Facebook Twitter

საქმე №ას-857-2019 18 დეკემბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ.ფ–ძე (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ჩ–ი (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

მესამე პირები _ ნ. და ს. ფ–ები

მესამე პირების კანონიერი წარმომადგენელი _ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო, შეგებებული სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. გ.ფ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა მ.ჩ–ისა (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და მესამე პირების: ნ. და ს. ფ–ების (შემდგომში _ მესამე პირები), ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (უფლებამონაცვლე _ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. შემდგომში _ სააგენტო ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო) მიმართ, 2007 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული ნ. ფ–ძისა და 2010 წლის 19 აპრილს დაბადებული ს. ფ–ძის საცხოვრებელი ადგილის მამის _ მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილით განსაზღვრის, ასევე, მოპასუხის თანხმობის გარეშე, არდადეგების პერიოდში ორი კვირის განმავლობაში არასრულწლოვანთა საზღვარგარეთ გაყვანის მოთხოვნით.

1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მხარეები 2005 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი: 2007 წლის 15 ოქტომბერს ნ. ფ. და 2010 წლის 19 აპრილს ს. ფ. მხარეთა შორის თავიდანვე დამყარდა არაჯანსაღი ურთიერთობა და მათ შორის წლების განმავლობაში გრძელდება უთანხმოება. არასრულწლოვნები პერიოდულად ხან დედასთან იმყოფებოდნენ მარნეულის რაიონში, ხან _ მამასთან. ბოლო სამი წელია ბავშვები აღსაზრდელად იმყოფებიან მამასთან და ეს უკანასკნელი ზრუნავს მათ საჭიროებებზე. ორივე მათგანი სწავლობს სსიპ ქ.თბილისის #126 საჯარო სკოლაში. ბავშვებს ყოველგვარი პირობა აქვთ შექმნილი მამის საცხოვრებელ სახლში დასვენების, მეცადინეობისა და ნორმალური აღზრდისათვის, სადაც შექმნილია მათთვის უსაფრთხო, დაცული და კეთილსაიმედო გარემო. შვილები უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავენ დედის მიმართ. ეს უკანასკნელი კი, შვილების მიმართ გამოირჩეოდა სიმკაცრითა და უყურადღებობით, რის გამოც დედასა და შვილებს შორის დამოკიდებულება უკიდურესად გამწვავებულია. ბავშვები კატეგორიული წინააღმდეგები არიან იცხოვრონ დედასთან ერთად. არასრულწლოვანთა უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ბავშვების საცხოვრებლად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი. გარდა ამისა, მოსარჩელეს აქვს სტაბილური შემოსავალი და სურს მიეცეს შესაძლებლობა, მოპასუხის თანხმობის გარეშე, არდადეგების პერიოდში ორი კვირის ვადით არასრულწლოვანი შვილები გაიყვანოს საზღვარგარეთ, რაც დადებითად აისახება შვილების განვითარებასა და სოციალიზაციის პროცესზე.

1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის დედის საცხოვრებლით განსაზღვრა.

1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მხარეთა შორის ურთიერთობის დაძაბვის გამო, მათი ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა. არასრულწლოვანი ბავშვები საცხოვრებლად დარჩნენ დედასთან. შეგებებული მოსარჩელის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ს. ფ. საცხოვრებლად გადავიდა მამასთან. მოგვიანებით, 2014 წლის მაისიდან ნ. ფ–ც იმყოფება მამასთან. მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, ამ პერიოდში შეგებებული მოსარჩელე იძულებული გახდა, გამგზავრებულიყო სამუშაოდ უკრაინაში, თუმცა ვერ შეძლო დასაქმება და ერთ თვეში დაბრუნდა საქართველოში. იგი ამჟამად დასაქმებულია, აქვს სტაბილური შემოსავალი, თუმცა, თავდაპირველი მოსარჩელე მას ბავშვებს აღარ უბრუნებს, უფრო მეტიც, მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) დედის წინააღმდეგ განაწყობს არასრულწლოვან შვილებს, ახდენს ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რის გამოც ბავშვები ერიდებიან მასთან ურთიერთობას. შეგებებული მოსარჩელე გარკვეული პერიოდი ახერხებდა შვილების სკოლასა და ბაღში მონახულებას, თუმცა, ამჟამად მოპასუხის აგრესიული ქმედების გამო, იქაც ვეღარ ახერხებს მათ ნახვას. მ.ჩ–ი საქორწინო ურთიერთობაში იმყოფება ნ. შ–თან, რომელთან თანაცხოვრების პერიოდშიც, 2016 წლის 16 ოქტომბერს შეეძინა შვილი, ა. შ–ძე. არასრულწლოვანი ნ.ი და ს. არ იცნობენ ძმას და მასთან ურთიერთობა არ აქვთ. ბავშვებს უფლება აქვთ, იზრდებოდნენ ჯანსაღ, მშვიდ და საიმედო გარემოში, სადაც შექმნილია მათი განვითარებისათვის შესაბამისი გარემო-პირობები. ბავშვების უპირატესი ინტერესების დაცვის მიზნით, მათი საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს დედის საცხოვრებლით.

2. მოპასუხეების, არასრულწლოვანთა კანონიერი წარმომადგენლისა და არასრულწლოვანთა პოზიცია:

2.1. მოპასუხემ თავდაპირველი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წლის მაისიდან მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მათ შორის მანამდეც დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ და, ამავდროულად, განესაზღვრა ნ. ფ–სთან ურთიერთობისათვის დრო. ბავშვები ძირითადად იმყოფებოდნენ დედასთან ქ.მარნეულში, .... მდებარე #29 ბინაში, ხოლო 2014 წლის მაისიდან იმყოფებიან მამასთან ქ.თბილისში. ბავშვებს მამის საცხოვრებელ სახლში არ აქვთ შექმნილი დასვენების, მეცადინეობისა და აღზრდისათვის ნორმალური პირობები. მოსარჩელე საქორწინო ურთიერთობაშია სხვა პირთან _ მ.ც–თან, რომელიც არასრულწლოვნებს ვერ მისცემს იმგვარ სითბოსა და სიყვარულს, როგორსაც ბიოლოგიური დედა. ბავშვებს უფლება აქვთ, იცხოვრონ და გაიზარდონ დედის გარემოცვაში, ვინაიდან დედის როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შვილების სულიერი აღზრდის საქმეში. მოსარჩელე მიუთითებს, თითქოს მ.ჩ–ი შვილების მიმართ გამოირჩეოდა სიმკაცრითა და უყურადღებობით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მოპასუხეს შვილებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ერთად ცხოვრების პერიოდში, მოსარჩელე კი, სისტემატურად ახდენს ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, აშინებს მათ, რომ დედა შეიძულონ. ამდენად, ბავშვების სწორად აღზრდა-განვითარებასა და სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოყალიბებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს მამასთან საცხოვრებლად დარჩენა. მამას გადაწყვეტილი აქვს, ბავშვების საქართველოს საზღვრებს გარეთ საცხოვრებლად გაყვანა და დედასთან სამუდამოდ დაშორება. იმ შემთხვევაში, თუკი მას ამის შესაძლებლობა მიეცემა, იგი მათ აღარ დააბრუნებს და მოპასუხეს აღარ ექნება შვილების ნახვისა და მათთან ურთიერთობის შესაძლებლობა;

2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელი და აღნიშნა, რომ ბავშვები დიდი ხანია იმყოფებიან მამასთან, სადაც შექმნილია მათთვის მისაღები, სასურველი და კეთილსაიმედო გარემო. ისინი წინააღმდეგი არიან დაბრუნდნენ დედასთან საცხოვრებლად ქალაქ მარნეულში. შეგებებულ მოსარჩელესთან არ არის ნორმალური პირობები ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის. ის გარემოება, რომ მან მუშაობა დაიწყო და აქვს შემოსავალი, არ განაპირობებს ბავშვების უპირობოდ მასთან საცხოვრებლად გადასვლას. არასრულწლოვნებზე დედა არ ზრუნავს სათანადოდ, არ უთმობს მათ ყურადღებას და ხშირად ძალადობდა მათზე. ბავშვებს არ სურთ შეიცვალონ საცხოვრებელი გარემო, ისინი მამასთან თავს დაცულად გრძნობენ და მიჩვეული არიან საცხოვრებელ გარემოს, სკოლას, ნორმალური დამოკიდებულება აქვთ მამის ამჟამინდელ მეუღლესთან. ბავშვებს მამის საცხოვრებელ ბინაში აქვთ ცალკე საძინებელი, ასაკობრივი განვითარებისათვის ყველა საჭირო ნივთი. მამას თავად დაჰყავს ისინი სკოლაში, უმზადებს საჭმელს, ხოლო, ბავშვები ყოველთვის სათანადოდ მოვლილები არიან;

2.3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ მხარი დაუჭირა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დასკვნებს, 2017 წლის 8 ივნისის და 29 ივნისის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებს და მიუთითა, რომ არასრულწლოვანი ბავშვების უფლებებიდან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება, რომ მათ ურთიერთობა ჰქონდეთ როგორც მამასთან, ისე _ დედასთან. დედასთან ამ ეტაპზე არსებული გაუცხოვება და მის მიმართ ნეგატიური ხასიათის დამოკიდებულება უნდა აღმოიფხვრას ეტაპობრივად ისე, რომ არ მიადგეს მნიშნელოვანი ზიანი არასრულწლოვანთა ემოციურ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. აუცილებელია, მშობლებსა და შვილებს შორის სწორი და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის, საკითხი გადაწყდეს ბავშვების ინტერესების სრული დაცვით. ის გარემო, სადაც მომავალში ცხოვრება მოუწევს თითოეულ არასრულწლოვანს, სრულად უნდა უზრუნველყოფდეს მათთვის უსაფრთხოებისა და დაცულობის გრძნობას. როგორც მამის, ასევე დედის ოჯახი ვალდებულია, იზრუნოს და შეუქმნას ბავშვებს განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო. ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ ნ. ფ., რომელიც ასაკით უფროსია, გავლენას ახდენს უმცროს ძმაზე, იგი აკონტროლებს ს.ს, არ ტოვებს მას მარტო არც ფსიქოლოგიური კვლევის მიმდინარეობის და არც სასამართლოს სხდომათა დარბაზში და ცდილობს მის მაგივრად გასცეს პასუხი. ამასთან, ნ.ი არ ერიდება ტყუილის თქმასაც იმისათვის, რომ მ.ჩ–ი, როგორც დედა, წარმოაჩინოს უარყოფითად, ნეგატიური კუთხით. საყურადღებოა, რომ არასრულწლოვნის მიერ მსგავს ვითარებაში ტყუილის თქმის შესაძლებლობა თუ „გამბედაობა“ მიუთითებს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის არამდგრადობასა და საეჭვოობაზე. აუცილებელია, ბავშვებს ჯანსაღი ურთიერთობა ჩამოუყალიბდეთ დედასთან. მათთვის მამა ავტორიტეტია და ბავშვებისათვის მისი ყოველი ნათქვამი სიტყვა თუ მითითება მეტად მნიშვნელოვანია. არასრულწლოვნებზე მამის გავლენა იკვეთება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვალსაზრისით. საქმის განხილვისას ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ამ ეტაპზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე არ გამოიკვეთა არასრულწლოვანთა საზღვარგარეთ გაყვანის აუცილებლობა.

2.4. ნ. ფ. სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა 2017 წლის 11 აპრილს, ხოლო ს. ფ–სთან ერთად კი _ 2017 წლის 4 ივლისს გამართულ სხდომაზე. მათ გამოთქვეს მოსაზრება თავიანთი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, მშობლებთან ურთიერთობასა და საზღვარგარეთ გ.ფ–ძესთან ერთად წასვლასთან დაკავშირებით. ბავშვებს სურთ, იცხოვრონ მამასთან. მათი მითითებით მამასთან ცხოვრება ურჩევნიათ, რადგანაც მამა ყველაფერს ყიდულობს, უმზადებს საჭმელს და ზრუნავს მათზე. დედასთან ცხოვრების პერიოდში, დედა არ ზრუნავდა მათზე, არ ასაუზმებდა, უხეშად ექცეოდა და ერთხელ ს.ს ტუჩზე ხელის დარტყმით, „სისხლიც კი ადენინა“. ბავშვებმა ერთობლივად ისიც კი გაიხსენეს, რომ დედამ იძულებით წაიყვანა ისინი და ცდილობდა მათ „მტკვარში გადაგდებას“, რა დროსაც ისინი დაინახა ს.ს ნათლიამ, რომელმაც დაურეკა მამას და ამ უკანასკნელმა ბავშვები წამოყვანა იმ ადგილიდან, სადაც დედასთან ერთად იმყოფებოდნენ. ბავშვები დადიან სკოლაში, სადაც ძირითადად დაჰყავს მამას. არასრულწლოვნებს მამასთან ცხოვრება მოსწონთ და არ სურთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ისინი გამოთქვამენ სურვილს მიმდინარე წლის აგვისტოში გაემზაგვრონ მამასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ცხოვრობს მათი უფროსი ძმა (გ.ფ–ძის შვილი პირველი ქორწინებიდან). ბავშვებს ძმასთან ურთიერთობა აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიების საკომუნიკაციო საშუალებებით და პირადად რამდენიმე წლის წინ ჰყავთ ნანახი. ბავშვებისთვის, მათი საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში, საქართველოში უკან დაბრუნების დრო ცნობილი არ არის. გამგზავრების შემთხვევაში, ისინი საზღვარგარეთ წავლენ მამასთან და მის მეუღლესთან _ მ.ც–თან ერთად.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი უარყოფილ იქნა, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, არასრულწლოვანთა საცხოვრებელი მათ სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილით.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო, შეგებებული სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო, შეგებებული სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:

1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას კასატორის მიერ გამოთქმული პრეტენზიების ფარგლებში შეამოწმებს, თუმცა, ვინაიდან წინამდებარე დავაში საკითხის გადაწყვეტის ქვაკუთხედს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გამოკვლევა-დადგენა წარმოადგენს, სასამართლო განკარგავს ამავე კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ინკვიზიციურობის პრინციპს და შეეხება იმ საკითხთა წრეს, რომლებიც შესაძლოა აბრკოლებდეს ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას და არ ემყარებოდეს ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასება-გამოკვლევას. საკასაციო საჩივრის თანახმად:

1.1.1. 2014 წლიდან შვილებზე ზრუნავს მამა და მათ აღზრდას მოწინააღმდეგე მხარის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე უზრუნველყოფს. დედამ შვილები ამ დროის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე მოინახულა და თითოეულმა შეხვედრამ ჩაიარა ნეგატიურად. არასრულწლოვნებმა როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის მიმდინარეობისას ერთმნიშვნელოვნად გამოხატეს დედის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, ასევე, დაადასტურეს, რომ მათ სურთ ცხოვრება მამასთან გააგრძელონ. ამ მოცემულობაში ბავშვების საცხოვრებლის დედის საცხოვრებლით განსაზღვრა ეწინააღმდეგება მათ უპირატეს ინტერესებს;

1.1.2. ნ. ფ. 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით სწავლობდა ქ.მარნეულის მე-6 საჯარო სკოლაში, ხოლო ს. ფ. ამავე პერიოდში დადიოდა ქ.მარნეულში მდებარე საბავშვო ბაღში, რაც განპირობებული იყო გ.ფ–ძის მიერ გადატანილი ოპერაციის გამო ჯანმრთელობის გაუარესებით. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის მხარეთა ახსნა-განმარტებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ მ.ჩ–თან არასრულწლოვნებს არ ჰქონდათ შექმნილი მათი ნორმალური აღზრდისთვის, განვითარებისთვის საჭირო პირობები და სასამართლო პროცესზე არასრულწლოვნებმა ცალსახად დააფიქსირეს საკუთარი სურვილი, დარჩენილიყვნენ მამასთან, სასამართლომ მიიღო ბავშვების უპირატესი ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითიც არასრულწლოვნებს ჩამოართვა უფლება, თავად აერჩიათ საცხოვრებელი ადგილი;

1.1.3. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა 2017 წლის 29 ივნისის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც ს. და ნ. ფ–ების გონებრივი, ინტელექტუალური თავისებურებები, ზოგადი ცოდნის დონე შეესაბამება ასაკს. ორივე არასრულწლოვანი სიმშვიდით ხასიათდება, რაც მათ ჰარმონიულ სააღმზრდელო გარემოზე მეტყველებს. ბავშვები მამის მიმართ ასევე ავლენენ მკვეთრ ურთიერთმიჯაჭვულობას, ხოლო დედის მიმართ გაუცხოებას და ეშინიათ კიდევაც მისი. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე და იზიარებს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი და მშობლებს არა აქვთ ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას, მეორე მხრივ, კი სასამართლო გადაწყვეტილებას ბავშვის ინტერესების უხეში უგულვებელყოფით იღებს. მ.ჩ–ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებით სასამართლო გადაწყვეტილება იქცევა ფორმალურ, აღუსრულებელ გადაწყვეტილებად, რამდენადაც არასრულწლოვნები დედის მიმართ განიცდიან მკვეთრ გაუცხოებას და აღნიშნულით საფრთხის ქვეშ დადგება მათი ნორმალური განვითარება, მეტიც მათ სიცოცხლესაც კი შეექმნება საფრთხე. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ითვალისწინებს ბავშვების ასაკს, პირად დამოკიდებულებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ თუ ყოფით გარემოს, სადაც ბავშვებს მოუწევთ ყოფნა და მათი ცხოვრების წესს, თუმცა რეალურად უგულვებელყოფს აღნიშნულ გარემოებებს. ფსიქოლოგის გამოკვლევებში აღნიშნულია, რომ მ.ჩ–ი თავისი არაეთიკური ქცევით უარყოფით ზეგავლენას ახდენდა არასრულწლოვნებზე. როგორც ფსიქოლოგთან საუბრისას ნ.ი იხსენებდა, დედა ხშირად სვამდა კაცებთან ერთად, რა დროსაც ნ.ს სახლიდან აგდებდა, არ აჭმევდა, არ უვლიდა მას და ს.ს. ამგვარი ფაქტი, დადასტურების შემთხვევაში, წარმოადგენს მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძველსაც კი. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოცემული ფაქტები და არ იმსჯელა, რა შედეგები მოჰყვებოდა ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებლის განსაზღვრას, რა გარემოში გაიზრდებოდნენ ისინი და საერთოდ, შეძლებდნენ თუ არა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებას მსგავს პირობებში აღზრდის შედეგად;

1.1.4. სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს იმის თაობაზე, რომ ნ. და ს. ფ–ების დედასთან ცხოვრება არ იქნება ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი, არ დააბრკოლებს მათ განვითარებას, სოციალიზაციას და არ შეუქმნის საფრთხეს სამომავლოდ მათი საზოგადოების სრულყოფილ წევრებად ჩამოყალიბებას, ამასთან, ვერ ასაბუთებს რით იხელმძღვანელა მან აღნიშნული გარემოებების დადგენისას იმ პირობებში, როდესაც არასრულწლოვნები დედის მიმართ დღეის მდგომარეობით არიან სრულიად გაუცხოებულები, მოწინააღმდეგე მხარე არ გამოხატავს შვილების მიმართ ურთიერთობის სურვილს. სასამართლო ეყრდნობა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებებს და უსაფუძვლოდ ადგენს, რომ არ გამოკვეთილა მ.ჩ–ის უარყოფითი პიროვნული მახასიათებელი, რაც, შესაძლოა, საფრთხის შემცველი ან საზიანო ყოფილიყო არასრულწლოვანთა აღზრდის პროცესში;

1.1.5. ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს კასატორის მიერ წარდგენილი აუდიო და ვიდეოჩანაწერები და ისე დაადგინეს, რომ აღნიშნულით არ დასტურდებოდა დედის მიერ ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი. ამ მასალებში ასახული იყო მოწინააღმდეგე მხარის უარყოფით დამოკიდებულება არასრულწლოვნების მიმართ, მან ბავშვებს არაერთხელ განუმარტა, რომ უარს აცხადებდა მათ დედობაზე, რადგან „მამის ჯიშისები არიან“. აღნიშნული გამონათქვამებით მოწინააღმდეგე მხარე ცდილობდა ბავშვებში ჩაენერგა მამის მიმართ ზიზღი, უკმაყოფილება, რაც დედის მხრიდან განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მეტყველებს. აღნიშნულმა განაპირობა ბავშვებში დედის მიმართ გაუცხოებული დამოკიდებულება. დედის მიმართ მხოლოდ უარყოფითი, დამთრგუნველი მოგონებების გათვალისწინებით, ფსიქოლოგთან ვიზიტისას ბავშვებმა მკაცრი უარი განაცხადეს დედასთან შეხვედრაზე, ვინაიდან მათ არ სურდათ დედის ნახვა და მასთან ურთიერთობა. არასრულწლოვნები ასევე ადასტურებდნენ, რომ მ.ჩ–ი სისტემატურად ძალადობდა (სცემდა) მათზე და ერთ-ერთი შემთხვევის დროს „ციცინათელაში თავში წამოარტყა მ–ამ ნ.ს, ხოლო ს.ს მუშტი დაარტყა და სისხლი ადენინა პირიდან, როდესაც დედისთვის დანის გამორთმევას ცდილობდა“. ბავშვების თქმით მ–ას გვერდით არ ჰქონდათ მშვიდი ცხოვრება, ვინაიდან იგი ხშირად მოდიოდა სახლში „მთვრალი“ და ეჩხუბებოდა, ანერვიულებდა ბავშვებს. აღნიშნული ფაქტები არ არის გამოკვლეული და გაქარწყლებული სასამართლოს გადაწყვეტილებაში. კასატორის მხრიდან არასოდეს ჰქონია ადგილი ბავშვებისთვის დედის შესახებ ნეგატიური წარმოდგენის შექმნას. სასამართლომ ამ შემთხვევაშიც არ გაითვალისწინა, რომ არასრულწლოვნებში დედის შესახებ გარკვეული ინფორმაციის ცოდნა გამოწვეულია მხოლოდ დედის მიმართ მათ მეხსიერებაში აღბეჭდილი უარყოფითი ფაქტებით და არა კასატორის მიერ დედის შესახებ უარყოფითი ფაქტების შესახებ მათი ინფორმირებით;

1.1.6. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ბავშვების აღზრდისათვის შესაბამისი საცხოვრებელი პირობების შექმნას შეძლებს მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარე. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, რომელიც თითქოსდა იდენტურია სააპელაციო სასამართლოში ბავშვების მიერ დაფიქსირებული პოზიციისა. ბავშვებს სასამართლო სხდომაზე არ მიუციათ იმგვარი განმარტება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა სასამართლოს დაედგინა ის გარემოება, რომ არასრულწლოვნები მათთვის საუკეთესო გარემოში არ იმყოფებიან. ამის საპირისპიროდ, მათ მიერ ზეპირი ფორმითაც დადასტურებულ იქნა მამასთან მიჯაჭვულობა, ემოციური კავშირი. სასამართლო თავადვე მიუთითებს, რომ ნათელია არასრულწლოვანთა პოზიცია და აშკარად გამოხატული სურვილი, იცხოვრონ მამასთან და კატეგორიულნი არიან დედასთან ურთიერთობის ნაწილშიც, მათ არ სურთ დედის ნახვაც კი, რასაც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას სრულად უგულვებელყოფს. სასამართლო ასევე ადგენს, რომ კასატორს მატერიალური თუ კომფორტის თვალსაზრისით უკეთესი პირობები აქვს, თუმცა ემყარება შინაგან რწმენას, რომ ბავშვების მოწინააღმდეგე მხარესთან ცხოვრება ნაკლებად საზიანო და უარყოფითი ემოციის გამომწვევი იქნება ბავშვისთვის ვიდრე დარჩენა მამასთან, მაშინ როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ბავშვების ახსნა-განმარტება მითითებული გარემოების დადგენის შესაძლებლობას არ იძლევა;

1.1.7. არასრულწლოვნებზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2013 წლის 28 იანვარს მიმართა კასატორმა სსიპ სოციალური მომსახუროების სააგენტოს მარნეულის რაიონულ განყოფილებას განცხადებით, სადაც სამართალდამცავ ორგანოებს ატყობინებდა არასრულწლოვნებზე დედისა და ბებიის მიერ ძალადობის შესახებ, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა გადაწყვეტილების მიღებისას, ისევე, როგორც გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ არასრულწლოვნის ნორმალურ აღზრდაზე, საზოგადოების წევრად ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს არა მხარეთა განათლების დონე, არამედ _ ბავშვებისთვის თბილი, მშვიდი ოჯახური გარემოს შექმნის შესაძლებლობა, რაც მოცემულ დავის საგანთან დაკავშირებით სასამართლოს უპირველეს ყოვლისა უნდა მიეღო მხედველობაში;

1.1.8. გაურკვეველია, რით იხელმძღვანელა სასამართლომ როდესაც დაადგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარის საცხოვრებელი და მატერიალური პირობები დამაკმაყოფილებელია, ვინაიდან სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები, როგორიცაა მ.ჩ–ის ხელფასის, ასევე მისი ახლანდელი მეუღლის ოჯახური პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია. გასათვალისწინებელია, რომ მ.ჩ–ი ქ.მარნეულში ცხოვრობს 17.70 კვ.მ ერთოთახიან ბინაში დედასთან და მეუღლესთან ერთად. ბინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მ.ჩ–ის დედის სახელზე. მოწინააღმდეგე მხარის სახელზე არ ირიცხება სხვა საცხოვრებელი, სადაც იგი შეძლებდა ბავშვებისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების/გარემოს შექმნას. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და არასრულწლოვნების ახსნა-განმარტებიდან კი ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარის საცხოვრებელი პირობები სრულად აკმაყოფილებს არასრულწლოვნების აღზრდის, განვითარებისა და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ პირობებს;

1.1.9. ფსიქოლოგიური გამოკვლევით დადგინდა, რომ გ.ფ–ძემ, როგორც მშობელმა, მ.ჩ–ისგან განსხვავებით შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და მშობლებთან ურთიერთდამოკიდებულების შესწავლის მიზნით ნებაყოფლობით დათანხმდა ფსიქოლოგთან შეხვედრას. მ.ჩ–მა კი, მოუცლელობის გამო, უარი განაცხადა ფსიქოლოგთან ვიზიტზე. რაც შეეხება გ.ფ–ძისთვის ალიმენტის დაკისრებას, 2011 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით ვინაიდან არ არსებობდა გ.ფ–ძისთვის ალიმენტის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულ პერიოდში ს. და ნ. ფ–ები ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ გ.ფ–ძესთან ერთად, შესაბამისად, ბავშვების საჭიროებების უზრუნველყოფაზე ფინანსურად ზრუნავდა და ახლაც ზრუნავს მხოლოდ მამა;

1.1.10. გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას არასრულწლოვნების საზღვარგარეთ გაყვანისა და მ.ჩ–ისთვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანა სასარგებლოა მათივე საუკეთესო ინტერესებისათვის, ახალი გარემოს გაცნობის, ენის უკეთ ათვისებისა და დასვენებისათვის. ამერიკაში კასატორის უფროს შვილთან ვიზიტის შემთხვევაში ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან ოჯახური, მშვიდი, უსაფრთხო და კომფორტული გარემოთი, სადაც გაატარებენ რამდენიმე დღეს არდადეგების პერიოდში;

1.1.11. 2014 წლის 24 ივნისს მ.ჩ–ი, დასვენების მიზნით, სრულიად მოულოდნელად, გ.ფ–ძის წინასწარი ინფორმირების გარეშე ერთი თვით გაემგზავრა უკრაინაში და საქართველოში დატოვა ორი მცირეწლოვანი ბავშვი, რაც არასწორად შეაფასა სააპელაციო პალატამ და მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდა, დაადგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარის უკრაინაში ვიზიტი უკავშირდებოდა დასაქმებას და არა დასვენებას. გასათვალისწინებელია, რომ მ.ჩ–მა უარი განაცხადა მისივე შუამდგომლობის საფუძველზე დანიშნული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მის ინტერესს არ წარმოადგენს შვილების უპირატესი ინტერესის უზრუნველყოფა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ.ჩ–ს გ.ფ–ძის მხრიდან არასდროს შეშლია ხელი ბავშვებთან ურთიერთობაში, სასამართლომ არ გამოიკვლია დედის ურთიერთობის სიხშირე, მისი ინტერესი შვილებისადმი. 2014 წლის შემდეგ 5 წლის განმავლობაში მ.ჩ–მა სულ რამდენჯერმე გამოხატა შვილების ნახვის სურვილი. აღნიშნული ვიზიტებიც მიზნად ისახავდა სასამართლო დავის მიმდინარეობის ეტაპზე მ.ჩ–ის მიერ ბავშვებთან გადაღებული ფოტოების სასამართლოსთვის წარმოდგენას. არასრულწლოვნებმა სასამართლო პროცესზე თავადვე დაადასტურეს, რომ დედასთან აქვთ გაუცხოვება, ვინაიდან დედა არ ნახულობს მათ. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ გ.ფ–ძე მავნე გავლენას ახდენს არასრულწლოვან შვილებზე და არამართებულად განსაზღვრავს ბავშვების დამოკიდებულებას დედის მიმართ, ასევე მამა სრულად მართავს ბავშვების სურვილებს და არასწორ ფორმირებას აძლევს მათ, მამა განაგებს მათ სურვილს და არ აძლევს საშუალებას გამოხატონ სურვილი დედასთან ურთიერთობის, რაც სრულიად უსაფუძვლოა;

1.1.12. გასაჩივრებული განჩინებით დარღვეულია ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, მე-9 მუხლის პირველი პუნქტი, ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნები (იხ. EElsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK and KM v. UK № 28945/95, 10.05.2001, პარ.72).

1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, დასაბუთებულ შედავებად განიხილება მხარის პრეტენზია, რომელიც შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტები მხარეთა მიერ შედავებული არ არის:

1.2.1. მხარეები 2005 წლიდან 2014 წლამდე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. 2014 წლის მაისიდან ისინი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მათ შეეძინათ ორი შვილი: 2007 წლის 15 ოქტომბერს ნ. ფ. და 2010 წლის 19 აპრილს ს. ფ.;

1.2.2. არასრულწლოვნები: ნ. და ს. ფ–ები 2014 წლის მაისამდე ცხოვრობდნენ მ.ჩ–თან ქ.მარნეულში, ......, ბინა #29-ში. 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით ნ. ფ. სწავლობდა ქ.მარნეულის #6 საჯარო სკოლაში. იმ პერიოდისათვის, ს. ფ. დადიოდა ქ.მარნეულში მდებარე საბავშვო ბაღში. არასრულწლოვნების დედასთან ცხოვრების პერიოდში, ბავშვების აუცილებელი მოთხოვნები, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და ყველა საჭირო პირობები უზრუნველყოფილი იყო;

1.2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონულ განყოფილებას 2013 წლის 28 იანვარს განცხადებით მიმართა გ.ფ–ძემ, სადაც ეს უკანასკნელი აღნიშნავდა, რომ ბავშვებზე სისტემატურად ხდებოდა ძალადობა დედისა და ბებიის (დედის დედა) მიერ. შეფასების პროცესში ჩართული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის ფსიქოლოგი, რომელიც მუშაობდა არასრულწლოვნებთან მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესაფასებლად. ფსიქოლოგის დასკვნის (რასაც სოციალური მუშაკიც ეთახმება) მიხედვით, ბავშვები დადებით ემოციებს ამჟღავნებენ მშობლებისა და ბებიის მიმართ. ნ–ის გუნება-განწყობილებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა მშობლების კონფლიქტური ურთიერთობა. ბავშვების მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელება, ბავშვებთან და მათ ბიოლოგიურ ოჯახთან მუშაობის შედეგად, არ დადასტურდა;

1.2.4. ს. ფ. მამასთან საცხოვრებლად გადავიდა 2014 წლის 22 აპრილს, ხოლო, ნ. ფ. გ.ფ–ძესთან და ს. ფ–სთან ერთად ცხოვრობს 2014 წლის 15 მაისიდან დღემდე;

1.2.5. მ.ჩ–ი 2014 წლის 24 ივნისს გაემგზავრა უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე, სადაც ორი კომპანიის დასაკავშირებლად უნდა დასაქმებულიყო ბროკერად, თუმცა ვერ შედგა ურთიერთანამშრომლობა და მ.ჩ–ი 2014 წლის 23 ივლისს დაბრუნდა საქართველოში;

1.2.6. მ.ჩ–ი შრომისუნარიანია, მას მიღებული აქვს განათლება სამი სპეციალობით: ავიაციის ინჟინერი (მაგისტრი), ექიმი-ვეტერინარი და გიტარის კლასიკოსი. ამჟამად, იგი დასაქმებულია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორიში“ ბიზნესგანვითარების ოფიცერის პოზიციაზე. მისი დასაქმების ადგილია ქ.მარნეული. ის 2004 წლიდან ძირითადად ცხოვრობს ქ.მარნეულში, თუმცა გარკვეული პერიოდულობით ცხოვრობდა ქ.თბილისშიც;

1.2.7. მ.ჩ–ი დედასთან, მეუღლესთან _ ნ. შ–ძესთან და არასრულწლოვან შვილთან _ 2016 წლის 15 ოქტომბერს დაბადებულ ა. შ–ძესთან ერთად ცხოვრობს ქ.მარნეულში, ...... ოჯახი ცხოვრობს ერთოთახიან ბინაში, დამაკმაყოფილებელია საცხოვრებლის ზოგადი მდგომარეობა, დაცულია უსაფრთხოების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ოჯახის წევრებს აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი;

1.2.8. თავდაპირველი მოსარჩელე ოთხ წელზე მეტი ცხოვრობდა საქართველოს ფარგლებს გარეთ _ ჰოლანდიაში. 2004 წელს ჩამოვიდა საქართველოში. მას ჰყავს შვილი პირველი ქორწინებიდან _ ლ. ფ., რომელიც რამდენიმე წელია ცხოვრობს საზღვარგარეთ _ ამერიკის შეერთებულ შტატებში;

1.2.9. გ.ფ–ძე დასაქმებულია შპს „B.P.–ში“ მძღოლის პოზიციაზე და აქვს სტაბილური ხელფასი;

1.2.10. გ.ფ–ძე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფება მ.ც–თან. ისინი ნ. და ს. ფ–ებთან ერთად ცხოვრობენ ქ.თბილისში, ....., მე-15 კორპუსში მდებარე #13 ბინაში. საცხოვრებელი შედგება სამი ოთახისაგან, სადაც საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დამაკმაყოფილებელია. ბავშვებს აქვთ ცალკე საძინებელი, რომელშიც განთავსებულია ასაკობრივი განვითარებისათვის საჭირო ნივთები. მოსარჩელეს დაჰყავს ბავშვები სკოლაში, თვითონ უმზადებს საჭმელს, ურეცხავს და ბავშვები ყოველთვის მოვლილები არიან;

1.2.11. 2015 წლის 22 აპრილის მდგომარეობით ს. ფ. ირიცხებოდა ა(ა)იპ 27-ე საბავშვო ბაგა-ბაღის 4-5-წლიან აღსაზრდელთა ჯგუფში. ამჟამად, ნ. ფ. და ს. ფ. სწავლობენ სსიპ ქ.თბილისის #126 საჯარო სკოლაში. 2015 წელს არასრულწლოვანი ბავშვების სანახავად პერიოდულად მიდიოდა დედა, როგორც საბავშვო ბაღში არასრულწლოვან ს. ფ–სთან, ისე - საჯარო სკოლაში არასრულწლოვან ნ–თან;

1.2.12. მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მ.ჩ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გ.ფ–ძეს მ.ჩ–ის სასარგებლოდ შვილის _ ნ. ფ–ძის სარჩენად სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 80 (ოთხმოცი) ლარი, მასვე დაეკისრა ბავშვის მკურნალობისათვის დამატებითი ხარჯების გადახდა 212 (ორას თორმეტი) ლარის ოდენობით. მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით გ.ფ–ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შვილთან, არასრულწლოვან ნ. ფ–სთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა დროის მონაკვეთი ყოველი კვირის პარასკევს 18:00 საათიდან კვირა დღის 20:00 საათამდე. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მ.ჩ–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა: გ.ფ–ძეს მ.ჩ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის 200 (ორასი) ლარის გადახდა ყოველთვიურად, არასრულწლოვანი შვილის, 2010 წლის 19 აპრილს დაბადებული ს. ფ–ძის რჩენა-აღზრდისათვის, მისი სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე;

1.2.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა მ.ჩ–ის შუამდგომლობა დროებითი განკარგულებით შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე: განესაზღვრა მ.ჩ–ს არასრულწლოვან შვილებთან: ს. და ნ. ფ–ებთან ურთიერთობისათვის კვირის შაბათი დღის 09:00 საათიდან 14:00 საათამდე და ყოველი კვირის კვირა დღის 09:00 საათიდან 14:00 საათამდე დროის მონაკვეთი, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებით. სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ.ჩ–ის შუამდგომლობა 2016 წლის 17 მარტის სასამართლოს დროებით განკარგულების შეცვლის შესახებ;

1.2.14. არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და მშობლებთან ურთიერთდამოკიდებულების შესწავლის მიზნით, შეხვედრა შედგა გ.ფ–ძესთან. არასრულწლოვნების დედამ კი, სატელეფონო საუბრისას უარი თქვა ფსიქოლოგთან ვიზიტზე და მიზეზად მოუცლელობა დაასახელა. ბავშვები ორჯერ იმყოფებოდნენ ფსიქოლოგთან, თუმცა, საყურადღებოა, რომ მათ უარი თქვეს ოთახში დარჩენაზე. მამამ გამოთქვა პოზიცია ფსიქოლოგის სამუშაოსთან დაკავშირებით და ბავშვების თანდასწრებით აღნიშნა, რომ ფსიქოლოგთან ვიზიტები ატარებს ფორმალურ ხასიათს და ამ შემთხვევაში საკვლევი არაფერი იყო, ცხადზე ცხადი იყო ბავშვების სურვილი. გ.ფ–ძემ ბავშვების თანდასწრებით ისაუბრა უარყოფითი კუთხით დედის შესახებ. ფსიქოლოგის სამუშაოს მიმართ გამოხატული უნდობლობის, ამ საქმის არასერიოზულად აღქმის პირობებში, არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული ფსიქოლოგის სამუშაოს გაგრძელება და არსებული ხელისშემშლელი გარემოებების გამო ფსიქოლოგის მუშაობა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შეწყდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, საქმეში ჩაბმულ იქნა ფსიქოლოგი და დაევალა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი ფსიქოლოგის ჩაბმულობის უზრუნველყოფა საქმის განხილვაში ამ უკანასკნელის მიერ წერილობითი ფორმით მოსაზრების (ფსიქოლოგიური გამოკვლევის) წარმოდგენის სახით. ამავე განჩინებით განემარტათ მხარეებს, რომ ისინი ვალდებული იყვნენ, ხელი შეეწყოთ ფსიქოლოგისათვის გამოკვლევის ჩატარებასა და სასამართლოს განჩინებით მისთვის დაკისრებული მოვალეობების სათანადოდ შესრულებაში. არასრულწლოვნების ფსიქო-ემოციური მდგომარეობისა და მათი მშობლებთან ურთიერთდამოკიდებულების შეფასების მიზნით, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგმა ჩაატარა გამოკვლევა, რომლის თანახმადაც:

i არასრულწლოვნების გონებრივი და ინტელექტუალური თავისებურებები, ლექსიკური მარაგი და ზოგადი ცოდნის დონე შეესაბამება მათ ასაკობრივ მაჩვენებლებს. ნ.ი ემოციური დაძაბულობის ნიშნებს ავლენს, თუმცა მისი ემოციური მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით (ნ.ი და ს. 2016 წლის მაისში იმყოფებოდნენ ფსიქოლოგთან ვიზიტზე) გაცილებით უკეთესია. ს.ს ემოციური სირთულეები არ აღენიშნება, არ ვლინდება შფოთვა და დაძაბულობა. პირველ ვიზიტზე მისულ ნ–სა და ს–ს დაძაბულობა მალე მოეხსნათ, ნდობა და კეთილგანწყობაც გაუჩნდათ ფსიქოლოგის მიმართ, აქტიურად და ხალისით ჩაერთნენ გამოკვლევის პროცესში. ს–მ საკუთარი ინიციატივით ლექსიც კი წაუკითხა ფსიქოლოგს. ვიზიტის დასასრულს ს–მ დარჩენისა და თამაშის გაგრძელების სურვილიც გამოხატა, ხოლო ვიზიტის დასასრულს ბავშვები ერთხმად და ხალისით დათანხდნენ ფსიქოლოგს კვლავ მისულიყვნენ მასთან. მეორე ვიზიტზე არასრულწლოვნები შედარებით თავშეკავებულები იყვნენ. ბავშვები მამის მიმართ ემოციურ კავშირს, ხოლო დედის მიმართ გაუცხოვებას ავლენენ. შვილისა და მშობლის ურთიერთდამოკიდებულების განმაპირობებელი ფაქტორების სრულად შესწავლა ვერ მოხერხდა, მაგრამ რამდენიმე ასეთი ფაქტორი ცხადად გამოვლინდა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გასულ წელს ერთობლივი ვიზიტების დროს, როცა ბავშვები მამის გარეშე არ რჩებოდნენ ფსიქოლოგთან, მამა ბავშვების თანდასწრებით მეტად უარყოფითად საუბრობდა დედის შესახებ. მამა აღნიშნავდა, რომ „ბავშვები როცა აბრაზებენ, მ–თან წაყვანით აშინებს“. დედის სახელის გამოყენება, როგორც სადამსჯელო მექანიზმის, მეტად უარყოფითი გავლენის მქონეა არა მარტო მშობელი-შვილის ურთიერთობაზე, არამედ თვითონ ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც. ნ–ის გადმოცემით, ისინი დაახლოებით სამი წელია დედასთან, მ–თან ერთად ცხოვრობენ. ამბობენ, რომ ადრე სახელით მიმართავდნენ, ეხლა კი დედას ეძახიან. ორივე ბავშვი აღნიშნავდა, რომ ურჩევნიათ ისევ სახელით მიმართონ და დედა არ დაუძახონ. ბოლო ვიზიტზე ბავშვებმა საუბრის დასრულებისა და წასვლის სურვილი გამოხატეს, მიზეზად კი ის გარემოება მიუთითეს, რომ „მ–ზე საუბარი არ სურთ, მის შესახებ ყველაფერი მხოლოდ ცუდი ახსოვთ, კარგი კი - არაფერი“. მსგავსი დამოკიდებულება - მხოლოდ ნეგატიურზე კონცენტრირება და ყველაფერი დადებითის უარყოფა, თავისთავად არაობიექტური და საეჭვოა. უნდა აღინიშნოს ძმებს შორის ურთიერთდამოკიდებულება, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა კვლევის პროცესზე. სახალისო დავალებების შესრულების დროსაც კი ცხადად ვლინდებოდა ს–ს მიმბაძველობა ნ–ისადმი. ს.ს ნახატები, მისი მონათხრობი ხშირად იცვლებოდა ნ.ის მონათხრობის შესაბამისად, მით უმეტეს, დედის შესახებ საუბრისას. ნ–მა კატეგორიული უარი განაცხადა ძმის ფსიქოლოგთან მარტო დატოვებაზე;

ii 2017 წლის 23 ივნისს ფსიქოლოგის კვლევის პროცესში უნდა შემდგარიყო ბავშვების დედასთან შეხვედრა, რაც გაუქმდა ფსიქოლოგის გადაწყვეტილებით. ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი იყო ბავშვების პოზიცია - მათ უარი თქვეს დედასთან შეხვედრაზე. ბავშვებისა და მამის პასუხების მიხედვით, შეფასებული რისკების შემდეგ ფსიქოლოგმა მიიღო გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების შესახებ. იმის მიხედვით, როგორი განწყობით მოვიდოდნენ ბავშვები, შესაძლოა შეხვედრა მათი ემოციური ტრავმით დასრულებულიყო. დედისადმი დამოკიდებულებას დიდწილად განსაზღვრავდა ზეგავლენა _ ბავშვებისათვის მუდმივად ხდებოდა დედის შესახებ ნეგატიური ინფორმაციის შეხსენება. ბავშვები ფლობენ მათთვის არასაჭირო ინფორმაციას. ზეგავლენაზე მიუთითებდა მხოლოდ უარყოფით მოვლენებზე კონცენტრირება და ყველაფერი დადებითის უარყოფა. გავლენის არსებობის პირობებში ბავშვების რეალური დამოკიდებულება მშობლებისადმი იკარგება. რომელიმე მშობელზე მუდმივად ნეგატიური ინფორმაციის მიწოდებას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობისათვის. ასევე ნებისმიერ შემთხვევაში მატრავმირებელია ბავშვებისათვის მშობელზე უარის თქმა;

1.2.15. საქმის განხილვის დროს არასრულწლოვნებზე დედის მხრიდან არ გამოკვეთილა რაიმე ნეგატიური შინაარსის ფიზიკური ძალადობის ან/და ფსიქოლოგიური ზეგავლენის კვალი. საქმეში წარმოდგენილი მამის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მაცხოვრებელთა განცხადება არ შეიცავს მისი შედგენის თარიღს, არ ჩანს რომელი პერიოდის მდგომარეობაა ასახული, არ ირკვევა, განცხადებაში მითითებული ფაქტების მომსწრენი განცხადებაზე ხელისმომწერი პირები იყვნენ უშუალოდ თუ მათთვის ეს ამბავი გადმოცემით არის ცნობილი. ასევე, არ იკვეთება, კონკრეტულად რომელი მცხოვრები, მეზობელი რომელი ფაქტის მომსწრე გახდა და შეესწრნენ თუ არა ისინი (ან რომელიმე მათგანი) პირადად არასრულწლოვანთა მიმართ დედის მხრიდან რაიმე ძალადობრივი ქმედების გამოვლენას. დედის მხრიდან ძალადობის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად მამამ წარმოადგინა ვიდეომასალა. აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მოსამართლის შეკითხვაზე გ.ფ–ძემ განმარტა, რომ იგი თავად, პირადი ინიციატივით ახორციელებდა ვიდეო და აუდიოჩანაწერებს და ამის თაობაზე შესაბამისი გაფრთხილება მეორე მხარისათვის არ მიუცია, თუმცა ვიდეოჩანაწერის მიმდინარეობისას, მ.ჩ–ისათვის აღქმადი იყო ის გარემოება, რომ მისი გამოსახულებით გ.ფ–ძე ახორციელებდა ჩაწერას. რაც შეეხება სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერს, აღნიშნულის თაობაზე, მოპასუხისათვის ცნობილი არ ყოფილა. ჩანაწერებში არ იკვეთება მოპასუხის მხრიდან რაიმე ძალადობრივი ქმედების ჩადენა შვილების მიმართ. ბავშვებს არ მისდგომიათ ზიანი ან რაიმე საფრთხე არ დამუქრებიათ დედის ქცევის შედეგად. რაც შეეხება სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, მოპასუხის მიერ გამოთქმული სიტყვები ბავშვების მიმართ შემდეგი შინაარსით - „თქვენ დედა არ გყავთ, ნ–საც თქვენთან გამოვუშვებ“, მოპასუხისვე განმარტებით, ძლიერი ემოციური აღელვების შედეგია, რაც არ ასახავს მის რეალურ დამოკიდებულებას ბავშვების მიმართ;

1.2.16. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, ბავშვების ფსიქოლოგიურ თუ ემოციურ მდგომარეობაზე დაყრდნობით დედასთან ჩამოყალიბებული ნეგატიური დამოკიდებულების აღმოფხვრის მიზნით, უპირველესად აუცილებელია, დედასთან ჯანსაღი ურთიერთობის არსებობა. ბავშვებმა, რომლებიც ბოლო სამი წელია დედის სურვილის საწინააღმდეგოდ, უწყვეტად ცხოვრობენ მამასთან, აუცილებლად უნდა გაითავისონ ბიოლოგიური დედის როლი, მნიშვნელობა და აუცილებლობა მათ ცხოვრებაში. საქმის განხილვის მიმდინარეობისას, არ გამოკვეთილა მ.ჩ–ის უარყოფითი პიროვნული მახასიათებელი, რაც შესაძლოა საფრთხის შემცველი ან საზიანო ყოფილიყო არასრულწლოვანთა აღზრდის პროცესში. ასევე, არ დადასტურდა მის მიერ ალკოჰოლური სასმელების ხშირად ან მომეტებული დოზით მოხმარება, რაც უარყოფითი კუთხით ეჭვს გააჩენდა დედის მავნე ჩვევების არსებობის მიმართ. ბავშვების დედასთან დაშორებას შესაძლოა საფუძვლად დაედოს მშობლის უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები და ბავშვზე ნეგატიური ზეგავლენის დასაბუთებული საშიშროება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვის შესახებ საკითხის გადაწყვეტისას გადამწყვეტი მნიშნელობა უნდა მიენიჭოს არა მხოლოდ მატერიალურ არამედ მორალურ მხარესაც;

1.2.17. შეგებებული მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში ასახულია ნ. და ს. ფ–ების ურთიერთობა დედასთან. დედასა და შვილებს შორის ასახული ურთიერთობა ქმნის საფუძველს იმისას, რომ მ.ჩ–სა და არასრულწლოვნებს შორის აღდგეს ნორმალური, ჯანსაღი და მჭიდრო ურთიერთობა.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. როგორც უკვე ითქვა, წინამდებარე განჩინების კვლევის საგანს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დადგენა და იმის განსაზღვრა წარმოადგენს, თუ რა იქნება ბავშვის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულფასოვანი წევრის ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განვითარებისათვის სასარგებლო. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართალია, სწორად განსაზღვრა მოთხოვნის სამართლებრვი საფუძვლები, თუმცა, არასწორად მიუსადაგა ისინი საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საკასაციო სასამართლო დასახული მიზნის მისაღწევად ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლზე, რომლითაც გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტი თავადვე იძლევა ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლის დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.

1.3.2. მოხმობილი კონვენცია ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა დასკვნის შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, როდესაც იგი არასრულწლოვნის უფლებებს შეეხება, მიუხედავად კანონით რეგლამენტირებული ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპისა, ამოსავალი დებულება ყოველთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესია, რომლის უზრუნველყოფის მიზნით დაიშვება, როგორც ერთ-ერთი, ისე _ ორივე მშობლის უფლების შეზღუდვა, თუკი მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი დასახული მიზნის მიღწევა.

1.3.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც საკითხი სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლით განსაზღვრულ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).

1.3.4. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ დედის საცხოვრებელი გარემო და დედასთან არასრულწლოვნების ცხოვრება ეწინააღმდეგება მათ საუკეთესო ინტერესებს და საფრთხის შემცველია შვილებისათვის. ამ მხრივ მართალია, კასატორი მიუთითებს გარკვეულ მტკიცებულებებზე, რომლებიც ძირითადად არასრულწლოვანთა განმარტებებს ემყარება, თუმცა, პალატა, მტკიცებულებათა ერთობლიობაზე დაყრდნობით ამ განმარტებებს, როგორც ინდივიდუალურად აღებულ მტკიცებულებებს არასაკმარისად და არასანდოდ მიიჩნევს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით ასევე დადგენილია მამის მხრიდან არც თუ კეთილსაიმედო ზემოქმედება ბავშვებზე. მშობლების პირადი უთანხმოება, პირადი ხასიათის პრობლემები არ შეიძლება აისახოს ბავშვების ერთ-ერთ მშობელთან დამოკიდებულებაზე და ამ გზით დედის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება შეექმნათ არასრულწლოვნებს. რაიმე პირდაპირი, იურიდიულად სარწმუნო მტკიცებულება იმისა, რომ დედა საკუთარი ქცევით უარყოფით გავლენას ახდენდა შვილებზე, აპირებდა მათი სიცოცხლის მოსპობას თუ არ ზრუნავდა მათზე, არ დასტურდება, ხოლო, დედის მიმართ მტრის ხატის შექმნა, მისი ნეგატიურად მოხსენიება, მიუხედავად იმისა, ბავშვების საცხოვრებელი ადგილი რომელი მშობლის საცხოვრებლის მიხედვით განისაზღვრება, შეუძლებელია მათ საუკეთესო ინტერესებში შედიოდეს და პოზიტიურ გავლენას ახდენდეს არასრულწლოვანთა გონებრივ და ფსიქიკურ განვითარებაზე. გარდა ამისა, სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბავშვთა ჰარმონიული განვითარებისათვის, ბუნებრივია გარემო-პირობებს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ოჯახური თანაცხოვრების თემაზე მსჯელობისას მშობლის გარემოში შვილის ცხოვრების საკითხს ვერ გადასწონის საცხოვრებელი ფართის მოცულობა, თუკი მასში დამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობებია, ასევე ის, უშუალოდ დედას ეკუთვნის ეს ფართი თუ მის მშობელს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს იმის თაობაზე, რომ დედის საცხოვრებელი გარემო წარმოადგენს კეთილსაიმედოს არასრულწლოვანთათვის და მოცემული დავის ფარგლებში, განქორწინებული მშობლებისა და არასრულწლოვანთა ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის მიზნით უნდა გამოინახოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მშობლის სასარჩელო მოთხოვნაზე სწორი გადაწყვეტის საშუალება, არამედ, უნდა დადგინდეს მეორე მშობლის ურთიერთობის წესი ბავშვის მიმართ, თუმცა, დავა უნდა გადაწყდეს არა მხოლოდ მოსამართლის, როგორც ინდივიდის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, არამედ _ ზედმიწევნით უნდა განიკარგოს სპეციალისტების _ ბავშვის კანონიერი წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების შესაძლებლობანი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ფსიქოლოგიურ კვლევებსა და სოციალური სამსახურების შეფასებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ბავშვები გაუცხოებული არიან დედის მიმართ, ჩამოყალიბებული აქვთ კრიტიკულად უარყოფითი პოზიცია, რომელიც არა მხოლოდ ფაქტობრივი ვითარების, არამედ _ მამის ნეგატიური გავლენის შედეგია. საკასაციო სასამართლოსათვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს მცდელობის მიუხედავად, ფსიქოლოგის ჩართულობით დაედგინა რაიმე ცვლილება ხომ არ იყო დედისა და შვილების ურთიერთობაში, სოციალური სამსახური შემოიფარგლა მცირე განმარტებით, რომ ცვლილება არ არის და სასამართლომ უმჯობესია საქმეში ადრე წარმოდგენილი დასკვნით იხელმძღვანელოს. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ერთ-ერთი მშობლისა და შვილების გართულებული ურთიერთობა, რა სამუშაო უნდა ჩატარდეს, მათ შორის მეურვეობის ორგანოს მიერ და რა მექანიზმი არსებობს იმისა, რომ მამის მხრიდან უკვე გამოკვეთილი ბავშვთა ინტერესების არახელშემწყობი ქმედებები იქნას აღმოფხვრილი.

1.3.5. დედა-შვილებს შორის წარმოშობილი გაუცხოების აღმოფხვრის მიზნით საქმეზე მიღებულია დროებითი განკარგულება, თუმცა, ამ განკარგულების აღსრულების გზით მიღწეულია თუ არა დასახული მიზანი, საქმის მასალებით არ დგინდება, არ ირკვევა, არასრულწლოვანთა კანონიერი წარმომადგენლის, როგორც ამ კატეგორიის დავებზე გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოს ეფექტიანი მოქმედებები და ობიექტური, სრული დაკვირვების შედეგად გამოტანილი დასკვნების არსებობა. ამგვარი მიდგომა საკითხის არაეფექტური გადაწყვეტაა, რამდენადაც გართულებული ურთიერთობის ფონზე მხოლოდ რამდენიმე შეხვედრის შედეგად რეალური დასკვნის გამოტანა არასრულწლოვანთა ემოციური დამოკიდებულების თაობაზე არასაკმარისია. პალატის ამგვარი შეფასების საფუძველს სასამართლოში არასრულწლოვნებთან წარმოებული გასაუბრება წარმოადგენს, სადაც არ შეინიშნება დედის მიმართ ბავშვთა ასაკის შესაბამისი ქმედებები, მათ მიერ გამოხატულ ნებას გარე ფაქტორის ზეგავლენა და არა ბავშვთა სუბიექტური აზროვნება და მათი ნამდვილი სურვილი უდევს საფუძველად. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დროებითი განკარგულების მიზნიდან გამომდინარე, იგი სადავო საკითხის თაობაზე რეალური სურათის წარმოჩენის საუკეთესო და ეფექტიან საშუალებას უნდა წარმოადგენდეს, საოჯახო დავაში საკითხის გამოკვლევის ქმედითი საშუალება უნდა იყოს და არ გააჩნდეს ფორმალიზმის ელემენტები. საქმეზე „Cengiz Kinic v. Turkey“ (საჩივრის #16192/06, 6 დეკემბერი, 2011 წელი), სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა. მოცემული დავა შეეხებოდა განქორწინებული მშობლის საჩივარს, სადაც მომჩივანს სასამართლომ დააკისრა ქორწინებაში დაბადებულ შვილზე მეურვეობა, თუმცა, ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო სათანადო ღონისძიებების გატარება, რათა მშობელს შეძლებოდა შვილთან ურთიერთობა. ევროსასამართლოს შეფასებით, კონვენციის მე-8 მუხლი, მართალია, პირველ რიგში, მიზნად ისახავს პირთა დაცვას ხელისუფლების მხრიდან თვითნებური ჩარევისაგან, თუმცა ოჯახური ცხოვრების „დაცულობის“ უფლება აგრეთვე მოიცავს პოზიტიურ ვალდებულებებსაც. ამ დებულების მიხედვით ხელშემკვრელი სახელმწიფოებისთვის დაკისრებულ პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის განსხვავება არ არის მოცემული ზუსტი დეფინიციით. ორივე შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნეს შეპირისპირებულ ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა. ორივე კონტექსტში სახელმწიფო სარგებლობს შეფასების თავისუფალი ფარგლებით (იხ. Keegan v. Ireland, 26 მაისი, 1994, § 49, Series A n 290). რაც შეეხება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას - გადადგას გარკვეული ნაბიჯები, სასამართლო იმეორებს, რომ მე-8 მუხლი მოიცავს მშობლის უფლებას, გაატაროს ღონისძიებები მის შვილთან გაერთიანების მიზნით და ხელისუფლების ვალდებულებას, განახორციელოს მსგავსი ღონისძიებები (მაგალითისთვის, იხ. Neulinger and Shuruk v. Switzerland [GC], n 41615/07 , § 140, ECHR 2010 -.., Ignaccolo-Zenide v. Romania , n 31679/96 , §94, ECHR 2000-I, da Nuutinen v. Finland , n 32842/96 , § 127, ECHR 2000-VIII). კონვენციის მიზანია დაიცვას არა თეორიული და ილუზორული, არამედ კონკრეტული და ეფექტიანი უფლებები (იხ. mutatis mutandis , Artico v. Italy , 13 May 1980, § 33, series A no 37). ოჯახური ცხოვრების დაცულობა მოითხოვს, მშობელსა და შვილს შორის სამომავლო ურთიერთობები მოწესრიგდეს ყველა რელევანტური ფაქტორის გათვალისწინებით. მე-8 მუხლის მიხედვით, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღების ხანგრძლივობა (W. v. United Kingdom, 8 ივლისი, 1987, § 65, Series A no 121,McMichael v. United Kingdom, 24 თებერვალი, 1995, §§ 87 და 92, Series A no o 307-B, da Dore v. Portugal , n o 775/08, § 45, 1-ლი თებერვალი, 2011). ამ კონტექსტში სასამართლომ აღნიშნა, რომ გატარებული ღონისძიებების ადეკვატურობა ფასდება მისი განხორციელების სიჩქარით. ნამდვილად, მშობლის უფლებასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის გადაწყვეტილებების აღსრულება, საჭიროებს დაუყოვნებლივ მიდგომას, ვინაიდან დროის გასვლას შეიძლება ჰქონდეს გამოუსწორებელი შედეგები შვილებსა და იმ მშობლებს შორის, რომლებიც მათთან ერთად არ ცხოვრობენ (Ignaccolo-Zenide , cited above, § 102; see also Pini and Others v. Romania , nos . 78028/01 and 78030/01 , § 175, ECHR 2004-V). მოცემულ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხი იყო, მიიღო თუ არა ეროვნულმა ხელისუფლებამ ყველა ზომა, რომელიც მათ გონივრულად მოეთხოვებოდათ იმ სამართალწარმოების კონტექსტში, რომელიც ეხებოდა მშობლისა და შვილის ურთიერთობის აღდგენას. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მშობლებისა და ბავშვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა არ იქნა მოთხოვნილი 2008 წლის სექტემბრამდე, შესაბამისი დასკვნები კი წარდგენილ იქნა 2008 წლის დეკემბერში, წყვილის დაშორებიდან და მომჩივნის მიერ განქორწინების მოთხოვნის წარდგენიდან დიდი ხნის შემდეგ. ექსპერტთა დასკვნების მიხედვით, მომჩივანსა და შვილს შორის ადეკვატური ურთიერთობის გარეშე დროის გასვლამ იქონია გადამწყვეტი როლი ამ უკანასკნელის მხრიდან მამის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. მართალია, სასამართლო აღიარებს, რომ ბავშვის ნახვისა და მეურვეობის უფლების ჭრილში მხარეთა მიერ შეუსრულებლობა განსაკუთრებით რთულად მოსაწესრიგებელია სასამართლოების მეშვეობით, თუმცა სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალები არ აჩვენებდა, რომ საოჯახო საქმეების განმხილველმა მოსამართლემ გამოავლინა ძალისხმევა, მხარეების შერიგების მიზნით ან რომ მან გადადგა ნაბიჯები, რათა ხელი შეეწყო სასამართლო გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის. რაც შეეხება ღონისძიებებს, რომლებიც სავარაუდოდ შესაძლებელს გახდიდა მომჩივანსა და მის შვილს შორის ოჯახური კავშირის აღდგენას, სასამართლომ გაიმეორა, რომ ამ სენსიტიურ სფეროში ბავშვებთან მიმართებით იძულებითი ღონისძიებების გამოყენება მართალია არ არის სასურველი, თუმცა, სანქციების გამოყენება არ უნდა გამოირიცხოს იმ შემთხვევაში, როდესაც მშობელი, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, ცალსახად უკანონოდ იქცევა (Maire v. Portugal , n o 48206/99 , § 76, ECHR 2003-VII). სახელმწიფოს ვალდებულება, გაატაროს პოზიტიური ღონისძიებები, რომლებიც მშობლის შვილთან ურთიერთობის აღდგენის შესაბამისია არ არის აბსოლუტური. მიუხედავად ამისა, ამ პროცესში ჩართული ყველა პირის თანამშრომლობა და შეხედულებები მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორია (Maumousseau and Washington v. France , no 39388/05 , § 83, 6 December 2007).

1.3.6. ზემოხსენებული განმარტებების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეჭვქვეშ აყენებს გასაჩივრებული განჩინების აღსრულებადობის საკითხს. საკასაციო სასამართლო, ზემოთ განხილული, გადაუჭრელი პრობლემების პარალელურად მხედველობაში იღებს ბავშვების ამჟამინდელ კატეგორიულ დამოკიდებულებას დედასთან ცხოვრების მიმართ და მიუხედავად იმისა, ეს დამოკიდებულება გამოწვეულია სობიექტური თუ იბიექტური ფაქტორებით, ვითარების სხვაგვარად შეცვლამდე, არამართებულად მიიჩნევს დედისათვის შვილების დაუყოვნებლივ გადაცემას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათი (სსსკ-ის 266-ე მუხლი) ვლინდება არა მხოლოდ სასამართლო პროცედურების დასრულებაში, არამედ, მიღებული გადაწყვეტილება დარღვეული/სადავო უფლების ეფექტიანი დაცვის საშუალებას უნდა წარმოადგენდეს, რათა გადაწყვეტილებით საბოლოოდ აღმოიფხვრას სამართლებრივი ურთიერთობის ხარვეზი და მიღებული სიკეთე ეფექტიანი და ხელმისაწვდომი იყოს მისი სუბიექტებისათვის. სხვაგვარად სამართალწარმოების მიზანი ვერ იქნება განხორციელებული, ხოლო დარღვეული უფლება _ აღდგენილი. მოცემული დავის აღსრულებადობის საკითხზე მსჯელობისას საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს ბავშვების რეალურ სურვილზე და ამ გზით გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობაზე (დამატებით იხ. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება „ნ.წ. საქართველოს წინააღმდეგ“. ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასრულწლოვანთა მიმართ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია მათი მამისათვის გადაცემა იმ პირობებში, როდესაც დედის გარდაცვალების შემდეგ არასრულწლოვნები ცხოვრობდნენ დეიდასთან და მათ, მტრული დამოკიდებულების გამო, არ ჰქონდათ სურვილი მამასთან საცხოვრებლად გადასვლის, რომელმაც მოიხადა სასჯელი (პირობითი მსჯავრი, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა), ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისაგან თავის დასაღწევად ჩართული იყო ე.წ „მეტადონის პროგრამაში“, ასევე აღარ აღენიშნებოდა პიროვნული აშლილობის ნიშნები).

1.3.7. საკასაციო სასამართლო, ბუნებრივია, წინამდებარე განჩინებით არ ცდილობს რაიმე ფორმით შეზღუდოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლით აღიარებული რომელიმე მშობლის ინტერესი, უფრო მეტიც, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ოჯახური ცხოვრების პატივისცემის მრავლისმომცველ უფლებაზე, თუმცა მიიჩნევს, რომ ყოველგვარი რისკი, რომელიც არასრულწლოვანთა ნორმალურ განვითარებას შეიძლება შეეხოს, უნდა იქნას გამორიცხული. ამ მხრივ სასამართლოს მხედველობაში აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა: ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც _ ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი. ევროსასამართლოს განმარტებით, მშობლებსა და ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვებს შორის კავშირი, კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პარაგრაფის ფარგლებში წარმოადგენს ოჯახურ ცხოვრებას. მსგავსი ბუნებრივი ოჯახური ურთიერთობები არ წყდება იმ საფუძვლით, რომ მშობლები დაშორდნენ ან განქორწინდნენ, როდესაც ამ მიზეზით ბავშვი ან ერთ მშობელთან ცხოვრობს ან მეორესთან (Cılız v. the Netherlands). ერთ-ერთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში ოჯახური ცხოვრება სახეზე იყო იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც მშობლების განქორწინებამდე ერთად, ერთ სახლში ცხოვრობდნენ (inter alia, Olsson v. Sweden (no. 1), 24 March 1988, § 81, Series A no. 130). კონვენციის მე-8 მუხლის ძირითადი მიზანია, ინდივიდების დაცვა სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების თვითნებური ქმედებებისგან. ოჯახური ცხოვრების „პატივისცემის“ უფლება, აგრეთვე, მოიცავს დამატებით პოზიტიურ ვალდებულებებს, თუმცა, სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის არსებული ზღვარი ზუსტ განსაზღვრებას არ ექვემდებარება. მათ მიმართ გამოყენებადი პრინციპები იდენტურია: ორივე კონტექსტში ყურადღება უნდა გამახვილდეს სამართლიან ბალანსზე, რაც დაცული უნდა იქნას შეპირისპირებულ ინტერესებს შორის. გარდა ამისა, ორივე კონტექსტში სახელმწიფო სარგებლობს შეფასების ფართო ზღვარით (Tuquabo-Tekle and Others v. the Netherlands, 2005 წლის პირველი დეკემბერი). კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს. ამ კონტექსტში, მე-8 მუხლის არსებითი მიზანია პირის დაცვა საჯარო ხელისუფლების მხრიდან დისკრეციული ქმედებისაგან. გარდა ამისა, ოჯახური ცხოვრების ეფექტურ „პატივისცემას“ ახასიათებს პოზიტიური ხასიათის ვალდებულებები. მე-8 მუხლი მოიცავს მშობელთა უფლებას, მიიღონ ზომები, რაც საშუალებას მისცემს მათ, ხელახლა გაერთიანდნენ თავიანთ შვილებთან, და ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებას, განახორციელონ შესაბამისი ქმედებები. ეს ასევე ეხება იმ შემთხვევებს, სადაც ბავშვებთან კონტაქტთან და საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული დავები წარმოიშობა მშობლებსა და/ან ბავშვების ოჯახის სხვა წევრებს შორის. თუმცა, ეროვნული ხელისუფლების ვალდებულება, განახორციელოს ღონისძიებები ოჯახის გაერთიანების ხელშეწყობის მიზნით, არ არის აბსოლუტური ხასიათის. მშობლის იმ ბავშვთან ხელახალი გაერთიანება, რომელიც გარკვეული პერიოდი ცხოვრობს სხვა პირებთან ერთად, შეიძლება ვერ მოხდეს დაუყოვნებლივ და ამ მიზნის მისაღწევად შესაძლოა საჭირო გახდეს მოსამზადებელი ღონისძიებების გატარება. ამგვარი მომზადების ხასიათი და მასშტაბი დამოკიდებულია თითოეული შემთხვევის გარემოებებზე, თუმცა, ყველა დაინტერესებული მხარის გაგება და თანამშრომლობა ყოველთვის იქნება ამ პროცესის მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტი. ეროვნულმა ხელისუფლებამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართოს ამგვარი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ამ სფეროში ძალდატანების გამოყენების ნებისმიერი ვალდებულება უნდა შეიზღუდოს, რადგან მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები. თუკი მშობელთან კონტაქტი საფრთხეს უქმნის ამ ინტერესებს ან აბრკოლებს ამ უფლებების განხორციელებას, ეროვნული ხელისუფლება პასუხისმგებელია შექმნას სამართლიანი ბალანსი. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხ. „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“). საკასაციო პალატა არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხზე მსჯელობისას მიიჩნევს, რომ სასამართლო არ არის შეზღუდული, დავის გადაწყვეტისას დაადგინოს ასევე იმ მშობლის ურთიერთობის წესი შვილებთან, რომელთანაც არ ექნებათ ბავშვებს მუდმივი საცხოვრებელი, რათა მშობლების დაშორების მიუხედავად, ბავშვებს ჰქონდეთ ოჯახური გარემო და შეძლონ ამ მოცემულობაში თანაბარი ურთიერთობა ორივე მშობელთან. ეს საკითხი საერთოდ არ შეფასებულა ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან, მაშინ, როდესაც საკასაციო სასამართლოს ბოლოდროინდელი პრაქტკით ამგვარი მიდგომა მსგავსი კატეგორიის არაერთ საქმეში იქნა გამოყენებული.

1.3.8. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის დისპოზიციაზე, რომლის მე-2 ნაწილის თანახმადაც, ბავშვის აღზრდის საკითხზე მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს როლის საკანონმდებლო აღიარების სწორი აღქმა ამ ორგანოს მხრიდან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ მას ეკისრება ვალდებულება, აქტიური მონაწილეობით ხელი შეუწყოს სასამართლოს იმის დადგენაში, თუ რა წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამ პროცესში წარმომადგენლობა პასიური ქმედებებით არ შემოიფარგლება და არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ჩასატარებელი სამუშაოს ფორმალურ შესრულებაზე. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უნდა გააცნობიეროს „ბავშვის უფლებათა კონვენციით“ დაკისრებული მოვალეობანი. მან ეფექტური გზით უნდა გაწიოს სათანადო მუშაობა დასახული მიზნის მიღწევისათვის. ამგვარად კი, ვერ იქნება განხილული წინამდებარე საქმეზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებები.

1.3.9. კასატორის პრეტენზიის ფარგლებში შეფასებას ექვემდებარება ასევე დედისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხი. კასატორი მიიჩნევს, რომ ამ მოთხოვნის უარყოფა არ არის დასაბუთებული. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის წაყენებისას მოსარჩელეს ეკისრება შეზღუდვის აუცილებლობის მტკიცების ტვირთი. კასატორს სურს, ნება დაერთოს მოწინააღმდეგე მხარის თანხმობის გარეშე შეძლოს შვილების საზღვარგარეთ გაყვანა და ამას ბავშვების განვითარების, ასევე, მათი ნახევარძმის გაცნობის სურვილით ასაბუთებს, თუმცა, ისეთ ვითარებაში, როდესაც ბავშვების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება დარღვეულია დედის მიმართ და ბავშვები მისი გარემოსგან მოშორებით იზრდებიან, ამ საკითხის გადაწყვეტამდე დედისათვის უფლებების შეზღუდვა, რომლის ლეგიტიმურ საფუძველზეც ვერ მიუთითებს კასატორი, ვერ იქნება მხოლოდ საზღვარგარეთ გაყვანით გადაწონილი, მით უფრო, როდესაც მისი განმარტებით, ბავშვების ნახევარმა არასრულწლოვნებზე უფროსია, ამასთან კონვენციის მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლების უზრუნველყოფის კონტექსტში რატომაა შეუძლებელი მისი საქართველოში ჩამოყვანა, არ არის ახსნილი საკასაციო საჩივარში.

1.4. საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალური დასაბუთება:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე ობიექტურად არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

3. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ ინსტანციას, ახალი მტკიცებულებების წარდგენა დაუშვებელია, რაც შეეხება საქმეში უკვე არსებულ დოკუმენტებს, მათი განმეორებით წარდგენა არ ემსახურება კანონის მიზნებს. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო პასუხს დაურთო საჯარო რეესტრის ამონაწერები, თუმცა, ზემოხსენებული მიზეზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უარს აცხადებს მათ მიღებაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უბრუნებს ამ დოკუმენტებს მხარეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 104-ე, 407-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. მ.ჩ–ს დაუბრუნდეს საკასაციო პასუხზე დართული მტკიცებულებები 4 (ოთხი) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი