, თუმცა, თავად დოკუმენტი და მისი შინაარსის შესავსებად სხდომაზე ექსპერტის მიერ მიცემული დამაზუსტებელი განმარტებები შეიცავს საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას: ექსპერტი ადასტურებს, რომ მოსავალი სრულად იყო განადგურებული და მისი შემთხვევის დადგომიდან 8-10 დღის განმავლობაში შეფასება განსხვავებულ სურათს არ მისცემდა, ამასთან, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოსარჩელეს, გარდა დაზღვეულისა სხვა ბაღი გააჩნდა, პრეზუმირებულია, რომ ექსპერტმა კოორდინატების შეუმოწმებლობის მიუხედავად, სწორედ დაზღვეული ტერიტორია გამოიკვლია. ამ ფაქტების გაქარწყლება ეკისრებოდა მზღვეველს, რომელიც სასამართლოს მსჯელობის ფორმალური კრიტიკით შემოიფარგლება.
1.3.6. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, თავად მოპასუხის განმარტებით დგინდება, რომ სადაზღვევო ლიმიტი განისაზღვრა დაზღვეულ მიწის ნაკვეთზე მისაღები მოსავლის სავარაუდო ღირებულებით. ექსპერტის დასკვნის მიხედვით, სადაზღვევო რისკის დადგომის შედეგად მოსავალი სრულადაა განადგურებული. ამ ვითარებაში ლიმიტით განსაზღრული თანხის მზღვეველისათვის დაკისრება (10%-იანი ფრანშიზას გამოკლებით) გონივრულია. დაზღვეული მოსავლის სრულად განადგურების პირობებში ზიანის მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად გამოანგარიშების შემთხვევაში, რა არსებითი სხვაობა იქნებოდა მიღებული კასატორს სარწმუნოდ არ დაუდასტურებია.
1.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების პროცესუალური დასაბუთება:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, საკასაციო საჩივარი კი, არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, პალატა უცვლელად ტოვებს მას.
2. პროცესის ხარჯები:
ვინაიდან წინამდებარე განჩინებით არ დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი, არ არსებობს პროცესის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, ის უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი