საქმე №ას-30-2021 26 თებერვალი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
ლევან მიქაბერიძე (მომხსენებელი), მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს ,,ო.თ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ქ. თბილისში, ....... №16-ში მდებარე უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს.
2. სადავო უძრავ ქონებას, კერძოდ, შენობა №1-ში მდებარე 140.08 კვ.მ ფართს, სს ,,ო.თ–ი“ (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს.
3. უძრავ ნივთს მოპასუხე არ ათავისუფლებს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მფლობელობა მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
4. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდგე მხარე) სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნით.
5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ქონების მართლზომიერი მფლობელია, სადავო ქონება მისი საკუთრება იყო და სახელმწიფოს ნებაყოფლობით გადასცა. ამასთან, მზად არის საიჯარო ქირა გადაიხადოს და უძრავი ნივთის მფლობელობა შეინარჩუნოს.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელს დაევალა გამოთავისუფლებული უძრავი ქონების მესაკუთრისათვის გადაცემა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო მესაკუთრისათვის კუთვნილი ქონება დაებრუნებინა.
9. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ სადავო ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრებად. მოპასუხე კი, არც სადავო ქონებაზე საჯარო რეესტრში არსებულ ჩანაწერსა და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შესდავებია. მეტიც, სასამართლოსათვის ის ფაქტებიც კი არ მიუთითებია, რომლებიც დავის საგანზე მოსარჩელის უფლებებს გამორიცხავდა.
10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მესაკუთრეს აპელანტისათვის სადავო ნივთი მფლობელობაში არ გადაუცია. ამ ნივთთან დაკავშირებით გარიგებით ან სახელმწიფოს მიერ გამოცემული აქტით იგი აპელანტის მიმართ შებოჭილი არ არის. აპელანტს კანონით გათვალისწინებული ნივთის დაკავების უფლება არა აქვს, შესაბამისად, იგი სადავო ქონების არამართლზომიერი მფლობელია.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თუ აპელანტს მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის არამართლზომიერი მოქმედებით დაზარალდა, მას შესაბამისი სარჩელის აღძვრის უფლება აქვს. სარჩელის არარსებობის პირობებში კი, სასამართლო აპელანტის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტს ვერ შეამოწმებს.
12. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
13. კასატორის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სადავო უძრავი ქონება მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა და სახელმწიფოს ნებაყოფლობით, საკუთრების მიტოვების საფუძველზე გადასცა.
14. კასატორის მითითებით, არაკეთილსინდისიერი მხარე მოსარჩელეა, რომელიც უმადურობას იჩენს და მოპასუხის ნაჩუქარი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას ითხოვს. ამასთან, მოპასუხე მუდმივად ამ ქონებით სარგებლობას არ აპირებს, მისი სურვილია ან იჯარით აიღოს სადავო უძრავი ქონება, ან მოსარჩელემ დააცადოს, გარკვეული დროით ისარგებლოს ამ ნივთით.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
19. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება) თანახმად, დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
21. მოსარჩელე მესაკუთრეა იმ უძრავი ნივთის, რომელსაც ფლობს მოპასუხე, თუმცა მფლობელობის კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.
22. სარჩელზე დავის საგანი უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მესაკუთრის მიერ უფლების დამრღვევი პირის მიმართ აღძრულია იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას გულისხმობს, ანუ მესაკუთრე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს სხვისი უკანონო მფლობელობიდან საკუთარი ნივთის გამოთხოვას.
23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება განმარტებულია ვრცლად და იგი მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – ,,მარქსი ბელგიის წინაღმდეგ“ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - ,,მარქსი ბელგიის წინააღმდეგ", განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
24. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
25. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილია.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:
27. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
28. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
29. კასატორის პრეტენზიებს, საკასაციო პალატა ვერ განიხილავს მესაკუთრის საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძვლად.
30. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სადავო ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება დადასტურებულია პირდაპირი მტკიცებულებით - საჯარო რეესტრის ამონაწერით და საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი, მოპასუხის მიერ კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი, რომელმაც, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
31. საკასაციო პალატის აზრით, ქონების კანონიერი მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის საფუძველს სხვა პირის მიერ სადავო ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურება წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხის იურიდიულ ინტერესში შემავალი სამართლებრივი შედეგი (სადავო ნივთის ფლობის უფლების შენარჩუნება) მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწეოდა, თუ იგი დაამტკიცებდა ქონების მართლზომიერად ფლობას.
32. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება, მის მიერ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ, ქონების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ არგუმენტაციას არ წარმოადგენს და ამ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების ქონების მართლზომიერად ფლობის დადასტურება, რაც მოსარჩელის საკუთრების უფლების ბოჭვის კანონისმიერ საფუძვლად განიხილება.
33. პალატა მიუთითებს, რომ მესაკუთრის სურვილი თავისუფლად ისარგებლოს საკუთარი უძრავი ქონებით, არ შეიძლება განხილულ იქნეს კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევად. მსგავსად ეროვნული კანონმდებლობისა, ადამიანის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი ადგენს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ უფლებით დაცულ სფეროს, ერთი მხრივ, წარმოადგენს კანონის საფუძველზე მოპოვებული საკუთრების უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, უკვე მოპოვებული საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის შესაძლებლობა (შდრ. საქმე №ას-1124-2018, 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება).
34. სასამართლო ითვალისწინებს კასატორის სურვილს სადავო ქონების დროებით სარგებლობის უფლებით (იჯარით) გადაცემასთან დაკავშირებით, თუმცა, მოცემული დავის პირობებში, მაშინ, როცა მესაკუთრის მხრიდან აღძრულია ვინდიკაციური სარჩელი, მოკლებულია შესაძლებლობას, ამ გარემოებაზე დაყრდნობით, უარყოს მოწინააღმდეგე მხარის სარჩელის საფუძვლიანობა.
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა, რაც კასატორს სათანადო წესით არ უარყვია.
36. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
37. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებისა.
39. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-173-2020, 2020 წლის 29 ივნისის განჩინება).
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
41. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,ო.თ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. სს ,,ო.თ–ს“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე პ.გ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადასახადო დავალება 0 / გადახდის თარიღი 11.02.2021), 70% - 105 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე