საქმე №ას-359-2020 3 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლ. მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ. ნ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ნ–ძის უფლებამონაცვლე ლ. ნ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, ნივთის დაბრუნება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სასარჩელო მოთხოვნა:
1. აწ. გარდაცვლილმა ნ. ნ–ძემ (შემდგომში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ნ–ძის (შემდგომში - მოპასუხე ან კასატორი) მიმართ 2014 წლის 13 იანვრის ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების და უძრავი ქონებების მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2. სარჩელის მიხედვით, მოპასუხე არის მისი შვილი, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. 2015 წელს ჩამოვიდა საქართველოში, რა დროსაც დედა-შვილი შეთანხმდნენ, რომ ჩუქების ხელშეკრულებით მას გადასცემდა ორ საცხოვრებელ ბინას, სანაცვლოდ კი მოპასუხე იღებდა ვალდებულებას დედის მოვლა-პატრონობაზე. სადავო ხელშეკრულებების გაფორმების შემდგომ იგი საქართველოში არ ჩამოსულა. მოსარჩელე ცხოვრობდა სადავო ბინაში. მოპასუხემ ახლობლის დახმარებით 2017 წელს შეცვალა ბინის საკეტი, ხოლო დედის პირადი ნივთები გადაყარა ნაგავსაყრელზე. ასეთი ქმედებით მოპასუხემ გამოიჩინა დიდი უმადურობა.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და უარყო მისი მხრიდან შეურაცხმყოფელი ქმედების ჩადენის ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სადავო ხელშეკრულებები გაუქმდა ½ ნაწილში. უძრავი ქონებები დაუბრუნდა მოსარჩელის მეორე შვილს, ლ. ნ–ძეს (შემდგომში - მოსარჩელის უფლებამონაცვლე)
6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. მოსარჩელე იყო 79 წლის პენსიონერი. მას ჰყავს ორი შვილი: მოპასუხე, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში და მოსარჩელის უფლებამონაცვლე, რომელთანაც საქმის განხილვის დროს ცხოვრობდა მოსარჩელე;
6.2. მოსარჩელეს, თავდაპირველად საკუთრებაში ერიცხებოდა უძრავი ქონებები, მდებარე: ქ.ბათუმი, ..... (ს/კ ..... და ს/კ N ......), ქ. ბათუმი, ......, ბინა 10ა (ს/კ N ......) და ქ. ბათუმი, ..... (ს/კ N ......);
6.3. 2009 წლის 06 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე, ს/კ N .... და ს/კ N ..... უძრავი ქონება, აჩუქა უმცროს შვილს - მოსარჩელის უფლებამონაცვლეს, ხოლო 2014 წლის 13 იანვრის ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე ქ. ბათუმი, ....., ბინა 10ა (ს/კ N ......) და ქ. ბათუმი, ..... (ს/კ N .......) აჩუქა უფროს შვილს, მოპასუხეს;
6.4. მოსარჩელე, თავდაპირველად ცხოვრობდა შვილთან, მოსარჩელის უფლებამონაცვლისათვის ნაჩუქარ ბინაში, მდებარე: ქ. ბათუმი, ......, სადაც იყო რეგისტრირებული, ხოლო შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ქ. ბათუმი, ......, რომელიც იმ დროისათვის, ასევე მის საკუთრებაში ირიცხებოდა. მოპასუხე, როგორც ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმებამდე, ასევე მის შემდეგაც, ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში და იშვიათად ჩამოდიოდა საქართველოში;
6.5. სადავო ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმებისთანავე, მოპასუხემ დედის, სახელზე სანოტარო წესით გააფორმა მინდობილობა, რომლითაც, როგორც „საკუთრების მიმნდობმა“, „მინდობილ მესაკუთრეს“, უფლება მისცა ემართა, გაექირავებინა, იჯარით გაეცა მისი კუთვნილი უძრავი ქონებები, მდებარე: ქ. ბათუმი, ...... და ქ. ბათუმი, ........;
6.6. ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ, მოსარჩელე აგრძელებდა ცხოვრებას მოპასუხისთვის ნაჩუქარ ბინაში - ქ. ბათუმი, ....., ბინა N32-ში, ხოლო ქ. ბათუმი, ...... გაცემული ჰქონდა იჯარით და 2017 წლის მარტამდე ყოველთვიურად 400 აშშ დოლარს იღებდა, მარტიდან კი, 150 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს;
6.7. 2017 წლის მარტის თვეში, მოსარჩელეს ქუჩაში ყოფნის დროს დაეჯახა მსუბუქი ავტომობილი, რა დროსაც მიიღო სხივის და იდაყვის ქვედა ბოლოების ერთდროული მოტეხილობა, ასევე როგორც ჯანმრთელობის შესახებ ცნობით დგინდება მოსარჩელეს დაკარგული ჰქონდა მხედველობაც და 2017 წლის თებერვლიდან აღენიშნებოდა მეხსიერების დაქვეითება. ავტოავარიის შემდეგ, მოსარჩელე მიყვანილი იქნა უმცროსი შვილის ოჯახში. იგი იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში და საჭიროებდა მოვლას;
6.8. მოპასუხემ, მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება 2017 წლის 10 აპრილის მინდობილობის საფუძველზე გადასცა ბიძას, მოსარჩელის ძმას;
6.9. 2017 წლის ზაფხულში მოპასუხემ, ახლობლების დახმარებით შეცვალა ქ. ბათუმი, ..... მდებარე N32 ბინის საკეტი;
6.10. მოპასუხე, დედის ავადმყოფობის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, რა დროსაც მოსარჩელეს დაწყებული ჰქონდა სასამართლო დავა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით. მოპასუხე შეეცადა მოსარჩელის ნახვას ძმის, საცხოვრებელ მისამართზე, თუმცა იგი არ შეუშვეს და განუმარტეს, რომ მოსარჩელეს არ სურდა მასთან შეხვედრა.
7. სააპელაციო პალატამ დამატებით დაადგინა შემდეგი გარემოებები:
7.1. მოსარჩელე გარდაიცვალა 2018 წლის 26 სექტემბერს;
7.2. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განჩინებით, მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა უმცროსი შვილი;
7.3. სამკვიდრო მოწმობებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მთელი დანაშთი ქონების ½ ნაწილზე სამკვიდრო მოწმობა მიიღო მოპასუხემ, ხოლო ½ ნაწილზე მოსარჩელის უფლებამონაცვლემ;
7.4. ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიერ მოსარჩელის უფლებამონაცვლესთან ჩატარებული 25.09.2017წ გასაუბრების ოქმის მიხედვით, მოსარჩელე ცხოვრობდა ქ. ბათუმი, ......, რომელიც აჩუქა მოპასუხეს. დაახლოებით 4 თვეა მოსარჩელე ცხოვრობს მასთან. მოპასუხე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ბოლოს საქართველოში იყვნენ მისი შვილები, რომლებმაც სადავო ბინას შეუცვალეს ბინის საკეტი და მოსარჩელე ვერ ახერხებდა ბინაში შესვლას.
8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე მოდავე მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა ჩუქების ხელშეკრულებიდან და დავის გადასაწყვეტად უნდა შეფასებულიყო: 1) ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდგომ აღმოჩნდა თუ არა მჩუქებელი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში და 2) დასაჩუქრებულმა გამოავლინა თუ არა მჩუქებლის მიმართ უმადურობა.
9. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებეზე:
9.1. მოსარჩელე და მოპასუხე არიან დედა-შვილი;
9.2. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მოსარჩელე ერთ ბინაში ცხოვრობდა, ხოლო მეორე ბინა გაქირავებული ჰქონდა და იღებდა შემოსავალს;
9.3 ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მათ შორის ცუდი დამოკიდებულება არ ყოფილა;
9.4. მოპასუხე დაბრუნდა რუსეთის ფედერაციაში, ხოლო იჯარის თანხით სრულად სარგებლობდა მოსარჩელე 2 წლის ვადით, 2016 წლიდან მინდობილობა აღარ გაუფორმა დედას და 2017 წლის ნოემბრამდე ყოველთვიურად მხოლოდ თანხის ნაწილს აძლევდა;
9.5. 2017 წელს მოსარჩელეს დაეჯახა მანქანა და მიღებული დაზიანებების შემდგომ ცხოვრობდა შვილთან, მოსარჩელის უფლებამონაცვლესთან;
9.6. მოსარჩელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მოპასუხე ყურადღებას არ აქცევდა დედას, არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს; საცხოვრებელი ბინის გაქირავების მიზნით, დედის პირადი ნივთები გადაყარა.
10. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლზე მითითებით (შემდეგში - სსკ) მიიჩნია, რომ მოპასუხის ქმედებები მოსარჩელის მიმართ, რომელმაც მთელი თავისი ქონება, როგორც საცხოვრებელი სახლი, ისე კომერციული დანიშნულების მიზნით გამოყენებული ფართი აჩუქა შვილს, უნდა ჩაითვალოს დედის მიმართ დიდი უმადურობის გამოხატვად.
11. სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების მოტივით ჩუქების გაუქმების საფუძველზეც იმსჯელა და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ორი უძრავი ქონებიდან ერთს აქირავებდა და იღებდა შემოსავალს. შესაბამისად, არ იყო მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, თუმცა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, აღმოჩნდა როგორც უსახლკაროდ, ისე შემოსავლის გარეშე.
12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მძიმე მატერიალური მდგომარეობა გამოწვეული არ ყოფილა ხელოვნურად, მჩუქებლის ბრალით და არც უხეში გაუფრთხილებლობით, რადგან დედა-შვილს შორის ჩუქებამდე არსებული ურთიერთდამოკიდებულების და შვილის კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვერ გაითვალისწინებდა, რომ საცხოვრებელი სახლის და შემოსავლის გარეშე დარჩებოდა.
13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 530-ე მუხლის საფუძველზე არსებობდა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების და ნივთის უკან გამოთხოვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ანდერძის საფუძველზე მოსარჩელის დანაშთ ქონებაზე, თანაბარი წილით სამკვიდრო მოწმობები მიიღეს მისმა შვილებმა.
15. სააპელაციო პალატის განმარტებით, არსებობდა რა სადავო ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების საფუძვლები, ამასთან, მოსარჩელის დანაშთი ქონების მხოლოდ ½ ნაწილი მიიღო მემკვიდრეობით მოსარჩელის უფლებამონაცვლემ, ხოლო დარჩენილი ½ ნაწილი მოპასუხემ. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის სრული მოცულობით დაკმაყოფილებისა და ჩუქების ხელშეკრულებების სრულად გაუქმების შესაძლებლობა არ არსებობდა, ვინაიდან, სადავო ქონებათა ½ ნაწილის გარდა, არ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილების საფუძველი.
16. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
16.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის მასალები და მტკიცებულების გარეშე დაადგინა უმადურობის ფაქტი, ვინაიდან მოპასუხეზე გადაცემულ ქონებაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა მოსარჩელე, ხოლო გაქირავებული ბინიდან ყოველთვიური ქირის თანხას 400 აშშ დოლარს იღებდა, რაც საქმის მასალებით დადასტურებულია.
16.3. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 529-ე მუხლი და არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხემ საკეტის გამოცვლით დედას შეუზღუდა გაჩუქებული ქონებით სარგებლობა. კასატორის განმარტებით, მოსარჩელე, შვილთან საცხოვრებლად გადავიდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. იმისთვის, რომ სხვებს არ ესარგებლათ ბინით, მხოლოდ ამიტომ გამოცვალა საკეტი.
16.4. სააპელაციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისგან განსხვავებით არასწორად შეაფასა ჩუქების სამართლებრივი ბუნება და არასწორად დაადგინა, რომ ვინაიდან, მოპასუხე უძრავი ქონებები ჩუქებით მიიღო ვალდებული იყო სანაცვლოდ რაიმე მოქმედებები შეესრულებინა. მოპასუხე, როგორც შვილი ისედაც ზრუნავდა დედაზე და ფინანსურადაც უზრუნველყო ყოველთვიურად.
16.5. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხემ დედას ბოლო პერიოდში შეუმცირა ქირის თანხა. კასატორის განმარტებით, არსებული თანხის სხვაობა გამოწვეული იყო საიჯარო ქირის შემცირებით, ვინაიდან, მოიჯარე მეტს ვერ იხდიდა. სასამართლომ ისე გამოიყენა მოწმის ჩვენებები არ უმსჯელია, რამდენად შეესაბამებოდა მათი ჩვენებები ცხოვრებისეულ სიტუაციას და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რითაც დაარღვია კანონი და სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა.
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
17.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა ნაჩუქრობის შინაარსის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მჩუქებლის უფლება, უკან დაიბრუნოს გაჩუქებული ქონება, ჩუქების ურთიერთობის მაღალი ზნეობრივი ხასიათითაა განპირობებული. ნაჩუქრობა ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც ზნეობრივ საძირკველზე დაფუძნებული ურთიერთობა. „სამართალში და განსაკუთრებით სამოქალაქო სამართალში ყოველთვის აუცილებელია სამართალსა და ზნეობას შორის ფუნდამენტური ურთიერთობის გათვალისწინება. აუცილებელია იმ მსგავსებისა და განსხვავების გათვალისწინება, რომელიც არსებობს სამართლებრივ შეფასებასა და ზნეობრივ შეფასებას, სამართლებრივ ღირებულებასა და ზნეობრივ ღირებულებას შორის“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბ., 2007, 29).
23. ნაჩუქრობა არის სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირის გამოვლინება. ამიტომაცაა, რომ მჩუქებლის მიერ ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ გაცემა პირდაპირ უკავშირდება დასაჩუქრებულის მხრიდან, მართალია, არა სამაგიერო, მაგრამ ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. სწორედ ასეთი ვალდებულება უნდა დაუპირისპირდეს მჩუქებლის მიერ გაღებულ ქონებრივ სიკეთეს (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/155, 01 აპრილი, 2003).
24.ნაჩუქრობა, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობა, გარკვეულწილად ავალდებულებს დასაჩუქრებულს. ეს ვალდებულება სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტული პირობის სახით კი არაა მოცემული, არამედ ზნეობრივ-სამართლებრივი ვალდებულების სახით არსებობს. ეს ვალდებულება მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენისაგან თავის შეკავებაში მდგომარეობს და ვადით შეზღუდული არაა. ჩუქების გაუქმებით ამ შემთხვევაში სასამართლო ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას.
25. სსკ-ის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქების გაუქმების შესაძლებლობას კანონი განსაკუთრებული გარემოებების არსებობას უკავშირებს, როგორიც არის: 1) დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფა და/ან 2) მჩუქებლის, ან მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოვლენილი დიდი უმადურობა.
26. სსკ-ის აღნიშნული ნორმა ხაზს უსვამს მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი, ანუ აშკარა უმადურობის გამოჩენის შემთხვევებს. კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება. შესაბამისად, სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულია, განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და მანვე უნდა გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება, შეფასდეს მძიმე შეურაცხყოფად ან უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, წარმოიშვას ჩუქების გაუქმების საფუძველი. თავისთავად „მძიმე შეურაცხყოფა“ და „დიდი უმადურობა“, ანუ უმადურად ქცევა, შეფასებითი კატეგორიაა, რასაც განსაზღვრავს სასამართლო გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის (მჩუქებლის) განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა, კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ, სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ, მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (შდრ. სუსგ №ას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი).
28. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხს მჩუქებლის ქცევის გათვალისწინებით და ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, წარმოადგენს თუ არა გამოვლენილი უმადურობა და მიყენებული შეურაცხყოფა ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს, მითითებული ნორმით გათვალისწინებულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
29. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წანამძღვრების არსებობა საქმის მასალებით დადასტურებეულია.
30. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 529-ე მუხლი და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს.
31. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად მართებულად მიიჩნია სსკ-ის 529-ე მუხლი და სწორად განმარტა. ამასთან, მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ. სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის.
32. მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის გამოც მოითხოვდა (სსკ-ის 530-ე მუხლი). აღნიშნული მოტივით წარდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს წინამდებარე დავაში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ განჩინების შინაარსზე: ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის უფლება, მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის გამო, პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მჩუქებელს შეიძლება ეკუთვნოდეს. მითითებული საფუძვლით ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მიზანია მჩუქებლის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რათა მან შეძლოს საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა. მჩუქებლის გარდაცვალების შემთხვევაში, ცხადია, ეს მიზანი ვეღარ მიიღწევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებული ქონებრივი უფლება მჩუქებლის სამკვიდროში არ შედის და, შესაბამისად, არც მის მემკვიდრეებზე გადადის. (სსკ-ის 530-ე, 1330-ე მუხლები). ამდენად, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის უფლება, მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის გამო, პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მჩუქებელს შეიძლება ეკუთვნოდეს.
33. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
34. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნ.ა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
35. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 026.38 ლარის (საგადახდო დავალება N23866099, გადახდის თარიღი 2020 წლის 9 ივლისი), 70% – 1 418.46 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ნ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. გ. ნ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ა.გ–ის (.....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 026.38 ლარის (საგადახდო დავალება N23866099, გადახდის თარიღი 2020 წლის 9 ივლისი), 70% – 1 418.46 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე