საქმე №ას-58-2021 12 მარტი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
ლევან მიქაბერიძე (მომხსენებელი), მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ა.ბ–ი, შ.ა–ი, მ.ა–ი, ქ.ბ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ ს.წ.ჯ.ს–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა(ა)იპ ს.წ.ჯ.ს–ამ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ბ–ის (შემდგომ - პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კერძო საჩივრის ავტორი), შ.ა–ის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კერძო საჩივრის ავტორი), მ.ა–ის (შემდგომ - მესამე მოპასუხე, მესამე აპელანტი, მესამე კერძო საჩივრის ავტორი), ქ.ბ–ის (შემდგომ – მეოთხე მოპასუხე, მეოთხე აპელანტი, მეოთხე კერძო საჩივრის ავტორი), ლ.ა–ის, ნ.კ–ძის, ც.რ–ის, შ.ტ–ძის, ე.წ–ის, ზ.ჭ–ძის, ზ.ბ–ის, ნ.კ–ის, ვ.ი–ას, დ.ი–სა და ნ.უ–ძის (შემდგომ - მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, გამოთავისუფლება და მესაკუთრისათვის გადაცემა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელთ დაევალათ უძრავი ქონების გამოთავისუფლება და მესაკუთრისათვის გადაცემა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 აგვისტოს განჩინებით, აპელანტთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტებს 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინებით დაუდგინდათ ხარვეზი და განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე განესაზღვრათ ხარვეზის შესავსებად. პირველ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. 2020 წლის 2 მარტს, მან სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებითი ვადის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს, ხოლო იმავე წლის 29 ივლისს - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - სსსკ) 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გათავისუფლების მოთხოვნით. ამასთან, დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დაცვით არც სხვა აპელანტებმა შეავსეს ხარვეზი, მათ არც ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებიათ სასამართლოსათვის. მეორე აპელანტის დედამ 2020 წლის 17 თებერვალსა და იმავე წლის 29 ივლისს განცხადებით მიმართა სასამართლოს, იმაზე მიუთითებით, რომ თავისი შვილი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. სასამართლოს განმარტებით, განცხადებებს კანონით დადგენილი წესით გაფორმებული მინდობილობა არ ერთვოდა.
7. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის მე-60, 61-ე, 63-ე, 70-ე, 74-ე და იმავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს და ამ განჩინების გაუქმება მოითხოვეს შემდეგი საფუძვლებით:
9. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მათი განცხადება მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობასთან დაკავშირებით და სააპელაციო საჩივარს ხარვეზი დაუდგინა.
10. კერძო საჩივრის ავტორები ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ კონვენციის მე-6 მუხლზე უთითებენ და განმარტავენ, რომ ზემოაღნიშნული მუხლი პროცედურულ გარანტიებსაც მოიცავს, რომლის განმარტების თანახმად, სახელმწიფო ბაჟი მომჩივნის წლიურ საშუალო ხელფასს უნდა უტოლდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება შეიზღუდება.
11. კერძო საჩივრის ავტორები მოითხოვენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
16. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.
17. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები.
18. საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტებს დაევალათ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი. ასევე - დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით. აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე გაეგზავნათ აპელანტებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. მეორე აპელანტისათვის გაგზავნილი გზავნილი ჩაჰბარდა ადრესატის დედას - ლ.ა–ს 2020 წლის 8 თებერვალს (ტ. 2, ს.ფ. 50). მას, როგორც მესამე აპელანტის ოჯახის წევრს (დედამთილს), იმავე დღეს ჩაჰბარდა მესამე აპელანტისათვის გაგზავნილი გზავნილიც (ტ. 2, ს.ფ. 52), მეოთხე აპელანტს გზავნილი პირადად ჩაჰბარდა - 2020 წლის 10 თებერვალს (ტ. 2, ს.ფ. 51), ხოლო პირველ აპელანტისათვის გზავნილის შესახებ ცნობილი იყო 2019 წლის 25 დეკემბრიდან, როდესაც მას სხვა მოპასუხეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული საპროცესო ვადის გაგრძელებაზე 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინება ჩაჰბარდა (ტ. 2, ს.ფ. 25). პირველმა აპელანტმა 2020 წლის 2 მარტს წარდგენილი განცხადებითაც დაადასტურა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარება (ტ. 2, ს.ფ. 77).
20. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განჩინებით, მეორე აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 5 დღით გაუგრძელდა. ზემოაღნიშნული განჩინება მეორე აპელანტს გაეგზავნა და ჩაჰბარდა ადრესატის დედას 2020 წლის 27 ივლისს (ტ. 2, ს.ფ. 196).
21. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
22. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
23. ზემოაღნიშნულ ნორმათა ურთიერთშეჯერებისა და საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აპელანტებისთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ათდღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო ხარვეზის განჩინების მათთვის ჩაბარების მომდევნო დღეს, პირველი აპელანტისათვის - 2019 წლის 26 დეკემბრიდან და ამოიწურა 2020 წლის 4 იანვარს. მესამე აპელანტისათვის - 2020 წლის 9 თებერვალს და ამოიწურა იმავე წლის 18 თებერვალს, ხოლო მეოთხე აპელანტებისთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ათდღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო - 2020 წლის 11 თებერვალს და ამოიწურა იმავე წლის 20 თებერვალს. რაც შეეხება მეორე აპელანტს, ამ უკანასკნელისთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 28 ივლისს და ამოიწურა იმავე წლის 3 აგვისტოს (2020 წლის 1 აგვისტო იყო შაბათი, არასამუშაო დღე, სსსკ-ის 61-ე მუხლი).
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტებს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დაცვით სასამართლოსათვის ხარვეზის გამოსწორების მიზნით არ მიუმართავთ და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან გადავადება არ მოუთხოვიათ. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა კი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
25. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლოს, მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა გაეთავისუფლებინა აპელანტები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
26. პალატა მიუთითებს, რომ მხარის სახელმწიფო ბაჟის გათავისუფლების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ შინაგანი რწმენა, კერძოდ, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია (სსსკ-ის 48-ე მუხლი).
27. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ აპელანტებს სააპელაციო საჩივართან ერთად სახელმწიფო ბაჟის გათავისუფლებისათვის შესაბამისი მტკიცებულება არ წარუდგენიათ, რაც სწორდ გახდა აპელანტთა სააპელაციო საჩივარისათვის წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტში მითითებულ სხვა გარემოებებთან ერთად ხარვეზის დადგენის საფუძველი.
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მეექვსე მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა, მაგალითად, სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland) ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია, გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.
29. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება, სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.
30. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მეექვსე მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას, დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მეექვსე მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის გათვალისწინებით, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.
31. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი ისაა, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლოს მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას უფლებები არა თეორიულად და ილუზიურად, არამედ პრაქტიკულად და ეფექტურად.
32. საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, როდესაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე, საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
33. პირველი აპელანტის მიერ 2020 წლის 2 მარტსა და იმავე წლის 29 ივლისს წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას. ამდენად, პირველი აპელანტის მიერ 2020 წლის 2 მარტს და 29 ივლისს წარდგენილ განცხადებებს, მისთვის სასურველი შედეგი ვერ მოჰყვებოდა.
34. როგორც უკვე წინამდებარე განჩინების 23-ე პუქნტში აღინიშნა, პირველი აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 2020 წლის 4 იანვარს ამოიწურა, შესაბამისად, ამ თარიღიდან მისთვის საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლებულია.
35. საკასაციო პალატა მეორე აპელანტის დედის მიერ წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მეორე აპელანტისათვის ცნობილი იყო სასამართლოში მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის შესახებ, სწორედ მის მიერ იქნა წარდგენილი სააპელაციო საჩივარიც, შესაბამისად, ამ უკანასკნელს გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვებოდა სასამართლოსათვის მითითებულ მისამართზე მის არყოფნას და შესაბამისი პირისათვის მიენიჭებინა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებამოსილება, რაც მან მხოლოდ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე განახორციელა.
36. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო პალატას, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, კანონიერად მიაჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ბ–ის, შ.ა–ის, მ.ა–ისა და ქ.ბ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე